მოგზაურობა ყარაბაღში
„მოგზაურობა ყარაბაღში“ — აკა მორჩილაძის პირველი რომანი. პირველად 1992 წელს გამოიცა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.
„მოგზაურობა ყარაბაღში“ | |
---|---|
| |
ავტორი | აკა მორჩილაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1992 |
გვერდი | 222 |
ISBN | 978-1564789273 |
რომანის შესახებ
რედაქტირებააკა მორჩილაძე ოცდახუთი წლის ასაკში წერს და აქვეყნებს თავის პირველ რომანს „მოგზაურობა ყარაბაღში“. რომანის მთავარი პერსონაჟის გია მიქატაძის მიერ მოთხრობილი ამბავია, რომლის „კეთილდღეობასაც“ კონსერვების ბიზნესით გამდიდრებული მამა, თენგიზა მიქატაძე უზრუნველყოფს. ტექსტში, ერთი მხრივ, „ახალი ქართველის“ ტიპი და, მეორე მხრივ, მამაზე ძალაუნებურად დამოკიდებული შვილის რეალისტური პერსონაჟები ჩნდებიან. ნაწარმოების ფაბულა ასეთია: გიას ბავშვობის მეგობარი - მარტივი, უტვინო, უშიშარი და უტეხი, მუდამ უფულო და გამორჩენის მომლოდინე ნარკომანი,გოგლიკო ნარკოტიკებით მოვაჭრე აჩიკო ყიფიანის წინადადებას დახარბდება და მზადაა აზერბაიჯანში გაეგზავნოს „წამლისათვის“.
ამისათვის კი გიას მანქანაა საჭირო, გიას წინააღმდეგობის მიუხედავად, გოგლიკო ახერხებს მის დაყოლიებას. ღამით გზაარეული მგზავრები შემთხვევით ყარაბაღში აღმოჩნდებიან. ბიჭებს ჯერ აზერბაიჯანელები დაატყვევებენ, შემდეგ კი, სომხების თავდასხმისას ძმაკაცები უნებლიედ დაშორდებიან ერთმანეთს: სომხები გიას „გამოიხსნიან“ და თავისიანებთან წაიყვანენ. კვლავ მძევლის როლში აღმოჩენილი გია განახორციელებს სახელდახელოდ მოფიქრებულ გეგმასა და აზერბაიჯანელი ტყვეებით „ხელდამშვენებული“ მიადგება თათრებს, საბოლოოდ გოგლიკოს გამოიხსნის და მშიდობიანად დაბრუნდება თბილისში. რომანში ერთმანეთს ენაცვლება 90-იანი წლებისთვის ნიშანდობლივი, მისი სოციალური კონტექსტსით განპირობებული სახეები და ტიპები. რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სწორედ იმ წლების სოციალურ-პოლიტიკური სურათის აღდგენა.
ახალგაზრდა მწერალი პირველი რომანის თემატიკას, სწორედ მის რეალობაში არსებული თანამედროვეობიდან იღებს. როგორია 90-იანი წლების თბილისი, „ამ ომის დაწყებიდან, ლოგინში არ ვწოლილვარ. სავარძელში მძინავს. აქეთ სანთელი მიდგას, იქით რადიო - ... ქალაქში ცხოვრება აღარ შემიძლია, ამ დანგრეულ ქალაქში... ათი ძველი ბიჭი შეიკრიბება ბირჟაზე, დაირქმევს „დელტას“ თუ რაღაცას და მიადგება კომენდატურას ზვიადას გინებით. დაურიგებს კომენდატურა ავტომატებს და მიდიი, ავოიე“, ომის სპეციფიკა: „ეს ჩათლახი ‚ბაევიკები‘, თავიანთ მიწას იცავენ თუ რაღაც ჯანდაბას, ფულის გაკეთებაც უნდათ, ბიზნესია თუ სამშობლო ვერ გავიგე, რა. ომი თუა, უნდა მოკლა, არა? შენ მირბიხარ, იტაცებ და მერე ფულს ითხოვ. ან მკვდარში, ან ცოცხალში. ეგაა ომი? ომი კი არა კოოპერატივია.
„სომხურ-თათრულ-კავკასიური კოოპერატივი“, „მამები“ - „მაფიოზურად“ დაყენებული შევერცხლილი თმა, ნაპარავი მილიონები, დეფიციტური ბენზინით გამოტენილი სარდაფი, 53 წლის კაცის ახალგაზრდული ფაფხური, 5 წლის შვილის „ვიდეო - ბავშვად“ ქცევა და „შვილები“, ნარკომანები და უსაქმურები, რომლებიც „თავშესაფრის ძიებას „ჟანგიან გალიასა“ და ნარკოტიკებში ცდილობენ, ან „ტკბილ ცხოვრებას“ ჩვეულთ, გაიოლებული აქვთ ყოფა - მშობლების, ფულიანი ბიძების გაცუცურაკების თუ ერთმანეთის ხარჯზე. „გასეირნება ყარაბაღში“ შეიძლება პირველ ნაწილადაც მიგვეჩნია აკა მორჩილაძის შემდეგი რომანისა „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, სადაც უკვე არა აუქტორული მთხრობლის, არამედ მულტიპერსპექტიული თხრობის გამოყენებით ხდება ისევ თანამედროვე სოციალურ გარემოში მცხოვრები მთხრობლების პერსპექტივებიდან 90-იანი წლების დისკურსის წარმოდგენა.
თარგმანები
რედაქტირება- Journey to Karabakh - ინგლისურად თარგმნა ელიზაბეთ ჰაივეიმ. გამოსცა Dalkey Archive Press-მა.
- Prohulyanka na viynu - უკრაინული გამოცემა. გამომცემლობა BookClub. 2014 წელი.
- Яна, Пътуване до Карабах – ბულგარული გამოცემა. გამომცემლობა ИK APKA. 2015