„ეთერიანი“, „აბესალომისა და ეთერის თქმულება“ — ქართული ხალხური სამიჯნურო-რომანტიკული ეპოსი, აბესალომისა და ეთერის სიყვარულის ამბავი. გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში ქართულ, მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე. „ეთერიანის“ ძირითადი ფორმა პროზაულია, გვხვდება ლექსად და ლექსნარევი პროზის სახითაც. ცნობილია მისი 70-მდე ვარიანტი. თქმულება გამოაქვეყნა პ. უმიკაშვილმა 1875 წელს. წმინდა ხალხური ტექსტი პირველად დაიბეჭდა 1888 წელს გაზეთ „ივერიაში“ (№ 274). ჩვენამდე მოღწეული „ეთერიანი“ X-XI საუკუეებით თარიღდება. „ეთერიანი“ ფართო ეპიკური ტილოა. მასში მაღალი ხელოვნებით არის ასახული მარადიული სიყვარულით გამსჭვალული ქალ-ვაჟის ტრაგიკული ბედი, ხალხის ესთეტიკური იდეალი და მსოფლმხედველობა; გადმოცემულია პატრონყმური ურთიერთობა, სოციალური ანტაგონიზმი (მეფე წინააღმდეგია თავისი ვაჟის აბესალომის გლეხის ქალზე დაქორწინებისა). დემონურ ძალთა ჭიდილი ადამიანებთან; აბესალომის ყმა მურმანი ეშმაკს სულს მიჰყიდის, ჯადოსნობით ჩაშლის ქალ-ვაჟის ქორწილს. ეთერს განშორებული აბესალომი სნეულდება და კვდება. ეთერი თავს იკლავს სატრფოს სარეცელთან. მურმანი ცოცხლად ჩაიმარხავს თავს მათ შორის. აბესალომისა და ეთერის საფლავზე ამოსული ია და ვარდი ერთმანეთისკენ იხრებიან, მურმანის საფლავზე ამოსული ნარ-ეკალი კი ქალ-ვაჟის სიმბოლურ შეერთებასაც აბრკოლებს. „ეთერიანს" სიუჟეტური ანალოგიები მოეპოვება შუა საუკუნების მსოფლიო ლიტერატურაში („ტრისტან და იზოლდა“, „ვისრამიანი“ და სხვა). მძაფრმა სიუჟეტმა, დახვეწილმა ეპიკურმა სახეებმა, მდიდარმა პოეტურმა ენამ განაპირობა ეთერიანის" უდიდესი პოპულარობა. მის საფუძველზე შეიქმნა ვაჟა-ფშაველას პოემა „ეთერი“, ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარნოვი ვ., თხზულებათა სრული კრებული, ტ. 10, თბ., 1964;
  • ქურდოვანიძე თ., ეთერიანი, თბ., 1974;