ნიკოლოზ ბარათაშვილი

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათაშვილი, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) — ქართველი პოეტი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1817(1817-12-04)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 (21) ოქტომბერი, 1845 (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი განჯა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი და განჯა
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია
Magnum opus ფიქრნი მტკვრის პირას და მერანი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ეკატერინე დადიანი - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის აღმართი, ქუჩა, მოედანი, ხიდი

შემოქმედება

რედაქტირება
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. მხატვარ ტ. მომცემლიძის რეკონსტრუქცია, 1901 წ.

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

„ბედი ქართლისა“

რედაქტირება
 
„ბედი ქართლისა“. ბარათაშვილისეული ხელნაწერი, 1839 წ.

პოემის „ბედი ქართლისა“ (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტობრივად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და ერის თვისების ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.

„ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიმიტრი უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

„შემოღამება მთაწმინდაზედ“

რედაქტირება

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, „რომ დაშთოს აქ ამაოება“, აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის „ამაოების“ გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“ (1837). „აღუვესებელი საწყაულის“ სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელ პოეზიას.

სიყვარულის თემა

რედაქტირება

სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუპირისპირდა ბესიკისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, „ციდან მოსული მშვენიერება“, ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ „ხორციელობის“ წარმავალ ნიჭს წარმოადგენს („აღმოხდა მნათი“, 1840; „არ უკიჟინო, სატრფოო“, 1841; „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, 1842; „შევიშრობ ცრემლსა“, 1843). „ზეგარდმო მადლით“ დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი „დაკარგული ტოლის“ მუდმივ ძიებაშია („სული ობოლი“, 1839; „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი“, 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში („ვპოვე ტაძარი“, 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის („თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას“, 1839; „საყურე“, 1839; „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“, 1839).

„მერანი“

რედაქტირება

ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ „ცისა ფერს“ (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, „სულო ბოროტო“ (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კრიზისისა. ეს არის ტრაგედია „ურწმუნო ჭკუისა“, რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა („მერანი“, 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. „მერანის“ ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. „მერანის“ მთავარი იდეა - ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა „ბედი ქართლისაში“ დასვა.

ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 (რედაქტორი - პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).

  • ბულბული ვარდზედ
  • ქეთევან
  • შემოღამება მთაწმიდაზედ
  • ხმა იდუმალი
  • ძია გ...სთან
  • ღამე ყაბახზედ
  • ფიქრნი მტკვრის პირზედ
  • ჩონგურს
  • ჩემს ვარსკვლავს
  • ნაპოლეონ
  • თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
  • საყურე
  • ჩვილი
  • ...ნა ფორტოპიანოზედ მომღერალი
  • სული ობოლი
  • (სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი...)
  • ჩემი ლოცვა
  • (აღმოხდა მნათი აღმოსავალს...)
  • (არ უკიჟინო, სატრფოო...)
  • (როს ბედნიერ ვარ...)
  • (ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...)
  • (ვპოვე ტაძარი...)
  • ჩემთ მეგობართ
  • სუმბული და მწირი
  • მერანი (მირბის, მიმაფრენს...)
  • (რად ჰყვედრი კაცსა...)
  • საფლავი მეფის ირაკლისა
  • (მიყვარს თვალები მიბნედილები...)
  • (შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)
  • კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
  • (სულო ბოროტო...)
  • (შევიშრობ ცრემლსა...)
  • ჩინარი
  • ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს
  • (ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის...)
  • (დამქროლა ქარმან სასტიკმან...)
  • ბედი ქართლისა (პოემა)


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება