სოლომონ დოდაშვილი
სოლომონ დოდაშვილი, დოდაევ-მაგარსკი (დ. 17 მაისი, 1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო, 1836, ვიატკა, რუსეთი) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.
სოლომონ დოდაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1805 |
დაბ. ადგილი | მაღარო |
გარდ. თარიღი | 20 აგვისტო, 1836 (31 წლის) |
გარდ. ადგილი | კიროვი |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ფილოსოფოსი და მასწავლებელი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა (იხ. 1832 წლის შეთქმულება). 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი).
1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სოლომონის მამა, ივანე (იგივე იოანე) დოდაშვილი,— წარმოშობით გლეხი იყო. დავითგარეჯას და შემდეგ ბოდბის სამონასტრო სკოლაში სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, იგი მღვდლად იქნა განწესებული სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში. ივანე დოდაშვილი თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული კაცი ჩანს. აღსანიშნავია, რომ მას ცხრიდან შვიდი შვილი შერჩა და შვიდივეს მიაღებინა განათლება. ივანე დოდაშვილის პიროვნების წარმოსადგენად საინტერესო დეტალს ვპოულობთ, მისი შვილის, სტეფანეს წერილში სოლომონისადმი: „მამამან ჩვენმა რაღაც პოლიტიკა იცოდა, ისიც დაუტევა. რუსებთან გავლა დიდათა სძულს, სუდში ასის თუმანის საქმე, რომ ჰქონდეს, არ წავა და ესსრეთვე ფოჩტაშიაც წიგნს ვერა გზავნისო.“
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად.
1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო.
მეცნიერებაში უკრიტიკოდაა მიღებული თვალსაზრისი, დეკაბრისტული იდეების არსებითი ზეგავლენის შესახებ სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. დოდაშვილისთვის, შეიძლება, მისაღები ყოფილიყო დეკაბრისტთა ზოგიერთი შეხედულება სოციალურ საკითხებზე, მაგრამ, ეს, ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ დეკაბრისტული იდეების არსებითი გავლენა სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. ჯერ ერთი, დოდაშვილის სოციალური შეხედულებები და, კერძოდ, მისი დამოკიდებულება ბატონყმობისადმი საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების ღრმა ანალიზის შედეგია. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ სოლომონ დოდაშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი იყო ეროვნული საკითხი. მის ნამოღვაწარში, სწორედ, ეროვნული საკითხს ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი. დეკაბრისტებს კი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნების სრული ასიმილაცია უნდოდათ.
სოლომონ დოდაშვილი, გვიან შუასაუკუნეებში მოშლილი ქართული ფილოსოფიური სკოლის ამაღორძინებელი და მისი უდიდესი წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ შალვა ნუცუბიძე დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის კვლევისას, ხაზგასმით ამბობს: „საკითხი - რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პირდაპირაა დაკავშირებული საკითხთან, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს მსოფლიო ფილოსოფიაში?“ შემდეგ, შალვა ნუცუბიძე გვაფრთხილებს: „ეს განდიდებად ნურავის მოეჩვენება, რადგან... ახალგაზრდა ქართველი მოაზროვნე თავისი ხანმოკლე, მაგრამ საკვირველი სიძლიერის მქონე, აზროვნების დასაწყისშივე თანამედროვე ევროპული აზროვნების სიმაღლეზე აღმოჩნდა და აქედან სცადა მან საკუთარი გზით წასვლა.“
მართალია, სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილისადმი მიწერილ წერილში თავის თავს, ხშირად უწოდებს „მორჩილ შვილს“, „მორჩილ მოწაფეს“, მაგრამ სინამდვილეში იგი ფილოსოფიაში, - და პოლიტიკაშიც,- არ აღმოჩნდა „მორჩილი მოწაფე“. იგი გასცდა იმ აზრს, რომ „ფილოსოფიაც არს უფროსღა ღვთისმეტყველება“.
კიტა კაციტაძის აზრით, დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, არ იყო მოწყვეტილი მშობლიურ ნიადაგს, ვინაიდან გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ნეოპლატონიზმიც იყო. ნეოპლატონიზმი კი, როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე კვებავდა ქართულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ აზროვნებას.
საერთოდ, სოლომონ დოდაშვილისთვის დამახასიათებელი იყო ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მიღწევათა ქართული გააზრება. ამასთანავე, მან საქართველოში აღადგინა და ააღორძინა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ტრადიცია.
პოლიტიკური ვითარება
რედაქტირებაXVIII ს.-ის დასასრულს ერეკლე II იძულებული შეიქნა, რუსეთი გაეხადა მფარველად და მოკავშირედ. მაგრამ მალევე გამოირკვა, რომ რუსეთი არ დასჯერდებოდა მფარველისა და მოკავშირის როლს. ამდენად ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით სამეფო ტახტის გაუქმება და საქართველოში სახელმწიფოებრიობის მოსპობა, სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარების ლოგიკური გაგრძელება იყო.
რუსეთის იმპერიამ, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ჰქონდა კოლონიური ჩაგვრის „მდიდარი გამოცდილება“, ადვილად შეძლო სისხლისგან დაცლილი ქვეყნის დაპყრობა. ჩვენმა ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეზობელმა და „მფარველმა“ მალევე გააუქმა 15 საუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და გადააქცია იგი რუსული სინოდის საეგზარქოსოდ. ამით, ქართველმა ხალხმა ის სულიერი საყრდენი დაკარგა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კრავდა და აერთიანებდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სულ ცოტა ხანში, - ნიკო ბერძენიშვილის სიტყვებით, - „საქართველოს მმართველობა, უკვე რუსული იყო და ქართულ ელემენტს აქ დამხმარე, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა... საქართველო პოლიტიკურად აღარ არსებობდა , რეალურად ის რუსეთის გუბერნია იყო.“
მალევე შემუშავდა, ამ „ახალი გუბერნიის“, ადმინისტრაციული რეფორმის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი ასე ჩამოყალიბდა: „სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით შევაკავშიროთ რუსეთი და საქართველო ერთ მთლიან ორგანიზმად. ვაიძულოთ „ტუზემცები“ ილაპარაკონ და იაზროვნონ რუსულად.“
სოლომონ დოდაშვილი, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა 1820-იან წლებში, როდესაც რამდენიმე უშედეგო გაბრძოლების შემდეგ, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აშკარად გამოიკვეთა რუსიფიკაციასთან თანდათანობით შერიგების უაღრესად საშიში, - არსებითად საქრათველოსა და ქართველების დამღუპველი, - სიმპტომები. ამასთანავე საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ეჯახება ირან-ოსმალეთისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები, რაც, თავის მხრივ, უმძიმეს პირობებს უქმნიდა ქართველი ხალხის ფიზიკურ არსებობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
აი, ეს არის, ის ისტორიული გარემო, რომლის ფონზეც მკაფიოდ და რელიეფურად ჩანს სოლომონ დოდაშვილის, - ჭეშმარიტად დიდი ეროვნული მოღვაწის, - წარუვალი მნიშვნელობის წვლილი ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში.
მოღვაწეობა
რედაქტირებადოდაშვილის ფილოსოფიური თხზულებებიდან, მხოლოდ სამია შემორჩენილი - „ლოგიკა“, „ლოგიკის მეთოდოლოგია“ და „რიტორიკა“ (ეს ორი უკანასკნელი ნაშრომი, მხოლოდ ჩვენს დროში 1955 წელს გამოქვეყნდა).
ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ დოდაშვილს ჰქონდა აგრეთვე „პიიტიკა“ და ზოგიერთი სხვა თხზულება, რომლებიც დღესდღეობით დაკარგულად ითვლება. ასეთი ცნობაც არსებობს, თითქოს 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა სოლომონ დოდაშვილის „ფილოსოფიის“ ხელნაწერები ექვს ტომად, მაგრამ ეს საკითხიც ჯერჯერობით ვარაუდების სფეროში რჩება.
სოლომონ დოდაშვილის პირველი და მის სიცოცხლეში ერთადერთი გამოქვეყნებული ფილოსოფიური ნაშრომია „ფილოსოფიის კურსი. ნაწილი პირველი. ლოგიკა“. იგი ანა დედოფლის, იოანე ხელაშივლისა და სხვათა ხარჯით გამოიცა პეტერბურგში, 1827 წელს. ამ წიგნის გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოქვეყნდა რეცენზიები, „მასკოვსკი ტელეგრაფში“, „მასკოვსკი ვესტნიკში“, „სევერნაია პჩელაში“. რეცენზიები ერთხმად უწოდებდნენ წიგნს „შესანიშნავ თხზულებას“, „უდიდეს სიახლეს“, „ახალ მოვლენას რუსეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში“, ხოლო აღფრთოვანებული იოანე ხელაშვილი ამაყად აცხადებდა: „უწყოდეს ევროპამ, რომ ძველისძველი ნათესავი ჩვენში ჰფხიზლობს და გაჰყურებს წინ!“
-
ლოღიკა, 1828
-
შემოკლებული ღრამატიკა, გიმნაზიელთა სახელმძღვანელო, 1830
სოლომონ დოდაშვილის, ეს ნაშრომი, იყო რუსულ ენაზე შექმნილი პირველი წიგნი ლოგიკაზე, როგორც სამეცნიერო დისციპლინაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ავტორს დაუწყია ზრუნვა „ლოგიკის“ ქართულად გამოცემაზე, მაგრამ ამ საქმეს ხელი შეუშალა მისმა დაპირისპირებამ 1832 წელს.
სოლომონ დოდაშვილის, უკვე პეტერბურგშივე ჰქონდა ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფართო პროგრამა, რომლის პრაქტიკულ ხორცშესხმასაც საქართველოში აპირებდა. მან, არ მიიღო ფაკულტეტის დეკანის წინადადება, - უნივერსიტეტში დარჩენილიყო პროფესორობისთვის მოსამზადებლად, - და სწავლის დასრულებისთანავე გამოემგზავრა საქართველოში. ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე ზრუნვა, სამშობლოსკენ მომავალ მოღვაწეს, გზაშივე დაუწყია: შეხვდა, მოსკოვის ლიტერატურული პრესის რედაქტორებს და დაამყარა მათთან საქმიანი ურთიერთობა. აქვე მოინახულა მან, ოქროპირ ბატონიშვილის მიერ ჩამოყალიბებული, „ქართველ შეთქმულთა მოსკოვის უჯრედი“, მიიღო სათანადო კონსულტაციები და დავალებები.
შემდეგ, სოლომონი შეჩერდა ხარკოვში. მან თავისი წიგნი „ლოგიკა“, ხარკოვის უნივერსიტეტისა და მისი სასწავლო ოლქის მზრუნველს, ალექსი პეროვსკის, უძღვნა მინაწერით: კავკასიის შვილთა აზრი და გონება საზრდოს ეძებს. თქვენ, იმედია ხელს შეუწყობთ მათი მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ამით ამ აზიური ქვეყნის ევროპული განათლების საფეხურზე აყვანასო.
1827 წლის ივლისში, ევროპულად განსწავლული და რუსეთის სამეცნიერო და პედაგოგიურ წრეებში ცნობილი, 22 წლის მოღვაწე, სამშობლოშია...
რა ვითარებაა ამ დროს საქართველოში?
- მიმდინარეობს ქვეყნის საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების რუსუფიკაცია.
- ელიტა თითქმის მთლიანადაა გადასახლებული რუსეთში.
- მცირე ურჩობაზე ციმბირში ასახლებენ.
- მმართველობის სისტემა მთლიანად რუსეთის ხელშია.
- ნადგურდება ქართული კულტურა და მეურნეობა.
- ხდება ერის ასიმილაცია.
- ჩამკვდარია კულტურულ-ინტელექტუალური საქმიანობა
- ურყევია ცენზურა.
ივანე აფხაზის სიტყვებით: „ქართველობა ცხოვრობდა უსაგნოდ, დაეხეტებოდა უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა“.
საქართველოში შექმნილმა ვითარებამ, მაღალი იდეოლოგიებით აღძრულ სოლომონ დოდაშვილზე, შემზარავი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი შეძრწუნებული წერს იოანე ხელაშვილს: „ვერცა ერთსა ვიხილავ თანამემამულეთაგან, რათა ეძიებდეს სარგებლობასა მამულისასა, მხოლოდ თავის თავის გამოზრდას ცდილობენ დღიურად... არ არის მათსა სულსა შინა ჭეშმარიდება, არამედ დანერგილ არს ყოველი ვნება... არ არს სიყვარული სწავლისა და სწავლულთა, არამედ ყოველი სიძულვილი და მტერობა... არა მოყვარენი არიან შრომის, უკანონოდა და უწესოდ და ფრიად შერევნილად მდგომარეობენ... რაი ვყო მუნ, სადაცა ვერ მომიძიებია არა რაი ღონე და საშუალება“. ხოლო სხვა წერილში იმავე, იოანე ხელაშვილს სწერს: გუშინ „ჟამსა განთიადისასა“ თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ „გაღვიძება ესე“ მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებსო. მაგრამ, საბედნიეროდ, სოლომონ დოდაშვილმა მოძებნა „ღონე და საშუალება გაღვიძებისთვის ქართველთა“. იგი მიხვდა, რომ საჭირო იყო თავგანწირული შრომა და ბრძოლა, ბრძოლა ქართველთა გამოფხიზლებისათვის. ამ დღიდან დაპატიმრებამდე, - ციხეებამდე და გადასახლებამდე, - სოლომონს დარჩენილი აქვს 5 წელი. ამ ხუთ წელიწადში მან შეუძლებელი შეძლო - მოახერხა ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაგრამ გაბნეული ინტელექტუალური ძალების შემოკრება, პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამით ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და ამოძრავება.
სოლომონ დოდაშვილის , როგორც დიდი ეროვნული მოღვაწის, რამდენადმე რთული პორტრეტის წარმოსადგენად აუცილებელია მისი, როგორც პედაგოგის, ჟურნალისტის, მეცნიერის, მწერლის, პოლიტიკოსის დახასიათება. მაგრამ, სანამ, ამ საკითხზე გადავიდოდეთ, საჭიროა, ამთავითვე განვიხილოთ მისი ორი კარდინალური თეზა, ორი ბურჯი, რომელზედაც, არსებითად, დგას სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა. ერთია, ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი ერთიანობის იდეა . ხოლო მეორე - ევროპეიზმის პროპაგანდა და პრაქტიკული დამკვირდება ქართულ სინამდვილეში.
სოლომონ დოდაშვილის ნააზრევის ზერელე გადათვალიერებაც კი გვარწმუნებს, რომ აქ უკვე მოცემულია ეროვნული იდეოლოგიის ის მონახაზი, რომელმაც შემდეგ განვითარება და სრულყოფა ჰპოვა ილია ჭავჭავაძის პროგრამაში. დოდაშვილი თანმიმდევრულად ავითარებდა აზრს, რომ თავისუფლების მიღწევის ერთადერთი გზა, ყველა საზოგადოებრივი ფენის გაერთიანებაა მხსნელი მიზნის გარშემო - მიუხედავად მათი სოციალური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობებისა: „არა გვარითა იქების კაცი, არამედ გონებითა და მოქმედებითა ხელოვნად“. ძნელი არ არის აქ ჩანასახის სახით დავინახოთ ქართული აზროვნების უდიდესი მოღვაწე და მონაწოვარი - ილიასეული „საერთო ნიადაგის“ თეორია. ამის გარდა, სოლომონ დოდაშვილისთვის ეროვნული, სოციალური და ზოგადადამიანური თავისუფლების იდეები ბუნებრივ მთლიანობაშია მოქცეული. ხოლო ამ იდეების პრაქტიკული ხორცშესხმის უმთავრესი საშუალება განათლება და მეცნიერებაა. აქაც იგი „თერგდალეულთა“ საგანმანათლებლო პროგრამის წინამორბედად გვევლინება.
გვიანი შუასაუკუნეების წყვდიადის შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი იყო საქართველოში ევროპეიზმის ყველაზე მხურვალე პროპაგანდისტი და დამამკვირდრებელი. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა მას ხელი, ყველგან საბოლოო მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის დაკავშირებას ევროპულ აზროვნებასა და ცივილიზაციასთან - ქადაგებდა ქართული ენის განვითარების აუცილებლობაზე და ხალხში განათლების გავრცელებას „მოახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა“. ხაზს უსვამდა ძველი ქართული ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების შესწავლის აუცილებლობას, „რომელიცა აქამომდე წყვდიადსა შინა სიბნელისასა დაფარული იყო მხედველობათა განათლებულის ევროპიისათა“, ხარკოვის უნივერსიტეტის მზრუნველს შემწეობას სთხოვდა სასწავლო-აღმზრდელობითი საქმის წინ წაწევაში. და ა.შ.
რუსეთის მონარქიამ, საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ მის მიერ შემოტანილი კულტურა გადააქცია, რაც მას, თავის მხრივ, ხელსაყრელ ვითარებას შეუქმნიდა ჩვენში ასიმილატორული პოლიტიკის განხორციელებისათვის.
ამდენად, საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, პეტერბურგსა და მოსკოვს არ გასცილებია. ასეთ პირობებში სოლომონ დოდაშვილის მცდელობა, ეზიარებინა ქართველობა უშუალოდ ევროპულ აზროვნებას და ცივილიზაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროპეიზმი სოლომონ დოდაშვილისთვის იყო არა პოლიტიკური ან კულტურული ორიენტაციის საკითხი, არამედ ქართული აზროვნების, კულტურისა და ცივილიზაციის დაბრუნება მშობლიურ წიაღში, ვინაიდან ქართული კულტურა (ამ სიტყვის უფართოესი გაგებით) ტიპოლოგიურად იმთავითვე ევროპული ხასიათისა იყო. ასე, რომ სოლომონ დდოაშვილისთვის ევროპეიზმი ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების საშუალება იყო.
სოლომონ დოდაშვილმა თვითონვე შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების მიღწევათა გატანა-გავრცელებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. მხედველობაში მაქვს მისი ნაშრომის „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“, რომელიც 1832 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ - „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, ითარგმნა და დაიბეჭდა „ტფილისკოე ვედომოსტიში“, შემდეგ „მასკოვსკიე ვედომოსტიში“, აქედან კი შევიდა ჟარრი დე მანსის წიგნში — „ძველი და ახალი ლიტერატურის, მეცნიერებათა და ნატიფი ხელოვნების ისტორია“.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებულმა სოლომონ დოდაშვილმა, სამსახური დაიწყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა. აქ იგი ასწავლიდა ქართულ ენას და სიტყვიერებას, აგრეთვე, გეოგრაფიას. კეთილშობილთა სასწავლებელში შექმნილ ატმოსფეროს შესანიშნავად გვიხატავს დიმიტრი ყიფიანი: „მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე ორი უმთავრესი და ამასთან ერთად, წესით გამოიხატებოდა, - გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე.ი. შეუგნებლად, მექანიკურად და ყოველი დანაშაულისთვის ხელისგულზე სახაზავით ცემა“. სასწავლებელში შექმნილმა ვითარებამ სოლომონ დოდაშვილზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. „მოწაფეთა ჩემთა არ აქვსთ სული აღძრული და განღვიძებული მისწვდნენ ჭეშმარიტსა კეთილსა და საამო აღმკობილებასა. არ აქვს მიდრეკილება განათლებისადმი“-ო - წერდა იგი იონა ხელაშვილს. მაგრამ მასწავლებლის დაუღალავმა შრომამ, მაინც გამოიღო ბედნიერი ნაყოფი. სოლომონ დოდაშვილმა შეძლო მოწაფეებში ეროვნული გრძნობებისა და ბუნებისაგან ბოძებული ნიჭის გამოღვიძება და ამოძრავება. რამდენიმე წლის შემდეგ ბედნიერი მასწავლებელი აღფრთოვანებული წერს: „მოწაფენი, რომელნიცა აწ იზრდებიან სასწავლებელთა შინა, აღგვითქმენ ფრიად მრავალსა სარგებლობისათვის მამულისა... გული ჩემი მარადდღე ტრფიალებს, ვინაიდგან მრავალთა ახლაგაზრდათა კაცთა იწყის თხზვა შვენიერთა სწიხთა და აღწერა პროზად სხვადასხვათა საგანთა.“
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სწორედ სოლომონ დოდაშვილის გამოზრდილმა და გამოწვრთნილმა თაობამ იკისრა მისი სიკვდილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის მესვეურობა. მისი მოწაფეებიდან, მარტო დიმიტრი ყიფიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დასახელებაც კმარა .
საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ სოლომონ დოდაშვილისა და ნ. ბარათაშვილის ურთიერთობაზე. თანამედროვეთა გადმოცემით - „ბარათაშვილი სულ დოდაშვილის გვერდით იყო - ან გიმნაზიაში, ან სახლში, ანდა სტამბაში და ყველგან სადაც დოდაშვილი იქნებოდა“. თავის მასწავლებელზე მლოცველ ნიკოლოზს მამა ხშირად ეჩხუბებოდა თურმე: - „დოდაშვილს თავი გაანებე, თორემ გაგთოკავენო“, - დაბეჟითებით ამბობდა ვახტანგ ორბელიანი, თან დასძენდა: - დოდაშვილი რომ არა, ალბათ, არც ბარათაშვილი გვეყოლებოდაო. ამ სიტყვებში, ცხადია, არის გადაჭარბება - ნ. ბარათაშვილის გენია ყველა შემთხვევაში გაიკვლევდა გზას. თუმცა ვახტანგ ორბელიანის სიტყვებში, ჭეშმარიტების მარცვალიც უთუოდ არის. მასწავლებელი და მოწაფე ხასიათით ჰგავდნენ ერთმანეთს...
ორივე საზოგადოების სული და გული იყო, ორივე გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით, ორივეს უყვარდა სხვადასხვა უწყინარი საოხუნჯო სცენების გამოგონება და გათამაშება. ამასთანავე, ორივეს ღრღნიდა მელანქოლია და სურვილი განმარტოებისა. მასწავლებელსა და მოწაფეს სიკვდილიც ერთნაირი არგუნა ბედმა. ორივე სრულიად ახლაგაზრდა გარდაიცვალა, ორივე უცხო მიწაზე აღესრულა.
1830 წელს მან თბილისში გამოსცა „შემოკლებული ქართული ღრამატიკა“, რომელიც ალექსანდრე ცაგარელის აზრით, გაცილებით უფრო დემოკრატიზირებულია, ვიდრე მის წინამავალთა ანალოგიური ხასიათის თხზულებანი. სოლომონ დოდაშვილის გრამატიკული სისტემის ზეგავლენა დიდია, მისი მოწაფეების, - განსაკუთრებით ნ. ბარათაშვილზე, - ენასა და ორთოგრაფიაში.
სოლომონ დოდაშვილის, როგორც პედაგოგის პორტრეტი, სრული არ იქნება, ოროდე სიტყვით თუ არ შევჩერდით მის „შესხმაზე“. „შესხმაში“ როგორც იმდროინდელი სავალდებულო ეტიკეტი მოითხოვდა, არის რამდენიმე რევერანსი მონარქიული ხელისუფლების შესამკობლად. ამ რევერანსებს შორის კი გადმოცემულია მხურვალე ქადაგება, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ, - „სასოებამან საქართველოისა“, - როგორც ორატორი ამბობს, - თავაუღებლად იშრომოს და თავგანწირვით იბრძოლოს მამულის კეთილდღეობისთვის. „შესხმაში“ იდეალიზებულია ძველი საქართველო, შემდეგ ორატორი ყრუდ კიცხავს ჩვენი უკანასკნელი მეფეების საგარეო პოლიტიკას, რომელმაც „მიიყვანეს საყვარელი მამული ჩვენი ესევითარ ხარისხამდე დამდაბლებისა“. მაგრამ ამ სიტყვაში დიდი ოპტიმიზმიცაა. ჩვენ ძალგვიძსო, - მიმართავს დოდაშვილი საზოგადოებას, - მივაღწიოთ წარსულ დიდებას და გავუთანასწორდეთ დღევანდელ ყველაზე განვითარებულ ევროპულ ხალხებს. ამ სიტყვაში დიდი იმედიცაა: - თქვენი სიბეჯითე, თქვენი სიყვარული სიბრძნის დაუფლებისა, მაფიქრებს, რომ „მამული ესე ჩვენი მოისთვლებს ოდესმე ნაყოფსა კეთილდღეობისა და დიდებისა თვისასა“-ო.
იგი ფიქრობდა თბილისში სახალხო ბიბლიოთეკის დაარსებას, ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლებას, ლიტერატურული ჯგუფებისა თუ სალონების დაარსებას და ა.შ. ზოგიერთი რამ მან აქედან მოასწრო კიდეც, ზოგს კი წერტილი დაუსვა მისმა დაპატიმრებამ და გადასახლებამ. მას აღუწერია რიცხვით ექვსასამდე ხელნაწერი წიგნი. ეს იყო არამარტო ხელნაწერების უბრალო აღნუსხვა, არამედ მათი დარგობრივი კლასიფიკაციაც, დღესდღეობით ეს კატალოგიც დაკარგულად ითვლება.
თვითონ სოლომონ დოდაშვილს, იმ დროის კვალობაზე, უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
იგი იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ქართული პრესა ეროვნულ ინტერესებს დაუმორჩილა. თავიდან იგი რედაქტორობდა რუსული „ტიფლისკოე ვედომოსტის“ ქართულ ვარიანტს, „ტფილისის უწყებანს“, სადაც ახერხებდა კიდეც ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტატიის თუ ცალკეული ცნობის გაპარებას. დოდაშვილმა გადაწყვიტა ჟურნალის გამოცემა საკუთარი ხარჯებით, მაგრამ, ვინაიდან დამოუკიდებელი ორგანოს დაარსება შეუძლებელი შეიქნა, ფორმალურად დაუკავშირდა ის „ტფილისის უწყებათანი“-ს. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, ჟურნალი არსებითად დამოუკიდებელი გამოცემა იყო. მთელი თავის შემოსავალსაც მას ახმარდა, თვითონ კი იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, რომ საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა.
შეიძლება ითქვას, რომ „სალიტერატურონი ნაწილი ტფილისის უწყებათანი“ შინაარსით, მსოფლმხედველობრივი მთლიანობით, ეროვნული მიზანდასახულობით, პუბლიცისტური სულისკვეთებით, ლიტერატურული და მეცნიერული დონით თამამად უსწორებს თავს იმდროინდელი რუსეთისა და ევროპის საუკეთესო გამოცემებს. ამასთანავე იგი XIX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართული ეროვნული ჟურნალისტიკის ღირსეული წინამორბედია. აქ დაიბეჭდა გიორგი ერისთავის „ოსური მოთხრობა“, გიორგი ერისთავის, - „სენატორად“ წოდებულის, - „მოწოდება ივერთა მამულის დაცვისათვის“, თადეოზ გურამიშვილის „საყვარელო მამულო!“ და სხვა. რაც მთავარია, ჟურნალში სისტემატიურად იბეჭდებოდა თვითონ სოლომონ დოდაშვილის თხზულებები - მეცნიერულიც და მხატვრულიც.
„მოკლე განხილვაში“ ავტორი მსჯელობს, აგრეთვე, ქართული სალიტერატურო ენის საკითხებზე. იგი იბრძვის არაქართული ლექსიკის მექანიკურ გადმოღების წინააღმდეგ და ასაბუთებს ეროვნული ლექსიკური მარაგის მაქსიმალურად ათვისების და გამოყენების აუცილებლობას.
სოლომონ დოდაშვილის პოლემიკური ოსტატობის საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ მისი ნაშრომი „შენიშვნა დამარხვის წესსა და ზედა უკანასკნელთა მეფეთა საქართველოისათა“. ესაა პასუხი თბილისში მცხოვრები ჟურნალისტის გორდეევის წერილისა „საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დამარხვის წესები“, რომელშიც მთლიანადაა დამახინჯებული და გაყალბბეული ქართული სამეფო კარის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეტიკეტი. დოდაშვილმა დამაჯერებლად დაასაბუთა „უფალი გორდეევის“ უვიცობა, უსინდისობა და თაღლითობა. ამით მან ბევრს დაუკარგა ქართული საისტორიო წყაროებში ცხვირის ჩაყოფისა და საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციის სურვილი.
უაღრესად საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ 1835 წლის გიმნაზიის მოსწავლეებმა თავიანთ ხელნაწერ ჟურნალში, „ტფილისის გიმნაზიის ყვავილი“, გამოაქვეყნეს სოლომონ დოდაშვილის ორი ნაშრომი: „მეფობა ირაკლი მეორისა“ და ზემოხსენებული „მოკლე განხილვა ქართული ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“. ესაა პერიოდი, როცა სოლომონ დოდაშვილის არა თუ ნაწერების გამოქვეყნება, მისი სახელის ხსენებაც კი სასტიკადაა აკრძალული.
1832 წლის შეთქმულება
რედაქტირებასაგანგებოდ უნდა შევჩერდეთ დოდაშვილის მონაწილეობაზე 1832 წლის შეთქმულება.
თვითონ იდეა შეთქმულებისა, 1825 წელს ჩაისახა საქართველოდან გადასახლებული და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების წრეში. 1827 წელს დოდაშვილის სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა. შეთქმულება იდეურადაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი ჯგუფი - უმრავლესობა - ავითარებდა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თვალსაზრისს. მეორე კი - სოლომონ დოდაშვილის მეთაურობით - პარლამენტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას იცავდა. და მაინც 1832 წლის შეთქმულების იდეურ ხელმძღვანელად დოდაშვილი უნდა ჩაითვალოს. მასვე ეკუთვნის, ტექსტი იმ მოწოდებისა, რომლითაც აჯანყების ორგანიზატორებს უნდა მიემართათ ხალხისთვის. ეს მოწოდება ქართული ეროვნული მოძრაობის შესანიშნავი დოკუმენტია (სრული ვერსია):
შეთქმულებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველო ეროვნული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულ დაპატიმრებულ იქნა 145 კაცი. ეს იყო ქვეყნის ინტელექტუალური ნაღები და მისი განადგურება ეროვნული მოძრაობის უეჭველ დაღუპვას უქადდა.
შეთქმულები მთელ იმპერიაში გაფანტეს, მაგრამ მათმა აბსულუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. საუბედუროდ, მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება და დაუწესდა უმკაცრესი მეთვალყურეობა. და აი, ავლაბრის ყაზარმებში 18 თვის პატიმრობის შემდეგ, ის ცოლშვილთან ერთად შორეულ ვიატკის გზას გაუყენეს. პეტერბურგში კი შეძრწუნებული და მუხლებზე დაცემული იონა ხელაშვილი მოსთქვამს და ჰგოდებს: „ვჰსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს... ვჰსტირ და ვგლოვობ დღეთა და ღამეთა შინა... განვილიენით, განვილიენით.“
გარდაცვალება
რედაქტირებავიატკაში სოლომონი საგუბერნიო სამმართველოს კანცელარიაში განამწესეს გადამწერად.
ვიატკაში მას გარდაეცვალა მცირეწლოვანი შვილი - ანა. სოლომონსა და მის მეუღლეს ელენე კობიაშვილს ორი ვაჟიშვილი დარჩა - ივანე და კონსტანტინე. უმცროსი - კონსტანტინე მოესწრო მამის სიკვდილს, მაგრამ დოკუმენტების მიხედვით, იმავე წლის ბოლოს იგი უკვე გარდაცვლილია. ჩანს ხუთი წლის კონსტანტინეს ვიატკიდან უკან, საქართველოში მგზავრობის სიმძიმე ვერ აუტანია და გზაშივე დაღუპულა. 1838 წელს ელენე კობიაშვილიც გარდაიცვალა. ასე, რომ, სოლომონ დოდაშვილის ოჯახიდან მხოლოდ ივანე გადაურჩა ცხოვრების ქარტეხილს. იგი 60-იან წლებში გარდაიცვალა.
სოლომონ დოდაშვილის შერყეული ჯანმრთელობა, ცხადია, დიდხანს ვერ გაუძლებდა ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატს. იგი ჭლექით დაავადდა. ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებით, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე სოლომონ დოდაშვილი დანებდა ავადმყოფობას. მან ერთი კვირა ლოცვასა და სულიერ სიმშვიდეში გაატარა.
1836 წლის 20 აგვისტოს სოლომონ დოდაშვილი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გაბიძაშვილი ო., სოლომონ დოდაშვილი, თბ., 1985.
- გაგოიძე ვ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XIX ს. საქართველოში, თბ., 1964.
- გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–2, თბ., 1935–70.
- გოცაძე მ., სოლომონ დოდაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1955.
- თევზაძე გ., სოლომონ დოდაშვილი, თბ., 2005.
- კუკავა თ., სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა, თბ., 1975.
- ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958.
- სოლომონ დოდაშვილი. ბიობიბლიოგრაფია (1825–1966). შემდგ.: ნ. დოლიძე, ნ. ფირცხალავა; ს. ხუციშვილის რედ. და წინასიტყვაობით, თბ., 1967.
- სოლომონ დოდაშვილი (საიუბილეო კრებული), თბ., 1986.
- მჭედლიშვილი ლ., ქავთარაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 465-466.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასოლომონ დოდაშვილი ვიკიციტატებში | |
სოლომონ დოდაშვილი ვიკისაწყობში |