შალვა ნუცუბიძე

ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე

შალვა (ვარლამ) ისაკის ძე ნუცუბიძე (დ. 14 დეკემბერი, 1888, ფარცხანაყანევი — გ. 6 იანვარი, 1969, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

შალვა ნუცუბიძე
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1888(1888-12-14)[1] [2]
დაბ. ადგილი ფარცხანაყანევი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3]
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1969(1969-01-06)[3] [1] [2] (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[3]
დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ფილოსოფოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ილია ფანცხავა
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე აგნესა ფილიპოვა
ქეთევან კლიმიაშვილი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

სწავლობდა პეტერბურგში, ბერლინსა და ლაიფციგში.[⇨] 1917 წელს პრივატ-დოცენტის წოდება, ხოლო 1927 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელმძღვანელობდა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოებასა“ და „სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელ წრეს“.[⇨]

1904-1911 წლებში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი იყო. 1915 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო ამავე პარტიიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა.[⇨]

გერმანიაში მოღვაწეობისას ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას დაუდო სათავე.[⇨] 1930-იან წლებში ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.[⇨] განავითარა აღმოსავლური რენესანსის თეორია.[⇨] დაამტკიცა პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობა, რასაც შემდეგში ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა.[⇨]

ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.[4] მის მიერ 1937-1940 წლებში რუსულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.[5][⇨]

შალვა ნუცუბიძის ორივე ბაბუა მღვდელი იყო. დედის მამას, ფილიპე დათიაშვილს წიგნების კითხვა უყვარდა და შვილიშვილს ნუსხური კითხვა ადრეულ ასაკშივე ასწავლა. შალვა ნუცუბიძის მამა ისაკ იესეს ძე ნუცუბიძე პედაგოგი იყო. იგი გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა ფშაველასთან ერთად სწავლობდა, შემდეგ კი ხონისა და ქუთაისის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. ისაკ ნუცუბიძე კარგ მონადირედ ითვლებოდა და ვაჟთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ. იგი 1927 წელს გარდაიცვალა. შალვა ნუცუბიძის დედა რებეკა დათიაშვილი სოფელ ქვიტირიდან იყო.

შალვა ნუცუბიძეს ოთხი უფროსი და ჰყავდა: ანეტა, თამარი, ელენე და ნინო. ერთ-ერთი და, თამარი, პეტერბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფრო მეცნიერ-მუშაკისა და სწავლული მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მეორე დამ, ნინომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული სექტორი დაამთავრა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.[6]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება
 
ახალგაზრდა შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძე 1888 წლის 14 დეკემბერს სოფელ ფარცხანაყანევში (ქუთაისის მახლობლად) დაიბადა. დაწყებითი განათლება ხონის დაწყებით სკოლასა და ხონის საოსტატო სემინარიაში მიიღო, პირველად ნახა აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, ივანე გომართელი, ბარბარე ყიფიანი და ილია ხონელი.[4] 1897 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მეექვსე კლასში ყოფნისას ის არალეგალური ჟურნალის, „განთიადის“ რედაქტორად აირჩიეს, რომელსაც გიმნაზიის დამთავრებამდე ხელმძღვანელობდა.[6]

1904-1905 წლებში აქტიურად მონაწილეობდა გიმნაზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1904 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციას შეუერთდა. იგი რაიონულ პროპაგანდისტად მუშაობდა და 1905 წელს რევოლუციონერ ალექსანდრე წულუკიძის დასაფლავებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც სამტრედიის ორგანზიაციის სახელით სიტყვაც წარმოთქვა. 1905-1906 წლებში მონაწილეობდა ვანო სტურუას მიერ გამართულ არალეგალურ კრებებში. 1906 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვანო სტურუას ხელმძღვანელობით, ვლადიმერ ლენინთან შესახვედრად პეტერბურგიდან ფინეთში გაემგზავრა.[6]

1905 წელს ისაკ ნუცუბიძე სოფელ კულაშის სკოლის გამგედ დანიშნეს და ოჯახი კულაშში გადასახლდა. 1906 წელს შალვა ნუცუბიძემ კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩაირიცხა.[7] პეტერბურგში სწავლისას ის კვლავ თანამშრომლობდა ქართველ რევოლუციონერ სტუდენტებთან: ვანო სტურუასთან, მამია ორახელაშვილთან, შალვა ელიავასთან, სილიბისტრო თოდრიასა და სხვ.[6]

1907 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სემინარის საჯარო სხდომაზე შალვა ნუცუბიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ფილოსოფიური და ისტორიული მატერიალიზმი“. უნივერსიტეტში ყოფნისას იგი ალექსანდრე ვედენსკის, ნ. კარაევის, ნ. ლოსკისა და ი. ლაპშინის სემინარებში მუშაობდა.[7] შალვა ნუცუბიძე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და პოლიტიკური საკითხების შესახებ საჯარო მოხსენებებს კითხულობდა. ქუთაისის თეატრში წაკითხულ მოხსენებას „მარქსიზმი და პიროვნება“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიციამ კინაღამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრები დააპატიმრა, რომლებიც კულისებიდან უსმენდნენ მოხსენებას.[6]

1910 წელს შალვა ნუცუბიძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და თავდაპირველად ყუბანის ოლქში ისტორიის, ფსიქოლოგიისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა.[4] მოგვიანებით, პროფესორ ალექსანდრე ვედენსკის დახმარებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ზეპირი და წერილობითი სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და 1917 წელს პრივატ-დოცენტის ხარისხის მოსაპოვებლად საცდელი ლექციების კითხვა დაიწყო.[7][6] იმავე წელს შალვა ნუცუბიძეს პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა.

პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი ორჯერ გააგზავნეს სამეცნიერო მივლინებით ევროპაში. 1911-1914 წლებში ყოველი წლის მაის-აგვისტოში გერმანიაში საზაფხულო სემინარებში მონაწილეობდა. გერმანიაში ყოფნისას ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება ალეთოლოგია ჩამოაყალიბა.[5] ის უმეტესწილად ლაიფციგში, ცნობილი ფილოსოფოსების: ვუნდტის, ფოლკელტისა და ბარტის ხელმძღვანელობით მუშაობდა.[7][6] 1914 წელს შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის მეორე გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა. აქ ყოფნისას გაიცნო გრიგოლ წერეთელი, რომელიც შემდეგში მისი უახლოესი მეგობარი გახდა.[4] 1916-1918 წლებში შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში

შალვა ნუცუბიძე აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში.[5] 1917 წელს, პეტერბურგში ყოფნისას, გიორგი ახვლედიანმა მას ივანე ჯავახიშვილის მოწვევა გადასცა. შალვა ნუცუბიძემ ცოლ-შვილი პეტერბურგში დატოვა და უნივერსიტეტის დაარსების სამზადისში ჩასართავად თბილისში დაბრუნდა. იგი ქართველი პროფესორების უნივერსიტეტში სამუშაოდ მოზიდვის საქმეს ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა დროს შალვა ნუცუბიძეს უნივერსიტეტის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: პრორექტორის (1920-1929), დეკანის, ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორის, კათედრის გამგის, სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის პირველი დეკანის და ა.შ. მანვე გახსნა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. 15 წლის მანძილზე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე იყო, რომლის საფუძველზეც შემდეგში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი შეიქმნა. შალვა ნუცუბიძე სხვადასხვა ფაკულტეტზე არაერთ კურსს კითხულობდა: ლოგიკას, ფილოსოფიის შესავალს, ისტორიულ მატერიალიზმს, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიას, სამეცნიერო მეთოდიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას, მტკიცებით სამართალს და სხვ.[5]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძეს ფილოსოფიის სხვადასხვა დარგში სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობაც მოუწია. მან მცირე დროში შეადგინა სახელმძღვანელოები, რომლებზეც შემდეგში თაობები (მოსე გოგიბერიძე, კონსტანტინე მეგრელიძე, სავლე წერეთელი კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი) აღიზარდა: 1919 წელს გამოქვეყნდა „ლოღიკა. ელემენტარი სახელმძღვანელო“,[8] მომდევნო წელს - „ლოღიკა, საშუალო სასწავლებელთათვის“[9] და „ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი 1, შემეცნების პრობლემა“,[10] 1923 წელს კი „ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი“.[11] ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი შრომები: „ალეთოლოგიის საფუძვლები“, „ბუნებისათვის ცნებისა“,[12] „შემეცნება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა“,[13] „ხელოვნების თეორია“, „კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივებში“[14] და სხვ.[15]

1918 წელს შალვა ნუცუბიძემ თანამოაზრეებთან (სერგი გორგაძე და სხვ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“ დააარსა, რომელიც სემინარებსა და დისკუსიებს აწყობდა და ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვებასა და ფილოსოფიური ცოდნის პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. მანვე დააფუძნა „საერთო განათლების კურსებიც“, რომელშიც საშუალო განათლების ატესტატის უქონელ ყველა ასაკის ადამიანს იღებდნენ და კურსების დამთავრების შემდეგ მათ უნივერსიტეტში სწავლის ნება ეძლეოდათ. 1927 წლიდან კურსები მთავრობის სასწავლებლად გადაკეთდა.[15]

 
შალვა ნუცუბიძე

1920 წელს შალვა ნუცუბიძე გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. 1921 წლიდან თედო ღლონტის მიერ რევოლუციური კომიტეტის ნებართვით გამოცემულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. ამავე წელს, მისი ხელმძღვანელობით „სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელი წრე“ ჩამოყალიბდა.[4]

1925 წელს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დადგენილებით, შალვა ნუცუბიძე ევროპაში გაემგზავრა და ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიური სემინარების მუშაობას გაეცნო.[7] 1925-1926 წლებში შალვა ნუცუბიძე ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. მივლინებაში ყოფნისას იგი „ალეთოლოგიის საფუძვლების“ გერმანულ ენაზე თარგმნას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახალი გამოკვლევა: „Wahrheit und Erkenntnisstruktur“ („ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“) დაწერა, რომელიც 1926 წელს ცნობილი ნეოკანტიანელების, არტურ ლიბერტისა და ბუხენაუს რეცენზიით დაიბეჭდა.

1927 წლის 17 აპრილს შალვა ნუცუბიძემ სადოქტორო დისერტაცია „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1928 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. 1930 წელს, გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა.

1935 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.[4]

1940-1941 წლებში შალვა ნუცუბიძე მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი იყო.[4] 1942 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კურსის კითხვა გააგრძელა. 1944 წელს შალვა ნუცუბიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.[7][5]

1945 წელს შალვა ნუცუბიძე სპეციალური დავალებით გააგზავნეს ბერლინში. ერთ-ერთი ვერსიით, მას იაკობ ჯუღაშვილის ბედის გამოკვლევა ევალებოდა, თუმცა მისი ბერლინში ყოფნა და მუშაობა საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა ქართველი ემიგრანტების დასაკავებლად გამოიყენეს.

1946 წლიდან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოსოფიის ისტორიის კურსს კითხულობდა. 1948 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში მოწყობილ განხილვაზე ნაშრომი „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ პეტრე შარიამ და ილარიონ ტალახაძემ მკაცრად გააკრიტიკეს და ერთი წლის შემდეგ შალვა ნუცუბიძე ინსტიტუტიდან დაითხოვეს.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძე აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას, აქტიურად მონაწილეობდა სასწავლებლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი იყო, რომელსაც 1911 წელს ჩამოშორდა და 1915 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1917 წელს სრულიად რუსეთის ეროვნული სოციალისტური პარტიების ცენტრალურ საბჭოში აირჩიეს, რომლის წარმომადგენლადაც პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც სრულიად რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია მიიღეს. იმავე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1918 წელს შალვა ნუცუბიძე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავრი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო ამავე პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იყო განათლების და საბიბლიოთეკო კომისიების წევრი.

1921 წლის 1 თებერვალს დამფუძნებელი სხდომის კრება გაიმართა. შესვენებისას შალვა ნუცუბიძე და ბენია ჩხიკვიშვილი შელაპარაკდნენ, რა დროსაც სოციალ-დემოკრატმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში სოციალისტ-ფედერალისტებმა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს ჩხიკვიშვილის დეპუტატობის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ წინადადება წარუდგინეს, თუმცა კრებამ კენჭი უყარა და საკითხი სრულად მოხსნა დღის წესრიგიდან. საზოგადოების უკმაყოფილება დემონსტრაციებში გადაიზარდა.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ნუცუბიძე მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა. ორი დღის შემდეგ ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელადაც შალვა ნუცუბიძე აირჩიეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფედერალისტებმა საბჭოთა ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი.

1923 და 1929 წლებში შალვა ნუცუბიძე ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო.[7] 1934 წელს იგი უცხოეთთან კულტურული კავშირების საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალს ხელმძღვანელობდა.[16]

რეპრესიები

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე პატიმრობისას

1938 წლის 31 აგვისტოს შალვა ნუცუბიძეც გერმანიის სასარგებლოს ე.წ. „შპიონაჟის“ ბრალდებით ტაშისკარში დააპატიმრეს. იმავე წლის 1-ელ დეკემბერს ბადრაგის თანხლებით თბილისიდან მოსკოვში, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტში გადაიყვანეს. მას კონტრრევოლუციური საქმიანობა, პროპაგანდა და კონტრრევოლუციური მთავრობის სასარგებლოდ მშრომელი ხალხისა და რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ აქტიური ქმედება ედებოდა ბრალად.[17]

ციხეში ყოფნისას, იოსებ ჯუღაშვილის დაკვეთითა და ხელშეწყობით, „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაევალა, თუმცა შალვა ნუცუბიძეს პოემის თარგმნა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაეწყო და ნაწყვეტებს აუდიტორიაშიც კითხულობდა. თარგმნის სანაცვლოდ იგი პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს. 1939 წლის 1-ელ მაისს შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეოთხე სრული თარგმანი დაასრულა,[18] რომელიც სტალინს გაუგზავნეს.

1940 წლის 20 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე სერგო ქავთარაძესთან ერთად პირადად შეხვდა სტალინს. იოსებ ჯუღაშვილმა პოემაში შესწორებები შეიტანა, მთარგმნელს თავისი თარგმნილი ერთი სტროფიც გადასცა და მომდევნო წელს პოემაც დაიბეჭდა, ს. გოროდეცკის ლიტერატურული რედაქციით, სერგო ქავთარაძის წინასიტყვაობითა და მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძისა და ირაკლი თოიძის ილუსტრაციებით.[19] „გოსლიტიზდატმა“ თარგმანის პირველი და მეორე გამოცემა მასიური ტირაჟით გამოსცა, თუმცა ჰონორარი მთარგმნელს არ მიუღია. შალვა ნუცუბიძეს განცხადება დააწერინეს, რომ ჰონორარს მთლიანად თავდაცვის ფონდში რიცხავდა.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს 1938 წელს წაყენებული ბრალდებები გაუხსენეს და იმავე წლის 22 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი ჩამაორთვეს, სამი დღის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს. 1960 წლამდე შალვა ნუცუბიძის ნაშრომები: „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ დაიბეჭდა, თუმცა სრულფასოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უზღუდავნდნენ. 1956 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, 1960 წელს კი სსრკ-ის პროკურატურისაგან სრული რეაბილიტაცია მიიღო და მეცნიერული სტატუსიც აღუდგინეს.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივია. მის მოღვაწეობას ხშირად ორ პერიოდად ჰყოფენ: მეტაფიზიკურ და ქართული ფილოსოფიის ისტორიის პერიოდად. პირველ პერიოდს ოთხი ნაშრომი: „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (1913), „ალეთოლოგიის საფუძვლები“ (1922), „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ (1926) და „ფილოსოფია და სიბრძნე“ (1931) მიეკუთვნება, რომლებიც ფილოსოფიაში ახალი სისტემის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.

შალვა ნუცუბიძის ნაშრომები ეხება პედაგოგიკის („ადამიანის იდეა და აღზრდის პრობლემა „ვეფხისტყაოსანში“,[20] „განათლება საგანმანათლებლო იდეები ქართულ რენესანსში“[21] და სხვ.), ძველ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო ხარისხების,[22][23] დიალექტიკური და ფორმალური ლოგიკისა და ქართული კულტურის საკითხებს.[24][25][26] შალვა ნუცუბიძის ნაშრომი „ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები)“ (1929) პირველი ქართული ნაშრომი იყო ამ დარგში.[27]

შალვა ნუცუბიძე ქმნიდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს, ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ქართული პოეზიის შედევრებს უცხო ენაზე თარგმნიდა და ა.შ.[5] დიმიტრი უზნაძესთან ერთად ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შექმნასაც ჩაუყარა საფუძველი.[15]

ალეთოლოგია

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე

1911-1914 წლებში გერმანიაში მოღვაწეობისას შალვა ნუცუბიძემ ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას ჩაუყარა საფუძველი.[5] 1911 წელს ლაიფციგში წაიკითხა მოხსენება ალეთოლოგიის პრინციპების შესახებ.[6] 1913 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“, 1922 წელს კი, თბილისში დაიბეჭდა „ალეთოლოგიის საფუძვლები, ნაწ. I. ჭეშმარიტების პრობლემა“. გერმანიაში გამოიცა „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა, პირველი შესავალი ალეთოლოგიურ რეალიზმში“ (გერმანულად).[7]

1931 წელს შალვა ნუცუბიძის მეორე ნაშრომი დაიბეჭდა გერმანულ ენაზე: „Philosophie und Weisheit“ („ფილოსოფია და სიბრძნე“). თუკი 1927 წელს გამოცემული ნაშრომი „პირველი შესავალია ალეთოლოგიურ რეალიზმში“, ეს ნაშრომი „სპეციალური შესავალი იყო ალეთოლოგიურ რეალიზმში“. ალეთოლოგიურ სფეროში შალვა ნუცუბიძე არსსა და აზროვნებას შორის შუალედურ სფეროს გულისხმობდა. იგი აღნიშნავდა, რომ მისი ალეთოლოგიური რედუქცია ზიგვარტის რედუქციული მეთოდისაგან განსხვავდებოდა, რადგანაც იგი ლოგიკურად იყო გაგებული და განსხვავდებოდა ჰუსერლის აიდეტური და ფენომენოლოგიური რედუქციისგანაც.[6]

შალვა ნუცუბიძის მიერ გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ ფილოსოფიურ ჟურნალებში. მისი ნაშრომების შესახებ არაერთი რეცენზია გამოქვეყნდა გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და საფრანგეთში. დადებითი რეცენზია გამოაქვეყნა გერმანელმა ნეოკანტიანელმა ფილოსოფოსმა ბრუნო ბაუხმაც, ხოლო ორივე ნაშრომს განსაკუთრებით მაღალი შეფასებები მისცა კურტ გასენმა. 1932 წელს ეთიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა ბარტოლომეუ ლენდჰირის რეცენზია, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ შალვა ნუცუბიძემ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფილოსოფიის რთული პრობლემების მარტივად გადაწყვეტის მიმართულებით.[28][29]. ერთ-ერთ ნაშრომს ყველაზე ადრე ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე ბაქრაძე გამოეხმაურა, რომლის წერილიც, „ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა“, 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.[30]

ჭეშმარიტების პრობლემა

რედაქტირება

შალვა ნუცუბიძის ადრეულ ნაშრომებში ჭეშმარიტებისა და შემეცნების საკითხებია გამოკვლეული. მისი მიდგომით, „ჭეშმარიტების პრობლემის გასარკვევად“ შეცდომის ანალიზია საჭირო. შალვა ნუცუბიძის ნაშრომებში ფილოსოფიის საყრდენი პუნქტის კვლევა-ძიება „ჭეშმარიტებას თავისთავად“ უკავშირდება, რომელიც წინალოგიკურსა და წინააღმდეგობებისგან განთავისუფლებულ სფეროს მიეკუთვნება. ფილოსოფოსის აზრით, „ჭეშმარიტება თავისთავად“ უსაგნო და შინაარსის არ მქონეა.

შალვა ნუცუბიძის აზრით, ბოლცანოსთან „ჭეშმარიტება თავისთავად“ მხოლოდ სუბიექტისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს, თავად კი თვლიდა, რომ იგი ყოველგვარი მიმართებისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ფილოსოფოსის აზრით, წინააღმდეგობათა ფარგლებში რჩებოდა ემილ ლასკიც, რომელიც პირველი შეეხო აღნიშნულ სფეროს. შალვა ნუცუბიძის შეფასებით, ვერც არისტოტელეს ონტოლოგიური თეორია, ვერც იმანუელ კანტის ტრანსცენდენტალური თეორია, ვერც ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგია, ვერც ჩვეულებრივი რეალიზმი და ვერც რელაციონალური თეორია ვერ წყვეტს ჭეჭმარიტებისა და შემეცნების სტუქტურის საკითხს. მისი აზრით, „ჭეშმარიტებისკენ თავისთავად“ ნამდვილს გზას მისი ორიგინალური ნააზრევი, „ალეთოლოგიური რეალიზმი“ იძლეოდა.

ქართული ფილოსოფიის ისტორია

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი, 1967 წელი

1930 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა. 1930-იან წლებში იგი ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი.[31] მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომები რენესანსის აღმოსავლური ფესვების შესახებ და ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის თაობაზე. შალვა ნუცუბიძემ ეს ჰიპოთეზა 1942 წელს გამოთქვა. ათი წლის შემდეგ ასეთივე დასკვნა გააკეთა ბელგიელმა მეცნიერმა, ე. ჰონიგმანმა.[5]

შალვა ნუცუბიძემ ცნობილ ფილოლოგ სიმონ ყაუხჩიშვილთან ერთად ძველი ქართული ფილოსოფიური ძეგლების გამოცემის ფართო გეგმა შეადგინა. 1937 წელს მათი რედაქციით გამოიცა „განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“, რომელსაც მაღალ დონეზე შესრულებული საძიებლებლები, ქართულ-ბერძნული და ბერძნულ-ქართული ლექსიკონები აქვს დართული. [32] ამ გამოცემამ მტკიცე მეცნიერული ნიადაგი შეუქმნა ქართული ფილოსოფიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგნელის მეცნიერულ შესწავლას და ქართული ფილოსოფიური აზროვნებისადმი ინტერესიც გააძლიერა.[29]

1956-1958 წლებში შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორიის“ ორტომეული გამოიცა, რომელიც ქართული ფილოსოფიის ისტორიას უძველესი მითოლოგიური ეპოსიდან სოლომონ დოდაშვილამდე მოიცავს. შალვა ნუცუბიძემ ქართულ მითოლოგიურ ეპოსს რამდენიმე ნაშრომი უფრო ადრეც მიუძღვნა. მკვლევარმა ლექსად აღადგინა, გამოიკვლია და თარგმნა „ამირანის ეპოსი“.[33]

შალვა ნუცუბიძემ ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში სამი საფეხური გამოყო: ანტიკური ხანა (კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული და ფილოსოფიური სკოლიდან VI-VII საუკუნემდე),[34] ფეოდალიზმის ხანა (VIII-XVIII) და კაპიტალიზმის ხანა (XIX-XX). თავის მხრივ, ფეოდალიზმის ხანა ადრეული ფეოდალიზმის (VIII-XI სს.), ფეოდალური აბსოლუტიზმისა (XI-XII სს.) და გვიანდელი ფეოდალიზმის (XIII-XVIII) ხანებად დაყო.[27]

შალვა ნუცუბიძე იკვლევდა ქართული კულტურის საკითხებსაც. მან რამდენიმე წერილი მიუძღვნა პალესტინაში აღმოჩენილი ქართული მონასტრების წარწერებს და მონასტრების მშენებლობა პეტრე იბერის სახელს დაუკავშირა.[35][36] განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული „ბალავარიანისადმი“. 1886 წელს ჰერმან ზოტენბერგმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც დაამტკიცა, რომ თხზულება იოანე დამასკელს არ ეკუთვნის.[37] 70 წლის შემდეგ კი, შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი „ბერძნული რომანის „ბარლაამისა და იოასაფის“ წარმომავლობის შესახებ“, რომელშიც ბერძნული რომანის ავტორის საკითხი გამოიკვლია და ფრანც ჯოზეფ დოლგერის მოსაზრება გააკრიტიკა. შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ ბერძნული რომანი ქართული თხზულების საფუძველზეა შექმნილი. მხატვრული ანალიზის საშუალებით, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ბალავარიანისა“ და „ლიმონარის“ ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა და თხზულების თავდაპირველი რედაქციის ავტორი VII საუკუნის ცნობილი მოღვაწე, იოანე მოსხია.[27]

რუსთველოლოგია

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე და ვ. კერბახი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ რუმინულ ენაზე თარგმნა

შალვა ნუცუბიძის მიერ 1937-1940 წლებში შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანი ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.[5] ალექსეი ტოლსტოის შეფასებით, „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი „არა მხოლოდ მეცნიერული შრომა, არამედ პოეტური შემოქმედებაა“ და რითმების მორიგეობით, მთარგმნელმა დაქტილური სტრიქონების რუსულად გადათარგმნის პრობლემა გადაჭრა. ალ. ტოლსტოი წერდა:

 
„ძნელია გამოცნობა, როგორ მოახერხა მთარგმნელმა გადმოეცა ცალკეული ბგერებისა და სიტყვების - ომონიმების ჰარმონიულობა. შ. ნუცუბიძის თარგმანამდე ძნელი იყო წარმოდგენა, რომ რუსულ ენაში არსებობს ესოდენ ფართო შესაძლებლობა ომონიმური რითმების გამოყენებისა. შ. ნუცუბიძის თარგმანმა დამარწმუნა მე რუსული ლექსის კოლოსალურ სიფართოვეში“

.[38][27][15]

შალვა ნუცუბიძის თარგმანი შემდეგში დედნად სხვაენოვანი თარგმანების შესრულებისას გამოიყენეს : ვიქტორ კერბახმა რუმინულ ენაზე თარგმნისას, იგორ სიკირიმ - პოლონურ ენაზე თარგმნისას, იპეი ფუკურომ - იაპონურ ენაზე თარგმნისას, სერგი წულაძემ - ფრანგულად თარგმნისას (რომელიც ფრანგულენოვან თარგმანებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული). შალვა ნუცუბიძის ხელი ატყვია მარია პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე და ავსტრიელი პოეტის, ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულად შესრულებულ თარგმანებსაც.[15]

შალვა ნუცუბიძის ცალკეულ სტატიებში როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ზოგადი, ისე ცალკეული დეტალებია განხილული. მისი კვლევა-ძიების მთავარი დებულების მიხედვით, „ვეფხისტყაოსანი“ ორგანულადაა დაკავშირებულ ქართულ სინამდვილესთან. პირველივე ნაშრომში მან პოემის ძირითადი, სამყაროს მთლიანობის იდეა მიმოიხილა, რომელიც ნიშანდობლივ რენესანსულ იდეას წარმოადგენს. შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ ეს იდეა ნეოპლატონური წარმომავლობისაა.[7]

1958 წელს რუსულ ენაზე გამოიცა შალვა ნუცუბიძის მონოგრაფია „რუსთაველის შემოქმედება“, რომელშიც პოემა ღრმადაა გაანალიზებული. მასში „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის გარემო, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები და პოემის ხალხური, ლიტერატურული და ფილოსოფიური წყაროებია მიმოხილული. შალვა ნუცუბიძის კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჰუმანიზმთან.[7]

აღმოსავლური რენესანსის თეორია

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძე

შალვა ნუცუბიძემ აღმოსავლური რენესანსის შესახებ თავისი კონცეფცია და „ევროპაცენტრიზმის“ კრიტიკა პირველად 1940 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში მოხსენების სახით გამოთქვა. კამათში ვიქტორ ჟირმუნსკიც მონაწილეობდა, რომელმაც მომხსენებლის დებულებებისადმი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავა და ნუცუბიძის წინააღმდეგ რამდენიმე მოსაზრებაც წამოაყენა. შალვა ნუცუბიძეს ბევრი მომხრეც გამოუჩნდა და რუსთაველისა და აღმოსავლური რენესანსის შესახებ მონოგრაფიის დაწერა დაევალა. 1941 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომი „აღმოსავლური რენესანსი და ევროპოცენტრიზმის კრიტიკა“.[29]

1940-იანი წლებიდან შალვა ნუცუბიძის კვლევის მთავარ საგანი და რუსთველოლოგიური თეორიის მთავარი დასაყრდენი არეოპაგიტული მოძღვრება გახდა. მეცნიერმა ძირითადი შეხედულებები გამოთქვა ნაშრომებში: „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (1947, 1967) და „რუსთაველის შემოქმედება“ (1958). შალვა ნუცუბიძემ რუსთველოლოგიაში საბოლოოდ განამტკიცა ნეოპლატონიზმის თეორია და „ქართული ნეოპლატონიზმის“ შესწავლის ფარგლები გააფართოვა.[27] შალვა ნუცუბიძე წერდა, რომ დასავლელი მეცნიერები (მიშლე, ბურჰარდტი, ფოიჰტი და სხვები) რენესანსს ევროპულ მოვლენად მიიჩნევდნენ, ზოგიერთი კი, რენესანსის ცნებიდან ანტიკურობასაც გამორიცხავდა. მსოფლიო კულტურის განხილვისა და შესწავლის შემეგ, შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ რენესანსი აღმოსავლეთში დაიწყო და შემდეგ განვითარდა დასავლეთში. 1947 წელს რუსულ ენაზე მოგორაფიის, „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“, გამოქვეყნების შემდეგ თეორია ბევრმა მეცნიერმა გაიზიარა, მათ შორის: ვიქტორ ჟირმუნსკიმ, ნ. კონრადმა, ი. ბრაგინსკიმ, მ. კაპუსტინმა, ა. ლოსევმა და სხვებმა.

შალვა ნუცუბიძის აზრით, ბიზანტიური რენესანსი, რომელიც აღმოსავლეთის ხალხთა დასავლეთის კულტურასთან თანამშრომლობით განპირობებული მოვლენა იყო და გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა, საქართველოში გაგრძელდა, რაც განსაკუთრებით იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებაში გამოვლინდა. ქართული რენესანსი მსოფლიო რენესანსის საკითხებთან ერთადაა განხილული. შალვა ნუცუბიძის შემოქმედებაში აღმოსავლური რენესანსის იდეა მომწიფდა, რომელიც დასავლური მეცნიერების „ევროპაცენტრისტული“ თეორიების კრიტიკულ განხილვასთან იყო კავშირში. აღმოსავლური რენესანსის საკითხებს შორის შალვა ნუცუბიძემ ორი პრობლემა გამოკვეთა, რომლებიც ქართველოლოგიის ფარგლებს სცდება და მსოფლიო კულტურის ისტორიის სფეროს მიეკუთვნება. პირველი დასავლური კულტურის აღმოსავლური საფუძვლებია, მეორე კი, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნაშრომთა მნიშვნელობა და ნამდვილი ავტორის საკითხი.[29]

ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია

რედაქტირება

შალვა ნუცუბიძის მსოფლმხედველობით, რენესანსის, ასევე რენესანსული ჰუმანიზმის საფუძველს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ნეოპლატონიზმი წარმოადგენდა. მის ნაშრომებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა „ქართული ნეოპლატონიზმის“ ცნების შინაარსი. ნიკო მარის ნაშრომებში ქართული ნეოპლატონიზმი იოანე პეტრიწითა და შოთა რუსთაველით შემოიფარგლებოდა, ხოლო შალვა ნუცუბიძის აზრით, მისი ფესვები V საუკუნემდე მიდიოდა.[7]

შალვა ნუცუბიძისთვის დასავლური კულტურის აღმოსავლური საფუძვლების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არეოპაგიტულ მოძღვრებას, რომელშიც იგი ევროპული რენესანსის თეორიულ, ფილოსოფიურ საფუძვლებს ხედავდა. 1942 წელს შალვა ნუცუბიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი: „ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ფილოსოფიური აზრის და აღმოსავლური რენესანსის პრობლემების თვალსაზრისით.

არეოპაგიტიკის კვლევამ შალვა ნუცუბიძე მოძღვრების ნამდვილი ავტორის დადგენამდე მიიყვენა, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მეცნიერებაში. 1949 წელს შალვა ნუცუბიძის გამოკვლევა ცნობილი გახდა ბელგიელი მეცნიერის, ერნსტ ჰონიგმანისთვისაც, რომელსაც ჯერ კიდევ 1946 წელს დაწერილ და 1950 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გამოთქმული ჰქონდა ვარაუდი პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობის შესახებ. შალვა ნუცუბიძის გამოკვლევის შემდეგ ჰონიგმანი საკითხს დაუბრუნდა და დებულება დაამტკიცა. ლეონ მელიქსეთ-ბეგი და სიმონ ყაუხჩიშვილი თავიდანვე ენერგიულად უჭერდნენ მხარს ამ თეორიას.[29]

საბოლოოდ, ამ აღმოჩენას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. ჰონიგმანის გარდაცვალების შემდეგ (1954), ამ თეორიის დაცვა შალვა ნუცუბიძის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. 1957 წელს შალვა ნუცუბიძემ ნაშრომი „პეტრე იბერი და არეოპაგიტიკის პრობლემები“ ამ საკითხს მიუძღვნა, ხოლო 1963 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა გამოკვლევა „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“.

ბოლო წლები

რედაქტირება
 
შალვა ნუცუბიძის საფლავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში

1963 წელს შალვა ნუცუბიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.[4] 1967 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა განაგრძო. ამ პერიოდში ძირითადად შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე მუშაობდა.

1966 წელს შალვა ნუცუბიძეს რუსთაველის იუბილეში მონაწილეობა არ მიაღებინეს, არც უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებს დაასწრეს და სიტყვით გამოსვლაც დაუშლეს. სიტყვის გამოსვლის უფლება არ მისცეს 1968 წელსაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე.

შალვა ნუცუბიძე 1969 წლის 6 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა. 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დაკრძალეს. მეცნიერის საფლავზე ოთარ ფარულავას მიერ დამზადებული ქანდაკება დგას.[5][39]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

შალვა ნუცუბიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი, აგნესა ფილიპოვა, გაქართველებული კათოლიკეების ოჯახიდან იყო. 1937 წელს იგი ჭლექით გარდაიცვალა. წყვილს ქალიშვილი ქეთევანი 1915 წელს შეეძინათ. შალვა ნუცუბიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მისი პირველი ქალიშვილი გარდაიცვალა.

შალვა ნუცუბიძე მეორედ 56 წლის ასაკში, მასზე 25 წლით უმცროს ქეთევან კლიმიაშვილზე დაქორწინდა, რომელიც განათხოვარი იყო და ორი შვილი: ზაქრო და რუსუდანი ჰყავდა. შალვა ნუცუბიძემ ისინი შვილებივით მიიღო. წყვილს სამი შვილი შეეძინათ. პირველი ვაჟი 5 წლის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა.[40]

შალვა ნუცუბიძეს თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. ეკლესიაში არ დადიოდა. გიმნაზიაში ნასწავლი ბევრი ლოცვა ზეპირად ახსოვდა და საღვთო სჯული ისე იცოდა, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც კი გააკვირვა, რომელთანაც მეგობრობდა. მეცნიერთან თეოლოგიურ საკითხებზე ხშირად საუბრობდა კათოლიკოსი ეფრემ II.[40]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

1969 წელს სიმონ კანდელაკის ქუჩის მონაკვეთს შალვა ნუცუბიძის სახელი ეწოდა.[41] მისი სახელს ატარებს საბურთალოს პლატოც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონის გარდა, შალვა ნუცუბიძის ძეგლი დგას ნუცუბიძის ქუჩის ბაღშიც.

შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიური რეალიზმის შესახებ ნაშრომები გამოაქვეყნეს ფიდო ნადიბაიძემ,[42] არჩილ ბეგიაშვილმა, გურამ თევზაძემ, თენგიზ ირემაძემ და სხვებმა. შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი მისი ესთეტიკა ანუ ხელოვნების თეორია.

2013 წელს თამაზ და თამარ ნუცუბიძეებმა შალვა ნუცუბიძის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 594 დასახელების 635 საბიბლიოთეკო ერთეულს მოიცავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცეს.[43]

ორგანიზაციები და ასოციაციები

რედაქტირება

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

რჩეული ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ლოღიკა: საშუალო სასწავლებელთათვის. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“. 1920.
  • ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი I: შემეცნების პრობლემა“. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“. 1920.
  • ალეთოლოგიის საფუძვლები, წიგნი I: ჭეშმარიტების პრობლემა.“ ტფილისი: სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სტამბა. 1922.
  • „ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი“. ტფილისი: სახელგამი. 1923.
  • „Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus“. Berlin und Leipzig: Walter de Gruyter. 1926.
  • „Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie“. Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag. 1931.
  • „ქართული ფილოსოფიის ისტორია (I ტომი)“. [რედ. შ. ხიდაშელი] თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 1956.
  • „Шота Руставели, Витязь в Тигровой Шкуре“. Тбилиси. 1957.
  • „ქართული ფილოსოფიის ისტორია (II ტომი)“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 1958.
  • კრიტიკული ნარკვევები: ფილოსოფია და კულტურა“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1965.
  • „კრიტიკული ნარკვევები: ლიტერატურა და ფილოსოფია“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1969.
  • „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1973.
  • „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. ფილოსოფია და სიბრძნე“. [რედ. თ. ბუაჩიძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1979.
  • „ფილოსოფიის შესავალი (შემეცნების პრობლემა). ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები)“. [რედ. ა. ბეგიაშვილი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1974.
  • „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“. [რედ. შ. ხიდაშელი]. თბილისი: „მეცნიერება“. 1976.
  • „პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა“. [რედ. ნ. ნათაძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1975.
  • „ბერძნული რომანის „ბარლაამისა და იოასაფის“ წარმოშობისათვის“. [რედ. ნ. ნათაძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1977.
  • „რუსთაველის შემოქმედება“. [რედ. ა. ბარამიძე]. თბილისი: „მეცნიერება“. 1980.
სტატიები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე, თ. (2013). ანტიკური ნეოპლატონიზმის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ. წიგნში: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“. ISBN 978-9941-436-55-0. გვ. 50-58.
  • კეკელიძე, კ. (1957). რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი. წიგნში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. IV. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ.37–55.
  • ნადიბაიძე, ფ. (1981). ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები: შ. ნუცუბიძის ფილოსოფიური კონცეფციის კრიტიკული ანალიზი. თბილისი: „მეცნიერება“.
  • მახარაძე, მ. (2011). არეოპაგიტიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. ISBN 978-9941-439-00-1.
  • ურიდია, ბ. (1976). შალვა ნუცუბიძე შემეცნების თეორიისა და ლოგიკის პრობლემების შესახებ. თბილისი: „მეცნიერება“.
  • ჭელიძე, მ. (2002). შალვა ნუცუბიძე ― ეროვნული გონის ემანაცია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. მესიანიზმის კრიტიკა. წიგნში: „ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით“. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 134-151.
  • ჯალაღონია, დ. (2013). ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, 3. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISSN 2233-3568.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიდეომასალა
  • მე, შალვა ნუცუბიძე, რეჟ: ბესიკ გაფრინდაშვილი. პირველი არხი. 15 დეკემბერი, 2018. წვდომის თარიღი: 26 სექტემბერი, 2021.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Internet Philosophy Ontology project
  3. 3.0 3.1 3.2 Нуцубидзе Шалва Исакович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 კაკულია, ნ. [რედ.]. (2018), „თავისუფლება ერთი პირობით: შალვა ნუცუბიძე 130“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. — გვ. 9-20.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 გაიპარაშვილი, ზ. (რედ.). (2020). უნივერსიტეტი (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-922-2. გვ. 60-61.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 ხიდაშელი, შ., „შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა)“, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 3-21.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 ბარკავა, მ. დოლიძე, ე., „შალვა ნუცუბიძე (1888-1969): ბიობიბლიოგრაფია“, თბილისი: „მეცნიერება“, 1986. — გვ. 3-14, ISBN 978-9941-0-9318-0.
  8. ნუცუბიძე, შ. (1919). ლოღიკა: ელემენტარი სახელმძღვანელო. ქუთაისი.
  9. ნუცუბიძე, შ. (1920). ლოღიკა. საშუალო სასწავლებელთათვის. ტფილისი: სტამბა „სახალხო საქმე“.
  10. ნუცუბიძე, შ. (1920). ფილოსოფიის შესავალი, ნაწილი 1, შემეცნების პრობლემა. თბილისი: სტამბა „სახალხო საქმე“.
  11. ნუცუბიძე, შ. (1923). ლოღიკა: პროპედევტიკული კურსი. ტფილისი: სახელგამი.
  12. ნუცუბიძე, შ. (1919-1920). ბუნებისათვის ცნებისა. უნივერსიტეტის მოამბე, ტ. 1. ტფილისი. გვ. 9-38.
  13. ნუცუბიძე, შ. (1923). შემეცნება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა. უნივერსიტეტის მოამბე, ტ. 3. ტფილისი. გვ. 57-62.
  14. ნუცუბიძე, შ. (1924). კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივებში (200 წლის იუბილეს გამო). კავკასიონი, 3-4. გვ. 3-11.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 კაკულია, ნ. [რედ.]. (2018), „თავისუფლება ერთი პირობით: შალვა ნუცუბიძე 130“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. — გვ. 40-65.
  16. საქართველოს პროსოპოგრაფია: პირები. შალვა (ვარლამ) ისაკის ძე ნუცუბიძე. www.prosopography.iliauni.edu.ge. მოძიების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021.
  17. ბელქანია, თ. (2018). საქართველოს შსს სპეცარქივში დაცული რამდენიმე დოკუმენტი შალვა ნუცუბიძის შესახებ. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, VII. თბილისი: გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“. გვ. 16-22.
  18. (რუსული) Шота Руставели. Вытяз в тигровой шкуре. Поема в стихах. Перевод с грузинского Шалвы Нуцубидзе, редакция Сергея Городецкого, М., 1941, აგრეთვე М., 1950, Тб., 1949, 1957, 1966
  19. ჩაჩანიძე, ვ. (1980). ვეფხისტყაოსანი მსოფლიოს ხალხთა ენაზე. თბილისი: ხელოვნება. გვ. 127.
  20. ნუცუბიძე, შ. (1937). ადამიანის იდეა და აღზრდის პრობლემა ვეფხისტყაოსანში. წიგნში: „შოთა რუსთაველი სკოლაში“. თბილისი: პედაგოგიკის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის გამომცემლობა.
  21. ნუცუბიძე, შ. (1943). განათლება და საგანმანათლებლო იდეები ქართულ რენესანსში. მნათობი, 9-10. თბილისი: სახელგამი. გვ. 205-221.
  22. ნუცუბიძე, შ. (1944). ქართული რენესანსი და განათლების კერები. პედაგოგიკა, ტ. 11. თბილისი. გვ. 1-20.
  23. ნუცუბიძე, შ. (1947). სამეცნიერო ხარისხის საკითხისათვის ძველ საქართველოში. საქართველოს სსრ პედაგოგიკის მეცნიერების ინსტიტუტის შრომები, ტ. 3. გვ. 27-40.
  24. ნუცუბიძე, შ. (1956). ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკითხები თანამედროვე დასავლურ მეცნიერებაში. მნათობი, 3. თბილისი: სახელგამი. გვ. 144-154
  25. ნუცუბიძე, შ. (1956). პალესტინის XII-XIV ს.ს. ერთი მხატვრობა და ქართული კულტურის საკითხები. საბჭოთა ხელოვნება, 9. თბილისი. გვ. 17-22.
  26. ნუცუბიძე, შ. (1958). ქართული კულტურის საკითხები და ჩემი მოკამათენი დასავლეთის მეცნიერებაში (ქართული „ბალაჰვარიანის“ წარმოშობის შესახებ). მნათობი, 7. თბილისი: სახელგამი. გვ. 131-140.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 ხიდაშელი, შ., „შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა)“, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 50-75.
  28. Landheer, B. (1932). Book Reviews. International Journal of Ethics. Vol. 42. N3. გვ. 394-395.
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 ხიდაშელი, შ., „შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა)“, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 24-45.
  30. ბაქრაძე, კ. (1928). ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა. მნათობი, 1. ტფილისი: სახელმწიფო გამომცემლობა. გვ. 219-239.
  31. ნუცუბიძე, შ. (1965). კრიტიკული ნარკვევები: ფილოსოფია და კულტურა. თბილისი: საბჭოთა საქართველო. გვ. 212.
  32. ნუცუბიძე, შ. ყაუხჩიშვილი, ს. [რედ.]. (1937). განმარტებაი პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის. თბილისი: ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  33. ნუცუბიძე, შ. (1945). ამირანი: მითოლოგიური პოემა. თბილისი: საბჭოთა მწერალი.
  34. ნუცუბიძე, შ. (1961). [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/17198/1/Mnatobi_1961_N01.pdf ქართული ნააზრევი და გარდასვლა ანტიკურიდან ფეოდალური ეპოქის აზროვნებისაკენ. მნათობი, 1. თბილისი: საბჭოთა მწერალი. გვ. 114-124.
  35. ნუცუბიძე, შ. (1959). იერუსალიმის ახალი გათხრების ზოგიერთი საკითხი. დროშა, 2. თბილისი: გამომცემლობა კომუნისტი. გვ. 6-8.
  36. ნუცუბიძე, შ. (1959). პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები. მნათობი, 1. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“. გვ. 148-156.
  37. Zotenberg, H. (1886). Notice sur le livre de Barlaam et Joasaph. Notices et Extracts de la bull. XXVIII.
  38. Толстой, А. (1966). близкое, свое. Огонек, 38. გვ. 9.
  39. გაიპარაშვილი, ზ. (2005). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი დაარქივებული 2021-10-03 საიტზე Wayback Machine. . თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“. გვ. 10.
  40. 40.0 40.1 კაკულია, ნ. [რედ.]. (2018), „თავისუფლება ერთი პირობით: შალვა ნუცუბიძე 130“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. — გვ. 80-91.
  41. აბაშიძე, ზ. და სხვ. (რედ.).(2008). თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები. თბილისი: ქართუ. ISBN 9789992820353. გვ. 131.
  42. ნადიბაიძე, ფ. (1981). ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები: შ. ნუცუბიძის ფილოსოფიური კონცეფციის კრიტიკული ანალიზი. თბილისი: „მეცნიერება“.
  43. გაიპარაშვილი, ზ. [რედ.]. (2015). ბიბლიოთეკის კოლექციები: შალვა ნუცუბიძის კოლექცია. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-439-00-1.