სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.

ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანი (დ. 4 თებერვალი, 1879, ქუთაისი — გ. 1965, ბრიუსელი, ბელგია) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი, ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები.

ბარბარე ყიფიანი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1879
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 1965
ბრიუსელი, ბელგია
პროფესია ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი
მშობლები მამა: ნიკოლოზ ყიფიანი
დედა: ანასტასია ერისთავი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბარბარე (ვარა) ყიფიანი დაიბადა 1879 წლის 4 თებერვალს ქუთაისში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, თავადაზნაურთა წინამძღოლის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. დედა – ანასტასია ერისთავი ქეთევან წამებულის პირდაპირი შთამომავალი იყო. ბარბარე ძირითადად ქვიშხეთში, პაპისეულ ოჯახში იზრდებოდა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ბარბარე და მისი დები მამამ ბათუმში წაიყვანა, სადაც 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა.

1899 წელს ბარბარე ყიფიანმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის წმიდა ნინოს სასწავლებელი, სადაც სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკის ხარჯით სწავლობდა. რამდენიმე წელი ხონის წმიდა მარიამის სასწავლებელში პედაგოგად იმუშავა. 1901 წელს სწავლის გასაგრძელებლად მამასთან გაემგზავრა ბელგიაში (მამა ნიკოლოზ ყიფიანი 1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნევროგენული დიაბეტით დააავადა. 1890 წელს იგი სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა). 1902 წელს ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდშივე გამოიჩინა თავი, როგორც უაღრესად ნიჭიერმა, შრომისმოყვარე, ფართო ერუდიციის მქონე სტუდენტმა. 1904 წლის აგვისტოში ბრიუსელში შედგა ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა – ბარბარე ყიფიანმა და რუსეთიდან პროფესორმა ივანე თარხნიშვილმა. ორივეს მოხსენებას მოწონება და ხანგრძლივი ტაში დაუმსახურებია. მათი გამოსვლით აღტაცებული რევაზ გაბაშვილი იმავე წლის "ცნობის ფურცელში" წერდა, რომ ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა პროფესორ იოტეკოს, ეროვნებით პოლონელ ქალბატონს. მან ბარბარე თავის ლაბორატორიაში სამუშაოდ მიიღო და საშუალება მისცა სწავლის ფული გადაეხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. რევაზ გაბაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: "მგონია საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილებს უცხოელნი პატრონობენ და თავის შინაურობამ კი მათ უარი უთხრა სტიპენდიაზე. ალბათ, ასე ესმის თავადაზნაურობას მადლის გადახდა და თავის მოვალეობა".

ბარბარე ყიფიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბრიუსელის უნივერსიტეტში, იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვება) მოსწავლეთა შორის და სხვა. 1908 წლიდან ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "Revue Psycholigique"–ის სწავლული მდივანი გახდა. მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპის პრესაში, სხვადასხვა ენაზე იბეჭდებოდა მისი შრომები სტატიების, ბროშურებისა და მონოგრაფიების სახით. ბარბარე ყიფიანი, როგორც მეცნიერი ფიზიოლოგი, დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის სიგელებით, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. იყო რამდენიმე სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. ლექციებს კითხულობდა ბრიუსელის, ლიეჟის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. წერდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. გარდა სპეციალური ფსიქოფიზიოლოგიური დისციპლინებისა, ბრიუსელის უნივერსიტეტში ქართული და რუსული სიტყვიერების კურსიც მიჰყავდა.

1910 წელს ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ ქართული სულიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის.

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოაგზავნა: "მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით". გარკვეული ხნის შემდეგ ბარბარე ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ეწოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ–კულტურულ მოღვაწეობას. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქალთა მე-5 გიმნაზიაში, იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, მსახურობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავის გამგის, აკაკი შანიძის თანაშემწედ, იყო ქართველთა სამხედრო კავშირის, აგრეთვე საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ახალი ხელისუფლებისაგან უკიდურესად შევიწროებული, იძულებული გახდა კვლავ ბრიუსელში გახიზნულიყო.

1940 წელს, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის ხანძარში გაეხვა, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, მიუნხენიდან გამოიძახა ქართველოლოგი, ქართული დამწერლობისა და კულტურის მკვლევარი მიხეილ თარხნიშვილი და შესთავაზა ნაანდერძევი სახსრებით (ფულითა და ნივთებით) დაეარსებინა რომის კათოლიკური მონასტერი ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად. მიხეილ თარხნიშვილს მიუღია ეს წინადადება, შეუძენია სამონასტრო შენობა და ბარბარე ყიფიანისაგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები იქ დაუბინავებია. ამავე მონასტერში გადმოუტანია კონსტანტინეპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული უნიკალური მასალები, ჩამოუყალიბებია ქართული არქივი, ქართული კათოლიკური სასულიერო სემინარია და თვითონ დამდგარა რექტორად. საერთაშორისო შეთანხმებით რომი დაცული უნდა ყოფილიყო ომებისგან. ბარბარე ყიფიანი დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ევროპის უნივერსიტეტებში მიიღო.

ბარბარე ყიფიანი გარდაიცვალა 1965 წელს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში, დაკრძალულია ქალაქ ბრიუსელში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯოლოგუა თამაზ, დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები), თბ., ,2002, გვ. 45-49.
  • მთვარელიძე მურად, ყიფიანები, თბ., 2002, გვ. 69-74.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება