მიხეილ თარხნიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თარხნიშვილი.

მიხეილ თარხნიშვილი (დ. 12 იანვარი, 1897, ახალციხე — გ. 15 ოქტომბერი, 1958, რომი) — ქართველი თეოლოგი, კათოლიკე სასულიერო პირი, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარი.

მიხეილ თარხნიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ თარხნიშვილი დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. ოჯახი ჯერ სოფელ ხიზაბავრაში, ხოლო 1911 წლიდან კი სკრაში დასახლდა. თარხნიშვილმა დაწყებითი სამწლიანი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო. 1913 წლის სექტემბერში ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ ფერი-ქოას სამონასტრო სკოლაში სასწავლებლად წაიყვანეს. სტამბოლში თარხნიშვილი 4 წლის განმავლობაში სწავლობდა. 1917 წლის 12 თებერვალს თარხნიშვილი ქალაქ ეტალში (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ-პარტენკირხენთან) ბენედიქტინელთა სააბატოში იქნა გაგზავნილი სწავლის გასაგრძელებლად. თარხნიშვილი კარგად სწავლობდა, განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია გერმანულ ენაში. გერმანიაში ქართველ სტუდენტთა მფარველი იყო ჰუგო გაიზერი.

1919 წლის სექტემბერში მცირე ხნით იმყოფებოდა თბილისში, რაც სამშობლოში მისი უკანასკნელი ვიზიტი აღმოჩნდა. 1919 წლის დეკემბერში დაბრუნდა კვლავ სტამბოლში. იქ შევიდა კაპუცინების კოლეჯში, რომელიც 1923 წელს დაამთავრა. 1923 წლის სექტემბრიდან 124 წლის ივლისამდე სწავლობდა ქართულ მონასტერში ფილოსოფიას პეტრე ტატალაშვილთან. 1924 წლის ოქტომბერში სამ სხვა სტუდენტთან ერეთად, რომელთა შორის იყო შიო ბათმანიშვილიც, გაემგზავრა ვენაში, სადაც გაიარა წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსი. 1925 წლის სექტემბერში შეუდგა თეოლოგიის შესწავლას, რასაც სწავლობდა 1928 წლის ზაფხულამდე. სტამბოლში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ამიტომ გაგზავნეს რომში, სადაც ჯერ ბერძნული კოლეჯის თავისუფალი მსმენელი იყო, ხოლო 1930–1933 წლებში სწავლობდა რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტში, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით დაასრულა. სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა თემაზე „თეატინელთა სამოციქულო ღვაწლი საქართველოში მეჩვიდმეტე საუკუნეში“.

მიხეილ თარხნიშვილი 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში აკურთხეს მღვდლად. 1934–1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქართველ კათოლიკე ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936–1942 წლებში იმყოფებოდა ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში, ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა რომში.

მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.

1955 წელს მოწაფესთან, იულიუს ასფალგთან ერთად გამოსცა კორნელი კეკელიძის „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ I ტომი. ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროლოგი აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვა. იულიუს ასფალგმა შეადგინა მიხეილ თარხნიშვილის ბიოგრაფია და მისი შრომების ბიბლიოგრაფია.

ლიერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება