ბენიამინ ჩხიკვიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბენია ჩხიკვიშვილი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 27 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვიშვილი.

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (დ. 15 იანვარი, 1880, საყვავისტყე — გ. 1924, სუზდალი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს.

ბენია ჩხიკვიშვილი
დაბ. სახელი ბენიამინ ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1880
დაბადების ადგილი საყვავისტყე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1924
გარდაცვალების ადგილი სუზდალი, რსფსრ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა გრიგოლ ჩხიკვიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ გიგო ბეჟანის ძე ჩხიკვიშვილი და ნატალია კაციას ასული. 22 იანვარს მონათლა სოფლის მღვდელმა იესე ცინცაძემ, ნათლობის რიტუალი აღასრულა მღვდელმა სოფრომ კეკელიძემ. ჰყავდა ხუთი და და ერთი ძმა. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში. ქუთაისში სწავლისას გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქუთაისელ მესამედასელებთან. ამის გამო 1900 წელს გარიცხეს დამამთავრებელი კლასიდან. გადმოცემის მიხედვით, ქუთაისში ჩხიკვიშვილი დროებით მუშაობდა პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელთან. ოლდენბურგელმა ჩხიკვიშვილს სთხოვა მასთან ერთად წასულიყო გერმანიაში, თუმცა ბენიამ უარი უთხრა. მეგობრობის ნიშნად პრინცმა მას ფორდის მარკის ავტომობილი და კაბინეტი აჩუქა. ავტომობილის ბედი უცნობია, ხოლო კაბინეტს ჩხიკვიშვილი ფლობდა 1924 წლამდე, დაპატიმრებამდე.[1]

პარტიული საქმიანობის დასაწყისი

რედაქტირება

სკოლიდან დათხოვნის შემდეგ ჩხიკვიშვილმა მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. ამ დროს ბათუმის ფაბრიკა-ქარხნებში 11 არალეგალური ორგანიზაცია მოქმედებდა. მათ სათავეში ედგნენ სევერიან ჯუღელი, ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი და ბენია ჩხიკვიშვილი.[2] ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-1902 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. ითვლებოდა ერთ-ერთ კარგ მასწავლებლად. პარალელურად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა გურიის გლეხების მოძრაობისთვის და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ თედო ჟორდანიასთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა ჭიათურაში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა მანგანუმის მაღაროში, პარალელურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

1902 წლის შემოდგომაზე ჩხიკვიშვილი მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტმა. ჩხიკვიშვილი გახდა ამ კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.[3] როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა დრამის საეკლესიო გადასახადის წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც.[4] 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში კახეთის სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის ოქტომბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში. მას ბრალად ედებოდა ბათუმის დემონსტრაციის და საიდუმლო სტამბის ორგანიზება.[5]

 
ბენიამინ ჩხიკვიშვილი ციხეში. 1905

გურიის რესპუბლიკის ლიდერი

რედაქტირება

1905 წელს გამოუშვეს თავდებობით. რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის დავალებით დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თებერვალში ის წარმოადგენდა სოფელ შემოქმედის გლეხებს მთავრობის წარმომადგენელ სულთან-კრიმ გირეისთან შეხვედრის დროს.[6] ჰქონდა დიდი გავლენა, რომელიც ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ რკინიგზაზეც, რომელიც დროებით გადადიოდა რევოლუციონერთა ხელში. ჩხიკვიშვილი თავად ანაწილებდა ნავთსა და სურსათს, ამარაგებდა ოზურგეთს. მისი განკარგულების შემთხვევაში მატარებელს ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში.[7] იყო ნასაკირალის ბრძოლის გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნესტორ ერქომაიშვილთან ერთად უძღვებოდა ბრძოლას. 21 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა ხიდისთავის მიტინგზე, სადაც დაგმო 17 ოქტომბრის მანიფესტი.

 
„ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილი როგორც გურიის პრეზიდენტი, ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ჩახლეჩილი ხმა, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები ჰქონდა, ვეებერთელა კაცი იყო“

მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც“.[9] რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას. კაზაკთა პატრულმა დააპატიმრა 1906 წლის 18 თებერვალს სოფელ აკეთში.[10] ჩხიკვიშვილი მოათავსეს ჯერ ოზურგეთში, შემდეგ ქუთაისის სატუსაღოში, ბოლოს მეტეხის ციხეში. ჩხიკვიშვილს, სხვა რევოლუციონერებთან ერთად ბრალი წაუყენეს „გურიის რესპუბლიკის“ საქმეზე სისხლის სამართლის 102-ე მუხლით, რაც გულისხმობდა სპეციალური ორგანიზაციის შექმნას თვითმპყრობელობის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. მას, ისევე როგორც გლეხთა მოძრაობის სხვა ლიდერებს, მოქალაქეები ეხმარებოდნენ შემოწირულობების საშუალებით.[11] სასამართლოზე სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე და პროცესს მოჰყვა დემონსტრაცია, ამიტომ პროცესი ოდესაში გადაიტანეს და ბრალდებულებიც იქ გადაიყვანეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი კატორღა.[12].

ჩხიკვიშვილი სასჯელის მოსახდელად გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიის კირენსკის მაზრაში. გადასახლებაში გაიცნო მომავალი მეუღლე. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან, მაგრამ 1917 წლამდე დატოვეს ციმბირში გადასახლებაში. ციმბირში ჩხიკვიშვილი მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს. საქართველოში დაბრუნება მოახერხა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

 
ნოე ჟორდანია და ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1920

მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში

რედაქტირება

საქართველოში დაბრუნებული ჩხიკვიშვილი მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. 1917 წლის 2 ივლისს სოხუმში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ აირჩიეს ქალაქისთავად.[13] 1917 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს სოხუმის ოკრუგის საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში. 1917 წლის ნოემბერში გამართულ სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების I ყრილობაზე აირჩიეს ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთან და ვალიკო ჯუღელთან ერთად და ასევე აირჩიეს სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წლის 16-20 თებერვალს ის მონაწილეობდა სოხუმის ბოლშევიკებისგან დაცვაში. 4-9 მარტს სოხუმში თავმჯდომარეობდა სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების II ყრილობას[14] ყრილობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აფხაზეთი შესულიყო ამიერკავკასიის ხალხთა ერთიან ოჯახში. 1917 წლის 11 აპრილს სოხუმი ბოლშევიკებმა აიღეს. ჩხიკვიშვილის განკარგულებაში 70-80 ადამიანი იყო ბოლშევიკების 1500-იანი რაზმის წინააღმდეგ, რის გამოც მან სოხუმის დაცვა ვერ შეძლო.[15]ქალაქში შესულმა ბოლშევიკებმა ჩხიკვიშვილი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ ქალაქიდან გააძევეს. ის წავიდა ჯერ ფოთში, შემდეგ ქუთაისში, სადაც ქუთაისის გუბერნიის კომისრად დაინიშნა.[13] 1918 წლის შემოდგომაზე ჩხიკვიშვილი დაინიშნა საქართველოს მთავრობის კომისრად სოხუმის ოლქში. აღნიშნულ თანამდებობაზე ის დარჩა 1919 წლის აპრილამდე. მისი კომისრობის დროს მასშტაბურ ანტიქართულ გამოსვლებს აფხაზეთში ადგილი აღარ ჰქონია[16]

1919 წლის 2 თებერვალს ჩატარებულ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 17 თებერვლის სხდომაზე ქალაქის საბჭომ აირჩია თბილისის მოურავად.[17] თბილისის ქალაქისთავად ყოფნის პერიოდში ებრძოდა სპეკულაციას, ქოლერას, ყურადღებას უთმობდა ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენურ დასუფთავებას, სტუდენტების ცხოვრების გაუმჯობესებას, ქართულ თეატრს. მისი მმართველობისას ქალაქი საგრძნობლად წინ წავიდა.[18] ჩხიკვიშვილი ეხმარებოდა დიმიტრი შევარდნაძეს ნიკო ფიროსმანის სურათების შეგროვებაში.[19] შეურიგებელი იყო ყოველგვარი სამართალდარღვევის მიმართ, განსაკუთრებით თუ ამას ქალაქის მოხელეები ან მილიციის მუშაკები ჩადიოდნენ.[20]

1919 წლის მარტში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. ჩხიკვიშვილს ფიცხი და ფეთქებადი ხასიათის გამო კონფლიქტი მოუვიდა დამფუძნებელი კრების წევრ, ოპოზიციონერ თედო ღლონტთან, რომელსაც რესტორანში ქეიფის დროს სცემა.[21]

1920 წელს საქართველოს მიერ ბათუმის ოლქის შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ის ბათუმში 1920 წლის 7 ივლისს ჩავიდა. ჩხიკვიშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნას დასთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ არავინ ჩაერეოდა მის საქმიანობაში ორი თვის განმავლობაში მაინც. ჩხიკვიშვილმა დაამყარა წესრიგი ქალაქში, შეამცირა დანაშაული, გაასახლა მრავალი ბოლშევიკი. [22] გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და 1920 წლის 7 ნოემბერს გადადგა.[23]

1921 წლის 1 თებერვალს კონფლიქტი მოუვიდა ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა ნუცუბიძესთან, რა დროსაც ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. ინციდენტს მოჰყვა სტუდენტების პროტესტი და ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნით.

1921 წლის თებერვალში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

ემიგრაცია, დაბრუნება და სიკვდილი

რედაქტირება

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, ოჯახის გარეშე. ემიგრირებულ მთავრობაში დაიკავა ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.[24]. მცირე ხნით ცხოვრობდა გერმანიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში. საფრანგეთში მუშაობდა მძღოლად, მღებავად რეიმსის საკათედრო ტაძრის რესტავრაციაზე, დაკავებული იყო სოფლის მეურნეობითაც.[25]. ჩხიკვიშვილი და ნიკოლოზ ჯაყელი იყვნენ ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის ფორმალური მესაკუთრეები.[26] აქტიურად მონაწილეობდა ემიგრანტული მთავრობის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩართული იყო პარტიათაშორის მოლაპარაკებების პროცესში საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლის მიზნით.

1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდა ფილტვების ავადმყოფობა და ამასთან, არ ეთანხმებოდა აჯანყების მართებულობას.[27]

ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს ჩეკას რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს ფელიქს ძერჟინსკიმ გასამართლების გარეშე გასცა გოგიტა ფაღავას, ნოე ხომერიკის, ვასილ ნოდიას, გიორგი წინამძღვრიშვილის და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია. სექტემბერში ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[28]

2018 წლიდან თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.[29]

ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი: ვიქტორი (1914), გრიშა (1916) და სლავა (1920), ასევე დედა, და და ძმა. ბენიამინ ჩხიკვიშვილის და იყო ბოლშევიკი რევოლუციონერის, თენგიზ ჟღენტის, მეუღლე.[30] ჩხიკვიშვილის მეუღლე იყო სოციალისტ-რევოლუციონერი ნადეჟდა კალოევა, წარმოშობით ვლადიკავკაზიდან.[31]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 10
  2. ჯონსი ს., „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917“ = Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005. — გვ. 129, ISBN 0-674-01902-4..
  3. ჯონსი ს., „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917“ = Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005. — გვ. 130, ISBN 0-674-01902-4..
  4. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 17.
  5. ჯონსი ს., „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917“ = Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005. — გვ. 150, ISBN 0-674-01902-4..
  6. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 63.
  7. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 15
  8. მაღლაკელიძე შ., მოგონებები, „პეგასი“, თბილისი, 2012 გვ. 163
  9. ჯონსი ს., „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917“ = Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005. — გვ. 184, ISBN 0-674-01902-4..
  10. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 20
  11. ირემაძე ი., „სოლიდარობა პოლიტიკური და სამხედრო კრიზისების დროს და დამოუკიდებლობის დაცვისათვის“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. III, თბ., 2021. — გვ. 153, ISBN 978-9941-8-3108-9.
  12. მახარაძე ი., „გურული ფირალები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008. — გვ. 109-110, ISBN 978-9941-403-95-8.
  13. 13.0 13.1 ხვადაგიანია ი., ხვადაგიანი დ., ოყუჯავა ბ, კანდელაკი გ., კობახიძე რ., „აფხაზეთი - 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია“, თბილისი: SOVLAB, 2023. — გვ. 10.
  14. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007. — გვ. 12, ISBN 978-99940-68-79-1.
  15. В. Чхиквишвили о большевистской авантюре Абхазии
  16. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 27
  17. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019. — გვ. 34, ISBN 978-9941-9553-1-9 Invalid ISBN.
  18. შარაძე, 1993
  19. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 31
  20. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019. — გვ. 47, ISBN 978-9941-9553-1-9 Invalid ISBN.
  21. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 11
  22. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 38
  23. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 88, ISBN 978-9941-13-712-9.
  24. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 106
  25. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 107
  26. Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris, by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.
  27. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 109
  28. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  29. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (25 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  30. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 18
  31. მახარაძე, ვაჭარაძე, 2020, გვ. 23