კონსტანტინე ჯაფარიძე

კონსტანტინე (კოწია) იასონის ძე ჯაფარიძე (დ. 12 იანვარი, 1884, შარდომეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 1940) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

კონსტანტინე ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1884(1884-01-12)
დაბ. ადგილი შარდომეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1940
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე ჯაფარიძე დაიბადა 1884 წლის 12 იანვარს, რაჭის მაზრის სოფელ შარდომეთში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. მუშაობდა ადვოკატად თბილისში. 1906 წელს შედიოდა ადვოკატთა ჯგუფში, რომლებიც იცავდნენ გურიის რესპუბლიკის სქმზე ბრალდებულებს.[1] 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გარეშე საქმეთა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. ასრულებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში. 1926 წლის 31 ივლისს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 482.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 224, ISBN 978-9941-9458-6-1.