თბილისის თვითმმართველობა
თბილისის თვითმმართველობა — ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხორციელდება პირდაპირი, სახალხო არჩევნების გზით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოსა და აღმასრულებელი პირის — მერის და თბილისის რაიონების გამგებლების მეშვეობით. თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონები.
თბილისის საკრებულო - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | |
---|---|
![]() თბილისის დროშა | |
დამნიშვნელი |
ხალხის პირდაპირი ხმა (1998-დან დღემდე) |
ვადის ხანგრძლივობა |
4 წელი (2017-2021 წლებში) |
დაარსდა | 1998 |
პირველი თანამდებობაზე | ლადო კახაძე |
საიტი | tbsakrebulo.gov.ge |
თბილისის მერია - თბილისის მერი | |
---|---|
![]() თბილისის დროშა | |
დამნიშვნელი |
ხალხის პირდაპირი ხმა (2010-დან დღემდე) |
ვადის ხანგრძლივობა |
4 წელი (2017-2021 წლებში) |
დაარსდა | 1991 |
პირველი თანამდებობაზე | თამაზ ვაშაძე |
საიტი | tbilisi.gov.ge |
თბილისის თვითმმართველობამ, დღევანდელი სახით ჩამოყალიბებამდე რთული და საინტერესო პროცესი გაიარა. თბილისი, როგორც საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი მრავალმხრივი ყურადღების ცენტრში საუკუნეთა მანძილზე იყო.
შუა საუკუნეებში თბილისის მმართველს, მოურავს პირადად მეფე ნიშნავდა, რაც მისი პოლიტიკური სტატუსის განსაკუთრებულობაზეც მიუთითებდა. დედაქალაქი საქართველოში არაერთი მტრის შემოსევის გამო გადადიოდა ხელიდან ხელში. რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ტფილისი კავკასიის ცენტრალური ქალაქი იყო, აქ იყო მეფისნაცვლის რეზიდენციაც. XIX საუკუნის საქართველოში ტფილისს ქალაქის თავები ხელმძღვანელობდნენ. პირველი არჩეული და ეროვნებით ქათველი ქალაქის თავი დიმიტრი ყიფიანი იყო.
თბილისს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა საბჭოთა პერიოდშიც. 1991 დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ძალაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“. ამ კანონით ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ იქცა, ხოლო მმართველობის ორგანოდ მერია და პრეფექტურა. ეს უკანასკნელი 1992 წლის 4 იანვრის ბრძანებით გაუქმდა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს გადაეცათ.
1992 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დებულება, რომლის მიხედვით თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოს არჩევნებამდე მისი უფლებამოსილების შესრულება დაევალა მერიის საქალაქო კოლეგიას.
1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“, რომლის მიხედვითაც თბილისში თვითმმართველობას ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანო - თბილისის ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივ მმართველობას-თბილისის მერია.
თვითმმართველობის ორგანოები
რედაქტირებასაკრებულო
რედაქტირებაქალაქ თბილისის საკრებულო არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.
თბილისის საკრებულო | |
---|---|
მე-7 მოწვევის საკრებულო | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე |
გიორგი ტყემალაძე, ქართული ოცნება 2021-დან |
თავმჯდომარის პირველი მოადგილე | გიორგი ახვლედიანი |
თავმჯდომარის მოადგილე | თინათინ ნიბლოშვილი |
თავმჯდომარის მოადგილე | ზურაბ აბაშიძე |
სტრუქტურა | |
წევრები | 50 არჩეული წევრი |
პოლიტიკური ჯგუფები |
მთავრობა (29)
ოპოზიცია (21)
|
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა |
40 პროპორციული 10 მაჟორიტარული |
ბოლო არჩევნები | 2021 |
შემდეგი არჩევნები | 2025 |
სხდომების ადგილი | |
თავისუფლების მოედანი, თბილისი | |
საიტი | |
http://tbsakrebulo.gov.ge/ |
მერია
რედაქტირებათბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემას ქმნიან თბილისის მერია, თბილისის მთავრობა, და რაიონების გამგეობები. თბილისის მთავრობა არის კოლეგიური ორგანო, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და შესრულებას. მთავრობა შედგება: მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსებისგან. თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში, ხოლო მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან.
ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა:
- მერი;
- ვიცე-მერი;
- მერის მოადგილეები;
- მერიის ადმინისტრაცია;
- საქლაქო სამსახურები:
- საფინანსო საქალაქო სამსახური;
- სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური;
- ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური;
- ტრანსპორტის საქალაქო სამსახური;
- შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;
- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
- ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
- კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;
- ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური;
- იურიდიული საქალაქო სამსახური;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახური.
- სხვა სამსახურები:
- სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური[5]
- სსიპ ქონების მართვის სააგენტო
- სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო
ქალაქ თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ქ. თბილისის ამჟამინდელი მერია - კახა კალაძე.
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეები
რედაქტირებათბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს მიიღო, ხოლო მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დროს თბილისს ქართველი მოხელეები განაგებდნენ, VI საუკუნის 30-იან წლებში კი ირანელი მარზპანი მართავდა, ხოლო VIII-X საუკუნეებში არაბთა ამირა, რომლის მმართველობაც 1082 წ. დასრულდა. სწორედ, არაბი ამირას ბატონობის პარალელურად თბილისში ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება -თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში თბილელი ბერები - ქალაქის უხუცესები ჩაუდგნენ. თბილისის ბერებს მოქალაქეთა ზედა ფენიდან ირჩევდნენ. ისინი განსაკუთრებით ამირას ხელისუფლების დასუსტების პერიოდში გააქტიურდნენ. სწორედ უხუცესთა 12 კაციან საბჭოს ებარა „ქალაქის კლიტენი“, თბილისის მცველთა რაზმის მეთაურობა, სამართალწარმოება, მოსახლეობის სურსათ-სანოვაგით მომარაგება, ხოლო ამირა ჯაფარ ალის ძის გარდაცვალების შემდეგ, „ტფილისის ბერებმა“ ქალაქის მფარველად ბაგრატ IV მოიწვიეს, რომელიც 1051 წელს იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ბერები 10-12 წლის მანძელზე მართავდნენ ქალაქს. ამ პერიოდიდან 40 წლის მანძილზე თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო და მას 12 ადამიანისგან შემდგარი საბჭო განაგებდა, რომლის წევრებიც თითო თვით, რიგრიგობით მართავდნენ ქალაქს. ასეთ დროებით გამგებელს „ქალაქის თავადი“ ეწოდებოდა.
დავით აღმაშენებელმა თბილისი ბრძოლით აიღო, რის შემდეგაც გააუქმა ე.წ. ქალაქი რესპუბლიკა, თუმცა ქალაქი თვითმმართველობას მაინც ინარჩუნებდა. მოგვიანებით,საქართველოს ყველა ქალაქი, მათ შორის თბილისიც მეფისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მოექცა. თბილისის მოურავს მეფე ნიშნავდა. ქალაქის პირველი მოურავი გიორგი სააკაძე იყო, (1609 წ.) რომლის სამხედრო და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ლუარსაბ II მეფობის დროს განსაკუთრებით წარმოჩნდა. ხალხმა მას სიყვარულით „დიდი მოურავი“ შეარქვა.
რუსეთის იმპერიის პერიოდი და თბილისის სათათბირო
რედაქტირება1840-იან წლებში განის რეფორმების შემდეგ საფუძველი თბილისის თვითმმართველობას. 10 აგვისტოს გამოიცა დებულება თბილისში საქალაქო მმართველობის შესახებ. ეს თვითმმართველობა კოლონიურ ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა და ძლიერ შეზღუდული იყო. დაწესებული იყო ეკონომიკური ცენზი, რომლის თანახმად მოსახლეობის ეკონომიურად ძლიერ ფენას უფლება ჰქონდა აერჩია სათათბირო ექვსი ხმოსნის შემადგანლობით (2-2 ხმოსანი მსხვილ მესაკუთრეთა, ვაჭართა და ხელოსანთა წოდებებიდან). თუმცა ამ ორგანოს უფლებამოსილებანი ვიწრო იყო. ქალაქის მმართველობის კომპეტენციაში შედიოდა ქალაქის კეთილმოწყობის, ლიცენზირების, გადასახადების აკრეფის და კონტროლის ფუნქციები. სათათბირო იღებდა გარკვეულ დადგენილებებს-განკარგულებებს, რაც სისრულეში მოჰყავდათ წოდებათა მამასახლისებს.
სათათბიროს თავკაცები 1849-1875 წლებში იყვნენ:
- 1849—1850 წწ. თომა პრიდონოვი (ფრიდონაშვილი);
- 1851 წ. ზაქარია ამირაგოვი (ამირაღაშვილი);
- 1852—1853 წწ. იოსებ მირიმანოვი (მირიმანაშვილი);
- 1854 წ. ავეტიკ სვეჩნიკოვი;
- 1855—1858 წწ. ანდრო მანანოვი (მანანაშვილი);
- 1859—1861 წწ. ვართან არშაკუნი;
- 1862—1867 წწ. სოლომონ მირიმანოვი (მირიმანაშვილი);
- 1869 წ. ერემია არწრუნი;
- 1870 წ. ნიკოლოზ ალადატოვი (ალადათაშვილი);
- 1871—1875 წწ. იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი);
1865 წელს ამქართა აჯანყებით შეშფოთებულმა მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა 1866 წელს შეადგინა საზოგადოებრივი მმართველობის ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც თბილისში უნდა ჩამოყალიბებულიყო ასხმოსნიანი საქალაქო საკრებულო და განმკარგულებელი სამმართველო ქალაქისთავის მეთაურობით. საარჩევნო უფლება ეძლეოდა ყველა მკვიდრ მოქალაქეს, 20 წლის ასაკიდან, თუ მისი წლიური შემოსავალი აღემატებოდა 100 მანეთს და ქალაქის სალაროში შეჰქონდა გარკვეული თანხა. ცენზიანი მოქალაქენი ირჩევდნენ ხმოსნებს, ეს უკანასკნელი კი ქალაქისთავს, რომელიც ფლობდა მინიმუმ 10 ათას მანეთად შეფასებულ ქონებას. ქალაქის თვითმმართველობის შემადგენლობა გაიზარდა, მაგრამ კომპეტენცია არ გაფართოებულა და მის საქმიანობაზე ისევ მკაცრი კონტროლი წარმოებდა. გუბერნატორს შეეძლო ქალაქისთავის დადგენილებათა შეჩერება და გაუქმება. ფაქტობრივად ქალაქი მოკლებული იყო თვითმმართველობის უფლებას.
1870 წლის 16 სექტემბერს ალექსანდრე II-მ დაამტკიცა საქალაქო დებულება. მოქალაქეს შეეძლო მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, თუ იყო რუსეთის ქვეშევრდომი; შესრულებული ჰქონდა 25 წელი; ქალაქში ფლობდა უძრავ ქონებას ან სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას, იხდიდა შესაბამის გადასახადებს და არ ჰქონდა დავალანება სახელმწიფოს წინაშე. ახალი დებულება საარჩევნო თანრიგებს საფუძვლად უდებდა არა წოდებრივ დაყოფას, არამედ მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობას. პირველ თანრიგში შედიოდნენ მსხვილი მესაკუთრეები, მეორეში - საშუალო შეძლების მოქალაქეები, მესამეში ის წვრილი მესაკუთრეები. 1879 წელს შედგენილი სიის მიხედვით თბილისში ხმის უფლებით სარგებლობდა 4494 კაცი (მოსახლეობის 4%). ამათგან პირველი თანრიგის იყო 45 კაცი, მეორე თანრიგის 221, ხოლო მესამეში - 4228 ამომრჩეველი. პირველი და მეორე თანრიგის ამომრჩევლები, რომელნიც შეადგენდნენ სათათბიროში ირჩევდნენ 48 ხმოსანს, მესამე თანრიგის ამომრჩევლები კი 24 ხმოსანს. დებულების მიხედვით საქალაქო თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო იყო სათათბირო. მის კომპეტენციაში შედიოდა თანამდებობის პირთა არჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება, კრედიტის აღება, საქალაქო საქმეთა განხილვა, კომუნალური მეურნეობის მართვა, სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოების გახსნა და სხვა. სათათბირო ირჩევდა სამ-წევრიან გამგეობას. გამგეობას ხელმძღვანელობდა ქალაქისთავი. თვითმმართველობა აირჩეოდა 4 წლით.
ახალი დებულების მიხედვით პირველი არჩევნები ჩატარდა 1874 წლის ნოემბერში. სათათბიროში შევიდნენ გ.ს. აბესალომოვი, ი.ი. ავერკიევი, ნ.ა. არღუთინსკი, ი.კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი, ი.ა. გრუზინსკი, ი.ა. ჯაყელი, ს.ი.ზუბალაშვილი, ნ.ე.ზუბალაშვილი, ა.ს. მატინოვი, იზმიროვი, მენთაშევი, ჩითახოვი და სხვები. ქალაქისთავი გახდა იასონ თუმანიშვილი, მაგრამ ავადმყოფობის გამო მალე გადადგა. 1875 წელს გაიმართა ქალაქისთავის არჩევნები, რომელშიც დიმიტრი ყიფიანმა დაამარცხა ერემია არწრუნი. 1875-1878 წლები, როდესაც ქალაქს ყიფიანი ხელმძღვანელობდა, თბილისის აღორძინების პერიოდია. ყიფიანმა ქალაქის გამგეობას შეუერთა მშენებლობის განყოფილება, ქალაქისთვის შეამსუბუქა სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, აღწერა მოსახლეობა, გააუქმა რიგი წესებისა, რომლებიც შეუსაბამობაში მოდიოდა ახალ წყობილებასთან, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.
1878 წელს ჩატარდა თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნები. ამ არჩევნების შედეგად სათათბიროს წევრი გახდა რამდენიმე პროგრესული ინტელექტუალი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, კ. ბებუთოვი, თუმცა სათათბიროს შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა. ქალაქისთავის თანამდებობაზე ოთხტურიანი არჩევნების შემდეგ, 1879 წლის 11 მარტს, 17 კანდიდატიდან გაიმარჯვა ალექსანდრე მატინოვმა. მისი მმართველობის წლებში დაიწყო სახაზინო თეატრის მშენებლობა, გაიხსნა 7 სამწლიანი დაწყებითი სკოლა, რომლებშიც სწავლობდა 700 ბავშვი, გაიხსნა მნაცაკანოვის ხიდი, შედგენილი იქნა ქალაქის წყალსადენის პროექტი, დაიწყო ვერის დაღმართის გაყვანა.
სათათბიროსა და გამგეობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია 1882 და 1886 წლების არჩევნებს. შესაბამისად, გრძელდებოდა არსებული კურსი. დროთა განმავლობაში, ქალაქის გამგეობა უფრო მეტად მარჯვნივ იხრებოდა და უპირისპირდებოდა პროგრესულ ოპოზიციას. 1883-1890 წლებში თბილისის თვითმმართველობის სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ პერიოდში ამუშავდა ტფილისის კონკა, აგებულ იქნა ვერის ხიდი, მოეწყო ავჭალის წყალსადენი, აშენდა მუნიციპალური სასახლე ერევანსკის მოედანზე, მოიკირწყლა თბილისის ბევრი ქუჩა, ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა და სხვ.
სათათბირო მეტ ყურადღებას აქცევდა ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობას, განაპირა მუშური უბნები უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ამასთან, კეთილმოწყობაზე იხარჯებოდა ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით მესამედ, ორი მესამედი კი ხმარდებოდა პოლიციას, სამხედო ნაწილსა და ადმინისტრაციას. სათათბიროს ასეთ პოლიტიკას აკრიტიკებდა თბილისის პროგრესული პრესა.
1890 წლის არჩევნებზე მემარცხენე ოპოზიციამ 45 ხმოსანის მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც ალექსანდრე მატინოვი გადადგა. 25 მარტს ქალაქისთავად არჩეულ იქნა ნიკოლოზ არღუთაშვილი-მხარგრძელი. მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო უმაღლესი სასამართლოს შენობის მშენებლობა, გაიხსნა საქალაქო სატელეფონო სადგური 120 აბონენტის მოსამსახურებლად
პირველად ამოქმედდა ელექტრო განათების ქსელი (1897), გაიხსნა სპილენძის ასატკეცი ქარხანა (1904), დაიწყო სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა, გაიხსნა ვიწროლიანდაგიანი ელექტრო ტრამვაი და სხვა.
იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ მიიღეს ახალი საქალაქო დებულება, რომლის მიხედვითაც ხმოსნების რაოდნეობა გაიზარდა 80-მდე, შემცირდა თვითმმართველობის უფლებები, გაიზარდა ქონებრივი ცენზი და დავიწროვდა ამომრჩევლების ბაზა. 1893 წლის 30 მაისის არჩევნებით თვითმმართველობიდან გამოიდევნა დემოკრატიული ოპოზიცია. ქალაქისთავი გახდა პავლე იზმაილოვი. მისი მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი ქალაქის კანალიზაციის პირველ პროექტს. 1895 წელს ის გარდაიცვალა. ერთი წლის განმავლობაში ქალაქისთავის მოვალეობას ასრულებდა ნიკოლოზ არღუთაშვილი-მხარგრძელი. 1899-1901 წლებში ქალაქისთავი იყო გიორგი ევანგულოვი, ხოლო 1902-1903 წლებში მიხეილ შესტაკოვი. 1902 წლის არჩევნების დროს თვითმმართველობაში კვლავ გაჩნდა მემარცხენე ოპოზიცია.
1905 წლის რევოლუციის დროს ქალაქის ხმოსნებმა გაბედეს და მოითხოვეს თვითმმართველობის უფლებების გაფართოება.
1905 წელს ქალაქისთავად აირჩიეს ვასილ ჩერქეზიშვილი, რომლის წყალობითაც თბილისში მოხერხდა ფართომასშტაბიანი შეტაკებების თავიდან აცილება. მის სახელს უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორის ამუშავება, ამავე პერიოდში დასრულდა ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობა, ვაკე თბილისის ტერიტორიას შეუერთდა, გაიხსნა ე.წ. არამიანცის საავადმყოფო, სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა და სხვა. 1906 წელს მცირე ხნით ქალაქისთავად ტიგრან ენკიციანცი აირჩიეს. 1907 წელს სათათბიროს წევრები იყვნენ მ. ავთანდილოვი, ა. არღუთინსკი, ნიკოლოზ არღუთაშვილ-მხაგრძელი, ს. ვაწაძე, ივანე ჯაბადარი, კონსტანტინე ჯაფარიძე, ნ. ქართველიშვილი, პ. ქობულაშვილი, გერასიმე მახარაძე, ვ.მიქელაძე, გ.თუმანიშვილი, ვ. ხომასურიძე, ალექსანდრე ხატისოვი, ვასილ ჩერქეზიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე და სხვები. 1907 წლის 24 ოქტომბერს ქალაქისთავად ხელმეორედ აირჩიეს ვასილ ჩერქეზიშვილი. 1911 წლის არჩევნებისთვის თბილისი დაიყო 7 უბნად. სათათბიროს შემადგენლობაში არსებითი ცვლილება არ მომხდარა. ქალაქისთავი გახდა ალექსანდრე ხატისოვი. მისი მოღვაწეობის წლებს უკავშირდება შემდეგი მოვლენები: გაიხსნა ქალაქის მეორე საავადმყოფო, ამოქმედდა ელექტრო სადგური, გაიხსნა საქართველოს სათავადაზნაურო ბანკი.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ
რედაქტირება1917 წლის 15 აპრილს რუსეთის რესპუბლიკაში დამტკიცდა ქალაქების სათათბიროების არჩევნების ახალი, დემოკრატიული წესი. პირველად თბილისის ისტორიაში, 1917 წლის 30 ივლისს ჩატარდა არჩევნები საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრით. ასარჩევ ხმოსანთა რიცხვი იყო 120. ამომრჩეველთა რაოდენობა 120 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 20 ათასი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი იყო.
სათათბიროს ხმოსნებად არჩეულ იქნენ 9 პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფის წარმომადგენლები. კონკრეტულად კი: სოციალ-დემოკრატი მენშევიკები - 50; დაშნაკცუთიუნი - 24; სოციალისტ-რევოლუციონერები - 20; სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკები - 7; სოციალისტ-ფედერალისტთა ბლოკი - 4; ეროვნულ-დემოკრატები - 4 და სხვ. ძველი შემადგენლობის 76 ხმოსნიდან ახალ სათათბიროში მხოლოდ 21 ხმოსანი მოხვდა. ახლად ჩამოყალიბებული სათათბირო მუშაობას 1917 წლის 7 აგვისტოს შეუდგა. სათათბიროს თავმჯდომარედ ერთი წლის ვადით სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი აირჩიეს. 1917 წლის 18 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი მისივე თანაპარტიელმა ალექსანდრე ლომთათიძემ შეცვალა. ქალაქის თავად სათათბირომ აირჩია ნიკოლოზ ელიავა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სათათბიროს მუშაობა პარალიზებული გახდა, რადგან დეპუტატები დაპირისპირების გამო ვერაფერზე თანხმდებოდნენ.
პირველი რესპუბლიკის დროს
რედაქტირება1918 წლის 26 მაისიდან თბილისის თვითმმართველობა პირველი რესპულიკის მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმავე წლის შემოდგომაზე დაიწყო მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან მოქმედ სათათბიროს ვადა წლის ბოლოს გასდიოდა. დეკემბერში დამტკიცდა საარჩევნო დებულება. თბილისის სათათბიროს ეწოდა თბილისის საბჭო. ხმოსანთა რაოდენობა შემცირდა 90 წევრამდე. ხმოსნები აირჩეოდა ორი წლის ვადით. ამომრჩეველთა სიაში შევიდა 71 164 ადამიანი. დედაქალაქში დარჩენილმა რუსი მოხელეების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და საარჩევნო უფლება დაკარგა.
ქალაქის საბჭოს არჩევნები 1919 წლის 2 თებერვალს დაუბრკოლებლად ჩატარდა. საარჩევნო ყუთებთან 35 366 ამომრჩეველი გამოცხადდა. გაიმარჯვა ქვეყნის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც 69 ხმოსანი გაიყვანა. მეორე ადგილზე გასულ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 10 მანდატი ერგო, ფედერალისტებმა 7 მანდატი მოიპოვეს, დარჩენილი ოთხი ადგილი 4-მა სუბიექტმა გაინაწილა. ქალაქის ხმოსანთა შორის 5 ქალი იყო, ყველანი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. საბჭო მუშაობას 10 თებერვალს შეუდგა. მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსანდრე ლომთათიძე. ქალაქისთავის თანამდებობას ეწოდა მოურავი. 17 თებერვლის სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ბენიამინ ჩხიკვიშვილი.
თბილისის თვითმმართველობას ფართო უფლებამოსილებები გააჩნდა, მაგრამ არ იყო მოწესრიგებული ფინანსური საკითხები. საბიუჯეტო დეფიციტის გამო თბილისის თვითმმართველობას დაედო 33 მილიონი მანეთის ოდენობის ვალი, რაც დროთა განმავლობაში იზრდებოდა. 1920 წლისათვის ქალაქის შემოსავალი გასავლის მხოლოდ მეოთხედს ფარავდა. თვითმმართველობა იძულებული ხდებოდა, სესხი სახელმწიფოსაგან აეღო. დამფუძნებელი კრების დეკრეტით, ქალაქს ასეთი სესხი რამდენჯერმე მიეცა. თბილისის თვითმმართველობა დიდ ძალისხმევას ახმარდა სასურსათო კრიზისის აღმოფხვრის, უმუშევრობის დაძლევის, კომუნალური მომსახურების, მოქალაქეთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებისა და სხვა საკითხებს.
სათათბიროს უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ამოეწურა 1921 წლის 11 თებერვალს. მომავალი საბჭოს არჩევნები 1921 წლის 27 თებერვლისათვის იყო დანიშნული, მაგრამ ვეღარ შედგა, რადგან ამ დღისათვის თბილისი უკვე ოკუპირებული ჰქონდა საბჭოთა წითელი არმიის ნაწილებს.
1991 წლის შემდეგ
რედაქტირება1991 დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძალაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“. ამ კანონით ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ იქცა, ხოლო მმართველობის ორგანოდ მერია და პრეფექტურა. 1992 წლის 4 იანვრის ბრძანებით თბილისში თვითმმართველობა გაუქმდა და სამოქალაქო ომის შემდეგ, ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს გადაეცათ. თბილისმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1998 წლიდან. 2010 წლიდან არჩევითი გახდა თბილისის მერის პოსტი.
არჩევნების შედეგები
რედაქტირებასაკრებულოს ბოლო არჩევნები გაიმართა 2021 წლის 2 ოქტომბერს, შედეგები ასეთი იყო:
პარტია | ხმები | % | +/– | მანდატები | +/– | |
---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 193 486 | 40,40 | 12,75 | 29 | 10 | |
ნაციონალური მოძრაობა | 133 926 | 27,96 | 10,30 | 13 | 8 | |
საქართველოსთვის | 42 596 | 8,89 | ახალი | 4 | ახალი | |
ლელო | 17 373 | 3,63 | ახალი | 2 | ახალი | |
გირჩი - მეტი თავისუფლება | 15 799 | 3,30 | ახალი | 1 | ახალი | |
ხალხისთვის | 12 337 | 2,58 | ახალი | 1 | ახალი | |
მოქალაქეები | 11 743 | 2,45 | ახალი | 0 | ახალი | |
დროა | 10 262 | 2,14 | ახალი | 0 | ახალი | |
პატრიოტთა ალიანსი | 7 915 | 1,65 | 3,97 | 0 | 2 | |
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი | 7 695 | 1,61 | ახალი | 0 | ახალი | |
ლეიბორისტული პარტია | 6 293 | 1,31 | 2,59 | 0 | 0 | |
ევროპული საქართველო | 5 575 | 1,16 | 8,02 | 0 | 3 | |
სტრატეგია აღმაშენებელი | 4 817 | 1,01 | 2,43 | 0 | 0 | |
სხვები | 9 133 | 1,91 | ||||
სულ | 50 | ± | ||||
წყარო: [1] |
შენობა
რედაქტირებაქალაქის თვითმმართველობის ორგანოები სხვადასხვა შენობებშია გადანაწილებული; თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის 1824-1825 წლებში აგებული „საქალაქო სახლი“, მოგვიანებით აქ კავკასიის კორპუსის შტაბი განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. 1991-1992 წლების ე. წ. „თბილისი ომის“ დროს შენობა მთელ კვარტალთან ერთად დაზიანდა. ამჟამად საქმიანი ცენტრია განთასებული.
რუხი ფერის, მკაცრი სიმეტრიის შენობა ადრეული რუსული კლასიციზმის ნიმუშია. შენობას აქვს 1 ზეძირკვლის და 3 სრულფასოვანი სართული. პირველი სართულის შუა ნაწილი დამუშავებულია სტილისთვის სახასიათო ნახევარწრიული თაღედით. სიმეტრიულად განთავსებულია ჯერ სწორკუთხა ფორმის, სვეტებით (პილასტრებით) გამოყოფილი სამ–სამი სარკმელი, მერე ეზოში შესასვლელი მაღალი გვირაბი (მარცხენივ) და სადარბაზო (მარჯვნივ), ორივე მრგვალი თაღით დასრულებული. ჰორიზონტალური ზოლები რუსტების მობათქაშებული იმიტაციაა. მეორე სართულის შუა ნაწილს იკავებს მაღალი ლოჯია, იონური კოლოსალური ორდერით დამუშავებული, მის აქეთ-იქით ორივე სართულზე ასევე სწორკუთხა ფორმის სამ-სამი სარკმელი. კომპოზიციას ამთავრებს არა ჩვეული ფრონტონი, არამედ პარაპეტს ამოფარებული კოშკი, რომელსაც ოთხივე მხარეს სასაათო ღიობი გააჩნია.[6]
ამჟამად ტერიტორიული ორგანო და მერის კაბინეტი განთავსებულია ისტორიულ შენობაში,[7] რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედნის N2-ში. იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში აგებული საქალაქო პოლიციის შენობის საფუძვლიანი და ეტაპობრივი გადაკეთების შედეგია. არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით 1878-1882 წწ მას განაპირა ნაწილები მიაშენეს. დღევანდელი სახე ნაგებობას არქიტექტორმა პაულ შტერნმა შესძინა.
შუა ნაწილს მესამე სართული დაემატა, ამაღლდა და სახე ეცვალა კოშკს, რომელიც თავის დროზე სახანძრო–სამეთვალყურეო დანიშნულებისა იყო, ფასადების მორთულობაში მავრიტანული სტილის ელემენტები გაჩნდა: სტუკოს ტექნიკით შესრულებულ სწორკუთხა ნიშებში ჩასმული შეისრული ღიობები, სტალაქტიტური ფრიზი, ფასადთა დამანაწევრებელი პილასტრების ორფერად შეღებვა და ა. შ. მთავარი ფასადის ღერძზე, შეისრულ თაღში საათია ჩასმული, რომლის უკანაც მცირე გუმბათი და ფანჩატურიანი კოშკია მოქცეული. შენობის განაპირა ნაწილებს მესამე სართული 1910-1912 წწ დაამატეს.
2008 წლის 3 თებერვალიდან მერიის ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები გადავიდნენ ახალ შენობაში შარტავას ქუჩა № 7-ში მდებარე, ყოფილ „შრომის სასახლეში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019, ISBN 978-9941-9653-1-9.
- ალაფიშვილი ლ., „თვითმმართველობის სისტემა თბილისში (1991-2012)“ // „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015. — გვ. 121-131.
- კვარაცხელია მ., ქალაქ თბილისის თვითმმართველობა (1917-1921 წწ.), თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2014.
- „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0
- ბენდიანიშვილი ა. თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1975-1917. თბილისი, 1960
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის მერიის ოფიციალური საიტი;
- თბილისის საკრებულოს ოფიციალური საიტი;
- საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე
- ქალაქ თბილისის თვითმმართველობა – 1917-1921წწ.
შენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს თბილისის ორგანიზაციების 300-მდე წევრი, მათ შორის საკრებულოს წევრები (2023-12-10). ციტირების თარიღი: 2024-06-18
- ↑ „კოალიცია ცვლილებისთვის“ - კახა კალაძე დღეს საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ჩვენ აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით, დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები (2024-12-24). ციტირების თარიღი: 2025-01-06
- ↑ თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს (2022-10-07). ციტირების თარიღი: 2024-06-21
- ↑ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ პარტია დატოვა (2023-05-19). ციტირების თარიღი: 2024-06-21
- ↑ 2008 წელს გაუქმდა მანმდე არსებული ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა არქიტექტურის დამოუკიდებელი სამსახური, სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახური“ დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- ↑ საათი შენობაზე 1829 წელს დაამონტაჟეს, საათის კოშკი დღემდე შემორჩენილია შენობაზე (საათის გარეშე);
- ↑ რუსეთის იმპერიის დროს „ქალაქის სათათბირო და გამგეობა“, საბჭოთა პერიოდში კი — „ქალაქის საბჭოს აღმასკომი“