ნოე ხომერიკი
ნოე ხომერიკი (დ. 7 აგვისტო, 1883, მიქელგაბრიელი — გ. 1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი.
ნოე ხომერიკი | |
მიწათმოქმედებისა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მაისი, 1918 – 3 დეკემბერი, 1920 | |
პრემიერ-მინისტრი | ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია |
მემკვიდრე | დავით ონიაშვილი |
დაბადებული | 7 აგვისტო, 1883 მიქელგაბრიელი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1924 |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | რსდმპ (1900-1918) სსდპ (1918-1924) |
მამა | გიორგი ხომერიკი |
მეუღლე | ანეტა ნიკოლაიშვილი |
შვილები | ვიქტორ ხომერიკი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სკოლაში. სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1900 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1901 წელს დაბრუნდა გურიაში და დაიწყო თავად მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაში მუშაობა, აქტიურად მონაწილეობდა 1902 წლის გურიის გლეხთა გამოსვლაში, რისთვისაც დააპატიმრეს და ჩასვეს ქუთაისის ციხეში რამდენიმე თვით. ამ დროს გაიცნო ნოე ჟორდანია. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის ნოემბრიდან, დასახლდა ბათუმში, სადაც მუშაობდა მანთაშევის მეორე ქარხანაში დღიურ მუშად. შეისწავლა ასოთამწყობობა და მოეწყო არალეგალურ სტამბაში, სადაც ბეჭდავდა არალეგალურ ლიტერატურასა და პროკლამაციებს. გახდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი. ბათუმში ყოფნის დროს იყო „ბათუმის გაზეთის“ რედაქტორი. 1903 წლის ზაფხულში, ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო, დატოვა ბათუმი და გადასახლდა ქუთაისში, სადაც იყო იმერეთის კომიტეტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო ავტორი ბროშურებისა „სოფლის მუშათა მიმართ“ და „გლეხთა მოძრაობა გურიაში“. 1904 წლის ივლისში, ივანე სხირტლაძის სახელით მოქმედი ხომერიკი დააპატიმრეს შორაპნის მაზრაში და გაგზავნეს ქუთაისის ციხეში. 4 ივლისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ბადრაგს თავს დაესხა შეიარაღებული რაზმი, რომელმაც მოახერხა ხომერიკის გათავისუფლება. გაქცევის შემდეგ გადასახლდა თბილისში, სადაც სათავეში ჩაუდგა თბილისის სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტს. თბილისის კომიტეტში ის დაუპირისპირდა კავკასიის საკავშირო კომიტეტსა და მიხა ცხაკაიას. 1905 წლის აპრილში ნოე ჟორდანიას ერთად ამიერკვაკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები საბოლოოდ ჩამოაშორა ბოლშევიკური მიმართულების საკავშირო ბიუროს. ამ დროიდან ხომერიკი პარტიის ლიდრთა ჯგუფში დამკვიდრდა, ხელმძღვანელობდა სამხედრო-ტექნიკურ მიმართულებას. 1906 წლის 19 აპრილიდან ლეო ნათაძესთან ერთად რედაქტორობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლეგალურ გამოცემა „ლამპარს“. 1906 წელს დაესწრო რსდმპ IV ყრილობას სტოკჰოლმში, სადაც მონაწილეობდა დისკუსიებში აგრარული საკითხის გარშემო. 1908 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1908 წლის 23 ივნისს ჟანდარმერიამ ვერაზე, კონსპირაციულ ბინაში დააპატიმრა სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, მათ შორის იყო ნოე ხომერიკიც. მას 1909 წლის 11 მაისს მიუსაჯეს ვოლოგდის გუბერნიაში გადასახლება 2 წლით. მისმა მეგობრებმა, კარლო ჩხეიძემ და ევგენი გეგეჭკორმა, რომლებიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები იყვნენ, დააყენეს შუამდგომლობა მისი სამკურანლო მიზნით გასათავისუფლებლად, თუმცა ჟანდარმერიამ მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, რადგან ხომერიკი ერთ-ერთ გამორჩეული ფიგურა იყო რევოლუციონერთა შორის.[1]
გადასახლებიდან დაბრუნდა 1911 წელს. დასახლდა ქუთაისში, სადაც ხელმძღვანელობდა დასუსტებული პარტიული ორგანიზაციების აღდგენას, რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანო „მნათობს“. 1912 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „ცხოვრებას“. მუდმივად მოგზაურობდა პარტიული ორგანიზაციების დასახმარებლად თბილისს, ბათუმს, ბაქოს, ქუთაისსა და ჭიათურას შორის. იყო რუსეთის იმპერიის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, კარლო ჩხეიძემ, მოახერხა გამარჯვება. 1913 წლის 6-7 ოქტომბერს მონაწილეობდა ქუთაისში არალეგალურად გამართულ რსდმპ კავკასიის საოლქო კონფერენციაში. 1913 წელს ხელმძღვანელობდა გაზეთ „მერცხალის“ გამოცემას. 1913 წლის 10 დეკემბერს გაზეთის რედაქციის ჩხრეკისას მიიმალა და იძებნებოდა. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ბორჯომში გამართულ სოციალ-დემოკრატების არალეგალურ კონფერენციაში. 1914 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო ლეგალური ორგანოს „თანამედროვე აზრის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1915 წლიდან იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. იმავე წლის აპრილში მონაწილეობდა ახალსენაკში გამართულ მუშათა ორგანიზაციების არალეგალურ თათბირში. 1915 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს თბილისში, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1915 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს თბილისში, მატინოვის ქუჩა N25-ში ერმილე სიმონის ძე ცინცაძის პასპორტით, რათა ხელი შეეშალათ რსდმპ კავკასიის საოლქო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი კონფერენციისთვის. ხომერიკმა მოასწრო დოკუმენტების ტუალეტში ჩარეცხვა, მაგრამ ჟანდერმერიის როტმისტრის – როზენბერგის – ბრძანებით კანალიზაცია გახსნეს და დოკუმენტები ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალექსანდრე იოაკიმეს ძე წერეთლის პასპორტი და ქართულ ენაზე დაწერილი სტატია „სიძვირესთან ბრძოლა და ამ ბრძოლის საშუალებები“. 1916 წლის 26 აგვისტოს ხომერიკი გადაასახლეს დასავლეთ ციმბირში.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაბინავდა ქუთაისში, სადაც გადატანილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანო. რედაქტორობდა პარტიის ლეგალურ გამოცემას, ხელმძღვანელობდა პარტიის საარჩევნო კამპანიას მეოთხე მოწვევის დუმის არჩევნებში, რაც პარტიის წარმატებით დასრულდა. 1914 წლის აგვისტოში ესწრებოდა პარტიის კონფერენციას. 1916 წლიდან 1917 წლის თებერვლამდე გადასახლებული იყო აღმოსავლეთ ციმბირში. 1917 წელს რსდმპ მენშევიკების სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, ხოლო 22 აპრილიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. პირველ კოალიციურ მთავრობაში იყო მიწათმოქმედების, შრომისა და მომარაგების მინისტრი. 1918 წლის 11 ივნისს ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოში ავტონომიის უფლებით. პირველ რესპუბლიკაში იკავებდა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობას. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წლის 21 მარტიდან ასევე შეითავსა გზათა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობა. მისი თაოსნობით რესპუბლიკაში გატარებული იქნა აგრარული რეფორმა. რეფორმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. შრომის და მომარაგების მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებდა 1919 წლის 14 ნოემბრამდე, ხოლო მიწათმოქმედებისა და გზათა მინისტრისას — 1920 წლის 3 დეკემბრამდე. ხომერიკის მიერ გატარებულმა აგრარულმა რეფორმამ ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოში ბოლშევიკებმა ფეხი ვერ მოიკიდეს. მინისტრობის შემდეგ დაუბრუნდა პარტიულ საქმიანობას.
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში. 1922 წელს გახდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევდა საქართველოში იატაკქვეშა მუშაობას. 1922 წლის ოქტომბერში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და ემიგრაციაში დატოვა შვილი, ვიქტორ ხომერიკი. მოაწესრიგა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მუშაობა. დააპატიმრეს 1923 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, გვანცელაძის ქუჩაზე. დაკავებისას ბინიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით მიმოწერა, დაშიფრული დოკუმენტები და პროკლამაციები, ჩამოართვეს ფული, 150 თურქული ლირა და 15 ოქროს რუბლი. პატიმრობის განმავლობაში ძიებამ ვერ მოახერხა მისგან ჩვენების მიღება. 1924 წლის 3 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა ასფსრ ჩეკას თავმჯდომარე სოლომონ მოგილევსკის შესთავაზა სსდპ პირობები და მოთხოვნები საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მისი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. 1924 წლის 30 ივლისს გოგიტა ფაღავასთან, ბენია ჩხიკვიშვილთან და ვასილ ნოდიასთან ერთად გადააგზავნეს სუზდალის პოლიტიკურ იზოლატორში. 1924 წლის 30 აგვისტოს ფელიქს ძერჟინსკიმ გასცა ჩხიკვიშვილის, ფაღავას, ხომერიკის, ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტის სანქცია. დახვრიტეს გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
თხზულებები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე, ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 533-534.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 474-478, ISBN 978-9941-0-9318-0.
- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 98-111.
- რამიშვილი ნ., ნოე ხომერიკი // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 12-15.
- David Marshall Lang, „A Modern History of Georgia“ — London: Weidenfeld and Nicolson, 1962 (ინგლისური)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოე ხომერიკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოე ხომერიკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოე ხომერიკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოე ხომერიკი civil-ge
- Noé Homériki (1883-1924), révolutionnaire et ministre de l'Agriculture დაარქივებული 2016-11-04 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- ნოე ხომერიკის მოხსენება აგრარულ საკითხზე