საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი („დამკომი“, „პარიტეტული კომიტეტი“) — საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი, რომელიც 1922-1924 წლებში აქტიურ იატაკქვეშა ბრძოლას წარმართავდა საბჭოთა ოკუპაციისა და საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ. დამოუკიდებლობის კომიტეტი იყო 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორი.

ჩამოყალიბება

რედაქტირება

გაერთიანებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წლის აგვისტოში. ამას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები პარტიებს შორის. მოლაპარაკეკებში მონაწილეობდნენ და დამკომის წევრები გახდნენ შემდეგი პარტიები: სოციალ-დემოკრატიულ პარტია, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია და „სხივი“. პარტიები შეთანხმდნენ მოქმედების საერთო გეგმაზე და ხელი მოაწერეს შეთანხებას, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგებოდა:

  1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის;
  2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში;
  3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ კოალიციურ მთავრობას. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არ აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი;
  4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად;
  5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“.

შემადგენლობა

რედაქტირება

შეთანხებას ხელი მოაწერეს და დამკომის პირველი წევრები გახდნენ გოგიტა ფაღავა (სსდპ), იასონ ჯავახიშვილი (ედპ), გრიგოლ რცხილაძე (სოციალისტ-ფედერალისტები), - მუხრან ხოჭოლავა (სხივი), იოსებ გობეჩია (ესერები). დამკომის თავმჯდომარე იყო ფაღავა, ხოლო მდივანი ჯავახიშვილი. 1922 წლის აგვისტოში გოგიტა ფაღავა წევრად და თავმჯდომარედ შეცვალა ნიკოლოზ ქარცივაძემ, რომელიც დამკომს 1922 წლის აგვისტოდან 1923 წლის მარტამდე (დაპატიმრებამდე) ხელმძღვანელობდა.

1922 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა ნოე ხომერიკი, რომელმაც მოაწესრიგა და გაააქტიურა დამკომის მუშაობა. მასთან ერთად დაბრუნდნენ ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი და სხვები. ემიგრირებული მთავრობა განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ვალიკო ჯუღელზე, როგორც მოსამზადებელი აჯანყების სამხედრო ხელმძღვანელზე.

1923 წლის მარტიდან დამოკომის თავმჯდომარე გახდა სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი, რომელიც კომიტეტს ხელმძღვანელობდა ლიკვიდაციამდე. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს დამკომმა საზღვარგარეთიდან მიიღო 10 ათასი ლირა. ამ თანხას გოგიტა ფაღავა ღებულობდა და მისი ნაწილი საორგანიზაციო საქმეს ხმარდებოდა, ნაწილს კი დაკომი ქაქუცა ჩოლოყაშვილს უგზავნიდა. 1923 წლის ნოემბერში ჩეკამ დააპატიმრა ნოე ხომერიკი. ხომერიკის დაპატიმრებამ შეაჩერა დამკომის გააქტიურებული საქმიანობა.

1924 წლის თებერვალში დამკომი დატოვა გრიგოლ რცხილაძემ, რომელიც აჯანყების წინააღმდეგი იყო. მის ნაცვლად დამკომის წევრი გახდა სამსონ დადიანი, რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო შეიარაღებული აჯანყებისა. დადიანმა დამკომი 1924 წლის აგვისტოში დატოვა.

იოსებ გობეჩია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა მივლინებული, დამკომში ესერების პარტიიდან შეცვალა მიხეილ ბოჭორიშვილმა.

სამხედრო ცენტრი

რედაქტირება

დამკომთან შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კონსტანტინე აფხაზი.

1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. მარტში ჩეკამ დააპატიმრა დამკომის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის წევრები: კოტე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გოგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, ლევან კლიმიაშვილი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ივანე ყარანგოზიშვილი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

სამხედრო ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ხოლო მის თანაშემწედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი. 1923 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი.

კავშირი სხვა ქვეყნებთან

რედაქტირება

კავშირს კომიტეტსა და ემიგრირებულ მთავრობას შორის უზრუნველყოფდა ე. წ. კონსტანტინეპოლის ბიურო“, რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო მოლაპარაკებებს თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებთან დახმარების თაობაზე. 1923 წლის 26 მაისს დამკომმა წერილით მიმართა ერთა ლიგას.

დამკომის ერთ-ერთი საზრუნავი იყო ჩრდილო კავკასიასთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა. სომხებთან კავშირზე დამკომმა უარი თქვა. 1923 წლის მაისში ბაქოში მიავლინეს ევტიხი სალუქვაძე მუსავატელებთან დაკვშირის დასამყარებლად. სალუქვაძე შეხვდა აღა-ალი იუსიფ-ზადეს. იუსიფ ზადე თბილისში ჩავიდა 1923 წლის ნოემბერში. შედგა მოლაპარაკებები მასა და ნოე ხომერიკს შორის, მაგრამ იმავე თვეში ჩეკამ ხომერიკი დააპატიმრა, ხოლო 1924 წლის თებერვალში სალუქვაძე და იუსიფ–ზადე. ამის შემდეგ აზერბაიჯანთან კავშირი შეწყდა. ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა ჰქონდა ქაქუცა ჩალოყაშვილს, რომელმაც კავშირები დაამყარა დაღესტანთან და ჩენეთთან. ჩეჩნეთში ქისტებმა შექნეს შეიარაღებული რაზმები, რომლებიც მზად იყვნენ კახეთში გადასასვლელად, მაგრამ თუშებმა ისინი არ გაატარეს მათი საქონლის გაძარცვის შიშით.

აჯანყების მომზადება

რედაქტირება

აზერბაიჯანთან და ჩრდილო კავკასიასთან შეწყვეტილი კავშირების გამო დამკომი იძულებული გახდა აჯანყება მხოლოდ საქართველოში დაეწყო. აჯანყების მთავარსარდალად დაინიშნა სპირიდონ ჭავჭავაძე. აჯანყების თარიღად დაინიშნა 1924 წლის თებერვალი, მაგრამ 1923 წლის ნოემბერში ნოე ხომერიკის დაპატიმრების გამო აჯანყება გადაიდო. დამკომმა საზღვაგარეთ გაგზავნა პირები, რათა მიეღო დასტური, რომ საერთაშორისო ვითარება იყო აჯანყებისთვის ხელსაყრელი. 1924 წლის ივლისში ჩატარდა დამკომის და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა, სადაც გადაწყდა აჯანყების საორგანიზაციო საკითხები.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო, ჭიათურაში დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის 28 აგვისტოს, დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს შიომღვიმის მონასტერში და დააპატიმრა მისი ლიდერები, მათ შორის თავმჯდომარე კოტე ანდრონიკაშვილი. ისინი პირადად ლ. ბერიამ, ამიერკავკასიის და საქართველოს „ჩეკა“-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ.: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე, მიხეილ ლაშქარაშვილი, სერგო მათითაიშვილი, ავთანდილ ურუშაძე) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012.
  • ურუშაძე ლ., ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის.- ჟ. „ამირანი“, XIV-XV, მონრეალი-თბილისი, 2006
  • ბენიძე ვ., 1924 წლის აჯანყება საქართველოში. თბილისი, სამშობლო, 1991
  • Stephen F. Jones (October 1988). "The Establishment of Soviet Power in Transcaucasia: The Case of Georgia 1921-1928". Soviet Studies 40, No. 4: 616-639.
  • Amy W. Knight (1993), Beria: Stalin's First Lieutenant, Princeton University Press, Princeton, New Jersey, ISBN 0691010935.
  • David Marshall Lang (1962). A Modern History of Georgia, London: Weidenfeld and Nicolson.
  • Markus Wehner (1995). "Le soulèvement géorgien de 1924 et la réaction des bolcheviks". Communisme n° 42/43/44: 155-170.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება