ანგია ბოჭორიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოჭორიშვილი.

ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1902, სოფ. ლახამულა, მესტიის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აპრილი, 1982, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დიმიტრი უზნაძის, შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, სოფიო წერეთლის ხელმძღვანელობით. ითვლებოდა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. 1933 წელს მიწვეულ იქნა დოცენტად ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სადაც 1942-1955 წლებში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955–1957 წლებში ბოჭორიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1957-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 1960–1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის „მოამბე“ (1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მაცნე“ ფსიქოლოგიის სერია) მთავარი რედაქტორი.

1959 იგი არჩეულ იქნა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ და ამ საზოგადოებას განაგებდა 1964 წლამდე. 1960-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962–1967 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. 1973 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო საქართველოს ფილოსოფოსთა საზოგადოების თავმჯდომარე. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგია. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, — „ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში“. იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. არჩეული იყო უცხოეთის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება