ქართველოლოგია
ქართველოლოგია ან ქართველთმცოდნეობა — ფართო გაგებით მოიცავს ქართველებისა და საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ხელოვნებას, არქეოლოგიას, ფოლკლორისტიკას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, სფრაგისტიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას და ა.შ. ამ დარგებს ძველად ჩვენში (XIX საუკუნის ბოლომდე) კომლექსურად სწავლობდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და განსაკუთრებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოში ფართოდ გაიშალა გეგმაზომიერი და სისტემური კვლევა ქართველოლოგიაში შემავალ ცალკეულ დარგებში.[1]
საკვლევი მასალის დიდი სიუხვის, სხვადასხვა კვლევის თანამედროვე მეთოდების დარგობრივი ნაირგვარობისა და თავისებურებათა პირობებში თანდათან გაღრმავდა ქართველოლოგიური ციკლის დარგთა სპეციალიზაცია. სამეცნიერო სიტყვახმარებაში სადღეისოდ „ქართველოლოგია“ მეტწილად საზღვარგარეთ მიმდინარე სათანადო კვლევას გულისხმობს. ქართველოლოგია, როგორც საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგების შემსწავლელ დისციპლინათა კომპლექსი შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა.[2]
ისტორია
რედაქტირებასაზღვარგარეთული ქართველოლოგიის საწყისები ანტიკურ ხანას განეკუთვნება. პირველი ცნობები საქართველოს შესახებ ეკუთვნით ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებს (ჰეროდოტე, ქსენოფონტი, ჰიპოკრატე, არისტოტელე, სკილაკ კარიანდელი, ფლავიუს არიანე, სტრაბონი, პლინიუს უფროსი, პლუტარქე, აპიანე, ამიანე მარცელინუსი, ტაციტუსი და სხვ.). ეს ცნობები აღწერითი ხასიათისაა; მათში გადმოცემულია ქართველ ტომთა ყოფა-ცხოვრება და წეს-ჩვეულებები, აგრეთვე ცნობები საქართველოს ბუნების შესახებ. გარკვეული თვალსაზრისით ამ ცნობებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. მრავალფეროვანია აგრეთვე და ქრონოლოგიურად ფართო დიაპაზონს (IV-XV საუკუნეები) მოიცავს მრავალრიცხოვან ბიზანტიელ ავტორთა ცნობები.[3]
საქართველოს ისტორიისათვის ფასეულ მასალას შეიცავს დასავლეთ ევროპელ მოგზაურთა ჩანაწერები. მეტად მოკლე და ფრაგმენტულია ცნობები ადრინდელი მოგზაურებისა — ფლამანდიელი ვილემ რუბრუკისა (გუილიომ რუბრუკვისის, დაახლოებით 1215-1293), იტალიელი მარკო პოლოსი (დაახლოებით 1254-1324), გერმანელი ი. შილტბერგერისა (1380-1440). ქართველების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ჯვაროსნული ომების მონაწილეთა (ოლივერიუსი, XIII საუკუნე; თიტმარი, XIII საუკუნე; ვ. ადამი XIV საუკუნე; და სხვ.), აგრეთვე მოგვიანებით პალესტინაში ნამყოფი ბერნარდ ფონ ბრაიდენბახის (გ. 1497) ჩანაწერები. ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირის საპოვნელად XV საუკუნეში ვენეციელებმა რამდენიმეჯერ იმოგზაურეს დიპლომატიური მისიით სპარსეთსა და ზოგიერთ მის მახლობელ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც; საინტერესოდ აღწერეს ეს ქვეყნები კატერინო ძენომ (XV საუკუნე), იოსაფატ ბარბარომ (XV საუკუნის დასაწყისი — 1493), ამბროზიო კონტარინიმ (XV საუკუნე) და სხვ.[3]
XVII საუკუნეში ძლიერდება სავაჭრო კავშირი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აღმოსავლეთს შორის, ამან თავის მხრივ, გააცხოველა ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მიმართ. ევროპულ სხვადასხვა ენაზე გამოჩნდა საგანგებოდ საქართველოსადმი მიძღვნილი შრომები. პიეტრო დელა ვალე (1586-1652), წერს „ინფორმაციას საქართველოს შესახებ“ (რომი, 1627); არქანჯელო ლამბერტი — „ცნობებს კოლხიდაზე, ამჟამად სამეგრელოდ წოდებულზე“ (ნეაპოლი, 1654) და „კოლხების წმიდა ისტორიას“ (ნეაპოლი, 1657). 1633 წელს ოქსფორდში გამოიცა „წერილი ქეთევან წამებაზე“.[3]
საინტერესო და ვრცელ მონაცემებს შეიცავს საქართველოზე XVII-XVIII საუკუნეებში გამოცემული აღწერილობანი: ჟ.ბ. ტავერნიეს (1605-1689), „ექვსი მოგზაურობა“ (I გამოცემა, პარიზი, 1676); ადამ ოლეარიუსის (1599-1671) „დაწვრილებითი აღწერა მოსკოვსა და სპარსეთში საყოველთაოდ ცნობილი მოგზაურობისა, რომელიც მოეწყო მოსკოვის დიდი მეფის მიხეილ თედორეს ძისა და სპარსეთის მეფის შაჰ-სეფის კარზე გოტარფიდან ჰოლშტაინის საელჩოს გაგზავნასთან დაკავშირებით“ (შლეზვიგი, 1656); ჟან შარდენის (1643-1713) „მოგზაურობა სპარსეთში“ (I გამოცემა, ლონდონი, 1686); ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის (1656-1708) „ცნობები აღმოსავლეთში მოგზაურობაზე“ (ლიონი, 1717); ებერჰარდ ვერნერ ჰაპელის (1647-1690) ისტორიულ შრომებში.[3]
XVIII საუკუნის შინაომებს სპარსეთში მრავალი აღწერილობითი ნარკვევი მიეძღვნა, რომელშიც ჯეროვანი ყურადღება ექცევა საქართველოს: პოლონელი კრუსინსკის (ჟ. ა. დიუ სერსოს მიერ დამუშავებული) „სპარსეთის რევოლუციის ისტორია“ (პარიზი, 1728); ფრანგი კლოდ-შარლ დე პეისონელის (1727-1790) „სპარსეთსა და საქართველოში თანამედროვე მღელვარების ნარკვევი“ (პარიზი, 1754); ინგლისელი ჯ. ჰანუეის „ისტორიული ანგარიში კასპიის ზღვაზე ბრიტანეთის ვაჭრობის თაობაზე“ (ლონდონი, 1753); ანონიმური გერმანული თხზულება „სპარსეთისა და საქართველოს მღელვარებათა ამბავი, რომელიც ამავე დროს შეიცავს პრინც ერეკლეს მართალ გენეალოგიასა და მისსავე უმნიშვნელოვანეს საქმეებს“ (მაინის ფრანკფურტი, 1755).[3]
მრავალრიცხოვან მოგზაურთა მონაცემების საფუძველზე ისტორიულ და გეოგრაფიულ შრომებში შეჰქონდათ საგანგებო თავები საქართველოზე, ასეთი ნაშრომებია დე ლა კრუას „საყოველთაო გეოგრაფია“ (პარიზი, 1693), ტ. სალმონის „მსოფლიოს ყველა ქვეყნის და ხალხის თანამედროვე მდგომარეობა“ (ვენეცია, 1738); ს. პუფენდორფისა და ა.ო. ბრიუზენ დე ლა მარტინიერის „საყოველთაო ისტორიის შესავალი“ (ამსტერდამი, 1745), კ. ფ. ლამბერის „საყოველთაო ისტორია“ (პარიზი, 1750).[3]
ქართული ენისა და დამწერლობის შესწავლის სფეროში პირველი ნაბიჯები ევროპაში XVII საუკუნის დასაწყისში გადაიდგა. ფრანცისკო მარია მაჯომ (1612-1686) მისიონერმა, რომელმაც 8 წელიწადი იცხოვრა საქართველოში, ლათინურ ენაზე გამოსცა ქართული გრამატიკა: „ნაშრომი აღმოსავლეთ ენათა შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეში იხმარება“ (რომი, 1643, II გამოცემა — 1670).[3]
საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებით სხვადასხვა დროს არაერთი მეცნიერი იყო დაინტერესებული. საქართველოსადმი დაინტერესებას იჩენდნენ: რუსეთი (გიორგი კლიმოვი და სხვ.), საფრანგეთი (მარი ბროსე, ეჟენ ორსოლი, მორის ბრიერი, რენე ლაფონი, ჟოზეფ კარსტი და სხვ.), დიდი ბრიტანეთი (უილიამ რიჩარდ მორფილი, მარჯორი უორდროპი, ოლივერ უორდროპი, უილიამ ალენი, დეივიდ ლენგი, რ. სტივენსონი, მორის ბაურა და სხვ), გერმანია (იულიუს ასფალგი, რიხარდ მეკელაინი, გერტრუდ პეჩი, ჰაინც ფენრიხი და სხვ.) ბელგია (პაულ პეეტერსი, ჟერარ გარიტი, ერნესტ ჰონიგმანი და სხვ.), ნორვეგია (ჰანს ფოგტი და სხვ.), დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები (არტ კიუპერსი და სხვ.), შვეიცარია (დიუბუა დე მონპერე, ლეა ფლური, იოლანდა მარშევი, რუთ ნოიკომი და სხვ.), იტალია (პ. ვერძონე და სხვ.), ესპანეთი (ა. ტოვარი, შ. კინტანა სხვ.), საბერძნეთი (ფერდინანდ გრეგოროვიუსი და სხვ.), ჩეხეთი (ვაცლავ ჩერნი, ივო ვაცულინი), პოლონეთი (იან ბრაუნი, ბოგდან ბარანოვსკი და სხვ.), უნგრეთი (ბელა ვიკარი და სხვ.), რუმინეთი (ვიქტორ კერნბახი და სხვ.), ბულგარეთი (ი. ვაზოვი და სხვ.), აშშ (რობერტ ბლეიკი, ჰოვარდ არონსონი და სხვ.), სირია, ეგვიპტე (ჰამიდ ღანი და სხვ.), ირანი (საიდ ნაფისი და სხვ.), თურქეთი (აჰმედ ოზქანი და სხვ.), იაპონია (ჰიროტაკე მაედა და სხვ.) და სხვ.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველოლოგია. გვერდების რაოდენობა 126., თბილისი., 2010. ISBN 1512-4975.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 464.
- ↑ ქართველოლოგიის შესახებ. Fund for Kartvelian Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2012-08-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ორლოვსკაია ნ., რევიშვილი შ., თურნავა ს., გვახარია ა.,. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი, საქართველო, გვ. 243-246., თბ. 1981.