პიეტრო დელა ვალე
პიეტრო დელა ვალე (იტალ. Pietro Della Valle; დ. 11 აპრილი, 1586, რომი, — გ. 21 აპრილი, 1652, იქვე) — იტალიელი მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, მუსიკათმცოდნე.
პიეტრო დელა ვალე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 აპრილი, 1586[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | რომი[6] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი, 1652[4] [1] [2] [3] [5] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი |
დასაფლავებულია | სანტა-მარია-ინ-არაჩელი[1] |
მოქალაქეობა | პაპის ოლქი |
საქმიანობა | მკვლევარი, კომპოზიტორი[6] და მწერალი |
მეუღლე | Sitti Maani Gioerida della Valle |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეკუთვნოდა რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს. ახალგაზრდობის წლები ლიტერატურისა და სამხედრო ხელოვნების შესწავლას მიუძღვნა. 1611 წელს მან მონაწილეობა მიიღო ესპანეთის საზღვაო ექსპედიციაში ჩრდილოაფრიკული ე. წ. ბარბაროსული სახელმწიფოების წინააღმდეგ. წარუმატებელი სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ გადაწყვიტა სამოგზაუროდ წასვლა. 1614 წლის 8 ივნისს პიეტრო დელა ვალე ვენეციიდან ზღვით კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, იქ ერთი წელი დაჰყო და შეისწავლა თურქული და არაბული ენები. 1614–1626 წლებში მოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები: არაბეთი, პალესტინა, ეგვიპტე, ერაყი, სპარსეთი, ინდოეთი; რამდენიმე წელი დაყო ირანის შაჰის აბას I-ის კარზე. აქ იგი დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველებს (მათ შორის ქეთევან დედოფალს), ჰქონდა მათთან მიმოწერა, რის საფუძველზეც აღწერა საქართველო და ქართველები. 1626 წლის 28 მარტს დაბრუნდა რომში და პაპ ურბან VIII-ს წარუდგინა მოხსენება საქართველოს შესახებ (გამოქვეყნდა 1627; ქართული თარგმანი პირველად 1879 წელს გამოქვეყნდა „ივერიაში“[7]). პაპმა დელა ვალე თავის „მესაწოლედ“ დანიშნა.
პიეტრო დელა ვალემ თავისი მოგზაურობები აღწერა წერილებში, რომლებიც სამ ტომად გამოიცა („მოგზაურობა თურქეთში“, 1650; „მოგზაურობა სპარსეთში“, 1658; „მოგზაურობა ინდოეთში“, 1663). მან თავის ერთ-ერთ წერილში ევროპელთაგან პირველმა მოიყვანა ცნობა ლურსმული დამწერლობის შესახებ. ავტორია ასევე ლექსებისა და თხზულებებისა მუსიკის თეორიის შესახებ.
პიეტრო დელა ვალემ აღმოსავლური მოგზაურობების დროს ორჯერ იქორწინა. 1616 წელს ცოლად მოიყვანა სირიელი ქრისტიანი ქალი სიტი მაანი ჯოერიდა, მისი გარდაცვალების (1621) შემდეგ კი — ტყვეობიდან მის მიერ გამოსყიდულ სპარსეთის კარზე მყოფ ქართველ ქალზე — თინათინ-მარია ძიბაზე, რომელთანაც 14 შვილი შეეძინა.
პიეტრო დელა ვალე ქართველების შესახებ
რედაქტირებასაქართველოს და ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პიეტრო დელა ვალეს თხზულებებში. პაპისთვის წარდგენილ მოხსენებაში ის ცდილობდა, ვატიკანის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ საქართველო — დამოუკიდებელი და ქრისტიანული სახელმწიფო — სავსებით შესაძლებელი იყო, შემდგომში კათოლიკური ქვეყანა გამხდარიყო, რაც მას სასიკეთოდ მოუბრუნდებოდა. მაგრამ, ვალეს აზრით, პირველ რიგში საჭირო იყო საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით სათანადო დაინტერესება, უნდა დასრულებულიყო ის დაუშვებელი ინდიფერენტულობა, რასაც აქამდე იჩენდა მთელი კათოლიკური სამყარო საქართველოსა და მისი ხალხისადმი.
„მოხსენებაში” აღწერილია საქართველოს გეოგრაფია, საზოგადოებრივი წყობილება, საეკლესიო ორგანიზაცია; დახასიათებულია შაჰ-აბასის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აბას I-ის მიერ მრავალი ათასი ქართველის სპარსეთში იძულებით გადასახლებას იგი „ქართველების დიდ გადასახლებას” უწოდებს. ავტორი თეიმურაზ I-ის პოლიტიკის დახასიათებისას მიუთითებს მის მცდელობებზე დაკავშირებოდა რუსეთს და სხვ. მოხსენებაში ვალე გიორგი სააკაძეს უარყოფითად ახასიათებს, როგორც რენეგატსა და საქართველოს მოღალატეს. მხოლოდ წერილის ბოლოს გაკვრით მიანიშნებს, რომ მისმა შემდგომდროინდელმა მოქმედებამ ჩაშალა შაჰის გეგმები საქართველოში. ვალეს ცნობით (1627), ოდიშისა და გურიის სამთავროს ქვეშევრდომები გულთბილად იღებდნენ თავიანთ ქვეყანაში კაზაკებს, რომლებიც დნეპრის შესართავთან ცხოვრობდნენ. თვით პოლონეთის ხელმწიფეს მიმოწერა და მეგობრობა ჰქონდა ქართველ მთავრებთან. „ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში სავაჭრო ხომალდები დადიოდნენ. კაზაკები ხშირად მთავრების სავაჭრო გემებს მფარველობდნენ”. ვალე საქართველოში თეატინელთა მისიის მოწყობისა და რომში პირველი ბეჭდური ქართული წიგნების გამოცემის ინიციატორი იყო ნიკიფორე ირბახთან ერთად; აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველებისათვის რომში კათოლიკური კოლეგიუმის დაარსებაში.
1630 წლის 18 მაისს ვალე პიეტრო ავიტაბილესადმი გაგზავნილ წერილში წერდა: „… საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ახლა ჩემი სიყვარული მისადმი უფრო გაძლიერდა. მე ვალში ვარ… ქართველი ხალხის წინაშე. ამ სიყვარულის ნიშნად ჩემს ქალიშვილს დავარქვი რომიბერი (რომი და იბერია), რადგან მსურს ჩვენი ორი ერი მუდამ მჭიდრო კავშირში იყოს ერთმანეთთან…“.
ლიტერატურა
რედაქტირება- მამისთვალიშვილი ე., ვალე, პიეტრო დელა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Ватейшвили Дж. Л., Грузия и европейские страны, т. 1, кн. 2, М., 2003.
- Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პირის ID: 130 – პიეტრო დელა ვალე — საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა. 2022. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Micocci C. Dizionario Biografico degli Italiani — 1989. — Vol. 37.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Southorn J. Valle, Pietro della // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T087688
- ↑ 6.0 6.1 Union List of Artist Names — 2013.
- ↑ ჭყონია, ალექსანდრე, მასალა საქართველოის ისტორიისათვის — მოგზაურის პიეტრო დელლავალლეს მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი 1627 წ., გაზ. „ივერია“, 1879, № 3. — გვ.29-64