პაპის ოლქი - წმ. პეტრეს მამული (ლათ. Patrimonium sancti Petri), პაპის სახელმწიფო (იტალ. Stato Pontifiko), საეკლესიო სახელმწიფო — რომის პაპების გამგებლობაში მყოფი თეოკრატიული სახელმწიფო (756-1870) იტალიაში, დედაქალაქი რომი. მის საფუძველს წარმოადგენს სტეფანე II-თვის პიპინ მოკლეს მიერ 756 წელს ბოძებული ლანგობარდებისათვის ჩამორთმეული ყოფილი ბიზანტიის მიწები: რომის ოლქი, ყოფილი რავენის საეგზარქოსო და პენტაპოლისი. თავდაპირველად პაპის ოლქი კაროლინგების იმპერიაში შედიოდა. 962 წლიდან კი „საღვთო რომის იმპერიაში“. X საუკუნეში და XI საუკუნის პირველ ნახევარში პაპებს ექვემდებარებოდა, არსებითად, მხოლოდ რომი და მისი ოლქი. ინოკენტი III-ის (1198-1216) დროს პაპის ოლქი ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო, ხოლო 1274 წელს იმპერატორ რუდოლფ I ჰაბსბურგმა სუვერენულ სახელმწიფოდ ცნო იგი. ინვესტიტურისათვის ბრძოლის ხანაში (1074-1122) პაპის ძალაუფლება განმტკიცდა. პაპის ოლქი ეკონომიკურად იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რაიონი იყო. ე. წ. ავინიონის ტყვეობის დროს პაპის ავტორიტეტი ევროპის ქვეყნებშიც დაეცა, 1347 წელს პაპის ოლქში იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამყარების ცდა კოლა დი რიენცოს ხელმძღვანელობით. 1377 წლისთვის პაპებს შერჩათ მხოლოდ ორი ქალაქი - რომი და რიმინი. იტალიური ომების (1494-1559) დროს პაპები ცდილობდნენ დიდ სახელმწიფოებთან მოქნილი პოლიტიკით იტალიაში მიწების შეძენას.

პაპის ოლქი
Stati della Chiesa
Status Pontificius

7521870
დროშა გერბი
ჰიმნი
Noi vogliam Dio, Vergine Maria(1857 წლამდე)
ჩვენ გვინდა ღმერთი, წმინდა მარიამ — (იტალიური)

Marcia trionfale (1857 - 1870)
ტრიუმფალური მარში — (იტალიური)

დედაქალაქი რომი
ენა ლათინური, იტალიური
ფულის ერთეული პაპის სკუდო (1866 წლამდე)
პაპის ლირა (1866—1870)
მოსახლეობა 2 300 000 კ.
მმართველობის ფორმა თეოკრატიული მონარქია

XVI-XVIII სს-ში პაპის ოლქში აბსოლუტური რეჟიმი მყარდება, ამავე დროს ძლიერდება ნეპოტიზმი. პაპის ოლქი ძალიან დაკნინდა „ესპანური მემკვიდრეობისათვის“ და საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს. პაპის ოლქში დაარსდა რომის რესპუბლიკა 1798-1799 წლებში. პაპის ოლქის დიდი ნაწილი 1809 წელს შეუერთეს საფრანგეთის იმპერიას, ვენის კონგრესის შედეგად პაპის ოლქი აღდგენილ იქნა ძველ საზღვრებში (გარდა ავინიონის, ვენსენისა და სხვ.). 1848-1849 წლებში პაპის ოლქი იქცა იტალიის ბურჟ. რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. დაემხო პაპის ხელისუფლება და რომში გამოცხადდა რესპუბლიკა (1849 წლის 9 თებერვალს). საფრანგეთისა და ავსტრიის ჯარების მიერ რესპუბლიკის დამხობის შემდეგ პაპის ოლქში აღდგენილ იქნა თეოკრატიული მმართველობა და 1850 წლის 12 აპრილს პაპი პიუს IX რომში დაბრუნდა.

1859-60 წლებში იტალიის რევულუციის დროს პაპის ოლქი სარდინიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. პაპი იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ რომით, რომელსაც ეროვნული ძალებისგან იცავდა საფრანგეთის არმია. 1870 წლის 11 სექტემბერს რომის ტერიტორიაზე შეიჭრა იტალიის არმია, რომელიც 20 სექტემბერს დაეუფლა ქალაქს. პლებისციტის შედეგად (2 ოქტომბერს) რომი შეუერთდა იტალიის სამეფოს (1870 წლის 9 ოქტომბერს) და გამოცხადდა იტალიის დედაქალაქად. პიუს IX ჩაიკეტა ვატიკანში და გამოაცხადა თავი „ვატიკანის ტყვედ“. პაპ პიუს XI-სა და მუსოლინის შორის დადებული ლატერანის ხელშეკრულებით (1929 წლის 11 თებერვალი) იტალიის მთავრობამ ქალაქი ვატიკანი ცნო სუვერენულ სახელმწიფოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება