ბენიტო მუსოლინი
ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი (იტალ. Benito Amilcare Andrea Mussolini; დ. 29 ივლისი, 1883, პრედაპიო, ემილია-რომანია, იტალია — გ. 28 აპრილი, 1945, ჯულინო-დი-მეძეგრა, კომო, ლომბარდია, იტალია) — იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922–1943 წლებში, იტალიის სოციალური რესპუბლიკის მმართველი 1943–1945 წლებში.
ბენიტო მუსოლინი | |
იტალიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 ოქტომბერი, 1922 – 25 ივლისი, 1943 | |
მონარქი | ვიტორიო ემანუელე III |
წინამორბედი | ლუიჯი ფაქტა |
მემკვიდრე | პიეტრო ბადოლიო (დროებითი სამხედრო მთავრობა) |
იტალიის სოციალური რესპუბლიკის მეთაური | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 სექტემბერი, 1943 – 26 აპრილი, 1945 | |
დაბადებული | 29 ივლისი, 1883 პრედაპიო, იტალია |
გარდაცვლილი | 28 აპრილი, 1945 ჯულინო-დი-მეძეგრა, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალური ფაშისტური პარტია |
მეუღლე | რაკელე მუსოლინი |
პროფესია | პოლიტიკოსი, ჟურნალისტი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაახალგაზრდობა (1883–1914)
რედაქტირებაბენიტო მუსოლინი დაიბადა ცენტრალურ იტალიაში რომანიის პატარა სოფელში ქალაქ ფორლის მახლობლად 1883 წლის 29 ივლისს. მამამისი ალესანდრო მჭედელი იყო, დედამისი როზა - სოფლის მასწავლებელი. მამამისი სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა - მექსიკელი რევილუციონერის ბენიტო ხუარესის, ცნობილი ანარქისტის ამილკარე ჩიპრიანოს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის ანდრეა კოსტას პატივსაცემად. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება. სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა.
1902 წელს მუსოლინიმ შვეიცარიას შეაფარა თავი, რათა თავი აეცილებინა ჯარში გაწვევას. აქ ის შავ მუშად მუშაობდა მშენებლობაზე, გამოსცადა შიმშილი, უსახლკარობა, უუფლებობა. მაგრამ გამჭრიახმა ყმაწვილმა მალე მონახა თავისთვის შესაფერი საქმე. მუშათა წრეში ის განათლებით და აქტიურობით გამოირჩეოდა და მას შესთავაზეს პროფკავშირის სამდივნოში მუშაობა. ამავე დროს მან დაიწყო სტატიების წერა, რომლებშიც ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრობას. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, რომ დაეძლია პოლიტიკური ფილოსოფიის მთელი ისტორია. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპენჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ...
ლოზანაში და ბერნში მუსოლინი ძალიან დაუახლოვდა რუს სტუდენტებს და ემიგრანტებს, რომელთა აღვირახსნილობა და ნიჰილიზმი მისთვის ძალიან ახლო იყო. მათ წრეში მუსოლინის მოსწონდა, როდესაც მას „ძალადობის მოციქულს“ ეძახდნენ.
თავის პროფკავშირში მუსოლინი მგზნებარედ მოუწოდებდა საყოველთაო გაფიცვისკენ და ქადაგებდა ძალადობის საშუალებით მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევას, რისთვისაც ის არაერთხელ დაპატიმრებული იყო, მაგრამ ციხეში ყოფნამ უფრო გააფთრებული გახადა ახალგაზრდა რევოლუციონერი. ამავე დროს მუსოლინი ახერხებდა ლოზანის და ჟენევის უნივერსიტეტებში ლექციებზე სიარულს, შეისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ესპანური ენები, თარგმნიდა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს, წერდა სტატიებს.
1904 წელს იტალიის მეფემ ამნისტია გამოუცხადა დეზერტირებს და მუსოლინი სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას პოლიტიკური ექსტრემისტის რეპუტაცია ჰქონდა და ერთ-ერთ გაზეთში ის სოციალისტური კლუბის „დიდ დუჩე“-დაც (ბელადად) კი მოიხსენიეს. ოცდახუთი წლის ასაკში „ამხანაგი მუსოლინი“ უკვე მძლავრ ძალას წარმოადგენდა. იგი მუდმივად იბეჭდებოდა რევოლუციურ - ინტერნაციონალისტურ გამოცემაში „მშრომელის მომავალი“ (Avenire del Lavoratore). ამ პერიოდში ის ქადაგებდა პროლეტარიატის ანტიპატრიოტიზმს, ნაციონალიზმს ეძახდა „მტაცებლურ მილიტარიზმს“ და ეროვნულ დროშას კი სანაგვე ჩვარს. რელიგიას ის მოიხსენიებდა როგორც „გონების ამორალურ დაავადებას“ და ეკლესიას კი როგორც „ლეშს“. ის არაერთხელ იყო ამისთვის დაპატიმრებული.
1910 წელს მუსოლინიმ თავის მშობლიურ ქალაქ ფორლი'ში დააარსა საკუთარი სოციალისტური მიმართულების გაზეთი „კლასობრივი ბრძოლა“, რომელმაც მთელი იტალიის სოციალისტებს შორის დიდი გავლენა მოიპოვა. ამავე დროს ის ჩამოყალიბდა როგორც კარგი ორატორი, რომელსაც ოსტატურად ეხერხებოდა აუდიტორიის განწყობის მართვა. სოციალისტები აღიარებდნენ მუსოლინის ლიდერულ თვისებებს, მაგრამ ბევრ მათგანს აშინებდა მის მიერ ქადაგებული „ძალადობის რკინისებული აუცილებლობა“ და პრაქტიკაში შესაბამისი მეთოდების გამოყენება.
მუსოლინის დაპირისპირებამ სოციალისტური პარტიის ძირითად ნაწილთან იჩინა თავი 1911, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გააგზავნა ჯარი ლიბიაში ფორმალურად იტალიელი მოქალაქეების დასაცავად, სინამდვილეში კი იმისთვის, რომ დასუსტებული ოსმალეთი იქიდან გამოედევნა და დაემკვიდრებინა იტალიის დომინირება ამ რეგიონში. სოციალისტური პარტიის ეროვნულმა ყრილობამ მხარი დაუჭირა „მთავრობის აგრესიულ ქმედებას“ და ამან მუსოლინის აბობოქრება გამოიწვია. „საერთაშორისო მილიტარიზმი ისევ აგრძელებს ნგრევათა და მკვლელობათა ღრეობას...მანამ არსებობენ სამშობლოები, იარსებებს მილიტარიზმიც. სამშობლო - ეს აჩრდილია... შურისმგებლური, სასტიკი და ვერაგი... ვაჩვენოთ, რომ სამშობლო არ არსებობს!“ - წერდა და გაჰყვიროდა ის და ამასაც არ დასჯერდა. პროტესტის გამოსახატავად მან გამოიყვანა ქალაქ ფორლის ქუჩებში ბანდები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრამვაის ხაზებს ანგრევდნენ. ამისთვის მუსოლინი უკვე მეხუთედ დააპატიმრეს და გაასამართლას.
როდესაც ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ მუსოლინი ციხიდან გამოვიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო სოციალისტური პარტიის ლიდერი და ეს პარტია სოციალისტურ - რესპუბლიკურ პარტიად ექცია. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო 1912 წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა „პროფესორი ბენიტო მუსოლინი“ სოციალისტების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ „ავანტის“ მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგორც პროვინციულ „კლასობრივ ბრძოლაში“ მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიას წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. „ის შორს წავა“ — ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ 1913 წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კანდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო.
ფაშიზმის აღმოცენება (1914–1922)
რედაქტირება1914 წლის 28 ივლისს ავსტრიამ გამოუცხადა ომი სერბეთს. დაიწყო დიდი ომი. მუსოლინი გაზეთ „ავანტს“ ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: „ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!“ მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ „მკაცრი ნეიტრალიტეტი“ უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წაგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩნდა სულ სხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.
სოციალისტების კონკურენტები მუშათა მოძრაობაში სინდიკალისტები, რომლებიც საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ იტალიის ომში მონაწილეობას და კარლ მარქსის ცნობილ აფორიზმსაც კი იშველიებდნენ, რომ ომს ჩვეულებრივად სოციალური რევოლუცია მოჰყვება. ამ იდეამ ძალიან მოხიბლა მუსოლინი. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიატოვა სოციალისტური გაზეთი „ავანტი“ და დააარსა საკუთარი გაზეთი „პოპოლო დ'იტალი“, რომლის პირველივე ნიმერში 14 ნოემბერს მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან.
1915 წლის დასაწყისში ომის იდეამ მეტი კეთილგანწყობა მოიპოვა საზოგადოებაში. ინტელექტუალები და მწერლები, როგორც მაგალითად გაბრიელე დ'ანუნციო, თვლიდნენ, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, გამარჯვების შემთხვევაში იტალიას საბოლოოდ გაერთიანების საშუალებას მისცემდა, დაამყარებდა სუვერენიტეტს ადრიატიკაზე და აამაღლებდა მის პრესტიჟს ევროპაში.
მუსოლინიმ შეძლო სოციალისტების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ეხელმძღვანელათ. მუსოლინის აზრს იზიარებდნენ სინდიკალისტები, ანარქისტები, რესპუბლიკელები, ირედენტისტები (ნაციონალისტები), ახალგაზრდობა და საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ფართო ფენები, მათ შორის მუშებიც. მათდა სასიხარულოდ 1915 წლის 24 მაისს მეფე ვიტორიო-ემანუელე III-მ ომი გამოუცხადა ავსტრიას და გერმანიას. ამ დღიდან მუსოლინის ლოზუნგები „პოპოლო დ'იტალია“-ში გახდა „ჩვენ ყველა იტალიელები ვართ!“, „გაუმარჯოს იტალიას!“
მუსოლინი პატიოსნად წავიდა ჯარში რიგით ჯარისკაცად, უარი თქვა შტაბში მუშაობაზე და მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც კარგ ჯარისკაცმა და კაპრალის ჩინი მიიღო. 1917 წელს იგი მძიმედ დაიჭრა. გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა „პოპოლო დ'იტალიაში“ ყავარჯნებით და მაქსიმალურად გამოიყენა ომის ვეტერანის და „ცოცხლად დარჩენილის“ უპირატესობა სამოქალაქო ჟურნალისტების წინაშე. „მე ვამაყობ - წერდა ის თვითკმაყოფილებით, - რომ ჩემი სისხლით წითლად შევღებე ტრიესტისკენ მიმავალი გზა.“
უნდა ითქვას, რომ იტალიის წვლილი ანტანტის მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებაში ძალიან მოკრძალებული იყო, და ამიტომ ვერსალის ზავის თანახნად მან მიიღო ავსტრიის ტერიტორიებიდან გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მოელოდა - მხოლოდ სამხრეთი ტიროლი და ტრიესტი. დალმაცია და ფიუმე მიეკუთვნა იუგოსლავიას, რაზეც ვიტრიო-ემანუელე III-მ განაცხადა, რომ იტალიას „გამარჯვება მოპარეს“.
ომის შედეგებით უკმაყოფილო ნაციონალისტების პოზიციაზე მყოფი მუსოლინი მოითხოვდა მთავრობის გაძლიერებას მასში ნაომარი ადამიანების შეყვანით. მან ისიც განაცხადა, რომ იტალიისთვის საჭირო იყო დიქტატორი, ენერგიული და დაუნდობელი კაცი, რომელსაც ყველაფრის განწმენდა შეეძლებოდა და არაორაზროვნად დასძინა რომ თვითონ შეეძლო ამ როლის შესრულება. ამ პერიოდში მუსოლინის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა რუსული რევოლუცია და ლენინის ტოტალიტარიზმი. მას აღარ უნდოდა სოციალისტობა, რადგან, მისი აზრით, სოციალისტური პარტია დისკრედიტირებული იყო ბოლშევიზმის პროპაგანდით და ამიტომ მან დაკარგა უფლება მუშათა კლასის უფლებებისათვის მებრძოლი რქმეოდა. თავის სტატიებში და გამოსვლებში მუსოლინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის იყო მუშების ჭეშმარიტი მეგობარი და დამცველი და მტკიცედ იდგა ანტიბურჟუაზიულ პოზიციაზე.
1919 წლის 23 მარტს მილანში სან-სეპოლკოს მოედანზე ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა „ბრძოლის კავშირი“, რომელიც ფასციასავით მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია ე.ი. წნელის კონა - ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და „არდიტის“ ბატალიონების ყოფილი მეომრები („არდიტი“ ანუ „მამაცები“ იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.
მუსოლინის ახალმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბევრმა ჩათვალა, რომ მუსოლინი იტალიურ ლენინად მოევლინათ და პროგრამაც ბოლშევიკური ჰქონდა. 1919 წლის არჩევნებში ფაშისტებმა ვერ გაიმარჯვეს და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი „პოლიტიკურ გვამად“ გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რათა „მკვრადშობილი“ ორგანიზაციის „ხელმოცარული“ ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
1920 წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულის დონემაც იმატა, ისევე როგორც ინფლაციამ და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობა, მუსოლინიმ სასწრაფოდ დაივიწყა თავისი სოციალისტური ლოზუნგები, გაამძაფრა ნაციონალისტური მოწოდებები და გამოაცხადა, რომ ფაშიზმი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაამარცხოს ბოლშევიზმი. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური „სკვადრები“ (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხამდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისეთი სიხშირითა და სისასტიკით ხდებოდა, რაც ხშირად ურთიერთხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. 1920 -1922 წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.
მიუხედავად ფაშისტური „სკვადრების“ სისასტიკისა, იტალიელთა ფართო წრეებში ისინი მხარდაჭერას იწვევდნენ, რადგან კომუნისტები, ვის წინააღნდეგაც იყო მიმართული მათი ქმედება, თვითონაც ტერორისტები იყვნენ და უფრო დიდ საშიშროებად და ბოროტებად იყვნენ მიჩნეული. მთავრობა ამ ურთირთშეტაკებებში არ ერეოდა. მუსოლინი თავისი პრორაგანდისტული ნიჭის წყალობით საქმეს წარმოადგენდა, როგორც ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისუფლების დასაცავად.
გავლენიანი გაზეთების უმრავლესობა იმ აზრს გამოთქვამდა, რომ რაც არ უნდა უღირსი და ძალადობრივი ყოფილიყო ფაშისტური „სკვადრების“ მოქმედება, ისინი უფრო ეფექტურები არიან ქვეყნის ქაოსიდან გადარჩენის საქმეში, ვიდრე ლიბერალებისაგან დაკომპლექტებული ხშირადცვლადი მთავრობა. ფაშისტებს მხარი დაუჭირეს მეწარმეებმა და ზოგიერთმა პროფკავშირებმა, მიწადმფლობელებმა და გლეხობამ, სამხედროებმა, სამღვდელოება და ბევრმა ინტელექტუალმაც კი. მათ სჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მოხერხდებოდა ფაშიზმის გადაყვანა კონსტიტუციონალიზმის გზაზე.
1921 წლის არჩევნებში ფაშისტებმა 35 კაცი გაიყვანეს დეპუტატად, მათ შორის მუსოლინი. მისი ლიდერობით შექმნილი ფაშისტური პარტია უკვე მრავალრიცხოვანი და მეტად არაერთგვაროვანი იყო. მართვის სადავეების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური გავლენის გასაძლიერემლად მუსოლინი მუდმივად ლავირებას მიმართავდა და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. „...მუსოლინის უნდა, რომ ყველამ დალოცოს მაგი და ამისთვის დღეში ათჯერ იცვლის პოზიციას“ - ასე დაახასიათა ის მისმა ერთ-ერთმა უსასტიკესმა თანამოსაქმემ.
1922 წლის აგვისტოში სოციალისტების მიერ ისევ იყო დანიშნული საყოველთაო გაფიცვა და მუსოლინიმ ჩათვალა, რომ დადგა მისთვის გადამწყვეტი დრო. მან განაცხადა, თუ მთავრობა არ ალაგმავს გაფიცვას, ამას ფაშისტები გააკეთებენ. და მართლაც „სკვადრისტებმა“ ცეცხლი წაუკიდეს სოციალისტური პარტიის შენობებს და დაარბიეს გაზეთ ავანტი'ს (რომელსაც 1914 წლამდე თვითონ მუსოლინი რედაქტორობდა) სტამბა. ამის შემდეგ ფაშისტების ყრილობაზე მუსოლინიმ რიხიანად გამოაცხადა: „ან მთავრობა გახდება ჩვენი, ან ჩვენ წავალთ მარშით რომზე!“ და მისმა მრავალათასიანმა მხარდამჭერებმა შეძახილით უპასუხეს: „რომი! რომი!“
რომზე ლაშქრობა მუსოლინიმ დაგეგმა ოთხ წამყვან ფაშისტთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით „კვადრუმვირები“ უწოდეს. ესენი იყვნენ: იტალი ბალბო - სკვადრისტების ლიდერი, გენერალი ემილიო დე ბონო, დეპუტატი ჩეზარე მარია დე ვეკი და პარტიის გენერალური მდივანი მიქელე ბიანკი.
1922 წლის 27 ოქტომბერს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოხდა ფაშისტური ამბოხი და მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო. მეორე დღეს ფაშისტების ოთხი მრავალათასიანი კოლონა მარშით გაემართა რომისკენ. მეფეს შეეშინდა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევდა სამოქალაქო ომს და ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, 30 ოქტომბერს გამოიძახა მუსოლინი თავის რეზიდენციაში და დაავალა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება.
ფაშისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება (1922–1932)
რედაქტირებამუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა, მაგრამ პირველი დღიდანვე დიდი სიფრთხილით დაიწყო მოქმედება. უპირველეს ყოვლისა მან უბრძანა თავის 25 000 „სკვადრისტს“, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ რომის მიდამოებში, სახლებში წასულიყვნენ. ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მკაცრად დაისაჯა. ამით მან აჩვენა, რომ ის არა მარტო ფაშისტების არამედ უკვე მთელი იტალიის ლიდერია. მთავრობაში მუსოლინიმ ფაშისტების გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეიყვანა. მაგრამ თავის დაქვემდებარებაში დატოვა ოთხი მთავარი უწყება: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების და კორპორაციების სამინისტროები. დეპუტატების პალატისაგან მან მოითხოვა სრული ძალაუფლება ერთი წლით მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად. იგი საქმეს დიდი ენერგიითა და შემართებით შეუდგა. თავიდან მას კონკრეტული პროგრამა არ ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობები იყო ბიუჯეტის დაბალანსება, მუშათა პრობლემებისადმი სამართლიანი მიდგომა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა.
მუსოლინის გაპრემიერმინისტრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი მმართველობის წარმატებულობა. მუშები დაუბრუნდნენ ჩარხებს, სტუდენტები წიგნებს, ქარხნები ამუშავდნენ, ქუჩები დაცარიელდა. შემოღებული იქნა 8 საათიანი სამუშაო დღე, შემცირდა სამთავრობო ხარჯები, დაძლეული იქნა საბიუჯეტო დეფიციტი. იტალიელები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მატარებლებმა ზუსტი გრაფიკით დაიწყეს სიარული.
1923 წელს მუსოლინიმ თავის თავზე მორგებით შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც 1848 წლიდან მოქმედებდა. შემდეგი წლის აპრილში ახალი საარჩევნი კანონის მიხედვით ჩატარდა არჩევნები, რომელმაც მუსოლინის მიერ გატარებულ კურსს ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა - ამომრჩეველთა 65,25 %-მა ხმა მისცა ფაშისტების კანდიდატებს. ამ წარმატებით შეგულიანებულმა მუსოლინიმ საზოგადოებას მიანიშნა, რომ იგი განიხილავდა საგანგებო უფლებამოსილების გაუქმების და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ფაშისტი ლიდერების გარკვეული ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ისინი მათთვის ჩვეულ პროვოკაციაზე წავიდნენ.
1923 წლის ზაფხულში მოკლეს ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ოპოზიციური დეპუტატი ჯაკომო მატეოტი, რომელიც ფაშისტთა ზოგიერთი უპასუხისგებლო და თავხედი ლიდერის საქვეყნოდ მხილებას აპირებდა. ამ მკვლელობამ მთელი იტალია აღაშფოთა. ოპიზიციის დეპუტატებმა დემონსტრაციულად დატოვეს პარლამენტი და მეფეს ფაშისტთა ძალადობრივი ქმედებების საწინააღმდეგო ზომების მიღება მოსთხოვეს. დაიწყო გამოძიება და დააპატიმრეს ოთხი ეჭვმიტანილი (წამყვანი ფაშისტი საზოგადო მოღვაწეები), რამაც საზოგადოება სრულიადაც არ დააშოშმინა და ოპოზიციურმა გაზეთებმაც უწინდებურად განაგრძეს რეჟიმის კრიტიკა.
მრავალი წლის შემდეგ, 1947 წელს, როდესაც მუსოლინი ცოცხალი აღარ იყო, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ამ მკვლელობასთან მუსოლინის პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებაში არსებულმა ეჭვებმა საბოლოოდ მოსპეს მუსოლინის ლიბერალებთან დაახლოვების შანსი და უბიძგეს მას რეჟიმის გასასტიკებისკენ. 1925 წლის იანვარში დეპუტატების პალატის წინაშე მან განაცხადა: „...მთელი იტალიის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე ვარ პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში. და თუ ფაშიზმი არის არა იტალიელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილის კეთილშობილი სულისკვეთება, არამედ ის გარდაიქმნა დანაშაულებრივ შეთქმულებად და ამკვიდრებს ძალადობის ატმოსფეროს საზოგადოებაში, ამაზეც პასუხს მე ვაგებ... იტალიას მშვიდობა, სიწყნარე, მშვიდი შრომა სწადია. მე ამას მივაღწევ სიყვარულით და თუ არ გამომივა, ძალით!“
ამ გამოსვლის შემდეგ ფაშისტური პარტიის ახალი მდივნის რობერტო ფარინაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო იტალიის „სრული ფაშიზაცია“. გავლენიანი გაზეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, ან დახურულნი იყვნენ ან მთლიანად ფაშისტურ კონტროლს ემორჩილებოდნენ. ოპოზიციური პარტიები გაუქმდა, დეპუტატების პალატა გახდა ფაშისტური დეკრეტების დაკანონების ფორმალური ორგანო. სამაგიეროდ, მუსოლინის თავჯდომარეობით ჩამოყალიბდა ფაშისტური პარტიის დიდი საბჭო, რომელსაც დაეკისრა მინისტრთა კაბინეტის გაკონტროლება. არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე მოეღო ბოლო, არჩეული მერები შეიცვალნენ დანიშნული „პოდესტებით“. მოხდა ფაშისტური პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან.
მუშათა პროფკავშირები მთლიანად დაემორჩილნენ ფაშისტურ პარტიას. აკრძალული იყო გაფიცვები და ლოკაუტები, შრომითი კონფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი იყო სპეციალური სასამართლოები. როგორც დამახასიათებელია ტოტალიტარულ რეჟიმებისთვის, შეიქმნა საბავშვო და ახალგაზრდული ფაშისტური კავშირები. ფაშისტური პარტია რუსი ბოლშევიკების მსგავსად ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე.
ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების თანადროულად მოხდა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება და ევროპის მოწინავე ქვეყნების დონესთან მიახლოება. ამის მისაღწევად გამოიყენებოდა სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ღონისძიებები - ეკონომიკის დაგეგმარება და შრომის მორალური სტიმულირება. ხორბლის მოსავლისთვის „ბრძოლის“ მოსაგებად მუსოლინი მთელი ქვეყნის სოფლებში პირადად ჩადიოდა და მიმართავდა „მამაც გლეხებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან“, შრომაში გამორჩეულებს პირადად აჯილდოვებდა „შრომის ვარსკვლავით“. და მართლაც, ხორბლის მოსავალი 1925 წლისთვის ომის წინანდელ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
იტალიის გასაძლიერებლად მუსოლინიმ დაიწყო გრანდიოზული სამშენებლო პროექტების განხორციელება. შენდებოდა გზები, არხები, სავადმყოფოები, სკოლები, ობოლთა თავშესაფრები, აშრობდნენ ჭაობებს, აგებდნენ სარწყავ სისტემებს, აშენებდნენ ტყეებს, გამოიყოფოდა თანხები უნივერსიტეტების განვითარებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის, შემუშავებული იყო რომის გალამაზების გრანდიოზული გეგმა.
ამ ღონისძიებებმა ძალიან აამაღლეს მუსოლინის ავტორიტეტი. მართალია, ფაშისტური იდეოლოგიის დამკვიდრება მოსახლეობაში უკმაყოფილებასა და პასიურ წინააღმდეგობას იწვევდა, მაგრამ მუსოლინი ხალხს ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. იგი ხალხის კერპად იქცა. ანტიფაშისტებიც კი არ იყვნენ განწყობილი პირადად მის წინააღმდეგ. დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავისუფლების დათრგუნვას, ფაშისტური იდეოლოგიის ვულგარულ პრიმიტივიზმს, მაგრამ უბრალო ხალხისთვის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ხელფასი და შიმშილისგან გადარჩენა. რაც შეეხება უკმაყოფილო მწერლებსა და ინტელექტუალებს, ხელისუფლება ცდილობდა მათ მოსყიდვას და გადმობირებას. ვინც გაჯიუტდებოდა, მათ ხსნიდნენ თანამდებობიდან და ავიწროებდნენ, მაგრამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასიური დევნა ან რეპრესიები არ ყოფილა.
1927 წელს მუსოლინიმ ოფიციალურად დაშალა ფაშისტური „სკვადრები“ და გამოაცხადა, რომ „შურისძიების, დათრგუნვის და ძალადობის დრო დამთავრდა“. სახელმწიფო უშიშროების ორგანო OVRA (ოპერატიული მოქმედება ანტიფაშიზმის საწინააღმდეგოთ) რუსულ ჩეკა-ნკვდ ან გერმანულ გესტაპოსთან შედარებით უწყინარი ორგანო იყო და სასჯელაღმკვეთი დაწესებულებებიც ჩვეულებრივები იყვნენ. ასე გრძელდებოდა 1936 წლამდე, სანამ იტალია გერმანიას დაუახლოვდებოდა.
1929 წელს მუსოლინიმ მოაგვარა პრობლემა, რომელიც 1870 წლის შემდეგ ძალიან მტკივნეული იყო იტალიისთვის - ხელმოწერილი იქნა ვატიკანთან ე.წ. „ლატერანის ხელშეკრულება“, რომელმაც დაარეგულირა ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამან უფრო აამაღლა მუსოლინის ავტორიტეტი, ეკლესიამ კი შეუნდო მას წინანდელი ანტიკლერიკალური და მკრეხელური გამონათქვამები. მუსოლინის საგარეო პოლიტიკა მისი მმართველობოს პირველ ათ წელიწადს გამოირჩეოდა სიფრთხილით და ზომიერებით.
ფაშისტური იტალიის იდეოლოგია
რედაქტირებამუსოლინი ბრწყინვალე ორატორი და შესანიშნავი პროპაგანდისტი იყო. თავის ოსტატურ გამოსვლებში, მრავალათასიანი მიტინგებისას იტალიის სხვადასხვა რეგიონში, ქალაქად და სოფლად ის ახერხებდა არაჩვეულებრივი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან და ისტერიული გამოძახილის და უდიდესი თაყვანისცემის მიღებას.
გაზეთები აჭრელებული იყო მუსოლინის ფოტოებით, რომლებზეც ის გამოსახული იყო ენერგიულად „შრომის“ პროცესში: აწყობდა აგურებს, არტყავდა უროს გრდემლზე, ცელავდა ყანას. ფოტოებს ამშვენებდა „დუჩეს“ დევიზი: „შრომა მოგვიტანს ჩვენ წარმატებას!“ ფოტოებმა, რომლებზეც თვალაცრემლებული „დუჩე“ ეუბნებოდა უღატაკეს სამხრეთელ გლეხებს: „მე ვიზრუნებ თქვენზე, მე ვიცი, რა არის შიმშილი“ - ყველას აუჩუყა გული. იტალიელებმა ირწმუნეს, რომ „დუჩე“ არის თავმდაბალი გულკეთილი ადამიანი, და ამავე დროს გენიალური.
შეიქმნა მითი „დუჩე“ (ბელადი) მუსოლინის ზეადამიანობის, ღმერთივით ყოველშემძლეობის, სამართლიანობის, დიდსულოვნების და უცოდველობის შესახებ. ამ მითიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა მითი ფაშიზმის შესახებ, რომელმაც იხსნა ქვეყანა ბოლშევიზმისგან და გზა გაუხსნა მას იულიუს კეისრის რომის მემკვიდრეობისკენ.
„დუჩე“ ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ფაშისტი არ უნდა ეძებდეს ადვილ ცხოვრებას, მისი მოვალეობაა იყოს ეფექტურობის, შეუპოვრობის, დინამიურობის მაგალითი. ის უნდა იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი - მგზნებარე, გაბედული, მიზანდასახული, რომელიც თავდადებულად ემსახურება ფაშისტურ იდეალებს და ემორჩილება კორპორატიულ დისციპლინას. ფაშიზმის დოქტრინა „უარყოფს სახელმწიფის დემოკრატიულობის თეორიებს და აცხადებს, რომ განსხვავებით სხვა პრიმიტიულ დოქტრინებისგან, წინააღმდეგობა სახელმწიფისა და პიროვნებას შორის გადაწყვეტილია პიროვნების სრული დამორჩილებით სახელმწიფოსადმი“. „ჩვენ მომხრენი ვართ კოლექტივიზმისა ინდივიდუალიზმის ხარჯზე“ - ასწავლიდა „დუჩე“.
განსხვავებით წინანდელი იტალიისთვის და სხვა დასავლური დემოკრატიებისთვის ჩვეული გარყვნილების, დეკადენტობის და კომფორტულობისაგან, „ფაშისტის ცხოვრება არ უნდა იყოს იოლი“. „მუდმივად მზადყოფნა“ - ასეთია ფაშისტების დევიზი. ფაშისტი მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მას არ აქვს უფლება მიეცეს სულიერ და მორალურ სიზარმაცეს, უნდა შეეძლოს უარყოს პირადი სიამოვნება და თავდავიწყებით ემსახუროს ფაშისტურ იდეალებს და იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი.
ფაშიზმის აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი არ ეწინააღმდეგება იტალიის ისტორიას, რომ გარიბალდი და მაძინი გულში ფაშისტები იყვნენ.
პროპაგანდის გარდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისთვის შემოღებული იყო სიმბოლოები, ლიტურგიული ფორმულები, ქორეოგრაფიული მისტერიები და გრანდიოზული აღლუმები, რომლებიც მუსოლინის გაგებით ფაშიზმს ზებუნებრივ მოვლენას ამსგავსებდა და კლასიკური რომის სულისკვეთებას სძენდა.
იტალიელთა დიდ ნაწილში, განსაკუთრებით პატრიოტულ ახალგაზრდობაში, "დუჩეს" იდეოლოგიამ აღიარება მოიპოვა და თავისუფლების შეზღუდვა მიჩნეული იყო, როგორც ახალი „რისორჯიმენტოს“ (აღორძინების) მისაღწევად აუცილებელი საფასური.
ფაშისტურმა იდეოლოგიურმა კონცეპციებმა და რიტუალურმა პროცედურებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერზე ადოლფ ჰიტლერზე, რომელიც აღტაცებული იყო მუსოლინის პიროვნებით. 1926 წელს ჰიტლერმა მისწერა მუსოლინის თხოვნით, ეჩუქებინა მისთვის თავისი სურათი ავტოგრაფით, რაზეც მუსოლინიმ იგნორირება მოახდინა. მართალია, არის ეჭვები, რომ იტალია ფინანსურად ეხმარებოდა ნაცისტებს 1932 წელს, მაგრამ მუსოლინის არ ჰქონდა სურვილი შეებღალა თავისი რეპუტაცია იმ „საეჭვო ავანტიურისტთან“ ღია კონტაქტით, რომელიც მათი ლიდერი იყო. მას სურდა, რომ ფაშიზმს, როგორც პოლიტიკურ მიმდინარეობას, მსოფლიოში პატივისცემა და აღიარება მოეპოვებინა და არ ყოფილიყო შებღალული ნაციონალ-სოციალიზმით, რომელიც მუსოლინის იმდროინდელი შეხედულებით, იყო „უღრანი ტყიდან გამოსული ტევტონური ტომების ამბოხი“. რაც შეეხება ნაციტური იდეოლოგიის ფუძემდებელ თემას გაბატონებული რასის შესახებ, მუსოლინი მას იდიოტურ უაზრობად მიიჩნევდა და ანტისემიტიზმს კი „გერმანულ ბოროტებას“ ეძახდა. 1932 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „იტალიაში არ არსებობს ებრაული საკითხი, რადგან ის არ შეიძლება არსებობდეს გონიერი მმართველობის მქონე ქვეყანაში.“
გარდაცვალება
რედაქტირებამუსოლინი და მისი საყვარელი კლარა პეტაჩი 1945 წლის 27 აპრილს, სოფელ დონგოს მახლობლად, ტბა კომოსთან კომუნისტმა პარტიზანებმა (გარიბალდის 52-ე ბრიგადიდან) შეაჩერეს, საიდანაც ის შვეიცარიაში გადასვლას ცდილობდა, რათა იქიდან ესპანეთში გაფრენილიყო. ამ პერიოდისთვის კლარას ძმა ესპანეთის კონსული იყო.[1] კომოსთან მათი აყვანის რამდენიმე უშედეგო მცელობის შემდეგ, ისინი ნახეს მეცეგრაში, სადაც მათ თავისი ბოლო ღამე დე მარიას ოჯახში გაატარეს.
შემდეგ დღეს მუსოლინი და პეტაჩი მათ თხუთმეტივე თანამგზავრთან ერთად დახვრიტეს. განაჩენი გიულინოში აღსრულდა. ოფიციალური ცნობით დახვრეტას უოლტერ აუდისიო ხელმძღვანელობდა. აუდისიო კომუნისტი პარტიზანი იყო, რომელსაც მუსოლინის ლიკვიდაციის ბრძანება ეროვნული თავისუფლების კომიტეტისგან ჰქონდა მიღებული. როდესაც აუდისიო შევიდა ოთახში, სადაც მუსოლინი და სხვა ფაშისტები იყვნენ, მან, გადმოცემის თანახმად გამოაცხადა: „მე მოვედი რომ თქვენ გიხსნათ!... რამე იარაღი გაქვთ?“. შემდეგ მან ისინი ჩასვა ავტომობილში და მცირე მანძილის გავლის შემდეგ მოსთხოვა, მანქანიდან ჩამოსულიყვნენ. მუსოლინიმ გაიხსნა ღილები და დაიძახა „მესროლეთ მკერდში!“ მას აუდისიომ ესროლა. მუსოლინი დაეცა თუმცა არ მომკვდარა. აუდისიო მივიდა და მკერდში კიდევ ერთხელ ესროლა. აუდისიომ უთხრა მის მძღოლს „შეხედე ემოციებს მის სახეზე, არ შეშვენის.“ მუსოლინის ჯგუფის სხვა წევრებიც ასევე დახვრიტეს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Toland, John. (1966). The Last 100 Days Random House
- ↑ Benito Mussolini. Celebritymorgue.com (28 April 1945). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 13 March 2009.