ჯუზეპე მაძინი
ჯუზეპე მაძინი (იტალ. Giuseppe Mazzini; დ. 22 ივნისი, 1805 — გ. 10 მარტი, 1872) — იტალიელი პატრიოტი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი. მაძინის დამსახურებაა თანამედროვე იტალიის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მის ადგილას არსებული რამდენიმე ცალკეული სახელმწიფოს ნაცვლად, რომელთა შორის მრავალი უცხო ძალების ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული მე-19 საუკუნემდე.
ბიოგრაფია
რედაქტირებამაძინიმ გენუის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული განათლება. 1831 წელს მაძინიმ მარსელში დააარსა ფარული პატრიოტული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იტალია", რომლის პოლიტიკური პროგრამა ითვალისწინებდა იტალიის გათავისუფლებას ავსტრიელთა ბატონობისაგან, იტალიის ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად, მაძინის აზრით, საჭირო იყო საერთო იტალიური რევოლუცია, რომელშიც მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებდა მონაწილეობას. 1830-40–იან წლებში იტალიაში გაფართოვდა მაძინისტური ფარული ორგანიზაციების ქსელი.
ჯუზეპე მაძინიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო იტალიის 1848-49 წლების რევოლუციაში. მილანში მან დააარსა გაზეთი "ხალხის იტალია", ხოლო მილანის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი, როგორც რიგითი მებრძოლი, გარიბალდის რაზმში იბრძოდა. 1849 წელს მაძინი სათავეში ჩაუდგა რომის რესპუბლიკის ტრიუმვირატს. ამ მთავრობამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა. ფრანგების მიერ რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ მაძინი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ სამშობლოს გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის თავდადებული მებრძოლი ჯუზეპე მაძინი იმედს არ კარგავდა. 1859 წელს, ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იგი იტალიელ ხალხს მოუწოდებდა გაეშალათ სახალხო მოძრაობა სამშობლოს გასაერთიანებლად.
1870 წელს იტალიის ერთიანმა სახელმწიფომ უკანასკნელი რეგიონი — რომის ოლქიც შეიერთა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის დაუღალავი მებრძოლი ჯუზეპე მაძინი მოესწრო ამას. იგი 1872 წელს გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography at cronologia.it დაარქივებული 2007-04-20 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- Джузеппе Мадзини. Энциклопедия «Кругосвет»
- Мария Федорова. Джузеппе Мадзини დაარქივებული 2007-11-15 საიტზე Wayback Machine.
- Биографии Дж. Мадзини
- Биография Джузеппе Мадзини დაარქივებული 2008-03-15 საიტზე Wayback Machine.