ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჯუზეპე გარიბალდი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჯუზეპე გარიბალდი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ჯუზეპე გარიბალდი (დ. 4 ივლისი, 1807, ნიცა — გ. 2 ივნისი, 1882, კუნძული კაპრერა) იტალიის სახალხო გმირი. გენერალი. XIX საუკუნის იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, მისი რევოლუციური-დემოკრატიული ფრთის ერთ-ერთი ბელადი (ჯ. მაძინისთან ერთად). გამოდიოდა იტალიის „ქვემოდან“ გაერთიანების გეგმით.

ჯუზეპე გარიბალდი
იტალ. Giuseppe Garibaldi
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1807(1807-07-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ნიცა, საფრანგეთის პირველი იმპერია[15] [13]
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1882(1882-06-02)[1] [2] [3] [16] [5] [6] [7] [8] [9] [10] [17] [11] [13] [14] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი Caprera, იტალიის სამეფო[15] [13]
მოქალაქეობა  რიოგრანდეს რესპუბლიკა
 იტალიის სამეფო
საფრანგეთი
Kingdom of Sardinia
 პერუ[18]
მეუღლე/ები Anita Garibaldi, Giuseppina Raimondi და Francesca Armosino
შვილ(ებ)ი Ricciotti Garibaldi, Rosa Garibaldi, Teresa Garibaldi, Clelia Garibaldi, Manlio Garibaldi, Rosita Garibaldi, Anita Garibaldi და Menotti Garibaldi
ჯილდოები Grand Officer of the Military Order of Italy, Gold Medal of Military Valour, Commemoration Medal for the thousand of Marsala და Shield of San Antonio[19]
ჯუზეპე გარიბალდი

ახალგაზრდობა

 
სახლი ნიცაში, სადაც დაიბადა გარიბალდი

ჯუზეპე გარიბალდი დაიბადა 1807 წლის 4 ივლისს ქალაქ ნიცაში ნეგოციანტის ოჯახში. გარიბალდების რამდენიმე თაობის ყველა მამაკაცი მეზღვაური და გემთმშენებელი იყო. ჯუზეპეს მამა „პატრონ“ დომენიკო საკუთარი ტარტანით დაცურავდა კატალონიიდან ლიგურიამდე და გადაჰქონდა სხვადასხვა ტვირთები. მისი მეუღლე, დონა როზა, სათნო და მზრუნველი ქალი იყო. ჯუზეპე მათი მეორე ვაჟი იყო, მას სამი ძმა ჰყავდა. დომენიკომ და როზამ თავიანთ შვილებს საუკეთესო განათლება მისცეს. ჯუზეპემ მშობლიური იტალიურისა და ფრანგულის გარდა შესანიშნავად შეისწავლა გერმანული, ესპანური, ინგლისური ენები, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და ა. შ. მშობლებს უნდოდათ, რომ ის მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ჯუზეპეს ზღვა იტაცებდა. თხუთმეტი წლის ასაკში იგი უკვე იუნგაა და სატვირთო გემით მიემგზავრება ოდესისკენ. თერთმეტი წლის განმავლობაში ჯუზეპე სერავს ხმელთაშუა ზღვას ყველა მიმართულებით, კანარის კუნძულებიდან ტაგანროგამდე, და სრულყოფილად ეუფლება მეზღვაურის ხელობას. ოცდახუთი წლის ასაკში იგი უკვე კაპიტანია. მას შეეძლო წარმატებულით გაეგრძელებინა თავისი კარიერა, მაგრამ მასში ძალიან დიდი შინაგანი ძალა ბობოქრობდა, რომ დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობით. ბავშვობიდანვე იგი მხურვალე ინტერესით და დიდი გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს იტალიაში მიმდინარე ურთულეს პროცესებს.

გარიბალდის მშობლიური ქალაქი ნიცა ისტორიულად შედიოდა პიემონტ-სარდინიის სამეფოს შემადგენლობაში. 1796 წლის აპრილში საფრანგეთის რევოლუციური გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი შეიჭრა იტალიაში, დაამარცხა პიემონტისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარები და ნიცა სავოიასთან ერთად საფრანგეთს შეუერთა. 1801 წელს ნაპოლეონმა ხელახლა დაიკავა ჩრდილოეთ იტალია და ჩამოაყალიბა ლიგურიისა და ციზალპური რესპუბლიკები, მაგრამ 1814 წლის აპრილში, როდესაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით პიემონტ-სარდინიის სამეფო აღდგა თავის საზღვრებში და მეფე ვიტორიო-ემანუელე I, რომელიც მანამდე თავს სარდინიას აფარებდა, ავსტრიული ხიშტების მეშვეობით დაბრუნდა თავის დედაქალაქ ტურინში. პიემონტში, ისევე როგორც იტალიის სხვა ათიოდე სახელმწიფოში, გაუქმებული იყო რესპუბლიკისა და იმპერიის პირობებში ჩატარებული პროგრესული რეფორმები და აღდგენილი იყო XVIII საუკუნის დროინდელი კანონმდებლობა და დინასტიები, რომლებიც სრულად ემორჩილებოდნენ ავსტრიის იმპერიის კონტროლს.

რევოლუციური საფრანგეთის გავლენამ თავისი შედეგი გამოიღო და იტალიური საზოგადოების განათლებული ნაწილი ვეღარ შეეგუა დამკვიდრებულ რეაქციას. მთელ იტალიაში წარმოიქმნა საიდუმლო, ე. წ. „კარბონარების“, ორგანიზაციათა ქსელი, რომელის მიზანი იყო „რისორჯიმენტო“, ე. ი. იტალიის აღდგომა - აღორძინება. მათი მოთხოვნები იყო კონსტიტუცია, სახალხო წარმომადგენლობა და, რაც მთავარია, ქვეყნის გათავისუფლება ავსტრიული დიქტატისაგან და ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.

1821 წელს მთელი იტალია შეძრა აჯანყებათა ტალღამ, განსაკუთრებით კი სიცილია, მაგრამ ავსტრიული სამხედრო მანქანა სასტიკად უსწორდებოდა პატრიოტებს, ტარდებოდა რეპრესიები, დაპატიმრებულებს სასტიკად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

პიემოტის სამეფოში პატრიოტულმა მოძრაობამ ისეთი ძლიერი ფორმები მიიღო, რომ 1821 წელს მეფე გადადგა, მაგრამ მისმა ძმამ და მემკვიდრემ კარლო-ფელიჩემ სისხლში ჩაახშო აჯანყება.

1831 წელს პიემონტის ტახტზე ავიდა კარლო-ალბერტო, რომელსაც სიჭაბუკის წლებში მოუწია ნაპოლეონის ბანაკებში ყოფნა და ის ლიბერალის რეპუტაციით სარგებლობდა. იტალიელი პატრიოტები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თვით ჯუზეპე მაძინიმ, რომელმაც ემიგრაციაში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ჯოვინე იტალია“ („ახალგაზრდა იტალია“), მიმართა მეფეს შემდეგი სიტყვებით: “სირ, ჩადექით ერის სათავეში და დაწერეთ თქვენს ალამზე ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა“. მაგრამ კარლო-ალბერტოს, როგორც პოლიტიკოსს, სპონტანური მოქმედებების უარყოფითი გამოცდილება უკვე ჰქონდა ადრე მიღებული და მან უპასუხოდ დატოვა ეს მიმართვა. მაძინი თავისი ორგანიზაციის ძალებით შეუდგა მორიგი აჯანყების მომზადებას.

 
მაძინისა და გარიბალდის პიველი შეხვედრა

ჯუზეპე გარიბალდი ამ პერიოდში უკვე გემის კაპიტანი იყო, მაგრამ მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა იტალიაში და განიცადა ნეაპოლის სამეფოში, კერძოდ სიცილიაში, პატრიოტების სიკვდილით დასჯა. ნაოსნობის დროს გარიბალდი ეზიარა სენ-სომონის მოძღვრებას და ამან უფრო გაუმტკიცა მას მისწრაფება ებრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. მან დაიწყო მაძინისთან კავშირების ძებნა. მათი შეხვედრა გაიმართა მარსელში 1833 წელს. მაძინის უკვე დაგეგმილი ჰქონდა აჯანყების მოწყობა პიემონტში და გარიბალდის მან დაავალა ამ გეგმის ნაწილის შესრულება — გენუის არსენალისა და პორტის ხელში ჩაგდება. გარიბალდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს, მაგრამ აჯანყება იმდენად ცუდად იყო მომზადებული, რომ დაწყებამდე ჩაიშალა. შეთქმულების მონაწილეთა უმრავლესობა დააპატიმრეს. გარიბალდიმ ძლივს მოასწრო გაქცევა და საფრანგეთს შეაფარა თავი. გაზეთებიდან მან გაიგო, რომ სამხედრო ტრიბუნალმა მას დახვრეტა მიუსაჯა. რეპრესიების შედეგად მაძინის ორგანიზაციამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა და გარიბალდიმ, თავი რომ დაეღწია უმოქმედობისათვის, გადაწყვიტა ახალ სამყაროში გადასახლება. 1835 წლის სექტემბერში იგი ადის გემზე და მიემგზავრება რიო-დე-ჟანეიროში.

სამხრეთამერიკული პერიოდი

რიო-დე-ჟანეიროში გარიბალდის დახვდა იტალიელი ემიგრანტების საკმაოდ დიდი კოლონია. სიკვდილმისჯილ პატრიოტს დიდი პატივით შეხვდნენ, ყველა ოჯახის კარი მისთვის გახსნილი იყო, მალე მას უკვე ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავდა. ბრაზილიაში იტალიელები ძირითადად კომერციით იყვნენ დაკავებული, მაგრამ გარიბალდის კომერცია არც ეხერხებოდა და არც აინტერესებდა. იგი მიისწრაფოდა „დიდი საქმეებისკენ“, მას „გრიგალი და შეტევა“ სჭირდებოდა.

ასეთი „დიდი საქმე“ გამოჩნდა, როდესაც ბრაზილიის იმპერიას გამოეყო სამხრეთი ნაწილი და თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა თანასწორობის და სამართლიანობის დამკვიდრების მოწოდებით. ამ რესპუბლიკის ხელმძრვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიელ პატრიოტ - ემიგრანტებთან, რომლებიც მაძინისთან ინარჩუნებდნენ კავშირს და გარიბალდიც მათ წრეს ეკუთვნოდა. მათი გადაწყვეტილებით გარიბალდი ხდება „რესპუბლიკის კორსარი“: იგი გადის ზღვაში, თავს ესხმის ბრაზილიის დროშით მიმავალ გემებს, რესპუბლიკის სასარგებლოდ ახდენს გემების და ტვირთების კონფისკაციას, მგზავრებს კი ათავისუფლებს. ეს ხდებოდა 1837-1840 წლებში, ამ პერიოდში გარიბალდის ცხოვრებაში იყო ავანტიურები, შეტაკებები, გამარჯვებები, დამარცხებები, უახლოესი მეგობრების დაღუპვა. გარიბალდი გამოიბრძმედა ბრძოლებში, ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი. იგი მძიმედ იყო დაჭრილი, აღმოჩნდა ტყვეობაში, გადაიტანა წამება, გაიქცა ტყვეობიდან და ისევ გააგრძელა თავისი საქმე.

1839 წელს გარიბალდი შეხვდა ანიტას, რომელმაც იგი შეიყვარა, გვერდში ედგა უმძიმესი ბრძოლების დროსაც კი და უძლებდა ყველანაირ გაჭირვებას. მაგრამ როდესაც მათ ბავშვი შეეძინათ, გარიბალდი მიხვდა, რომ მისი მთავარი მოვალეობა იყო თავისი ოჯახისთვის თავშესაფარის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ მან სთხოვა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უფლება გადამდგარიყო და მიიღო თანხმობასთან ერთად ჯილდოს სახით ხარების ცრაასთავიანი ჯოგი.

მეგობრების დახმარებით ჯუზეპე და ანიტა მონტევიდეოში დასახლდნენ, დაიწერეს ჯვარი. გარიბალდი მასწავლებლობით არჩენდა ოჯახს. შვიდი წლის განმავლობაში მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მაგრამ ომი მათ ისევ მოადგათ კარზე.

 
გარიბალდი არგენტინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს, 1846

1843 არგენტინის დიქტატორმა ხუან მანუელ როზასმა დაიწყო ომი ურუგვაის რესპუბლიკის წინააღნდეგ და მონტევიდეოს მთელი მოსახლეობა აღსდგა თავისუფლების დასაცავად. გარიბალდიმ ჩამოაყალიბა იტალიური ლეგიონი, რომელიც ისე თავგანწირულად და წარმატებით იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, რომ არგენტინის დიქტატორს ჯერ გარიბალდის ლიკვიდაცია უნდოდა და რომ არ გამოუვიდა, შეეცადა მის მოსყიდვას, მაგრამ გარიბალდის უანგარობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. როდესაც ურუგვაის მთავრობამ მადლობის ნიშნად შესთავაზა მას და მის მეომრებს საჩუქრად მიწები, გარიბალდიმ ამაყად უპასუხა: „იტალიელმა ოფიცრებმა შესთავაზეს რესპუბლიკას თავისი დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მხოლოდ პატივისთვის გაეზიარებინათ იმ ხალხის ბედი, რომელმაც მათ სტუმართმოყვარეობა გაუწია“. ურუგვაის მთავრობამ გარიბალდი დანიშნა მთავარსარდლად და გენერლის წოდება მიანიჭა.

მონტევიდეოს თავდაცვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სარდალ გარიბალდის შესახებ წერდნენ მსოფლიოს ყველა გაზეთები. ამ მოვლენებს ალექსანდრე დიუმამ მიუძღვნა წიგნი: „მონტევიდეო ანუ ახალი ტროა", რომელიც დიდი წარმატებით სარგელობდა. ფრანგი და ინგლისელი დიპლომატები და ადმირალები, რომლებიც იმ დროს მონტევიდეოში იმყოფებოდნენ, ასე იხსენიებდნენ გარიბალდის: „თქვენი ნიჭის და სიმამაცის წყალობით თქვენ ჩაატარეთ სამხედრო ოპერაცია, რომელიც პატივს მოუხვეჭავდა დიად არმიას“; „გარიბალდი არის უდიდესი სიმამაცის მქონე ადამიანი, დაჯილდოებული ჭეშმარიტი სამხედრო ნიჭით“; „ყოველი განსაცდელიდან გარიბალდი გამოდიოდა თავისი ღირსების შეუბღალავად“.

უნდა ითქვას, რომ გარიბალდიმ, როგორც დიდმა ორგანიზატორმა, შექმნა თავისი სიმბოლოები: ეს იყო შავი ალამი (ტანჯული იტალიის სიმბოლო), რომელზეც წითელი აბობოქრებული ვეზუვი იყო გამოსახული (რისორჯიმენტოს სიმბოლო) და, რაც მთავარია, სამხედრო უნიფორმა — წითელი ხალათი და ყელსახვევი, თეთრი ან რუხი პონჩო და ფართოფარფლებიანი სომბრეროს ტიპის ქუდი.

ალამისთვის შერჩეული სიმბოლოები მოწმობენ, რომ სამშობლოდან განდევნილი გარიბალდი მუდმივად ინარჩუნებდა რწმენას, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იტალიის გათავისუფლება და გაერთიანება იყო. იტალიელი ემიგრანტები მონტევიდტოში მუდმივ კავშირში იმყოფებოდნენ იტალიელ პატრიოტებთან და იცოდნენ, რომ ბოლო წლებში სამშობლოში სასიკეთო ცვლილებები ხდებოდა, იტალიის მთელი საზოგადოება აბობოქრებული იყო, ქვეყნდებოდა წიგნები, რომლებიც ამზადებდნენ რისორჯიმენტოსთვის აუცილებელ ატმოსფეროს. 1847 წელს ყველასთვის ნათელი იყო, რომ დღე – დღეზე მთელი იტალია აღსდგებოდა საბრძოლველად.

გარიბალადიმ თავის თანამებრძოლებთან ერთად დაიწყო მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად. მან წინასწარ გააგზავნა ანიტა და ბავშვები დედასთან ნიცაში, თვითონ კი მონტევიდეოში საქმეებს აგვარებდა და მხოლოდ 1848 წლის 15 აპრილს თავის უერთგულეს თანამებრძოლეებთან ერთად გამოემგზავრა იტალიაში.

1848 წელი პიემონტში და იტალიაში

პიემონტ - სარდინიის მეფე კარლო-ალბერტო, რომელმაც 1834 წელს ჩაახშო მაძინის მიერ მოწყობილი აჯანყება და გარიბალდის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, როგორც იყო ჩამოყალიბდა თავის პოლიტიკურ მისწრაფებებში და მიზნად დაისახა პიემონტის იმ ბირთვად გადაქცევა, რომლის გარშემო გაერთიანდებოდა მთელი იტალია. მისმა მინისტრებმა შეიმუშავეს რეფორმები, რომლებმაც პიემონტი იტალიის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქციეს. არმია, განათლება, კომუნიკაციები, იუსტიცია, კომერცია — ყველა ეს სექტორი იყო განახლებული. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, კარლო-ალბერტო თავისი ლიბერალური შეხედულებებით რადიკალრად განსხვავდებოდა იმდროინდელი იტალიის სხვა მონარქებისაგან და სურდა ახალი ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ საქმეში მას არ სჭირდებოდა რესპუბლიკური რწმენის მიმდევარი მაძინი და რადიკალი კარბონარები, რომლებიც შეთქმულებების და ტერორის საშუალებით მოქმედებდნენ. კარლო-ალბერტო აპირებდა მხოლოდ ლეგიტიმური საშუალებების გამოყენებას. 1847 წელს მან ჩაატარა სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია, შეასუსტა ცენზურა და შემოიღო კონსტიტუცია, ე. წ. სტატუტი, რომელიც 1923 წლამდე მოქმედებდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ მან გამოუცხადა ავსტრიას ე. წ. „საბაჟო ომი“, რამაც მას პატრიოტების დიდი სიმპატიები მოუპოვა. "მე არ მეშინია ავსტრიის, მე მზად ვარ მარტო დავიწყო ომი დამოუკიდებლობისათვის“ — სწერდა კარლო-ალბერტო თავის სამხედრო მინისტრს.

მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი მოაზროვნეების მიერ დაიწერა წიგნები, რომლებშიც ყალიბდებოდა იტალიის აღირძინების კონცეპფცია. 1848 წელს გამოვიდა წიგნი „იტალიელების საზოგადოებრივი და მორალური პრიმატი“, სადაც დასაბუთებული იყო იტალიის კონფედერაციის შექმნის აუცილებლობა და მითითებული იყო, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რომის პაპი და პიემონტის მეფე გაერთიანდნენ.

1847 წელს არჩეული რომის პაპი პიუს IX აძლევდა იტალიელ ინტელექტუალებს საბაბს, რომ იგი ბელადად მიეჩნიათ — მან გამოაცხადა პაპის სახელმწიფოში პოლიტპატიმრების საყოველთაო ამნისტია, პოლიტემიგრანტებს დაბრუნების უფლება დართო, შემოიღო კონსტიტუცია, დასახა განათლების რეფორმა.

საყოველთაო პატრიოტული აღმავლობის პერიოდში იტალიელებს ფსიქოლოგიურად სჭირდებოდათ დიდი თანამედროვე სარდალი, რომელიც უმეთაურებდა მათ და გამარჯვებამდე მიიყვანდა. ამ თვალსაზრისით გარიბალდი, რომლის სახელი ქუხდა მთელ მსოფლიოში და რომლის პოპულარობა საყოველთაოდ აღიარებული იყო, მიჩნეული იქნა შესაფერის ფიგურად. მთელ იტალიაში დაიწყო ხელმოწერით ფულის შეგროვება, რათა „ეროვნული აღიარების ნიშნად" გარიბალდისთვის ოქროს ხმალი მიერთმიათ. სულ რამდენიმე დღეში საჭირო თანხა შეგროვდა. კარლო-ალბერტო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მნიშვნელოვანი თანხა შეიტანა.

1848 წლის დასაწყისიდან მთელ ევროპას და კერძოდ იტალიასაც რევოლუციური გამოსვლების ტალღამ გადაუარა. იანვარ — თებერვალში მოხდა აჯანყებები სიცილიაში და ნეაპოლში, ტოსკანაში, ლომბარდიაში, ვენეციაში. გარდა პოლიტიკური მოთხოვნებისა ამ აჯანყებებს ეკონომიკური მიზეზებიც გააჩნდათ — ძლიერი მოუსავლიანობის გამო ქვეყანაში შიმშილი იყო და მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა მარცვლეულის ავსტრიაში გატანის წინააღმდეგ. ვენამ გამოაგზავნა საექსპედიციო კორპუსი არეულობების ჩასახშობად.

1848 წლის 15 მარტს, ავსტრიაში, სადაც აგრეთვე იყო შიმშილის პრობლემა, მოხდა რევოლუცია, რომლის შედეგადაც გადადგა მეტერნიხის მთავრობა. კარლო-ალბერტომ ისარგებლა სიტუაციით და ავსტრიას ომი გამოუცხადა. იგი თვითონ ჩაუდგა სათავეში თავის არმიას. ერთი თვის განმავლობაში მან რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა და ივნისის დასაწყისისთვის პიემონტს ლომბარდია და ვენეცია შეუერთა. ტოსკანამ მას მხარი დაუჭირა, აჯანყებული ნეაპოლი და პაპის სახელმწიფოც მხარში ამოუდგნენ, მაგრამ წარმატებების პერიოდი ამით დამთავრდა.

გარიბალდიმ დასტოვა მონტევიდეო 1848 წლის 15 აპრილს. წამოსვლის წინ მან იცოდა, რომ მთელ იტალიაში ეროვნულ — გამათავისუფლებელი მოძრაობის დიდი აღმავლობა და გამარჯვების მოლოდინი სუფევდა. მგზავრობა გაგრძელდა ორნახევარი თვე და ამ პერიოდში სიტუაცია შეიცვალა სწრაფად უარესობისაკენ. 15 მარტს ნეაპოლის მეფემ ჩაახშო თავის ქვეყანაში რევოლუცია და უკან გამოიწვია ჯარი. რომის პაპმა პიუს IX-მ გამოაცხადა, რომ რადგან ის არის ყველა კათოლიკეთა მოძღვარი, მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ავსტრიის წინააღმდეგ ომს. ვენაში რევოლუციური ტალღა დაცხრა და ავსტრიელებმა მთელი ძალით შეუტიეს ლომბარდიას და უკუაგდეს პიემონტის ჯარი. კარლო-ალბერტოს მიერ ინიციატივის ხელიდან გაშვების მიზეზი ნაწილობრივ ისიც იყო, რომ მილანშიც და ვენეციაშიც ავსტრიელების განდევნის შემდეგ რესპუბლიკები იყო გამოცხადებული, რაც მონარქ კარლო-ალბერტოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

გარიბალდი ჩამოვიდა იტალიაში ივნისის ბოლოს და 4 ივლისს მას მეფემ აუდიენცია დაუნიშნა. ამ შეხვედრამ მათ ორივეს იმედი გაუცრუა. ერთი მხრივ იყო დახვეწილი არისტოკრატი კარლო-ალბერტო, გამოწყობილი ბრწყინვალედ მორგებულ მუნდირში, და მეორე მხრივ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მოუწესრიგებელი გარიბალდი, გამოწყობილი თავის ეგზოტიკურ პარტიზანულ სამოსში, და თანაც საკმაოდ შელახული მალარიის ახლადგადატანილი შეტევის შემდეგ. კარლო-ალბერტომ ჩათვალა, რომ მისი არმიისთვის თავისმოჭრა იქნებოდა გენერლის წოდების მინიჭიბა ამ "მონტევიდეოლი ვაჟბატონისთვის“. გარიბალდიმაც თავის მხრივ მეფეზე შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „ჩვენი უბედური სამშობლოს ბედი არასაიმედო ადამიანის ხელში აღმოჩნდა“ და თავის მეომრებთან ერთად დასტოვა პიემონტი და წავიდა მილანში, სადაც ადგილობრივმა დროებითმა მთავრობამ მას ვოლონტიორების (სახალხო ლაშქრის) სამათასიანი კორპუსი ჩააბარა. მაგრამ ამავე თვის ბოლოს, 25 ივლისს კარლო-ალბერტოს არმიამ წააგო გადამწყვეტი ბრძოლა და ავსტრიელებმა დაიკავეს მილანი და მთელი ლომბარდია. ომი წაგებული იყო.

გარიბალდი აღმჩნდა გაურკვეველ სიტუაციაში. მასთან ჩამოვიდა მაძინი და მოუწოდა დაეწყოთ პარტიზანული ომი. მაგრამ მაძინი როგორც სამხედრო ორგანიზატორი აბსოლუტურად უვარგისი იყო, გარიბალდი კი, მიუხედავად თავისი დიდი გამოცდილებისა, იტალიელებისთვის ჯერ მაინც მარგინალი იყო. ჩრდილოეთ იტალიაში იგი აღმოჩნდა თავისთვის უცხო გარემოში, ადგილობრივ პირობებს ის არ იცნობდა. მას ძალიან უკვირდა, რომ გლეხობა პარტიზანებს კი არ ეხმარებოდა, არამედ მტრულად ექცეოდა. მას არ ესმოდა, რომ სოფლებში ისედაც გაჭირვება და შიმშილი იყო, და ომს ახალი გაჭირვებისა და სასტიკი რეპრესიების გარდა არაფერი მოჰქონდა გლეხებისთვის. ამიტომ პარტიზანული ომი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

გარიბალდიმ ფარ-ხმალი არ დაყარა. მას არავითარი კონკრეტული გეგმა არ გააჩნდა, მაგრამ მზად იყო ებრძოლა ყველგან, სადაც კი საჭირო იქნებოდა. და როდესაც მან დეპეშა მიიღო რომიდან იმის შესახებ, რომ იქ რევოლუცინერებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და სთხოვენ გარიბალდის თავის ლეგიონერებთან ერთად ჩამოვიდეს, გარიბალდი დაუყოვნებლივ გაემართა რომში.

რომის რესპუბლიკის თავდაცვა და დაცემა; მეორე ემიგრაცია

 
გარიბალდი ალპებში

რომი იყო წმინდა ტახტის სახელმწიფოს დედაქალაქი. 1848 წლის ნოემბერში რესპუბლიკელებმა განდევნეს პაპი პიუს IX და მიმართეს გარიბალდის თხოვნით დახმარებოდა ქალაქის დაცვის ორგანიზებაში. თითქმის ორი თვე დასჭირდათ გარიბალდის ლეგიონერებს ზამთრის პირობებში, რომ გადაელახათ უღელტეხილები აპენინებში და მიეღწიათ რომამდე. ურუგვაიდან ჩამოსული მეომრები გამოწყობილები იყვნენ წითელ ხალათებში და თეთრ პონჩოებში, უნაგირებზე მიბმული ჰქონდათ ლასო. გზაში ისინი იკვებებოდნენ მოსახლეობის ხარჯზე და თავისი შეხედულებით აფრთხობდნენ სოფლელებს, რომელთა თვალში უფრო ყაჩაღებს ჰგავდნენ, ვიდრე მეომრებს.

რომში მაძინიც ჩამოვიდა. 1849 წლის 9 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელი საბჭოს ასამბლეის სხდომა, რომელმაც გარიბალდის წინადადებით გამოაცხადა რომის რესპუბლიკის დაარსება და პაპის მართველობის გაუქმება. მიღებული იყო გადაწყვეტილება ეკლესიის ქონების კონფისკაციის, აგრეთვე საყოველთაო განათლების, ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების და ყველა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ. მაძინის წინადადებით ასამბლეამ მოხაზა სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვით ყოფილი საეკლესიო მიწები განაწილდებოდა უღარიბეს მიწადმოქმედთა ოჯახებს შორის. მაგრამ რომის რევოლუციური მთავრობა და მისი სარდალი გარიბალდი თავს არ იტყუებდნენ: მათ იცოდნენ, თუ რა დიდი საფრთხე მოელოდა რომს.

1849 წლის მარტში ავსტრიამ საბოლოოდ გაანადგურა პიემონტის არმია. გამათავისუფლებელი მოძრაობისათვის ეს კატასტროფა იყო, პიემონტი გადაურჩა ავსტრიის მიერ ოკუპაციას მხოლოდ საფრანგეთის ჩარევის წყალობით. კარლო-ალბერტო გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის სასარგებლოდ. ავსტრიის ჯარებმა ისევ დაიკავეს ლომბარდია, ტოსკანა, პარმა, მოდენა და სხვა ქალაქები. დამოუკიდებელნი დარჩნენ მხოლოდ რომი და ვენეცია — ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. ავსტრიის ჯარი მიემართებოდა რომისაკენ და გარიბალდი რომის თავდაცვის ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში.

რომის რევოლუცია აღმოჩნდა ევროპული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში. რომის პაპმა პიუს IX-მ მიმართა ყველა კათოლიკურ ქვეყანას თხოვნით დაეცვად მისი უფლებები წმინდა ტახტის სამფლობელოზე. საფრანგეთის მთავრობამ, რომელიც დაინტერესებული იყო იტალიაში გავლენის გაძლიერებაში ავსტრიის საპირისპიროდ, მიიღო გადაწყვეტილება რომში ჯარის სასწრაფოდ გაგზავნის შესახებ იმ მიზნით, რომ რომის პაპსა და მის ქვეშევრდომებს შორის მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი. გაგზავნილი იყო მხოლოდ სამათასიანი კონტინგენტი, რადგან სამხედრო ოპერაცია არ იგეგმებოდა. იგულისხმებოდა, რომ იტალიელები კეთილგანწყობილები იქნებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის არმიის მიმართ.

როდესაც რომში გახდა ცნობილი ფრანგული ჯარის გადმოსხმის შესახებ, ასამბლეამ დაავალა "ტრიუმვირატს გადაარჩინოს რესპუბლიკა და ძალას ძალა დაუპირისპიროს". გარიბალდიმ კარგად გაამზადა თავდაცვის პოზიციები. როგორც კი გამოჩნდა რომისაკენ წყნარად მომავალი ფრანგული ჯარი, მას მოულოდნელად ჯვარედინი ცეცხლი გაუხსნეს და მანამ ფრანგები გონზე მოვიდნენ, გარიბალდიელები ხელჩართულ ხიშტებიან იერიშზე გადავიდნენ და ფრაგები იძულებულები გახდნენ დიდი დანაკარგით უკან დაეხიათ. გარიბალდის უნდოდა ფრანგები გემებამდე ედევნა და ამით თავისი გამარჯვება გაემტკიცებინა, მაგრამ რომის მთავრობა გრძნობდა, რომ საქმე ასე მარტივად არ დამთავრდებოდა და ამიტომ შეაჩერეს გარიბალდი ფრანგებთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების შიშით. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.

მომხდარმა შეტაკებამ პარიზში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ლუი-ნაპოლეონმა, რომელიც ერთი წლით ადრე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად იყო არჩეული, ასე მისწერა თავის სარდალს რომში: "საქმე ეხება ჩვენ მხედრულ ღირსებას და მე არ დავუშვებ მის დაკნინებას." ფრანგული ჯარის კონტინგენტი რომში გაზარდეს ათჯერ და გააძლიერეს არტილერიით. რომი საშინელ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რომის დამცველებს შორის გარდა იტალიელებისა იყვნენ პოლონელი და უნგრელი პატრიოტები, ინგლისელი მოხალისეები, ფრანგი დისიდენტები. მაგრამ ეს ლაშქარი არასაკმარისი იყო ქალაქის დასაცველად. კატასტროფა გარდაუვალი იყო. ფრანგმა გენერალმა მისწერა რომის მთავრობას, რომ რადგან ის იწყებს იერიშს რომზე, მოსახლეობას შეუძლია შეუფერხებლად დატოვოს ქალაქი. რომის შტურმი ფრანგებმა დაიწყეს 1 ივნისს. ქალაქს არტილერია დაუშინეს, რითაც დიდი ზიანი მიაყენეს ქალაქის ისტორიულ ნაწილს და მშვიდობიან მოსახლეობას. გარიბალდიელები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მათი გმირობა უძლური იყო მაღალპროფესიული ფრანგული არმიის წინააღმდეგ. მთელი თვე გრძელდებოდა ბრძოლები, გარიბალდის საუკეთესო მეომრები, მათ შორის მონტევიდეოელები, დაიღუპნენ. თვითონ გარიბალდი თავდაუზოგავად იბრძოდა გაუჩერებლივ წინა ხაზზე. ბოლოს, როდესაც შემდგომი წინააღმდეგობის ყველა შესაძლებლობა ამოწურული იყო, 2 ივლისს გამოცხადდა დაზავება. გარიბალდიმ შეკრიბა თავისი ლეგიონის ნარჩენები და უთხრა: "მე მივდივარ რომიდან. ვისაც უნდა გააგრძელოს ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ, გამომყევით. მაგრამ თქვენ მოგელით მხოლოდ შიმშილი, წყურვილი, ბრძოლები და სიკვდილი." და ლეგიონერები გაჰყვნენ მას. გარიბალდის გვერდით ცხენით მიჰყვებოდა ანიტა.

მეორე დღეს ფრანგულმა ჯარმა დაიკავა რომი. მთელი იტალია მოიცვა მასიური რეპრესიების და დახვრეტების ახალმა ტალღამ.

გარიბალდი თავისი პატარა ჯარით გაემართა ვენეციისკენ, რომელიც ჯერ იბრძოდა. მათ უნდა გადაელახათ აპენინები ე. წ. ვირის ბილიკებით, რადგან მათ ფეხდაფეხ ავსტრიელები მისდევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად დაშინებული იყო, რომ არაფრით მათ არ ეხმარებოდა. თანამებრძოლებმა ვერ გაუძლეს სიძნელეებს და დაიფანტნენ, ბოლოს გარიბალდის მხოლოდ რამდენიმე ათეული უერთგულესი თანაშემწე შემორჩა. ანიტა ავად გახდა. უდიდესი სიძნელეებით მათ მიაღწიეს ადრიატიკის სანაპიროს, ეცადნენ მეთევზეთა გემებით ვენეციისკენ გასვლას, მაგრამ ავსტრიულმა ესკადრამ გზა გადაუკეტა, მოუხდათ უკაცრიელ ნაპირზე გადმოსვლა, ტყეში დამალვა. აქ ტყეში ანიტა გარდაიცვალა. გარიბალდი იძულებული გახდა ადგილობრივი გლეხებისთვის დაეტოვებინა გვამი დასამარხავად, თვითონ კი სასწრაფოდ გაეცალა ამ ადგილს, რადგან ავსტრიელები მას არ დაინდიბდნენ. თითქმის ყველა მისი თანამებრძოლე უკვე დააპატიმრეს და დახვრიტეს.

გარიბალდიმ მოახერხა მთელი ნახევარკუნძულის ხელახლა გადალახვა და პიემონტამდე მიღწევა. პიემონტის მთავრობა იძულებული გახდა ფორმალურად ის დაეპატიმრებინა (ის საპატიმროში კი არა, ერთ - ერთ ციხედარბაზში მოათავსეს). შემდეგ კონვოის თანხლებით გარიბალდი ნიცაში გაამგზავრეს დედის და შვილების სანახავად. თანამემამულეები მას აღფრთოვანებით შეხვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ შესთავაზა იტალიის დაუყოვნებლივ დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ტურინის პარლამენტმა გამოთქვა პროტესტი "გენერალ გარიბალდის" სამშობლოდან გაძევების წინააღმდეგ, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ამ დროისთვის ვენეციის რესპუბლიკაც უკვე დაცემული იყო და როგორც ერთმა პატრიოტმა სთქვა: "ჩვენ დავეცით უფსკრულის ფსკერზე... იქ უნდა გავჩერდეთ და მიმოვიხედოთ, შემდეგ კი ყველაფერი ხელახლა უნდა დავიწყოთ."

 
გარიბალდის მუზეუმი სტეიტ-აილენდზე

1850 წლის ივნისში გარიბალდი ნიუ-იორკში გაემგზავრა. მან ნიცაში დატოვა სამი დაობლებული მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედა, რომელსაც ახლობლები დაეხმარებოდნენ ბავშვების აღზრდაში. ტურინის მთავრობის მიერ დანიშნული პენსია და პატრიოტების მიერ მირთმეული ოქროს ხმლის გაყიდვისაგან მიღებული თანხა მან დედას დაუტოვა.

ნიუ-იორკში გარიბალდი თითქმის პარალიზებული ჩავიდა — მწვავე არტრიტი, რევმატიზმი, მალარია და სულიერი დეპრესია — ეს იყო შედეგი მისი წარუმატებელი ბრძოლისა და საყვარელი მეუღლის დაკარგვისა. იქ მას დახვდა მრავალრიცხოვანი იტალიური სათვისტომო, რომელიც ძალიან პატივისცემით, ყურადღებით და გაგებით შეხვდა გარიბალდის. ერთი წლის შემდეგ გარიბალდი ისევ გემის კაპიტანი იყო და სერავდა ოკეანეებს ყველა მიმართულებით.

ასე გრძელდებოდა 1854 წლამდე, როდესაც გარიბალდიმ დედის გარდაცვალების შესახებ გაიგო. ამ მომენტიდან მისთვის აქტუალური გახდა სამშობლოში დაბრუნება, რადგან მას შვილებზე უნდა ეზრუნა. როგორც იქნა დადგა დრო, როდესაც მან მიიღო ოფიციალური მინიშნება, რომ ტურინის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნებოდა მისი დაბრუნებისა სამშობლოში.

გარიბალდის დაბრუნება ემიგრაციიდან; იტალიის პოლიტიკური მდგომარეობა 50-ან წლებში

1850 წლის შემდეგ, გარიბალდის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, პიემონტში მოხდა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები. ქვეყანა აქტიურად დაადგა ეროვნული პოლიტიკის გატარების გზას. ახალი მეფე ვიტორიო ემანუელე II, რომელიც ტახტზე ავიდა თავისი მამის გადადგომის შემდეგ 1849 წელს, ძალიან ენერგიული, მებრძოლი სულისკვეთების პიროვნება იყო, მართალია მას ავტორიტარული თვისებებიც გააჩნდა, მაგრამ ის იყო სიტყვის კაცი და ზუსტად იცავდა კონსტიტუციას. მის ხელში ტურინი გადაიქცა იტალიის ერთადერთ ოაზისად, სადაც იყო სიტყვის და აზროვნების თავისუფლება. აქ თავი მოიყარეს მთელი იტალიის ინტელექტუალებმა და პატრიოტებმა.

1852 წელს პიემონტიის მთავრობას სათავეში ჩაუდგა დიდი იტალიელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწე გრაფი კამილო ბენსო დი კავური, რომელმაც ისეთივე როლი შეასრულა იტალიისთვის, როგორც ბისმარკმა გერმანიისთვის. კავური იყო სულისჩამდგმელი პოლიტიკისა, რომლის საშუალებით პიემონტი სულ მოკლე დროში გახდა იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი მოწინავე წარმატებული ქვეყანა და მას როგორც მაგნიტს უნდა მიეზიდა დაქუცმაცებული იტალიის ყველა ნაწილი. ჩატარებული იყო რეფორმები, დაარსდა ახალი ბანკები, დაიგო რკინიგზების ხშირი ქსელი, მოდერნიზებული იყო პორტები, შეიქმნა ძლიერი არმია, ეკლესიას თავისი ადგილი მიეჩინა.

კავურმა კარგად გააანალიზა 1848-1849 წლების დამარცხებების მიზეზები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავსტრიასთან დასაპირისპირებლად პიემონტს დასჭირდებოდა ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას სამხედრო კონფლიქტის დროს. ასეთ მოკავშირეებად მან მიიჩნია ინგლისი და საფრანგეთი, რომლებთანაც ხელშეკრულებები დადო. 1854 წელს, როდესაც ამ მოკავშირე ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ომი, კავურმა გააგზავნა სევასტოპოლში სამხედრო კონტინგენტი. ამით მან იმას მიაღწია, რომ 1856 წელს პარიზის კონგრესზე მას მიეცა საშუალება მწვავედ დაეყენებინა იტალიის საკითხი. მაგრამ იტალიის აღორძინებისთვის, ბუნებრივია, მარტო დიპლომატია არ იყო საკმარისი, საჭირო იყო პატრიოტული მოძრაობის კონსოლიდაცია პიემონტის მონარქიის ეგიდით. ამ თვალსაზრისით კავური დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გარიბალდის ფენომენს. ეს ორი პიროვნება, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ერთ დიდ საქმეს, იყვნენ ერთმანეთის სრული ანტიპოდები და არა მარტო თავისი წარმომავლობით, წარსული ცხოვრებით და სამყაროს აღთქმით.

გარიბალდისთვის პოლიტიკა იყო აღტყინება, თავგანწირული ბრძოლა იდეალებისთვის და მისი იდეალი იყო დემოკრატიული რესპუბლიკა. არისტოკრატი კავური მონარქიის უსაზღვროდ ერთგული იყო და პოლიტიკაში იგი მოქმედებდა ვირტუოზული მოჭადრაკესავით. გარიბალდი მისთვის იყო ძლიერი საჭადრაკო ფიგურა, რომელიც რაციონალურად უნდა გამოეყენებინა. გარიბალდი, მიუხედავად თავისი იდეალიზმისა, გრძნობდა, რომ არსებულ თანამედროვეობაში იტალიის რესპუბლიკად ჩამოყალიბება არარეალური იყო და სანუკვარი მიზნის მისაღწევად ერთადერთი შესაძლებლობა იყო ეროვნული ძალების გაერთიანება პიემონტის დინასტიის ძალებთან. ამიტომ გარიბალდიმ მიიღო გადაწყვეტილება მხარში ამოსდგომოდა ვიტორიო-ემანუელე II-ს.

1854 წელს გარიბალდი დაბრუნდა თავის მშობლიურ ნიცაში შვილებთან. მას მიეცა საშუალება შეეძინა მამული პატარა კუნძულ კაპრერაზე სარდინიის მახლობლად, სადაც მან პირველად ცხოვრებაში აიშენა საკუთარი ხელით სახლი და დასახლდა შვილებთან ერთად.

1857 წელს ტურინში ჩამოყალიბდა ეროვნული პარტია, რომელშიც მონარქისტებთან ერთად რესპუბლიკელებიც გაერთიანდნენ და მიიღეს შემდეგი დეკლარაცია: "რესპუბლიკური პარტია თავს სწირავს ეროვნულ საქმეს, რადგან დარწმუნებულია, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა შეიქმნას იტალია და ჩვენ ვეგუებით სავოის სახლს — დაე შექმენით იტალია და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ" (სავოის სახლი ანუ დინასტია იყვნენ პიემონტ-სარდინიის მონარქები). გარიბალდი იყო ამ პარტიის დამფუძნებელთა შორის და მათი დევიზი იყო "იტალია და ვიტორიო-ემანუელე".

ამგვარად კავურმა შექმნა ქვეყანაში მეტად ნოყიერი ნიადაგი გამათავისუფლებელი ომის დასაწყებად. მაგრამ მას აუცილებლად სჭირდებოდა მოკავშირე დიდი ქვეყნის მხარდაჭერა. ასეთ ქვეყნად მას საფრანგეთი მიაჩნდა. 1852 წლიდან შარლ-ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი კი არა, არამედ ფრანგების იმპერატორი ნაპოლეონ III იყო. ამ ადამიანს სურდა თავისი დიდი ბიძის ნაპოლეონ I-ის დიდების ღირსი ყოფილიყო. მის მმართველობის დროს საფრანგეთი ისევ გახდა ყველაზე გავლენიანი ქვეყანა კონტინენტალურ ევროპაში. კავური მოქმედებდა ფარული დიპლომატიის მეთოდებით, კერძოდ მან მიუგზავნა ნაპოლეონ III-ს ულამაზესი იტალიელი ნორჩი არისტოკრატი ქალი ჰერცოგის ასული ვირჯინია ორლონი, რომელიც იმპერატორის შეყვარებული გახდა და ცდილობდა იტალიის დახმარებისკენ ებიძგა მისთვის. მაგრამ გადაწყვეტილება ნაპოლეონ III-ს მიაღებინა კავურის მიერ აბსოლუტურად გაუთვალისწინებელმა მოულოდნელმა ტრაგიკულმა შემთხვევამ.

1858 წლის იანვარში ტერორისტმა ნაპოლეონ III-ს კარეტას სამი ბომბი ესროლა, იმპერატორი შემთხვევით გადარჩა. დაპატიმრებული ტერორისტი აღმოჩნდა კარბონარების ორგანიზაციის წევრი იტალიელი გრაფი ფელიჩე ორსინი და მან სიკვდილით დასჯის წინ მისწერა ნაპოლეონ III-ს წერილი, რომელშიც ახსნა თავისი საქციელის მოტივები. აღმოჩნდა, რომ მომავალი იმპერატორი ახალგაზრდობაში, როდესაც ემიგრანტი იყო და რომში ცხოვრობდა 1833 წელს, კარბონარების ორგანიზაციის წევრი ყოფილა და ერთგულების ფიციც კი ჰქონია დადებული. ფიცის გატეხვა კარბონარების წესდების თანახმად სიკვდილით ისჯებოდა და ნაპოლეონს ეს განაჩენი გამოტანილი ჰქოდა რომის 1849 წლის მოვლენების გამო. მაგრამ ამ წერილში ნაპოლეონს ეძლეოდა შანსი: "სირ — სწერდა მას ორსინი, — ნუ უარყოფთ პატრიოტის უკანასკნელ ვედრებას, გაათავისუფლეთ ჩემი სამშობლო და თქვენზე ილოცებს მთელი იტალიელი ხალხი და მათი შთამომავალნი". ისტორიკოსების აზრით ამ წერილმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაპოლეონ III-ზე, რომ მან მიიღო იტალიის შესახებ გადაწყვეტილება.

1858 წლის ივლისში ნაპოლეონ III-მ ფარულად გამოიძახა კავური საფრანგეთში და მათ შეიმუშავეს საიდუმლო ხელშეკრულება საფრანგეთსა და პიემონტს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად პარიზი ვალდებულებას იღებდა დაეჭირა მხარი ტურინისთვის ვენის წინააღმდეგ ომში. ამ ომის შედეგად პიემონტს შეუერთდებოდა მთელი ჩრდილოეთ იტალია, და კონპენსაციის სახით პიემონტი დაუთმობდა საფრანგეთს ნიცას და სავოის საგრაფოს.

დაიწო მზადება ომისათვის. გარიბალდი გამოიძახეს ტურინში და პიემონტის არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. მას დაევალა რეზერვისტებისაგან (ე.წ. ვოლონტიორებისაგან) ალპიურ მსროლელთა (ბერსალიერების) კორპუსის ჩამოეყალიბა. მეფემ პირადად მიიღო გარიბალდი და მათი შეხვედრა თბილი და გულწრფელი აღმოჩნდა.

ვენისთვის არ დარჩა შეუმჩნეველი ტურინის და პარიზის ომისათვის მზადება და ავსტრიის იმპერატორმა ფრანც-იოსებმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის. 1859 წლის 25 აპრილს მან წარუდგინა პიემონტს ულტიმატუმი მოთხოვნით განეიარაღებინათ და დაეშალათ გარიბალდის კორპუსი. კავურმა უარყო ულტიმატუმი და 29 აპრილს ავსტრიის ჯარი შეიჭრა პიემონტში.3 მაისს ნაპოლეონ III-მ სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად გამოუცხადა ავსტრიას ომი და თვითონ გამოემართა იტალიაში თავისი ჯარის სათავეში.

ფრანგული ჯარის ჩამოსვლას მთელი თვე დასჭირდა და ვინაიდან პიემონტის რეგულარული არმია რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებოდა ავსტრიის არმიას, ტურინს ოკუპაციის საფრთხე დაემუქრა და მისმა დაცვამ ფაქტობრივად გარიბალდის კორპუსის ზურგზე გადაიარა. ამ დროს საფრანგეთის ჯარმა სწრაფი მარშით გადმოლახა ალპიური უღელტეხილები, ნაწილი კი ჩამოვიდა გენუიაში ზღვით და მათ ტურინში ყვავილებით და "ბრავოს" ძახილით შეხვდნენ. ნაპოლეონ III-ს სურვილი ჰქონდა თავისი დიდი ბიძის 1796 წლის ელვისებური ომი გაემეორებინა. ავსტრიელებსაც ძალიან კარგად ახსოვდათ ნაპოლეონ I. გამოჩნდნენ თუ არა ფრანგები, მათ დაკარგეს შემართება და ინიციატივა, დაუშვეს ფრანგული და პიემონტური ჯარების შეერთება და ზედიზედ ორი დამარცხება განიცადეს, რის შედეგად 8 ივნისს ვიტორიო-ემანუელე II და ნაპოლეონ III ტრიუმფით შევიდნენ გათავისუფლებულ მილანში.

გარიბალდის კორპუსი გადაყვანილი იყო ფრონტის მეორეხარისხოვან უბანზე - სამხედრო ხელმძღვანელები იგივე გენერლები იყვნენ, რომლებმაც 1848 წელს არ დაუშვეს გარიბალდი პიემონტის არმიაში ჩარიცხვა. კავურიც თავის მხრივ ცდილობდა, რიმ ნაპოლეონ III-ს არ მოხვედროდა თვალში სახალხო ლაშქარი, რომელსაც გარიბალდი ხელმძღვანელობდა. გარიბალდიმ არ მიიღო დაპირებული შეიარაღება, შტაბიდან მიღებული განკარგულებები უმეტესად უაზრო და დამღუპველიც კი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ბრძოლებით იწევდა წინ, იკავებდა ქალაქებს და ხელთ იგდო აუარებელი ავსტრიული სამხედრო აღჭურვილობა და არტილერია. მაგრამ გარიბალდის მოქმედებები ამ ომში მეორეხარისხოვანი იყო, მიუხედავად იმ დიდი ყურადღებისა, რომელსაც მას ყველა გაზეთები უთმობდნენ.

გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა საფრანგეთის და ავსტრიის არმიებს შორის ჯერ მაჯენტაში 4 ივნისს, შემდეგ სოლფერინოში 24 ივნისს და დამთავრდა ავსტრიელების სრული დამარცხებით. ეს ბრძოლები იყო იმდენად მძიმე და სისხლიანი , მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა ორივე მხრიდან იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ორივე იმპერატორმა სასწრაფოდ დაიწყეს მოლაპარაკება ზავზე, რომელსაც ხელი 1859 წლის 11 ივლისს მოაწერეს ვილაფრანკაში. საზავო ხელშეკრულების თანახმად ავსტრიის იმპერატორმა ფრანც-იოსებმა გადასცა ნაპოლეონ III-ს, როგორც ომში გამარჯვებულ მხარეს, ლომბარდია, და ნაპოლეონ III-მ კი თავის მხრივ გადასცა ის პიემონტს კეთილგანწყობის ნიშნად. ეს პიემონტისთვის დამამცირებელი იყო, და რაც მთავარია, გაურკვეველი დარჩა ჩრდილოეთ იტალიის იმ სახელმწიფოების ბედი, რომლებიც ლომბარდიასა და რომს შორის მდებარეობდნენ (პარმა, მოდენა, ტოსკანა, რომანია), საიდანაც მოსახლეობამ განდევნა ვენის მოკავშირე მონარქები და პიემონტთან გაერთიანება მოინდომა. რაც შეეხება ვენეციას, ის ავსტრიის სრულ მფლობელობაში რჩებოდა. იტალიელები გულგატეხილები იყვნენ, კავური სასოწარკვეთილი, რადგან თვლიდა, რომ ნაპოლეონ III-მ არ შეასრულა ბოლომდე თავისი დაპირება, მაგრამ იძულებული იყო შერიგებოდა რეალობას და დაეწყო რთული დიპლომატიური ვაჭრობა პარიზთან.

გარიბალდიმ, რომელსაც დიპლომატიური თამაშები სძულდა, დააპირა თავისი ძალებით გასვლა "ცენტრში" (პარმა, ბოლონია, ფლორენცია) და პერსპექტივაში "სამხრეთში" (რომი, ნეაპოლი, პალერმო). მაგრამ ვიტორიო-ემანუელე II-მ მას პირადად დაჟინებით სთხოვა: "იყავით ძალიან ფრთხილად, არ არის საჭირო პარიზის გაღიზიანება". სიტუაცია ისე განვითარდა, რომ გარიბალდი იძულებული იყო გაჩერებულიყო. 23 ივლისს მან დაშალა თავისი კორპუსი და გამოთხოვებისას ასეთი სიტყვებით მიმართა თავის ჯარისკაცებს: "არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ მადლობლები ვიყოთ ნაპოლეონ III-ს და გმირული ფრანგული ერის, რომლის ამდენმა შვილმა თავი გასწირა იტალიის გასათავისუფლებლად".

კავურმა ოსტატურად ჩაატარა მოლაპარაკებები ნაპოლეონ III-სთან და დაითანხმა იმაზე, რომ ლომბარდიასთან ერთად მთელ ჩრდილოეთ იტალიაში (პარმა, მოდენა, რომანია, ტოსკანა) ჩატარდებოდა პლებისციტი, რომლის შედეგად ეს სახელმწიფოები შეუერთდებოდნენ პიემონტის სამეფოს, პარიზი კი თავისი სამხედრო დახმარების საფასურად მიიღებდა ნიცას და სავოის საგრაფოს, სადაც აგრეთვე ჩატარდებოდა შესაბამისი პლებისციტი.

გარიბალდიმ რომ გაიგო ამ პირობის შესახებ, შეშფოთებულმა შეკითხვა გაუგზავნა ნიცის შესახებ ვიტირიო-ემანუელე II-ს და მიიღო მეფისგან შემდეგი პასუხი: "გადაეცით გენერალს, რომ საუბარია არა მარტო ნიცაზე, არამედ სავოიაზეც, და თუ მე ვთმობ ჩემს წიმაპართა მიწას, ჩემთვის ეს უფრო მძიმეა, ვიდრე მისთვის".

პლებისციტი ცეტრალურ იტალიაში გაიმართა 1860 წლის 11 მარტს და მოსახლეობამ დაადასტურა თავისი სურვილი ვიტორიო-ემანუელე II-ს ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პლებისციტი გაიმართა სავოიაში და ნიცაში და იქ მოსახლეობის 85%-მა გამოთქვა სურვილი შესულიყო საფრანგეთის შემადგენლობაში.

გულგატეხილი გარიბალდი გენერლობიდან გადადგა და თავის მამულში დაბრუნება არჩია. მეფემ მადლობის ნიშნად მას სამახსოვროდ შესანიშნავი სანადირო თოფი გაუგზავნა.

ერთიანი იტალიის სამეფოს შექმნა

ჩრდილოეთ იტალიის გაერთიანებამ ერთ სამეფოდ 1859 წელს იმპულსი მისცა იტალიის სამხრეთ ნაწილს — ე. წ. ორივე სიცილიის სამეფოს მძლავრი რევოლუციური ძვრებისაკენ. ეს სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო ნეაპოლი, შედგებოდა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილისაგან და სიცილიისაგან. ქვეყანას ბოლო 130 წლის განმავლობაში მართავდა ნეაპოლელი ბურბონების დინასტია. უნდა ითქვას, რომ ორივე სიცილიის სამეფო განსხვავებით ეკონომიკურად მძლავრ და წარმატებულ ჩრდილოეთ იტალიისაგან (მილანი, ბოლონია, ფლორენცია და განსაკუთრებით ტურინი), ცხოვრობდა შუა საუკუნეების პირობებში — აქ რამდენიმე ფეოდალი, ე. წ. გეპარდი, ფლობდა უზარმაზარ ლატიფუნდიებს, სახელმწიფოს მოურავებივით მართავდნენ კორუმპირებული მოხელეები და მოსახლეობის ძირითადი მასა — გლეხები და მწყემსები — განუსაზღვრელ გაჭირვების და უუფლებობის პირობებში ცხოვრობდა. გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა, ძალადობა, სისხლის აღება, ძარცვა და "მაფიის" თარეში — ასეთ რეალობას ჰქონდა ადგილი სამხრეთში, განსაკუთრებით სიცილიაში.

კავური, როგორც რეალისტურად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწე, მიუხედავად თავისი პატრიოტიზმისა, როდესაც გეგმავდა ერთიანი იტალიის შექმნას, დიდი სიფრთხილით უყურებდა ნახევარკუნძულის სამხრეთის და სიცილიის პოლიტიკური მიერთების საკითხს. იგი პრიორიტეტულად მიიჩნევდა ჩრდილიეთის მიერ ეკონომიკურ ექსპანსიას სამხრეთში და კაპიტალების საშუალებით მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას. ამას სჭირდებოდა დიდი დრო, მაგრამ ჯერ ერთი ტურინს დროებით ამოწურული ჰქონდა თავისი საბრძოლო პოტენციალი, მეორე მხრივ ევროპაში უნდა აღდგენილიყო წონასწორობა, დარღვეული 1859 წლის საფრანგეთ-პიემონტის და ავსტრიის ომით, და მესამე, რაც მთავარია, აარიდებდა ჩრდილოეთ იტალიას იმ "განგრენის" გავრცელებას, რომელიც სამხრეთს სჭირდა.

რადიკალურად განწყობილი პატრიოტები, მათ შორის მაძინი, საპირისპირო აზრს იზიარებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ საკმარისია ბნელი გაუნათლებელი გლეხობის გამოღვიძება და მთელი იტალია სოციალური აჯანყებით იქნება მოცული. ასეთი გამოღვიძების მცდელობა მათ უკვე რამდენიმეჯერ მოიმოქმედეს, უკანასკნელად 1857 წელს, მაგრამ რეალობაში გლეხობა რევოლუციონერების მიმართ ინდიფერენტულ და ხშირად მტრულ დამოკიდებულებასაც კი ამჟღავნებდა.

მაძინის მიმდევარმა სიცილიელმა ადვოკატმა და ჟურნალისტმა ფრანჩესკო კრისპიმ 1859 წელს გადაცმულმა შემოიარა სიცილიის ყველა ქალაქი და მაძინისტების კონსპირაციული კავშირები აღადგინა. მაძინი ემიგრაციიდან წერილს წერილზე აგზავნიდა, სადაც წერდა: "მე არ მოვითხოვ პიემონტის გამოსვლას არენაზე, ჩვენ უნდა თვითონ დავიწყოთ, ჩვენ!" მაგრამ ვინ იყო "ჩვენ"?

არსებობდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავისი ავტორიტეტით, თავისი ქარიზმით და თავისი სახელის სიდიადით ჩაენაცვლებინა პიემონტის მონარქია. ეს ადამიანი იყო ჯუზეპე გარიბალდი.

1860 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, რომ გარიბალდი აგროვებდა ვოლონტიორებს სიცილიაზე ლაშქრობისთვის. პრაგმატიკოსმა კავურმა არ შეუქმნა მას დაბრყოლებები, იგი გრძნობდა, რომ გარიბალდისთვის ხელისშეშლა დააკარგვინებდა მას და მის მიერ შექმნილ სახელმწიფოს მორალურ ძალას, რადგან გარიბალდის სახელი უკვე იტალიის დროშის ტოლფასი იყო, მაგრამ ყოველგვარ დახმარებაზე უარი გამოუცხადა. თავისი გამჭრიახობით კავური გრძნობდა, რომ რადიკალ - რევოლუციონერ მაძინისაგან განსხვავებით გრიბალდის რეალიზმის გრძნობა და ზომიერება გააჩნდა. ლაშქრობის წინ გარიბალდიმ მისწერა ვიტორიო-ემანუელე II-ს წერილი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ იგი ერთგული ქვეშევრდომია და დაუმორჩილებას იჩენს მხოლოდ იმიტომ, რომ სწადია უკეთესად ემსახუროს თავის ხელმწიფეს და სამშობლოს.

 
გარიბალდის ათასიანი ექსპედიცია

1860 წლის 6 მაისს ღამით გარიბალდის "ათასი", უფრო სწორედ ათას ორმოცდა ცხრა ლეგიონერი, გამოწყობილი წითელ ხალათებში და თეთრ პონჩოებში, ძალიან მცირე ამუნიციით აღჭურვილები, ჩასხდნენ გემებში და გენუიდან სიცილიისკენ გასცურეს. "ათასის" შემადგენლობაში შედიოდნენ ძირითადად ახალგაზრდა ენთუზიასტები, ესენი იყვნენ ადვოკატები, ჟურნალისტები, სტუდენტები, გარიბალდის ალპიურ მსროლელთა კორპუსის შემადგენლიბაში ნაბრძოლი პატრიოტები. ისინი იტალიის ყველა რეგიონიდან იყვნენ ჩამოსული და უსაზღვროდ სწამდათ თავისი ბელადის — "დუჩე" გარიბალდის.

ამ ლაშქრობის დაწყებამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელ ევროპაში. ალექსანდრე დიუმა თავისი იახტით სასწრაფოდ გაემართა სიცილიისენ, ერთდროულად მან დაიწყო გარიბალდის "მემუარების" გამოქვეყნება. ვიქტორ ჰიუგომ გაავრცელა შესანიშნავი ესსე, რომელშიც დაუზოგავად ამხილა ორივე სიცილიის მაშინდელი მეფე ფრანჩესკო II და მისი უსასტიკესი რეჟიმი და ხოტბა შეასხა გარიბალდის და მისი გუნდის გმირობას. პარიზის და ლონდონის გაზეთები აზარტულად აფასებდნენ გარიბალდის შანსებს და მოუწოდებდნენ თანამემამულეებს ლაშქრობაში მონაწილეობისკენ. თვით ნაპოლეონ III, რომელიც ვერ იტანდა გარიბალდის, როგორც ავანტიურული ბუნების პიროვნება, პროსპერ მერიმეს გადმოცემით, დიდ ინტერესს ამჟღავნებდა "ათასის" ლაშქრობის მიმართ.

 
ბრძოლა კალატაფიმთან

ეს ლაშქრობა თავიდანვე იღბლიანი აღმოჩნდა. 1860 წლის 11 მაისს გარიბალდის "ათასმა" მოახერხა უბრრძოლველად გადმოსხდომა სიცილიაში მარსალის პორტში. პირველი ბრძოლა ნეაპოლელ სამეფო ჯართან მათ მოუწიათ 15 მაისს ქალაქ კალატაფიმისთან და მოხდა სასწაული: წითელხალათიანმა ცუდად შეიარაღებულმა გარიბალდიელებმა ხელჩართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს შესანიშნავად შეიარაღებული მრავალათასიანი პროფესიინარული არმია, რომელმაც დემორალიზებულ მდგომარეობაში პალერმოსკენ დაიხია.

ამ ბრძოლის შემდეგ მთელი სიცილია აჯანყდა: გლეხები, მწყემსები, ქალაქელი ლიუმპენები, ყველა გახარებული იყვნენ საძულველი "ბურბონის" დამარცხებით, ბევრი მათგანი შეუერთდა "ათასს", რადგან ირწმუნეს, რომ გამარჯვების შემდეგ ისინი შესძლებდნენ მიწების თავის ნებაზე გადანაწილებას. აჯანყებულების მიმართ ნეაპოლის ჯარმა დაიწყო გასწორება ბარბაროსული სისასტიკით, როგორც წარსულ წლებში ახდენდა, რამაც საპასუხო სისასტიკე გამოიწვია აჯანყებულების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, ამან მიიღო ისეთი საშინელი ფორმები, რომ გარიბალდი შეძრწუნებული იყო: "რა საშინელი სანახაობაა... ხედავდე იტალიელების მიერ მოკლული იტალიელების გვამებს... ისინი დახოცილნი იყვნენ თავისივე ძმების მიერ ისეთი სისასტიკით, რომ აფთრებსაც კი აღაშფოთებდათ" — წერდა ის. ამ აჯანყებამ წალეკა ბურბონების ჯარი მთელ სიცილიაში, დარჩა მხოლოდ პალერმო, რომლის ციხესიმაგრეში მოიყარეს თავი სამთავრობო ჯარებმა.

26 მაისს გარიბალდიმ დაიწყო პალერმოს შტურმი. ქალაქის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა მას და მხარი დაუჭირა ბრძოლებში. ამ დროისათვის გარიბალდის "ათასს" შეუერთდა მრავალი უცხოელი მოხალისე - ძირითადად ინგლისელები და ამერიკელები — თავისივე იარაღით. უმძიმესი ბრძოლები გრძელდებოდა 19 ივნისამდე და დამთავრდა ნეაპოლის სამთავრობო ჯარის სრული კაპიტულაციით. ამ ჯარის ნარჩენებს გარიბალდიმ მისცა საშუალება გემებით დაეტოვებინათ პალერმო. ამრიგად 1860 წლის ივლისის ბოლოს უკვე მთელ კუნძულს გარიბალდი აკონტროლებდა და იგი გამოცხადდა სიცილიის დიქტატორად.

ალექსანდრე დიუმას იახტა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იდგა პალერმოს რეიდზე და მის ბორტზე იკერებოდა წითელი ხალათები მეომრებისათვის. გარიბალდის პიროვნებამ აღაფრთოვანა დიუმა და მან დაიწყო მასზე უკვე მეორე წიგნის წერა სახელად "გარიბალდიელები". რაც შეეხება თვით გარიბალდის, ამ ფანტასტიკურმა წარმატებამ თავბრუ არ დაახვია მას. ის დარჩა ისეთივე უბრალო და თავმდაბალი, როგორიც მანამდე იყო. მან გამოაცხადა, რომ არ აპირებს გაჩერებას, რომ სიცილია მხოლოდ ეტაპია, რომ წინაა ნეაპოლი, რომი და მთელი იტალიის გაერთიანება.

გარიბალდის ამ განცხადებამ მთელ ევროპაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ნეაპოლის მეფემ ფრანჩესკო II ბურბონმა ნეაპოლიდან მიმართა დახმარების თხოვნით პარიზს და ლონდონს, მაგრამ მხარდაჭერა არ მიიღო. ნაპოლეონ III-მ განაცხადა: "მე მინდა, რომ იტალია თავისით დაწყნარდეს უცხოელების ჩაურევლად". ლონდონიც იგივე აზრისა იყო: "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გათამაშებული დრამის მაყურებლები ვიყოთ".

კავურს საშინლად აშინებდა სიტუაციის განვითარების პერსპექტივა. იგი გრნობდა, რომ გარიბალდის შეჩერება შეუძლებელი იყო და გაუგზავნა მას კონსულტანტები და დამხმარე კონტინგენტი. რაც შეეხება ვიტორიო-ემანუელე II-ს, მისი პოზიცია იყო ორჭოფული: ოფიციალურად იგი ურჩევდა გარიბალდის "უარი თქვას იდეაზე გადავიდეს სიცილიიდან კონტინენტზე", და პირად წერილში კი სთავაზობდა არ დაეჯერა მის რჩევისთვის. გარიბალდიმ შესაბამისად უპასუხა მეფეს: "სირ, ჩემთვის ძნელია არ დაგემორჩილოთ თქვენ, მაგრამ მე მიხმობს ხალხი... როდესაც მე გავათავისუფლებ მოსახლეობას მონობისაგან, მე თქვენ ფეხთ დავდებ ჩემს ხმალს და იმ წუთიდან თქვენი მორჩილი ვიქნები ჩემს უკანასკნელ დღემდე".

ამგვარად გარიბალდიმ გააგრძელა თავისი ლაშქრობა. 20 აგვისტოს ის შეფერხებების გარეშე გადავიდა სიცილიიდან კონტინენტზე და გაემართა ნეაპოლისკენ. კალაბრიაში ყველა ფორტები თავისი გარნიზონებიანად და არსენალებიანად უბრძოლველად დანებდნენ მას. ეს ლაშქრობა გახდა გარიბალდის "ბრწყინვალე ტრიუმფი". მოსახლეობამაც ისევე, როგორც სიცილიაში, მას მხარი დაუჭირა.

ნეაპოლში პანიკა დაიწყო. მეფე ფრანჩესკო II-მ მიატოვა თავისი დედაქალაქი და რომს შეაფარა თავი. დარჩენილმა მთავრობამ კი, რომ გადაერჩინა ქალაქი არეულობასა და ანარქიისაგან, დეპეშა გაუგზავნა გარიბალდის როგორც "უძლეველ დიქტატორს" და "იტალიის მხსნელს" თხოვნით სასწრაფოდ შემოსულიყო ნეაპოლში და აღედგინა წესრიგი. ამიტომ გარიბალდიმ წინ გაუსწრო თავის ჯარს და ჟურნალისტების, მეგობრების, თაყვანისმცემლების დიდი ამალით გაემგზავრა ჯერ კარეტით, შემდეგ მატარებლით და 7 სექტემბერს ის უკვე ნეაპოლში იყო. ნეაპოლის მთავრობა და გარნიზონი ცერემონიალის ყველა წესების დაცვით მიესალმა მას. გარიბალდი ოფიციალურად გამოცხადდა ორივე სიცილიის სამეფოს დიქტატორად. მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ეტაპი, ის რისაც ძალიან ეშინოდა კავურს, რომელიც მოელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას.

ნეაპოლში ეროვნული მოძრაობის ირგვლივ თავი მოიყარეს არა მარტო ჭეშმარიტმა პატრიოტებმა და ლიბერალებმა, არამედ მეტწილად ბნელი წარსულის მქონე სუბიექტებმა, რათა დავიწყებული ყოფილიყო მათი წარსული, ადვილად დაწინაურებულიყვნენ და გამდიდრებულიყვნენ, ზოგს კი პირადი ანგარიშებიც გაესწორებინათ. სიცილიაში, სადაც აჯანყებული მოსახლეობა არ წყნარდებოდა, მთელი ძალით იჩინა თავი "სამხრეთულმა ყაჩაღობამ". მასიური გახდა მიწების თვითნებური მიტაცებები, მოურავების და მოხელეების თვითგასამართლებები და მკვლელობები. გარიბალდის მოუხდა ნეაპოლის სასწრაფოდ მიტოვება და პალერმოში დაბრუნება ამ არეულობების დასაშოშმინებლად და მის ლეგიონერებს მოუხდათ მოძალადეების მეთაურების დახვრეტვა. უბრალო ხალხში ამან იმედგაცრუება გამოიწვია, აღმოჩნდა, რომ მათ მხოლოდ დროშა შეეცვალათ.

რაც ხდებოდა სიცილიაში, გამეორდა კალაბრიაშიც. აქ საქმე იმითაც რთულდებოდა, რომ აქტიურად მუშაობდნენ ფრანჩესკო II-ს აგენტები, რომლებიც აქეზებდნენ მოსახლეობას არეულობებისაკენ. ფრანჩესკო II-ს კიდევ ჰყავდა ორმოცდაათათასიანი ძლიერი არმია, და იმ დროს, როდესაც გარიბალდის სიცილიაში დაბრუნება მოუხდა, ნეაპოლის მახლობლად ამ არმიამ დაამარცხა გარიბალდის შენაერთები. მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.

 
გარიბალდისა და ვიტორიო-ემანუელეს შეხვედრა 26 ოქტომბერს

ტურინის მთავრობამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოიჩინა ოპერატიულობა და მოქნილობა. კავურმა ოსტატურად გამოიყენა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარიბალდი გეგმავდა ნეაპოლიდან პირდაპირ რომისკენ გალაშქვრას, სადაც 1849 წლის შემდეგ პაპის დასაცავად ფრანგული გარნიზონი იდგა. ეს გალაშქრება უეჭველად გამოიწვევდა შეტაკებას იტალიელებსა და ფრანგებს შორის, რაც არ სჭირდებოდა არც პარიზს და არც მით უმეტეს ტურინს. კავურმა შესთავაზა ნაპოლეონ III-ს შემდეგი გეგმა: ფრანგულმა ჯარმა უნდა გაატაროს პიემონტის ჯარი პონტიფოკატის ტერიტორიაზე ნეაპოლის მიმართულებით და ამით პიემონტის ჯარი მოახდენს გარიბალდის ნეიტრალიზაციას. სამაგიეროდ ის ტერიტორიები, რომლებზეც ეს ჯარი გაივლის (მარკი და ომბრია), შეუერთდება პიემონტს, თვით რომს კი არაფერი დაემუქრება. ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ ნაპოლეონ III-მ თანხმობა განაცხადა: "იმოქმედეთ, მხოლოდ... სწრაფად". ეს გეგმა ზუსტად იყო შესრულებული და უკვე 15 ოქტომბერს ვიტორიო-ემანუელე II თავისი ჯარის სათავეში ნეაპოლში ჩავიდა. გარიბალდიმ, რომელიც ერთგული იყო მეფისადმი მიცემული სიტყვის, უყოყმანოდ მოაწერა ხელი დეკრეტს, რომლის თანახმად დიქტატორის უფლებამოსილება გადასცა ვიტორიო-ემანუელე II-ს. ამით გარიბალდის ჩამოერთვა ყოველგვარი ინიციატივის საშუალება. იგი გულნატკენი იყო: "ადამიანებს იყენებენ როგორც ფორთოხლებს, გამოსწურავენ წვენს და ქერქს აგდებენ" — დაიჩივლა მან. იგი ისევ გადადგა გენერლობიდან და სულ მარტო გაემგზავრა თავის მამულში კაპრერაზე.

1860 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა პლებისციტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ნეაპოლის სამეფო, სიცილია, ომდრია და მარკი შევლენ ვიტორიო-ემანუელე II-ს სამეფოს შემადგენლობაში, ამ სამეფოს უკვე იტალია ერქმევა და თვით ვიტორიო-ემანუელე II კი გახდებოდა უფლის წყალობით და ხალხის ნებით იტალიის მეფე.

გარიბალდის რომისკენ ლაშქრობის მცდელობის კრახი

 
ჯუზეპე გარიბალდი სარდინიაში

1860 წლის 9 ნოემბერს გადამდგარი გენერალი და ორივე სიცილიის სამეფოს ყოფილი დიქტატორი ჯუზეპე გარიბალდი გემით გაემგზავრა ნეაპოლიდან კაპრერაზე. მას ახლდა მხოლოდ მისი უფროსი ვაჟი მენოწი, თან მიჰქონდა მხოლოდ მცირეოდენი პროდუქტი და ჯიბეში სულ რამდენიმე ლირა ედო. გამცილებელ თანამებრძოლებს მან შესძახა: "რომში შეხვედრამდე". გარიბალდი ამ დროს უკვე 53 წლის იყო.

თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა გარიბალდი კაპრერაზე როგორც განდეგილი მხოლოდ თავისი ოჯახის გარემოცვაში. მაგრამ ეს განდეგილობა მოჩვენებითი იყო. მისი სახელი ქუხდა მთელ მსოფლიოში და ყოველ კვირა მასთან გემით ჩამოდიოდა აუარებელი ხალხი: ინგლისელი არისტოკრატები, რომლებიც მასში ხედავდნენ ძველ რომაელს ცინცინატს, რევოლუციონერები რუსეთიდან და ცენტრალური ევროპიდან, რომლებიც მას რჩევებს სთხოვდნენ, იტალიელი პატრიოტები, რომლებმაც "რომის და ვენეციის გათავისუფლების კომიტეტი" დააარსეს და უნდოდათ, რომ გარიბალდი ჩასდგომოდა მათ სათავეში, და უბრალოდ თაყვანისმცემლები, მათ შორის არისტოკრატი ქალბატონებიც. იტალიელ პატრიოტებს შორის იყო ორი ფრთა: ერთი მხრივ მაძინის მიმდევრები ფანატიკოსი რესპუბლიკელები და მეორე მხრივ მონარქისტები. გარიბალდი თამაშობდა არბიტრის როლს მათ შორის და მას გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ის უგვირგვინო "სახალხო მეფეა", ჭეშმარიტება მხოლოდ მის მხარეზეა და მხოლოდ მის თანამებრძოლებს სიცილიის და ნეაპოლის გმირებს აქვთ დამსახურება სამშობლოს წინაშე.

ამასთან ერთად გარიბალდი იყო თავისი მეფის ერთგული ქვეშევრდომი, ვიტორიო-ემანუელე II-ს ავტორიტეტი მისთვის ურყევი და ხელშეუხებელი იყო. მაგრამ მას სძულდა "პოლიტიკანები" და უპირველეს ყოვლისა კავური. ანტაგონიზმი გარიბალდის და კავურს შორის მომდინარეობდა არა მარტო კავურის ფრთხილი, ბალანსირებული და კომპრომისული პოლიტიკიდან, რომელიც გარიბალდისთვის გაუგებარი და ამდენად მიუღებელი იყო, არამედ ძირითადად იმ კონცეპციიდან, რომლის საფუძველზეც აგებდა კავური იტალიის სახელმწიფოს. კავურის და მონარქისტების თვალსაზრისით, ეს უნდა ყოფილიყო კონსერვატიული სამეფო, განათლებული, ეკონომიკურად წარმატებული და სამართლებრივი. რაც შეეხება გარიბალდის, მას ამ მხრივ არავითარი გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნდა.

გარიბალდის დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე სამთავრობო წრეებში საკმაოდ კრიტიკული შეხედულება გააჩნდათ, ისინი თვლიდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ნეაპოლში დროზე რომ არ შესულიყო ვიტორიო-ემანუელე II თავისი ჯარით, გარიბალდი მაძინის გავლენით იქ რესპუბლიკას გამოაცხადებდა. გარდა ამისა ქვეყნის დაჩქარებულმა გაერთიანებამ მოიტანა უამრავი პრობლემები, რომლებიც გარიბალდის გადასაწყვეტი არ იყო: კალაბრიაში და სიცილიაში არ წყნარდებოდა ყაჩაღობა, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდა ამის შემდეგ ნამდვილი პარტიზანული ომი, რომელმაც უფრო მეტი იტალიელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე რისორჯიმენტოსთვის წარმოებულმა ყველა ომმა. აქედან გასაგებია, რომ ტურინში გარიბალდის მიმართ დიდ კეთილგანწყობას არ იჩენდნენ. მას არ თვლიდნენ იმ კაცად, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა, თუნდაც დიდ პატივს სცემდნენ მის გმირობას და უანგარობას.

ასეთი იყო სიტუაცია, როდესაც გარიბალდი ტურინში ჩავიდა როგორც დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსასვლელად. მის მომხრე დეპუტატებს წინასწარ ეშინოდათ ამ გამოსვლის, რადგან გრძნობდნენ, რომ მოხდებოდა სკანდალი, რომელიც გამოიწვევდა იტალიის საზოგადოების გახლეჩვას. მეფე ვიტორიო-ემანუელე II საგანგებოდ შეხვდა გარიბალდის და ძალიან თბილად ესაუბრა მას, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.

პარლამენტის სხდომაზე, რომელიც გაიმართა 1861 წლის 18 აპრილს გარიბალდი მივიდა თავის წითელ ხალათში და რუხ პონჩოში გამოწყობილი სომბრეროთი ხელში. მემარცხენეებმა მას ტაში დაუკრეს, მემარჯვენეემა კი სიცილი დაიწყეს. გარიბალდი გამოვიდა ტრიბუნაზე, გაიშვირა ხელი კავურისკენ და მრისხანე ხმით წარმოსთქვა: "მე არასოდეს არ ჩამოვართმევ ხელს ადამიანს, რომელმაც ჩემი სამშობლო მიჰყიდა უცხოელებს (გულისხმობდა ნიცას) და ... რომლის მთავრობა ხელს უწყობს ძმათამკვლელ ომს". ატყდა საშინელი ალიაქოთი, გარიბალდის მომხრე დეპუტატებმა სცადეს შეერბილებინათ ამ სიტყვებით გამოწვეული მძიმე შთაბეჭდილება, მოუწოდეს პარლამენტს შეთანხმებისკენ და შერიგებისკენ, მაგრამ გარიბალდი შერიგებაზე თანახმა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იტალიის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა ჩაბარდებოდა მას. დეპუტატები აღშფოთებულები იყვნენ რიგორც ამ მოთხოვნით, ისე კავურის უსამართლო შეურაცხყოფით. თვით კავური, რომელიც უაღრესად ამაყი და ფეთქებადი ხასიათის კაცი იყო, იჯდა გაუნძრევლად გაფითრებული და აკანკალებული, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან იცოდა, რომ თუ მას უღალატებდა თავშეკავება, იმავე საღამოს იტალიაში შეიძლება სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, იტალია კი ამას ვერ გადაიტანდა. ეს სხდომა საბედისწერო აღმოჩნდა კავურისთვის. "აღელვებას რომ შეეძლოს კაცის მოკვლა, იმ საღამოს მე მოვკვდებოდი" — შესჩივლა მან თავის მეგობარს. თვენახევარიც კი არ გავიდა ამ სხდომის შემდეგ, რომ ორმოცდა თერთმეტი წლის კავური უეცრად გარდაიცვალა. გარიბალდიმ კი არც სინანულის და არც სამძიმრის გამოსახატავი სიტყვაც კი არ გაიმეტა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის გარდაცვალების გამო.

ამ საპარლამენტო ინცინდენტის შემდეგ გარიბალდის ავტორიტეტი და დიდება კიდევ უფრო გაძლიერდა და კავურის სიკვდილის შემდეგ მან, როგორც ეროვნულმა მოღვაწემ იტალიის მთელი პოლიტიკური სივრცე დაიკავა. მასთან კაპრერაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი ჩამოდიოდა და რომის და ვენეციის გათავისუფლების ფანტასტიკურ პროექტებს სთავაზობდნენ. გარიბალდი მათ ყველას უსმენდა და ეთანხმებოდა. მას უკვე ყველაფერი შესაძლებლად მიაჩნდა. იდეით გატაცება იმდენად დიდი იყო, რომ რეალობის შეგრძნება ფაქტობრივად დაიკარგა.

კავურის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა რატაცი, დიდი ღირსებებით დაჯილდოებული პიროვნება, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი იგი არ ფლობდა შესაძლებლობების გამოყენების ხელოვნებას ისეთ მაღალ დონეზე, როგორც კავური, სურვილი კი გამხდარიყო კავურის ტოლი მას ჰქონდა. ვიტორიო-ემანუელე II-ც მიისწრაფოდა დიდი და თამამი პოლიტიკა ეწარმოებინა, რომელიც მას რომს და ვენეციას მოუტანდა. ამიტომ გამოყენებული იყო იგივე ხერხი, რომელმაც კარგად იმუშავა 1859 წელს - ტურინში მიწვეული იყო გარიბალდი. რაზე შეთანხმდნენ რატაცი და მეფე გარიბალდისთან დარჩა საიდუმლოდ, მაგრამ მათ შეხვედრის შემდეგ გარიბალდიმ, რომელიც არ მალავდა თავის მიზანს "გაემეორებინა — გაეგრძელებინა" დაწყებული საქმე, ოფიციალურად შექმნა ტურინში თავისი შტაბი და დაიწყო ვოლონტიორების შეკრება. შემდეგ გაიმართა მისი ტურნე ჩრდილოეთ იტალიის ყველა დიდ ქალაქში, სადაც ის ხალხის დიდი თავყრილობის წინაშე მგზნებარე სიტყვებით გამოდიოდა და ეგზალტირებული ხალხი სკანდირებდა მასთან ერთად: "რომი და ვენეცია". ავსტრიამ პროტესტი გამოაცხადა მის საზღვრებთან გარიბალდის მეომრების თავმოყრის გამო და ტურინის მთავრობა შეშინდა. სასწრაფოდ დააპატიმრეს საზღვარზე მყოფი გარიბალდიელები, დაპატიმრების დროს მოხდა შეტაკება, იყვნენ მოკლულებიც. მთელი იტალია აღშფოთდა, გარიბალდიმ მომხდარი გააპროტესტა, მაგრამ მეფემ და რატაციმ მოახერხეს გარიბალდის დაყვავება და ისევე ყველასთვის საიდუმლოდ დარჩენილ მომავალ გეგმებზე დათანხმება.

უეცრად, ყველასთვის მოულოდნელად, 1862 წლის ივლისში გარიბალდი პალერმოში ჩავიდა. აქ მას ისეთი აღფრთოვანებული შეხვედრა მოუწყეს, თითქოს ის ისევ იყო სიცილიის დიქტატორი. გარიბალდი გამოვიდა პალერმოს ფორუმზე და რიხიანად წარმოსთქვა: "პალერმოს ხალხნო! საფრანგეთის მბრძანებელი, რომელმაც ფიცი გატეხა და ოკუპირებული აქვს რომი ... ყაჩაღების და მკვლელების წინამძღოლი გახდა. დავატოვებინოთ ნაპოლეონს რომი და თუ საჭირო იქნება, ახალი "სიცილიური სერობა" მოუწყოთ!" ხალხმა გარიბალდის უპასუხა ერთსულოვანი ძახილით: "რომი ან სიკვდილი!" .

გარიბალდი თავისი ვოლონტიორების კოლონების სათავეში გაბედულად გაემართა მესინის სრუტისკენ ნახევარკუნძულზე გადასასვლელად. გზაში მან მიიღო ვიტორიო-ემანუელე II-ს მკაცრი ბრზანება რომ შეეწყვიტა ლაშქრობა. გარიბალდიმ ყურად არ იღო ეს ბრძანება და გააგრძელა გზა. მას არ აინტერესებდა, რომ საფრანგეთის მთავრობამ უკვე გამოთქვა გულისწყრომა "თავხედური მუქარების" გამო და დაადასტურა თავისი განზრახვა დაიცვას "წმინდა ტახტის" სამფლობელო. ვიტორიო-ემანუელე II-ს სხვა გზა აღარ ჰქონდა — როგორც კი გარიბალდის ვოლინტიორებმა ფეხი დადგეს კალაბრიის მიწაზე, მათ სამთავრობო ჯარი გადაეღობა. ვოლონტიორების მხრიდან ატყდა სროლა, გარიბალდი, თავიდან რომ აეცილებინა შეტაკება, გამოვარდა წინა ხაზზე და ჩადგა მოწინაარმდეგეებს შორის. ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც გარიბალდი დაჭრილი მიწაზე დაეცა. ვოლონტიორები დააპატიმრეს, თვით გარიბალდი როგორც ტყვე გადაიყვანეს ფორტში.

 
გარიბალდი მკურნალობის დროს

გარიბალდის სამკურნალოდ მთავრობამ ევროპის საუკეთესო ქირურგები ჩამოიყვანა, მაგრამ პატიმრობა მაინც პატიმრობა იყო. მომხდარმა აღაშფოთა მთელი ევროპის საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც ტანჯულის შარავანდედით შეამკო გარიბალდი. სიმბოლიურ პატიმრობაში გარიბალდიმ 54 დღე გაატარა, ამ დროს მას გაუკეთეს სერიოზული ოპერაცია და გადაურჩინეს ფეხი ამპუტაციისაგან. 1862 წლის ოქტომბერში ვიტორიო-ემანუელე II-მ ამნისტია გამოუცხადა გარიბალდის და ის კაპრერაზე დაბრუნდა. ამ დროს ის უკვე 55 წლის იყო, გადატანილი ჭრილობის შემდეგ ჯანმრთელობა ძალიან ნელა უბრუნდებოდა მას, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შესძლო მან ყავარჯნებით სიარული. ძალიან მძიმედ განიცდიდა გარიბალდი თავის "უმოქმედობას და უსარგებლობას", და როდესაც გაიგო, რომ რამდენიმე ოფიცერი, რომელიც მის ლაშქრობას შეუერთდა, იყვნენ დაპატიმრებული და ზოგი დახვრეტილიც კი, იმ დროს როდესაც ის თვითონ, ამ ლაშქრობის ორგანიზატორი და მეთაური ამნისტირებული იყო, ამ უსამართლობამ ის მთლად დათრგუნა. მოვლენებზე რაიმე გავლენის მოხდენის საშუალება მას აღარ ჰქონდა, რადგან ის შინაურ პატიმრობაში იმყოფებოდა და პრესასთანაც კავშირს მოკლებული იყო.

1864 წლის დასაწყისში გარიბალდიმ მიიღო ინგლისის პრემიერ-მინისტრ პალმერსტონისგან თხოვნა სწვეოდა ინგლისს სტუმრად. მთელი ინგლისი აღმერთებდა გარიბალდის, ხედავდიენ მასში ძველი მითების გმირს, თანამედროვე ულისეს. ამ გრძნობას იზიარებდნენ საზოგადოების ყველა ფენები, მასში აფასებდნენ პიროვნებას, რომელიც სოციალური ჯგუფების დაპირისპირებაზე მაღლა იდგა და მიუხედავად თავისი რესპუბლიკური მრწამსისა, ერთგულად ემსახურებოდა მონარქიას.

ინგლისში ვიზიტი, რომელიც შესდგა 1864 წლის აპრილში, მართლაც ტრიუმფალური იყო. საუთჰემპტონის პორტში, სადაც იგი ჩამოვიდა გემით, ქუჩებში, სადაც ის გადაადგილდებოდა, რკინიგზის გასწვრივ, როდესაც ის მგზავრობდა, იკრიბებოდა აუარებელი ხალხი და მიესალმებოდა ვაშას ძახილით. მინისტრები, პარლამემტარები, ყველა გამოჩენილი პიროვნება, თვით ტახტის მემკვიდრე გარიბალდის პატივსაცემად მიღებებს მართავდნენ.

ინგლისიდან ჩამოსვლის შემდეგ გარიბალდი დროებით დაუბრუნდა პატრიარქალურ ცხოვრებას ოჯახთან ერთად კაპრერაზე, მაგრამ მას არ შეეძლო არ გაეგრძელებინა გეგმების შედგენა რომის და ვენეციის დაბრუნების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რეალური ინიციატივის გამოვლენის საშუალებას იგი მოკლებული იყო. მის გარშემო იკრიბებოდნენ მაძინისტები და მონარქისტები, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ცდილობდნენ გარიბალდის თავის მხარეზე გადაბირებას. ბოლოს გარიბალდი დაიღალა მათი ინტრიგებისგან და ლაყბობისგან, იგი უკვე 57 წლის იყო, მას შერყეული ჯანმრთელობა ჰქონდა და ძალიან ეშინოდა, რომ ასეთი უსარგებლო ცხოვრება მოელოდა მას მომავალში. ასე გრძელდებოდა 1866 წლამდე.

ვენეციის დაბრუნება იტალიის შემადგენლობაში

1864 წლის სექტემბერში პარიზსა და ტურინს შორის ხელი მოეწერა შემდეგ ხელშეკრულებას, რომელიც სამი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა:

1. იტალია კისრულობდა რომის პაპის ტერიტორიის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას;
2. საფრანგეთი იწყებდა პაპის სახელმწიფოდან თავისი ჯარის გამოყვანას, რაც ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო;
3. იტალიის ხელისუფლებას არ უნდა შეეშალა ხელი რომის პაპისთვის საკუთარი არმიის შექმნაში;

ამასთან ერთად იტალიის დედაქალაქი ტურინიდან ფლორენციაში უნდა გადასულიყო.

ამ შეტანხმებამ თითქოს წერტილი დაუსვა ვიტორიო-ემანუელე II მისწრაფებას რომის — იტალიის ჭეშმარიტი დედაქალაქის ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებას, მით უმეტეს, რომ მაშინდელი პაპი პიუს IX უდრეკი იყო საღვთო ქალაქზე პონტიფიკატის სუვერენიტეტის შენარჩუნების მოთხოვნაში და არავითარ შეთანხმებებზე არ თანხმდებოდა იტალიის სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ ამავე დროს დაისახა ვენეციის დაბრუნებოს რეალური პერსპექტივა.

პრუსიის მეფემ ვილჰელმ I-მა დაისახა მიზნად გერმანული მიწების გაერთიანება პრუსიის ჰეგემონიის დამყარებით და ავსტრიისთვის გერმანულ კავშირზე იმპერიული უფლებების ჩამორთმევა. სახეზე იყო პრუსიასა და ავსტრიას შორის საომარი სიტუაციის შექმნა. პრუსიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი 1865 წელს საიდუმლოდ შეხვდა ნაპოლეონ III-ს რათა გაერკვია მისი პოზიცია ამ საკითხში. საფრანგეთს ხელს არ აძლევდა ავსტრიის დასუსტება, რადგან ცნობილი იყო, რომ ვენა გეგმავდა საფრანგეთზე რევანშის აღებას 1859 წელს დამარცხებისთნის და ლომბარდიის უკან დაბრუნებას და შესაბამისად არ სცნობდა გაერთიანებულ იტალიის სამეფოს. ამით აიხსნება ნაპოლეონ III-ს კეთილგანწყობა პრუსიის გეგმების მიმართ. იგი დაპირდა ბისმარკს საფრანგეთის ნეიტრალიტეტს მომავალ ომში და ამასთან ერთად შესთავაზა იტალიის მონაწილეობა ამ ომში იმ პირობით, რომ გამარჯვების შემდეგ იტალია ანექსიის სახით მიიღებდა ვენეციას.

საფრანგეთის ნეიტრალიტეტით მომავალ ომში ავსტრიაც იყო დაინტერესებული და ნაპოლეონ III-მ ვენასთანაც დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფრანგეთი ამ ომში ნეიტრალიტეტის საფასურად ავსტრიის გამარჯვების შემთხვევაში მისგან ჯილდოს სახით მიიღედა ვენეციას, და საფრანგეთი კი თავის მხრივ დაუთმობდა ვენეციას იტალიას. ამგვარად, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს ომი, იტალია მაინც მიიღებდა ვენეციას, და ეს მოხდებოდა ნაპოლეონ III-ს მეოხებით.

ვიტორიო-ემანუელე II დიდი სიხარულით დათანხმდა ომზე პრუსიის მხარეზე ავსტრიის წინააღმდეგ. მას ჰყავდა შესანიშნავად შეიარაღებული მრავალრიცხოვანი არმია, ძლიერი ფლოტი და რაც არ იყო უმნიშვნელო — გენერალი გარიბალდი, რომელსაც შეეძლო მოკლე ხანში რეზერვისტ — ვოლონტიორებისაგან ბრძოლისუნარიანი ჯარის ჩამოყალიბება.

ორმოცდა ცხრამეტი წლის გარიბალდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს. მას გადაავიწყდა თავისი ჭრილობები და არტრიტის შეტევები და მან შესთავაზა მთავრობას გრანდიოზული გეგმა ტრიესტის და დალმაციის დალაშქვრის თაობაზე. მაგრამ მთავრობამ სიფრთხილე გამოიჩინა და გააგზავნა გარიბალდი მაღალმთიან სამხრეთ ტიროლში პლაცდარმის შესაქმნელად.

ავსტრია იმდენად შეშინებული იყო ორ ფრონტზე ომის პერსპექტივით, რომ თანახმა იყო ვენეცია უომრად დაეთმო, მაგრამ მთელი იტალია ვიტორიო-ემანუელე II-თი დაწყებული და გარიბალდით დამთავრებული ასეთი "წყალობის" წინააღმდეგი იყო, მათ სურდათ მთელი ევროპისთვის ეჩვენებინათ, რომ იტალია დიდი და ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც ძალუძს სამხედრო ძალის საშუალებით დაიბრუნოს თავისი მიწები, და არა მარტო ვენეცია, არამედ სამხრეთ ტიროლიც.

მაგრამ იტალიის რეგულარული არმია, რომელიც რიცხიბრივადაც და შეიარაღების ხარისხითაც აღემატებოდა იტალიაში ექსპედირებულ ავსტრიულ არმიას, სამარცხვინოდ დამარცხდა 1866 წლის 25 ივნისს კუსტოცასთან. გარიბალდი იძულებული იყო მიეტოვებინა თავისი პლაცდარმი და დაეცვა ლომბარდია. მაგრამ ავსტრიელებს იმდენად გაუჭირდათ პრუსიის ფრონტზე, რომ ლომბარდიას თავი დაანებეს და გარიბალდიმ ისევ შეუტია ტიროლს. იგი, როგორც ყოველთვის, წინ მიუძღოდა თავის მეომრებს მიუწდომელ სიმაღლეებზე მოწინააღმდეგის გააფთრებული ცეცხლის მიუხედავად. მასთან გვერდი-გვერდ იბრძოდნენ მისი ორი ვაჟი და სიძე. გარიბალდიელებს ბრძოლა უხდებოდათ საუკეთესოდ გაწვრთნილ სამთო ალპიურ დივიზიასთან, ე.წ. "კაიზერიაგერებთან". გარიბალდის საუკეთესო მეომრები დაეცნენ ბრძოლებში, თვითონ გარიბალდი დაიჭრა, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ შეტევას იმ დროს, როდესაც ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ავსტრიელებმა კუსტოცასთან გამარჯვების შემდეგ იტალიის ფლოტიც დაამარცხეს და თვითონ თავის მხრივ სასტიკად დამარცხდნენ პრუსიელებისგან 3 ივლისს სადოვთან (კენიგსგრეც-თან). პრუსიამ და ავსტრიამ 22 ივლისს დაიწყეს საზაო მოლაპარაკება. იტალია აღმოჩნდა სამარცხვინო მდგომარეობაში - მან პირწმინდად წააგო ომი დამარცხებულ ავსტრიასთან. იტალიის "საამაყო" არმიის ასეთი სწრაფი დამარცხება განაპირობა იმანაც, რომ ფრაგმენტებისაგან ახლად შეკოწიწებული ქვეყნის არმიაც ასევე ფრაგმენტალური იყო: მეთაურები - პიემონტელი მთავარსარდლები იყვნენ და მათ დაქვემდებარებაში მყოფი გენერლები კი - ზოგი ნეაპოლელები, ზოგი კი ყოფილი გარიბალდიელიბი, ისინი ერთმანეთს არ ენდობოდნენ და უფრო ინტრიგებით იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე საერთო ტაქტიკის გამომუშავებით. უნდა აღინიშნოს, რომ პიემონტელი მთავარსარდლობა სწორედ ის გენერლები იყვნენ, რომლებიც წინანდელ ომებშიც და ახლაც გარიბალდის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი და აბუჩად იგდებდნენ მას, იმ დროს, როდესაც გარიბალდი იყო იტალიის ერთად-ერთი მეთაური, რომელიც ამ ომში წარმატებულად იბრძოდა. მათ დამარცხებას გარიბალდისთვის ალბათ კმაყოფილება უნდა მოეტანა, მაგრამ მისთვის უპირველესი იყო სამშობლოს წარუმატებლობის განცდა.

ძირითად ფრონტზე შექმნილმა მდგომარეობამ გარიბალდის გულისწყრომა გამოიწვია მთავარსარდლების მიმართ, მაგრამ ომის დროს იგი მკაცრად იცავდა სუბირდინაციას. როგორც კი მიიღო შტაბიდან ბრძანება თავისი ყველაზე დიდ არაკეთილმოსურნისგან გენერალ ლა-მარმორასგან დაედო ზავი და გამოეყვანა ჯარი ტიროლიდან, მან მიუხედავად იმისა, რიმ მისი მეომრები მიისწრაფოდნენ განემტკიცებინათ ლოკალური გამარჯვება, შეაჩერა შეტევა და უპატაკა შტაბს: "მე გემორჩილებით".

შეთანხმების თანახმად დაზავების შემდეგ ავსტრიამ გადასცა ვენეცია საფრანგეთს, და საფრანგეთმა თავის მხრივ გადასცა ის იტალიას. 1866 წლის 22 ოქტომბერს ვენეციაში ჩატარდა პლებისციტი, რომელმაც თითქმის ერთხმად დაადასტურა მოსახლეობის სურვილი შესულიყო იტალიის შემადგენლობაში. ვიტორიო-ემანუელე II ტრიუმფალურად შევიდა ვეიეციაში, გარიბალდი კი დაბრუნდა კაპრერაზე.

რომის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა

1867 წელს გარიბალდი უკვე 60 წლის იყო. მაგრამ გარიბალდის ფეხ ქვეშ თითქოს მიწა იწოდა, მას არ შეეძლო უქმად ყოფნა. "ჩემსა და რომს შორის... დადებულია ხეშეკრულება და მე რადაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ დანაპირებს" — წერდა ის პროკლამაციებში. საარჩევნო კომპანიასთან დაკავშირებით მან წამოიწყო მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში და ყველგან მოუწოდებდა ხალხს: "რომი ჩვენი დედაქალაქია", "პაპი უზურპატორია", "რომში, რომში!" იგი ქადაგებდა როგორც მოციქული და ხალხი როგორც წმინდანს ისე უსმენდა მას, ქალებს ბავშვები მიჰყავდათ მასთან დასალოცად, მისი მჭერმეტყველება აჯადოვებდა ხალხს. თვით გარიბალდი იმდენად გამსჭვალული იყო თავისი მისიის შეგრძნებით, რომ ირწმუნა, რომ მიზანი ადვილად მიღწევადია. მართლაც თანახმად 1864 წლის კონვენციისა, საფრანგეთის ჯარმა უკვე დატოვა რომი და ქალაქს მხოლოდ პაპის ჯარი იცავდა, რომლის დაძლევა გარიბალდის არ მიაჩნდა ძნელ საქმედ და თანაც რომაელი პატრიოტები მოსახლეობის აჯანყებას აპირებდნენ და გარიბალდისგან დახმარებას ელოდნენ.

იტალიის მთავრობა ორჭოფულ მდგომარეობაში არმოჩნდა: იგი შებოჭილი იყო ნახსენები კონვენციით და პირდაპირ აფრთხილებდა გარიბალდის, რომ "რომის საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს შეიარაღებული თავდასხმით პაპის ტერიტორიაზე, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს კონფლიკტს საფრანგეთთან". ერთად-ერთი გამოსავალი მთავრობის თვალსაზრისით იყო პაპთან მშვიდობიანი შეთანხმება, მაგრამ პიუს IX კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ეკლესიის სამფლობელოს დათმობისა იტალიის სამეფოსთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ რომის მოსახლეობა თვითონ აჯანყდებოდა და ძალით აიძულებდა პაპს იტალიასთან შეერთებას, ვიტორიო-ემანუელე II შესძლებდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფრანგეთთან დადებული კონვენციის დაურღვრვლად. მაგრამ რომის მოსახლეობა სულაც არ მოელოდა რაიმე ხეირს პიემონტელ ხელისუფლებისგან და სუფთა პრაგმატიული თვალსაზრისით არ ისწრაფოდა სისხლი დაეღვარა.

შექმნილ ვითარებაში გარიბალდის გულუბრყვილოდ სჯეროდა იტალიელთა სოლიდარობის და არ ეგონა, რომ მთავრობა მის მხარეზე არ დადგებოდა. იგი აქტიურად ემზადებოდა რომზე ლაშქრობისათვის — აგროვებდა ვოლონტიორებს, ყიდულობდა იარაღს და საფრანგეთის პროტესტს არავითარი ყურადღება არ მიაქცია, რითაც იტალიის მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მთავრობა იძულებული გახდა დაეპატიმრებინა გარიბალდი, იძულებით თავისივე კუნძულ კაპრერაზე გადაეყვანა და სამხედრო გემებით მოეხდინა კუნძულის ბლოკირება. მაგრამ გარიბალდის შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა, მისი უფროსი ვაჟი მენოწი ვოლინტიორების რაზმის სათავეში შეიჭრა პაპის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თვით გარიბალდიმ მოახერხა ბლოკირებული კუნძულიდან გაქცევა და ჩააღწია რომში. რატომღაც ის დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთი, რომელმაც დიდი სისხლის ფასად დაიცვა იტალიის დამოუკიდებლობა 1859 წელს, არ მოახდენდა ინტერვენციას რომში.

გარიბალდიმ ვოლონტიორთა შვიდ ათასიანი ლაშქრით დაიკავა რომის მისადგომები. ამ შვიდი ათასიდან სულ ცოტანი იყვნენ ჭეშმარიტი პატრიოტები, ძირითად მასას შეადგენდნენ უმუშევრები და ყოფილი პატიმრები, რომლების ფულადი ანაზღაურებით და მუქთი საკვებით იყვნენ დაინტერესებული. გარიბალდის იმედი ჰქონდა რომის მოსახლეობის საყოველთაო აჯანყებისა, მაგრამ აჯანყება არ მოხდა, იყო მხოლოდ პატრიოტთა ჯგუფების ცალკეული გამოსვლები, რომლებიც მაშინვე ჩახშული იყო. რაც შეეხება საფრანგეთს, ნაპოლეონ III-ს იმპერიული ლოგიკა მოითხოვდა, რომ კონვენციის დარღვევა აუცილებლად ყოფილიყო დასჯილი. ამიტომ ფრანგული ცხრა ათასიანი დივიზია, შეიარაღებული უახლესი იარაღით, რომლის ბრძოლაში გამოცდა აინტერესებდათ ფრანგ გენერლებს, დაუყოვნებლივ გადმოსხდა ჩევიტა-ვეკიაში და სწრაფი მარშით გაემართა რომისკენ. ფრანგული დივიზიის გამოჩენისთანავე ვოლონტიორების ნახევარზე მეტმა გაქცევით უშველეს თავს და დარჩენილი ძირითადი ბირთვი კი ჩაერთო უთანასწორო სასტიკ ბრძოლაში. გარიბალდი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ ბრძოლის შუა ხაზზე სიკვდილს ეძებდა და ის თანაშემწეებმა ძალით გამოიყვანეს. მსხვერპლი პატრიოტებს შორის ძალიან დიდი იყო. ფრანგებს კი დანაკარგი ფაქტობრივად არ ჰქონიათ - მათი ახალი ტიპის იარაღი მართლაც "სასწაულებს ახდენდა". ეს უაზრო ბრძოლა მოხდა 1867 წლის 3 ნოემბერს და მის შემდეგ გარიბალდი ისევ დააკავეს და გადაიყვანეს კაპრერაზე შინაურ პატიმრობაში.

გარიბალდის სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა. თავის წარუმატებლობაში იგი ადანაშაულებდა ყველას: მაძინის, პიუს IX-ს, ნაპოლეონ III-ს, მაგრამ მას აზრად არ მოსდიოდა, რომ ეღიარებინა თავისი წინდაუხედულობა და ეცნო, რომ თვითონ ჩააყენა ხალხი, რომელიც მას ენდო, გამოუვალ მდგომარეობაში. იმას კი მიხვდა, რომ გამარჯვებით რომში შესვლა მას აღარ ეწერა.

საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი თანაგრძნობა გამოხატა გარიბალდის მიმართ. ვიქტორ ჰიუგომ გულითადი ლექსები მიუძღვნა მას, საფრანგეთის ოპოზიციამ დემონსტრაციები მოაწყო თავისი მთავრობის მოქმედების საპროტესტოთ და გარიბალდისთვის სოლიდარობის გამოსახატავად. ვიტორიო-ემანუელე II-მ კი განაცხადა, რომ მისი გული მეფისა და მამისა განგმირულია, და ეს იყო უდიდესი უბედურება მის ცხოვრებაში.

 
გარიბალდი 1870 წელს

რომის პაპის ძალაუფლება საფრანგეთის მიერ მისი პოზიციის შეიარაღებული მხარდაჭერის შედეგად უფრო მეტად გამტკიცდა. 1869 წელს პიუს IX-მ დააპირა პაპის უცოდველობის დოგმატის მიღება. საფრანგეთი ამ დოგმატის მიღების წინააღმდეგი იყო და ამ მიზეზით ნაპოლეონ III-მ დააპირა პერსპექტივაში რომიდან თავისი ჯარის გამოყვანა, რის შედეგად იტალიის მთავრობას რომის საკითხის გადაწყვეტის შანსი მიეცემოდა. მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო სწრაფად მოხდა: ყველასთვის მოულოდნელად 1870 წლის 19 ივლისს ნაპოლეონ III-მ გამოუცხადა ომი პრუსიას და საფრანგეთის საექსპედიციო კორპუსი სასწრაფოდ გაწვეული იქნა რომიდან. შემდეგ კი იყო ფრანგების სედანთან დამარცხება და ნაპოლეონ III-ს დატყვევება და ტახტიდან გადაყენება და იტალიის მთავრობას მიეცა სრული შესაძლებლობა შეეყვანა ჯარი რომში. პიუს IX მაინც არ წავიდა კომპრომისზე ვიტორიო-ემანუელე II-სთან და მხოლოდ ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გამოაცხადა კაპიტულაცია. 1870 წლის 2 ოქტომბერს რომში გაიმართა პლებისციტი, რომლის შედეგის საფუძველზე რომი იტალიას შეუერთდა და სახელმწიფო საბოლოოდ გაერთიანდა. მაგრამ პიუს IX -მ ამ ძალდატანებისთვის მაინც განკვეთა ეკლესიიდან ვიტორიო-ემანუელე II და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა მხოლოდ 1929 წელს, როდესაც ვატიკანსა და იტალიის სახელმწიფოს შორის დაიდო "ლატერანის ხელშეკრულება".

გარიბალდი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება შეალია სამშობლოს გაერთიანებას, ჩამოცილებული აღმოჩნდა ამ პროცესს დამარგვინებელ ეტაპზე - მას არ მიეცა უფლება ჩასულიყო რომში. მისი ისტორიული მისია დამთავრებული იყო.

საფრანგეთისთვის ბრძოლა

1866 წლის პრუსია-ავსტრიის ომში პრუსიის მორალური მხარდაჭერა ძალიან მალე გაუხდა ნაპოლეონ III-ს სანანებელი. გამარჯვებულმა პრუსიამ განდევნა ავსტრია გერმანული კავშირიდან, რომელიც ავსტრიის იმპერიის არეალს შეადგენდა, ჩამოაყალიბა ჩრდილოეთ — გერმანული კავშირი პრუსიის ჰეგემონიით და მხოლოდ დროის საკითხი იყო სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოების მიერთება და ერთიანი გერმანული კავშირის ჩამოყალიბება. საფრანგეთმა აღმოსავლეთ საზღვარზე მიიღო მილიტარიზირებული მზარდი ამბიციების მქონე გაერთიანებული სახელმწიფო, რომელიც მისთვის გაცილებით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენდა, ვიდრე დაბერებული ავსტრტრიული იმპერია. პრუსიის პრესტიჟი ევროპულ "კონცერტში" ძალიან გაიზარდა, რადგან მის პოლიტიკას, როგორც შინაგანს, ისე საგარეოს, განაგებდა "ჯადოქრის მოწაფე" და "მაგარი ბიჭი" ოტო ფონ ბისმარკი.

ბისმარკის რთული დიპლომატიური მანიოვრების შედეგად 1870 წელს პრუსიის მეფის ვილჰელმ I-ს უახლოვესი ნათესავის კანდიდატურა იყო შერჩეული გამონთავისუფლებული ესპანეთის ტახტის დასაკავებლად. ცხადია, რომ საფრანგეთისთვის ეს მეტად არასასურველი იყო. ვილჰელმ I-მა, რომელსაც არ სურდა გართულებები საფრანგეთთან, განუმარტა საფრანგეთის ელჩს, რომ მან უკვე ურჩია თავის ნათესავს ამ შეთავაზებაზე უარის თქმა. ნაპოლეონ III-მ ეს განმარტება არ იკმარა და კატეგორიულად მოითხოვა იმის ოფიციალური დადასტურება, რომ ჰოენცოლერნების კანდიდატი არასოდეს დაიკავებდა ესპანეთის ტახტს, რითაც ძლიერ გაანაწყენა მოხუცი ვილჰელმ I. ბისმარკმა ისარგებლა ამ წყენით და ნაპოლეონ III-ს ისეთი მკვახე უარით უპასუხა, რომ ის იძულებული გახდა "სახის" შესანარჩუნებლად პრუსიისთვის ომი გამოეცხადებინა. ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა ნაპოლეონ III-სთვის და საუბედურო მთელი ფრანგი ხალხისთვის.

ომი გამოცხადებული იყო 1870 წლის 15 ივლისს და დაწყებისთანავე ფრანგებისთვის წარუმატებლად წარიმართა. პრუსიელებმა შეაღწიეს საფრანგეთის ტერიტორიაზე და აგვისტოს ბოლოს სედანთან ალყაში მოაქციეს ფრანგული არმიის ძირითადი ძალები იმპერატორის მეთაურობით. 1 სექტემბერს საფრანგეთის სარდლობა იძულებული იყო კაპიტულაცია გამოეცხადებინა და თვით ნაპოლეონ III ჩაბარდა ტყვედ ვილჰელმ I-ს. როდესაც პარიზში ცნობილი გახდა სედანის კატასტროფის შესახებ, გაუქმდა მეორე იმპერია, გამოცხადდა რესპუბლიკა, და გაგრძელდა თავდაცვითი ომი პრუსიელების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე პარიზს ემუქრებოდნენ. შეიქმნა "ეროვნული თავდაცვის კავშირი", და მასში დიდ როლს თამაშობდნენ გარიბალდის "ათასის" აქტიური მონაწილეები რომლებმაც საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით მიმართეს თხოვნით გარიბალდის, როგორც "მსოფლიოში აღიარებულ უდიდეს გმირს" და "უძლეველ სარდალს" ჩასდგომოდა სათავეში საფრანგეთის ჯარს და დაეცვა რესპუბლიკა აგრესორისაგან.

გარიბალდი რომზე ლაშქრობის კრახით დამთავრების შემდეგ უკვე სამი წელი იმყოფებოდა შინაურ პატიმრობაში თავის საკუთარ პაწაწინა კუნძულ კაპრერაზე, სადაც ეწეოდა მრავალდარგობრივ მეურნეობას და მიღებული მოსავლით არჩენდა თავის გაზრდილ ოჯახს. ჯანმრთელობა მას საკმაოდ შერყეული ჰქონდა, არტრიტის ხშირი და მძიმე შეტევების შედეგად მას მოძრაობაც კი უჭირდა.

1870 წლის 15 სექტემბერს კაპრერაზე ჩავიდა გარიბალდის "ათასის" ერთ-ერთი აქტივისტი ფრანგი გენერალი ბორდონე და სთხოვა გარიბალდის ფრანგი ხალხის დახმარება და გარიბალდი უყოყმანოდ გაყვა მას. 7 ოქტომბერს იგი უკვე მარსელში იყო, სადაც მას უდიდესი აღტაცებით შეხვდნენ - ნიცელი გარიბალდი მარსელელებმა თანამემამულედ მიიჩნიეს. "მე ჩამოვედი, რომ შევწირო საფრანგეთს ის, რაც ჩემგან დარჩა" — განუცხადა მან დამხვედრ საზოგადოებას. მაგრამ როდესაც გარიბალდი ტურში ჩავიდა, სადაც დროებითი რესპუბლიკური მთავრობის რეზიდენცია იყო, მას საკმაოდ ცივად შეხვდნენ. გარდა მცირერიცხოვანი მემარცხენეებისა ფრანგი პოლიტიკოსები და მით უმეტეს სამხედროები გარიბალდის ფრანგების მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ. გარიბალდი კი თავის მხრივ მტრად მხოლოდ ნაპოლეონ III-ს მიიჩნევდა, ფრანგი ხალხი კი მისთვის სათაყვანებელი იყო. ალბათ ამიტომ მისი დახმარება ზრდილობისთვის იყო მიღებული. მას დაევალა სახალხო ლაშქრისგან და უცხოელი ვოლონტიორებისაგან ჯარის ჩამოყალიბება და ბურგუნდიის დაცვა. ვოლონტიორებს შორის იყვნენ პოლონელები, უნგრელები, ესპანელები და იტალიელებიც.

უნდა ითქვას, რომ იტალიელები საკმაოდ არაერთგვაროვნად შეხვდნენ გარიბალდის გადაწყვეტილებას ებრძოლა საფრანგეთისვის რომის 1867 წლის ამბების შემდეგ, ჩათვალეს, რომ ეს უსაქმური, მოწყენილი მოხუცის ახირებაა. მიუხედავად ასეთი აზრისა მაძინიმ ასე დაარიგა თავისი მიმდევრები: "რადგან მაინც მიდიხართ, დაამტკიცეთ, რომ ღირსი ხართ იტალიელები გერქვათ ... და თუ დაიმსახურებთ საფრანგეთის მადლიერებას, იმედია გარიბალდი გაიხსენებს ნიცას". გარიბალდი თავის მხრივ აპირებდა ფრანგი ხალხისთვის და რესპუბლიკისთვის ებრძოლა უანგაროდ და დიდსულოვნად ყოველგვარი ანაზღაურების და ანგარიშსწორების გარეშე.

გარიბალდიმ მართლაც მოახერხა ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მიუხედავად (მისი შტაბი ლაზარეთს წააგავდა, და ფრონტზე გადაადგილება მას ორთვალათი უხდებოდა) რეზერვისტებისა და ვილინტიორებისაგან შემდგარი იმპროვიზებული არმიის საუკეთესოდ ორგანიზება. მას მხარში ედგნენ მისი ვაჟები მენოწი და რიჩოწი, რომლებმაც ბრწყინვალე ოფიცრებად გამოიჩინეს თავი და უსასტიკესი ზამთრის პირობებში მაღალმთიან ვიგეზებში მათ წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს, რითაც დაიმსახურეს ტურის მთავრობის აღიარება და მადლიერება და ... ბისმარკის დიდი გულისწყრომა: "ეს გარიბალდი უნდა ცოცხალი ჩავიგდოთ ხელში, ჩავსვათ გალიაში და ზედ დავაწეროთ — იტალიური უმადურობა".

 
საფრაგეთში გარიბალდის მეტსახელი "თავისუფლების ლომი" იყო

გარიბალდის დატყვევება გერმანელებმა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ იანვრის ბოლოს პარიზი აიღეს და 2 მარტს ვერსალში საფრანგეთის მთავრობას მძიმე და დამამცირებელი საზავო ხელშეკრულება მოახვიეს თავზე, რომლის თანახმად ელზასი და ლოტარინგია გადაეცა გერმანიას და საფრანგეთს დაევალა დიდი კონტრიბუციის გადახდა.

საზავო ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთში ჩატარდა საკანინმდებლო ორგანის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ გარიბალდი არ იყო წარდგენილი კანდიდატად, იგი აირჩიეს დეპუტატად რამდენიმე დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში და ნიცაში. გარიბალდი ჩავიდა ასამბლეის სხდომაზე ბორდოში, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაწერა თხოვნა გადადგომის შესახებ, რადგან მიაჩნდა, რომ მას როგორც უცხოელს არ ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა საფრანგეთის შინაგანი პრობლემები, მაგრამ მას სურდა მიემართა გამოსათხოვებელი სიტყვით საფრანგეთისთვის და ჩაებარებინა თავისი არმიის დაღუპული და დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების ბედი რესპუბლიკური სამშობლოსთვის. ასამბლეის სხდომაზე გარიბალდი მივიდა ვიქტორ ჰიუგოსთან ერთად. მემარცხენე დეპუტატებმა მას ოვაცია მოუწყეს, სამაგიეროდ მემარჯვენეებმა, რომლებიც დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ, დაცინვები და შეურაცხყოფები დააყარეს მას. გარიბალდის წითელმა ხალათმა, პონჩომ და ფართოფარფლებიანმა ქუდმა უდიდესი გაღიზიანება გამოიწვია მათში, რადგან კონსერვატორებისთვის და კლერიკალებისთვის, რომლებიც დეპუტატების უმრავლესობას წარმოადგენდნენ, გარიბალდი იყო "წითელი, რევოლუციონერი, ანტიპაპისტი" და ა. შ, ე. ი ყველაფერი იმის განსახიერება, რაც მათ აშინებდათ და რაც მათ სძულდათ. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის უფლება გარიბალდის არ მისცეს, იგი ფაქტობრივად გააძევეს, ამიტომ მან მემარცხენე დეპუტატების თანხლებით ეფექტურად დასტოვა სხდომა და იმავე საღამოს გაემგზავრა საფრანგეთიდან.

ემილ ზოლია, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა რადიკალური ორიენტაციის ჟურნალისტი იყო, ასე აღწერა ეს სიტუაცია; "თავმჯდომარემ ილიუზიონისტივით მარჯვედ დახურა სხდომა, ამ ბატონებს არაფერი ესაქმებოდათ მოხუცთან, რომელმაც ახლახან დაამარცხა პრუსიელები საფრანგეთისთვის ბრძოლაში. მათ ხომ შიშის ოფლი ასხავდათ მაშინ, როდესაც გარიბალდი შიშველ მკერდს უშვერდა მტრის ტყვიებს. დაე გაეთრიოს ის, დასისხლიანებული და დაჩეხილი, და ნუ გვაბეზრებს თავს თავისი გმირობით! გესმით თუ არა თქვენ, ბატონებო, რომ საფრანგეთისთვის სირცხვილი იქნებოდა უმადურობის გამოჩენა ამ თავისუფლების ჯარისკაცის მიმართ. ზრდილობიანი მაინც ვიყოთ, თუ არ შეგვიძლია ვიყოთ დიადი!"

როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, ემილ ზოლიას პოზიციას მხოლოდ უმცირესობა იზიარებდა. ფრანგების ამ უდიდესი ეროვნული დამცირების პერიოდში ალბათ მხოლოდ გიგანტებს შეეძლოთ უცხოელი გმირის სათანადოდ შეფასება. ასამბლეის შემდეგ სხდომაზე ვიქტორ ჰიუგო შეეცადა სამართლიანობის აღდგენას: "არცერთმა სახელმწიფომ არ დაიცვა საფრანგეთი ... მხოლოდ ერთმა ადამიანმა გააკეთა ეს — გარიბალდიმ. თქვენ არ მოუსმინეთ გარიბალდის, ახლა არ მისმენთ მე". მემარჯვენე უმრავლესობამ ჰიუგოსაც ობსტრუქცია მოუწყო და დიდმა მწერალმა პროტესტის ნიშნად დატოვა ასამბლეა.

გარიბალდი დაბრუნდა კაპრერაზე 1871 წლის 18 თებერვალს და ცოტა ხანში 24 მარტს მიიღო კიდევ ერთი მიმართვა დახმარების თხოვნით, ამჯერად პარიზის კომუნის ცენტრალური კომიტეტისაგან. ამ თხოვნაზე გარიბალდიმ ავადმყოფობის მიზეზით უარით უპასუხა. მაგრამ აქ მარტო ავადმყოფობაში არ იყო საქმე. მიუხედავად იმისა, რომ იგი მთელი გულით უთანაგრზნობდა კომუნარებს: "ისინი მარტონი იყვნენ, ... ამ ტირანიის, სიცრუის, უნამუსობის და უზნეობის ჟამს, მათ აიტაცეს სიმართლის და სამართალის წმინდა ალამი და ამ ალამში გახვეულნი დაიღუპნენ" — ასე დაწერა გარიბალდიმ მოგვიანებით კომუნარების დაღუპვის შემდეგ. მაგრამ იმის გამო, რომ კომუნარების ბრძოლა იყო სამოქალაქო ომი ფრანგებისა ფრანგების წინააღმდეგ, მას როგორც უცხოელს, არ უნდოდა ჩარეულიყო. გარიბალდი მთელი ცხოვრება იბრძოდა ტირანებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ და ყოველთვის წინააღმდეგი იყო ძმათამკვლელი სამოქალაქო ომებისა.

1870-1871 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომი უკანასკნელი იყო გარიბალდის ცხოვრებაში, ამის შემდეგ ის უკვე შეურიგდა სიბერეს და ცხოვრების უკანასკნელი ათი წელი გაატარა კაპრერაზე ოჯახურ წრეში.

სიცოცხლის ბოლო წლები

 
გარიბალდი კაპრერაზე

1871 წლის მარტში საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხუცი გარიბალდი საბოლოოდ შეეგუა წყნარ ცხოვრებას თავის გაზრდილ ოჯახთან ერთად საკუთარ მამულში კუნძულ კაპრერაზე. მწვავე არტრიტი მას ძალიან ურთულებდა ცხოვრებას, გამწვავების პერიოდებში ის ლოგინს იყო მიჯაჭული. მას ერთგულად უვლიდა მისი მეუღლე ფრანჩესკა, რომელმაც 1873 წელს უკვე მესამე შვილი - ვაჟი გაუჩინა მოხუცს. გარიბალდის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მოღვაწეობისადმი ლტოლვა მასში ისევ ძლიერი იყო.

1872 წელს ბოლონიაში გაიმართა სოციალისტური ინტერნაციონალის რეგიონალური კონგრესი, რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო გარიბალდის მხარდაჭერაში, მაგრამ გარიბალდიმ მთელი თავისი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე უარყო სოციალური რევოლუციის იდეა და მხარი დაუჭირა სოციალური კომპრომისის ზნეობრივ პოზიციას, რითაც ინტერნაციონალის ლიდერების დაძრახვა გამოიწვია. გარიბალდი არ სცნობდა კლასობრივი ბრძოლის სამართლიანობას, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერის ინტერესები და სიკეთისა და ბოროტების ურთიერთობის პრინციპი. იგი თვლიდა, რომ თანამედროვე მსოფლიოში იმდენი უბედურებაა: შიმშილი, ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები, ხალხის გაუნათლებლობა, ხელისუფალთა არაკეთილსინდისიერება და ა. შ. მისი სიტყვებით ატმოსფერო ჯერ არ განწმენდილა ომებში დაღუპული ადამიანების გახრწნილი გვამების სიმყრალისაგან და ხალხი კი ისევ იარაღდება ახალი ბრძოლებისთვის. გარიბალდი მივიდა იმ რწმენამდე, რომ კაცობრიობის ცივილიზაციის მწვერვალი მშვიდობაა და აღმშენებლობა. იმ პერიოდში იტალიაში აღინიშნებოდა მოსახლეობის სწრაფი ზრდა და მასიური ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად მან შეადგინა და შესთავაზა პარლამენტს პროექტები რომის დაბლობის ირიგაციის და მელიორაციის და აგრეთვე სარდინიის აუთვისებელი მიწების კოლონიზაციის შესახებ. მან აგრეთვე შესთავაზა პარლამენტს შემდეგი შინაარსის კანონპროექტი: მანამ არ იქნება დაძლეული ფინანსური დეპრესია, დაინიშნოს სამთავრობო ჯამაგირების და პენსიების ზედა ზღვარი. ამ მიზეზით მან უარი სთქვა მთავრობის მიერ მისთვის დანიშნულ საკმაოდ სოლიდურ რენტაზე და პენსიაზე "იტალიელი ხალხის მადლობის ნიშნად" (მართალია, ორი წლის შემდეგ, როდესაც მთავრობის სათავეში მისი "ათასის" მოღვაწეები იყვნენ, გარიბალდიმ აიღო ეს თანხა, რადგან მას უფროსი ვაჟების ვალები ჰქონდა გასასტუმრებელი).

საერთაშორისო პოლიტიკის დარგშიც ჰქონდა გარიბალდის შეთავაზებები. 1872 წელს მან შეადგინა შემდეგი მოწოდება, რომლითაც მიმართა ბისმარკს, როგორც იმ დროის ყველაზე ავტორიტეტულ პოლიტიკისს: "უნდა შეიქმნას საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელიც იმუშავებს ჟენევაში და დაადგენს, რომ: 1.ხალხთა შორის ომი დაუშვებელია; 2.ყველა უთანხმოება ქვეყნებს შორის უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის საშუალებით". "რკინის კანცლერმა", ბუნებრივია, ამ მიმართვაზე გარიბალდის პასუხი არ გასცა.

1879 წელს გარიბალდიმ გამოაქვეყნა "მანიფესტი იტალიელებისადმი", სადაც აღნიშნავდა, რომ იტალიის იმდროინდელი მთავრობა გამოხატავდა მხოლოდ უმცირესობის ინტერესებს და ამიტომ მას უნდა დაუპირისპირდეს "დემოკრატიის ფასცია". ამისთვის მას ექსტრემიზმში დასდეს ბრალი.

ძალიან საინტერესოა გარიბალდის პოლიტიკური ანდერძი, რომელიც მან 1871 წლის დეკემბერში შეადგინა. ამ ანდერძში მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ ეტაპზე ყველაზე მთავარი იყო ძლიერი იტალიის ჩამოყალიბება დანტეს სიტყვებით რომ ითქვას თუნდაც ეშმაკთან შეკვრის ფასად (გულისხმობდა მონარქიას) და უდრეკი რესპუბლიკელები კი მხოლოდ ავნებენ იტალიას. მხოლოდ მაშინ, როდესაც იტალია ჭეშმარიტად თავისუფალი და ძლიერი გახდება, უნდა ჩამოყალიბდეს რესპუბლიკა. პარლამენტარები კი თავისი გამაბრუებელი ლაყბობით დაღუპვამდე მიიყვანენ იტალიას, ამიტომ საჭიროა იტალიელებს შორის შერჩეული იყოს ყველაზე წესიერი კაცი და დაინიშნის ის დროებით დიქტატორად და ეს დიქტატურა გაგრძელდეს მანამდე, სანამ იტალიელ ხალხს აღარ დაემუქრებიან ძლიერი მეზობლები. მხოლოდ ამის შემდეგ დიქტატურა უნდა შეიცვალოს ჭეშმარიტი რესპუბლიკური მთავრობით.

 
გარიბალდის მემორიალური ქვა ნიცის სასაფლაოზე.

საგულისხმოა XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთ — იტალიის ურთიერთობა. ამ პერიოდში ხდებოდა ევროპის უძლიერესს ქვეყნებს შორის კოლონიალური სამფლობელოების განაწილების დასრულება. ახლადჩამოყალიბებულ იტალიის სამეფოს უკვე გაეღვიძა მადა კოლონიების შეძენაზე და მას პრეტენზია ჰქონდა ტუნისზე, რომელიც სიცილიასთან თითქმის მოსაზღვრეა და იქ ძალიან ბევრი იტალიელი სახლობდა. მაგრამ საფრანგეთმა, რომელმაც უკვე სული მოითქვა პრუსიასთან დამარცხების შემდეგ და რომელსაც უკვე ჰქონდა საკმაოდ ვრცელი კოლონიები არა მარტო აფრიკაში, ტუნისიც დაიმორჩილა და არაფრად ჩააგდო იტალიის პრეტენზიები. ამან იტალიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, დაიწყო ანტიფრანგული ისტერია, აგორდა შოვინისტური ტალღა. ამის ორგანიზატორი იყი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კრისპი, რომელიც 1860 წელს იყო გარიბალდის "ათასში" მთავარი თანაშემწე, ახლა კი ცდილობდა შეექმნა წინაპირობა იტალიის მძლავრ იმპერიალისტურ სახელმწიფოდ გადასაქცევად. მისი შემწეიბით გარიბალდი აქტიურად ჩაერთო ამ თამაშში: "მე სიხარულით დავთმობდი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს, ოღონდ იტალია არავინ შეურაწცხოს" — წერდა ის. გარიბალდის ხმამ იტალიის იმპერიალიზმის აღმოცენას შემატა კეთილშობილი დემოკრატიული ელფერი და წარმოადგინა ის არა როგორც სახელმწიფოებრივი მოთხოვნა სხვა სახელმწიფოების მოთხოვნის მაგვარად, არამედ როგორც გაუბედურებული ერის უფლებების დაცვა.

პრესა მრავალჯერ იმეორებდა გარიბალდის განცხადებას, რომელშიც ის უბრუნდებოდა თავის დაკარგულ სამშობლოს ნიცას და აყენებდა კორსიკის საკითხს, რომელიც აგრეთვე მისი აზრით უნდა დაბრუნებოდა იტალიას.

1882 წლის გაზაფხულზე სიცილიაში მოხდა "სიცილიის სერობის" 600 წლისთავის დიდი ზარ-ზეიმით აღნიშვნა. სამოცდათხუთმეტი წლის გარიბალდი, მიუხედანად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა ამ ზეიმზე დასასწრებათ ჩავიდა სიცილიაში, სადაც მას აღფრთოვანებით შეხვდნენ. მაგრამ ამ მოგზაურობის შედეგად გარიბალდის ავადმყოფობა მკვეთრად გამწვავდა და იმავე 1882 წლის 2 ივნისს იგი გარდაიცვალა. მთელ იტალიაში გამოცხადდა ეროვნული გლოვა. მსოფლიოს ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაცხადა გარიბალდის გარდაცვალების შესახებ. საფრანგეთში პარლამენტის სხდომა დაიხურა გლოვის ნიშნად. დაკრძალეს გარიბალდი თავის მამულში კაპრერაზე უდიდესი პატივით.

ქორწინება და შვილები

  • ანიტა დ`ანინას რიბეირა და სილვა (1821-1849)
    • მეტოწი გარიბალდი (1840-1903)
    • როზიტა გარიბალდი (1843-1845)
    • ტერეზა გარიბალდი (1845-?)
    • რიჩოწი გარიბალდი (1847-1924)
  • ჯუზეპინა რაიმონდი
  • ფრანჩესკა არმოზინო +1923
    • კლელია გარიბალდი (1871-1954)
    • მანლიო გარიბალდი (1873-1900)

ლიტერატურა

  • "ჯუზერე გარიბალდი", მაქს პოლო, 1998 როსტოვი "ფენიქსი".
  • ენციკლოპედია "ევროპის ყველა მონარქი", კონსტანტინე რიჟოვი, 1999, მოსკოვი, "ვეჩე".
  • "კაიზერები", ანტონ შინდლინგი და ვალტერ ციგლერი, 1997, როსტოვი "ფენიქსი".
  • კიღურაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 701, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Joseph Garibaldi / Assemblée nationale
  2. 2.0 2.1 Smith D. M., Foot J. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. GIUSEPPE GARIBALDI (July 4, 1807 - June 2, 1882)
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  14. 14.0 14.1 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118689592 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. http://garibaldimeuccimuseum.org/uploads/1731/GaribaldiBrochure.pdf
  17. Babelio — 2007.
  18. https://larazon.pe/inauguran-monumento-a-italo-peruano-guiseppe-garibaldi-heroe-de-los-dos-mundos/
  19. https://anaforas.fic.edu.uy/jspui/handle/123456789/43090 — გვ. 3.