აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან აჰმედ ოზქანი)

აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) (თურქ. Ahmet Özkan Melaşvili) (დ. 10 ივნისი, 1922, სოფ. ქოჩბაირი, გონენის რაიონი (ბალიქესირის პროვინცია, თურქეთი) — გ. 5 ივლისი, 1980) — ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ.

აჰმედ ოზქანი
მშობლიური სახელი Ahmet Özkan Melaşvili
დაბადების სახელი აჰმედ მელაშვილი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1922
სოფ. ქოჩბაირი, გონენის რაიონი (ბალიქესირის პროვინცია, თურქეთი)
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 1980 (58 წლის)
ბურსა
დაკრძალულია ჰაირიე
ეროვნება ქართველი
განათლება სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი
პროფესია საზოგადო მოღვაწე

აჰმედ ოზქანი დაიბადა სოფელ ბალიქესირში, ქართველ მაჰმადიან ემიგრანტთა (მუჰაჯირთა) ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, ოზქანმა დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი 1962 წელს და დასახლდა თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც დაქორწინდა და ტურისტული საზოგადოება დააფუძნა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა. მისი მთავარი საქმიანობა კი მაინც ადგილობრივ ქართულ თემებში „ჩვენებურებში“ — ქართული იდეის პოპულარიზაცია იყო. მის წიგნს საქართველოზე Gürcüstan (1968) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზქანი გაამართლეს. ამის შემდეგ, 1970-იან წლებში, მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართველ კლასიკოს მწერლებს, სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მის მიერ 1972 წელს დაარსებული ჟურნალი Çveneburi დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად. მას ზოგჯერ „თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძესაც“ უწოდებდნენ.

1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრანაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს. ოზქანი საქმიანობას სათავეში მისი ვაჟი, იბერია, ჩაუდგა. მისი მეგობარი და თანამოაზრე იყო ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე).

აჰმედ ოზქანი მელაშვილი სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულად და ქართულად: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება