ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე; თურქ. Hayri Hayrioğlu; დ. 11 ივნისი, 1936, ჰაირიე, ინეგოლი, თურქეთი — გ. 2003, ინეგოლი, თურქეთი)[1][2]თურქეთში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, აჭარელ მუჰაჯირთა შთამომავალი.

ჰაირი ჰაირიოღლუ
მშობლიური სახელი ვახტანგ მალაყმაძე
დაბადების თარიღი 1936
ჰაირიე, ინეგოლი, თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 2003
ინეგოლი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთი
პროფესია მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ჰაირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და თურქეთში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი აჰმედ ოზქანი (მელაშვილი). სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები“, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თანდილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2003 წელს; დაკრძალულია ქალაქ ინეგოლის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე თურქეთში : (1936-2002 წწ.) / როზეტა გუჯეჯიანი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] IV. - გვ.364-375. - შენიშვნ.. - რეზ. ინგლ.
  • ვახტანგ მალაყმაძის წერილი, 1991 წელი
  • ჰაირი ჰაირიოღლუს მოწმობა