ალი თანდილავა (დ. 28 ნოემბერი, 1913, სარფი — გ. 1985, სარფი) — ლაზი ისტორიკოსი და ფილოლოგი. ცნობილია ლაზებისა და ლაზური ენის შესახებ შრომებით. ის არის ყველაზე სრულყოფილი ლაზურ-ქართული ლექსიკონის ავტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თანდილავა 1913 წელს სოფელ სარფში დაიბადა.[1] რადგან იმჟამად სოფელში ქართულ ენაზე სკოლა არ არსებობდა, 1925 წლამდე სწავლობდა თურქულ სკოლაში. შემდეგ გადავიდა ქართულ სკოლაში. 1928 წლიდან სწავლა განაგრძო კოჯორის სკოლა-ინტერნატში.[1] 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მშობლიურ სოფელში 1942-1949 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, ხოლო 1952 წლიდან 1973 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე, სკოლის დირექტორი. 1950-იან წლებში მუჰამედ ვანილიშთან ერთად დაიწყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის „ლაზეთის“ შედგენა. წიგნი, რომელიც 1964 წელს გამოიცა, თურქულ ენაზე თარგმნა ჰაირი ჰაირიოღლუმ სახელწოდებით „ლაზების ისტორია“ 1992 წელს. ალი თანდილავა 1949 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა „ლაზური ლექსიკონის“ შედგენაზე. ლექსიკონი, რომელიც შედგება 22590 სიტყვისგან ელექტრონული ფორმით გამოსცა მერაბ ჩუხუამ 2009 წელს. ალი თანდილავას დაბადებიდან 100 წლისთავზე ლექსიკონი გამოსაცემად მოამზადეს მერაბ ჩუხუამ, ნათელა ქუთელიამ, ლალი ეზუგბაიამ და ლილე თანდილავამ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ცეცხლაძე, ნანა (2014). „გამოხმაურება“ (PDF). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი (6).