ქსენოფონტი
ქსენოფონტი (ბერძნ. Ξενοφῶν, ~ძვ. წ. 427–ძვ. წ. 355) — ძველი ბერძენი, ათენელი ისტორიკოსი; ანტიკური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
ქსენოფონტის ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობები ქსენოფონტზე დაცულია მისავე თხზულებებში და გვიანდელ ავტორთა გადმოცემებში. ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მოღვაწე დიოგენე ლაერტელს ეკუთვნის თხზულება „ქსენოფონტის ცხოვრება“. ეს „ცხოვრება“ შესულია დიოგენეს მიერ შედგენილ „ფილოსოფოსთა ბიოგრაფიებისა და მოძღვრებების კრებულში“ (ბერძ. φιλοσόφων βιων χαι δογμάτων συναγογἡ).
ქსენოფონტის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ბოლო ხანების გამოკვლევათა მიხედვით, იგი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. 430 წლის მახლობელ ხანებში ატიკის ერთ-ერთ დემში - არქიაში. ქსენოფონტის მამა, გრილე, მხედართა გაბატონებულ ფენას ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა. შვილისათვის მას კარგი განათლება მიუცია. ქსენოფონტის განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო საქმე და საცხენოსნო სპორტსაც დაუფლებია.
ახალგაზრდობის წლები
რედაქტირებადიოგენეს გადმოცემით, ერთხელ ჭაბუკი ქსენოფონტი ათენის ვიწრო შუკაში შეხვედრია სახელგანთქმულ ბრძენს, სოკრატეს. სოკრატემ ჭაბუკს ჯოხით გზა გადაუღობა და ჰკითხა: სად შეიძლება სხვადასხვაგვარი სურსათი ვიყიდოო. ჭაბუკმა ზუსტად, სრულიად დამაკმაყოფილებლად უპასუხა ფილოსოფოსს. მაგრამ სოკრატე მაინც არ ეშვებოდა და კვლავ ჰკითხა: აბა, ახლა მითხარი, სად და როგორ შეიძლება კაცი სრულქმნილი პიროვნება გახდესო. ქსენოფონტიმ, ცხადია, ვერაფერი უპასუხა. მაშინ სოკრატემ შესძახა: აბა, მომყევი და მე გასწავლიო.
სინამდვილეში, ქსენოფონტი სოკრატეს მიმდევარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არასდროს ყოფილა. მას საამისოდ არც კი ეცალა. მიუხედავად ამისა, სოკრატესთან ურთიერთობას წარუშლელი კვალი დაუტოვებია ახალგაზრდა ქსენოფონტის სულზე.
ქსენოფონტის ახალგაზრდობის წლები დაემთხვა სპარტის არისტოკრატულ-ოლიგარქიულ სახელმწიფოსა და ათენის მონათმფლობელურ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ამტყდარ ხანგრძილ ომს, რომელიც პელოპონესის ომის (431-404) სახელით შევიდა ისტორიაში. ჩვენთვის უცნობია, რა მონაწილეობა მიიღო ქსენოფონტიმ ამ ომში. სავარაუდებელია, რომ იგი ათენელთა შორის დაწყებულ ლაკონოფილურ მოძრაობას ემხრობოდა და ოცდაათი ტირანის მმართველობასაც მხარს უჭერდა და ათენის პოლისის დაქვეითებას მონათმფლობელური დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურებს აბრალებდა. ათენში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, ცხადია, ასეთი სულისკვეთების კაცს იქ აღარ დაედგომებოდა. ამავე პერიოდში ქსენოფონტი სპარსელი უფლისწულის კიროსის სამსახურში მიუწვევია მის მეგობარს, პროქსენეს. გადმოცემის მიხედვით, ქსენოფონტი სოკრატეს მოთათბირებია და მისი რჩევის მიღების შემდეგ, 401 წელს ლიდიის ქალაქ სარდეში გაემგზავრა და კიროსის მხედრობას შეეკედლა.
კიროსის სამსახურში
რედაქტირებადარიოს II-ის უმცროსი ძე კიროსი დიდ ლაშქრობას ამზადებდა თავისი ძმის, სპარსეთის მეფის, არტაქსერქსეს წინააღმდეგ. ქსენოფონტი ბერძნულ შენაერთთან ერთად იღებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობას. კიროსისა და დარიოსის ჯარები შეხვდნენ ბაბილონის მახლობლად. ამ ბრძოლაში კიროსი მოკლეს. ბერძნულმა ჯარმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბერძნებმა თავის მეთაურად ქსენოფონტი აირჩიეს. მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა და მთელი მცირე აზიის გავლით მიადგნენ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდეგ გადავიდნენ თრაკიაში. მალევე ქსენოფონტი სპარტის მეფეს, აგისილაეს დაუახლოვდა და თავისი ჯარის ნაწილი შეუართა ლაშქარს, რომელიც ათენის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა. 394 წელს ქსენოფონტი აგესილაესთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კორონეის ბრძოლაში თებელებისა და ათენელების წინააღმდეგ. ათენის ხელისუფებამ დაუსწრებლად გაასამართლა ქსენოფონტი და სამშობლოდან სამუდამოდ გაძევება მიუსაჯა.
უკანასკნელი წლები
რედაქტირებაამის შემდეგ, ცნობილია, რომ ქსენოფონტი დასახლდა ოლიმპიის მახლობლად მდებარე დაბა სკილუნტში, თავი დაანება სამხედრო და სახელმწიფო საქმეებს და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას, ნადირობას და ლიტერატურულ მუშაობას. მას ჰყავდა ცოლი და ორი შვილი - გრილე და დიოდორე.
როცა სპარტასა და თებეს შორის ომი ატყდა და თებელი სარდალი ეპამინონდა პელოპონესში შეიჭრა, იგი იძულებული გახდა კორინთოში გადასახლებულიყო. ეს მოხდა 370-369 წლებში. 369 წელს ათენმა და სპარტამ თებეს წინააღმდეგ კავშირი შეკრეს, რასაც შედეგად ქსენოფონტის შეწყალება და ამნისტია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ქსენოფონტი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. თავისი ვაჟები კი 362 წელს გაუგზავნია ათენში. აქ მათ, როგორც ათენელ მხედართმთავრებს, მონაწილეობა მიუღიათ თებეს წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. როცა ქსენოფონტს შვილის გმირულად დაღუპვის ამბავი აცნობეს, დეიოგენე ლაერტელის გადმოცემით, მას თავზე გვირგვინი დაუდგამს და ღიმილით უთქვამს: „მე ვიცოდი, ჩემი შვილის სახით მოკვდავი ადამიანი რომ გავაჩინეო“.
ქსენოფონტი, როგორც ჩანს გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვის 358-355 წლების მახლობელ ხანებში.
ქსენოფონტის თხზულებანი
რედაქტირებაქსენოფონტი ჰეროდოტესა (484-425) და თუკიდიდესთან (471-396) ერთად ელინური პერიოდის საისტორიო პროზის დიდოსტატთა სამეულს მიეკუთვნება. თუმცა, ქსენოფონტის მრავალმხრივი ინტერესი მხოლო ისტორიოგრაფიით როდი იყო შემოზღუდული. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: 1. ისტორიული, 2. ფილოსოფიური, ანუ „სოკრატულ თხზულებათა“ ჯგუფი, 3. პოლიტიკური და 4. ნარევი ჯგუფი.
ისტორიული თხზულებები
რედაქტირებაისტორიული თხზულებებია „ანაბასისი“ და „საბერძნეთის ისტორია“. აქედან „ანაბასისი“ შვიდი წიგნის შემცველი მემუარული შრომაა, რომელშიც აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსთა მეფის, არტაქსერქსეს, წინააღმდეგ. „ანაბასისი“ მდიდარია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობებით. ქართველი მენიერებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ნაწარმოების V და IV თავები, სადაც ქსენოფონტი ქართველური ტომებისა და კოლხეთის სამეფოს შესახებ იძლევა ცნობებს. ამ თავებს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ქართველი მეცნიერები ალ. ჭყონია, ივ. ჯავახიშვილი, სიმ. ჯანაშია, ალ. წერეთელი და სიმ. ყაუხჩიშვილი.
„საბერძნეთის ისტორიაც“ „ანაბასის“ მსგავსად 7 წიგნისაგან შედგება და ქსენოფონტის უმთავრეს საისტორიო თხზულებას წარმოადგენს. იგი აგრძელებს თუკიდიდეს „პელოპენესის ომის ისტორიას“. თხრობა იწყება 411 წლიდან და გრძელდება 362 წლის ამბებამდე.
ისტორიულ-პოლიტიკური თხზულებები
რედაქტირებაისტორიულ-პოლიტიკური თხზულებაა რვა წიგნის შემცველი „კიროპედია“ ანუ „კიროსის აღზრდა“. იგი გადმოქვცემს სპარსთა სამეფოს ფუძემდებლის, კიროს უმცროსის, აღზრდისა და დიდ მოღვაწედ ჩამოყალიბების ამბავს. ამ თხზულებაში ჩართული „ნოველა აბრადატესა და პანთიას ტრფობის შესახებ“ ნაწარმოებს ბელეტრისტულ ხასიათს აძლევს.
პოლიტიკურ თხზულებად ითვლება აგრეთვე „შემოსავალნი“ („სახელმწიფოს შემოსავალთათვის“).
ფილოსოფიური ანუ სოკრაული თხზულებები
რედაქტირებაფილოსოფიური ანუ სოკრაული თხზულებები სოკრატეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ესენია: „მოგონებები სოკრატეზე“, „სოკრატეს აპოლოგია“, დიალოგები - „ნადიმი“ და „ოიკონომიკოსი“. ფილოსოფიური ხასიათისაა, აგრეთვე, დიალოგი „ჰიერონი“.
ნარევი ჯგუფი
რედაქტირებანარევ ჯგუფში ათავსებენ ქსენოფონტის ისეთ თხზულებებს, როგორებიც არის: „აგესალია“ (სპარტის მეფისა და სარდლის, აგესალიას პანეგირიკა), „ლაკედომენელთა სახელმწიფო წყობილება“ (ლიკურგეს მიერ დაწესებული სახელმწიფო წყობილების იდეალიზაცია), „ცხენოსნობისათვის“ (ბერძ. „პერი ჰიპპიკეს“), „ცხენოსანთა წინამძღოლთათვის“ (ბერძ. „ჰიპპარქიკოს“) და „ძაღლით ნადირობისათვის“ (ბერძ. „კინეგეტიკოს“).
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ქსნოფონტს მიეწერება ჩვენამდე მოღწეული მცირე მოცულობის ნაშორმი „ათენელთა სახელმწიფო წყობილებისათვის“ (ბერძ. „ათენაიონ პოლიტეია“). მეცნიერთა დასკვნით, ეს თხზულება ქსენოფონტის არ უნდა ეკუთვნოდე და მის ავტორს ფსევდო-ქსენოფონტის სახელით მოიხსენიებენ.
ანტიკურ სამყაროში ქსენოფონტის ნააზრევი განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბერძნები და მოგვიანებით რომაელები მას მისაბაძ მწერლად თვლიდნენ და „ატიკურ ფუტკარს“ უწოდებდნენ.
წყაროები
რედაქტირება- ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე, თბ. 1973
- Диоген Лаертский, о жизни, учениях и изречениях знаменитых философов, м. 1979