თებე (საბერძნეთი)
თებე (ძვ. ბერძნ. Θῆβαι [tʰɛ̂ːbai̯]; ბერძ. Θήβα [ˈθiva]) — ძველი ბერძნული ქალაქი ბეოტიაში. ცნობილია მიკენის პერიოდიდან. თქმულების მიხედვით, დააარსა კადმემ. ჰომეროსი მოიხსენიებს „შვიდკარიბჭიან თებეს“. თებე მრავალი თქმულების მოქმედების ასპარეზი იყო (სფინქსის, ოიდიპოსის, ანტიგონესა და სხვა მითები). ძვ. წ. VI საუკუნეში თებე ბეოტიის კავშირს მეთაურობდა. ბერძენ-სპარსელთა ომების (ძვ. წ. 500-449 წწ.) დროს სპარსელებს უჭერდა მხარს. პელოპონესის ომის დროს (ძვ. წ. 431-404 წწ.) თებე ათენის წინააღმდეგ გამოდიოდა. კორინთის ომის დროს (ძვ. წ. 395-387 წწ.) კი — უკვე ათენის მხარეზეა სპარტას წინააღმდეგ. ანტალკიდას ზავის (ძვ. წ. 387 წ.) პირობებით, ბეოტიის კავშირი დაიშალა. ძვ. წ. 379 წელს პელოპიდასა და ეპამინონდას მეთაურობით თებეში დემოკრატიულმა ფენამ გაიმარჯვა, ბეოტიის კავშირი აღდგა და თებე მსხვილი პოლიტიკური ძალა გახდა საბერძნეთში. ძვ. წ. 371 წელს (ლევქტრასთან) და ძვ. წ. 362 წელს (მანტინეასთან) თებეს ჯარმა ეპამინონდას სარდლობით ორჯერ დაამარცხა სპარტელები, მაგრამ ეპამინონდას სიკვდილის (ძვ. წ. 362 წ.) შემდეგ თებეს მნიშვნელობა დაეცა. ძვ. წ. 338 წელს ქერონეის ბრძოლაში თებე დამარცხდა და მაკედონიას დაემორჩილა. ძვ. წ. 335 წელს, ანტიმაკედონიური აჯანყების ჩახშობის დროს, ალექსანდრე მაკედონელმა თებე მიწასთან გაასწორა, თუმცა შემდეგ ნაწილობრივ აღადგინეს. ძვ. წ. 146 წელს თებე რომის შემადგენლობაში შევიდა.
ცნობილი ადამიანები თებედან
რედაქტირება- პელოპიდა - (დაახ. ძვ. წ. 410, თებე – გ. ძვ. წ. 364) პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. ანტისპარტული დემოკრატიული გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი (379).
- პინდაროსი - (ძვ. წ. VII — გ. ძვ. წ. VI) — ძველი ბერძნული საგუნდო ლირიკის ცნობილი წარმომადგენელი.
- ლუკა მახარებელი - ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორი. დასაფლავებულია თეებში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 629-630.
- ჰეროდოტე – ისტორია
- მიხაელ ანგოლდი (1984) – The Byzantine Empire, 1025–1204
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Timeless Myths – House of Thebes დაარქივებული 2005-12-26 საიტზე Wayback Machine.
- Fossey, J.; J. Morin; G. Reger; R. Talbert; T. Elliott; S. Gillies. Places: 541138 (Thebai/Thebae). Pleiades. ციტირების თარიღი: March 8, 2012.