ალეთოლოგიური რეალიზმი
ალეთოლოგიური რეალიზმი — ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური ნააზრევი, რომელიც მან შეიმუშავა მოღვაწეობის პირველ ნახევარში. ალეთოლოგიური რეალიზმის მიზანი იყო შემეცნების მეთოდის დაფუძნება. ამისათვის ჯერ უნდა დაძლეულიყო ის დაბრკოლებანი, რომლებიც ფსიქოლოგიზმის კრიტიკის დროს ვერ გადაჭრეს ჰუსერლმა, რიკერტმა, ინტუიტივიზმის წარმომადგენლებმა და ა.შ. ამოცანის სწორი გადაწყვეტა მოითხოვდა არა მხოლოდ სპეციალურ-ადამიანურის, არამედ სცეფიკურ-ადამიანურის გადალახვასაც. ვინაიდან სპეციალურ-ადამიანური ეკუთვნის ლოგიკურის სფეროს, ფილოსოფიური აზროვნების ამოსავალი პუნქტი უნდა გამოიძებნოს ლოგიკურის იქით, წინალოგიკურში. ასეთია „ჭეშმარიტება თავისთავად“, რომელიც დაცლილია შინაარსისაგან, წინააღმდეგობათა სფეროს მიღმაა და არ ემორჩილება ლოგიკურ კანონებს, ამავე დროს იგი ირეალაციური (მიმართებათაგან თავისუფალი) და განხორციელებულია (საპირისპიროდ მსჯელობისა, რომელიც განხორციელებისაკენ მიისწრაფვის).
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ შემეცნების ამოცანა, არსება და სტრუქტურა. შემეცნების ამოცანა საგნის არსის შეცნობა, მისი კვლევა კი შემეცნების თეორიას ევალება. შემეცნების არსება ის არის, რომ იგი ინტენციაა და განიხილება უსაგნოდ. მისი შესწავლა უკვე ფენომენოლოგიის ამოცანაა. შემეცნების სტრუქტურა შემეცნების თეორიისა და ფენომენოლოგიის ფარგლებს გარეთ რჩება და ალეთოლოგიის საგანია. შემეცნების სტრუქტურაში თავს იჩენს შემეცნების ისეთი თავისებურება, როგორიც არის მისი ორგანზომილებიანობა: შემეცნება მიმართულია წინ და ამავე დროს უკან, ჭეშმარიტება თავისთავად არის წანამძღვარი და ამავე დროს მიზანი შემეცნებისა. შემეცნების სტრუქტურის მიხედვით ორად იყოფა შემეცნების მეთოდოლოგიაც – გამომდინარეობის მეთოდად და დაყვანის ანუ რედუქციის მეთოდად, რომელიც ფილოსოფიის ძირითადი მეთოდია. მისი დანიშნულებაა „ჭეშმარიტება ჩვენთვის“ დაიყვანოს „ჭეშმარიტებაზე თავისთავად“.
ალეთოლოგიური რეალიზმი იყო ქართული ფილოსოფიური აზრის ახალი გზების ძიება XX საუკუნის 20-იან წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდაშელი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 287.