ეპისტემოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან შემეცნების თეორია)

ეპისტემოლოგია (ძვ. ბერძნ. ἐπιστήμη — „ცოდნა“ და λόγος — „სიტყვა, სწავლა“), გნოსეოლოგია ( γνώσις — „ცოდნა“) — ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის შემეცნების პროცესის კანონზომიერებებს, არკვევს, რა არის ჭეშმარიტება და როგორ შეიმეცნება იგი, როგორია სუბიექტისა და ობიექტის მიმართება შემეცნების პროცესში და, საერთოდ, შესაძლებელია თუ არა შემეცნება. ონტოლოგიასთან ერთად იგი შეადგენს თეორიულ ფილოსოფიას . ტერმინი „გნოსეოლოგია“ შემოვიდა და აქტიურად გამოიყენებოდა გერმანულ ფილოსოფიაში XIX საუკუნეში, ხოლო ტერმინი „ეპისტემოლოგია“ ანგლო-ამერიკულ ფილოსოფიაში დამკვიდრდა XX საუკუნიდან.

XVII–XVIII სს-ში გნოსეოლოგიას მიიჩნევდნენ კვლევის სპეციალურ ფილოსოფიურ დარგად, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი (1632–1704), რომელმაც ემპირისტული გნოსეოლოგიის პრინციპების საფუძველზე უარყო თანდაყოლილი იდეების არსებობა და მთელი საკაცობრიო ცოდნა ცდისეულად გამოაცხადა; ი. კანტი, რომელმაც რეალობა, როგორც თავისთავადი ნივთის სამყარო თვით შემეცნებისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა (ობიექტი, მისი აზრით, არსებობს მხოლოდ სუბიექტის მოღვაწეობის ფორმებში). გნოსეოლოგიას ხშირად აიგივებენ ეპისტემოლოგიასთან (ბერძნ. epistēmē – მეცნიერული ცოდნა და logos – მოძღვრება), რაც ზუსტი არ ტო არის, რადგან გნოსეოლოგიის ცნება გამოიყენება როგორც შემეცნების პროცესის, ასევე საერთოდ ცოდნის კანონზომიერებათა შემსწავლელი მეცნიერების აღსანიშნავად, ხოლო ეპისტემოლოგია მოძღვრებაა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის შესახებ. მათი გაიგივების, უფრო სწორად, ეპისტემოლოგიაზე შემეცნების თეორიის დაყვანის მცდელობა თვალსაჩინოა უახლეს ქართულ ფილოსოფიურ ლიტ-რაში (ვ. რამიშვილი).

შემეცნების შესაძლებლობის უარმყოფელ თეორიას აგნოსტიციზმი ეწოდება, ხოლო იმ ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელიც არც ამტკიცებს და არც უარყოფს შემეცნების შესაძლებლობას, არამედ ასაბუთებს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიზანს ვერასდროს მიაღწევს – სკეპტიციზმი.

ერთმანეთისგან განსხვავდება გრძნობადი, ანუ ემპირიული, და რაციონალური, ანუ ლოგიკური, შემეცნება. ემპირიული შემეცნების ფორმებია: შეგრძნება, აღქმა და წარმოდგენა, ხოლო რაციონალური შემეცნებისა – ცნება, მსჯელობა და დასკვნა. მათთან მჭიდროდაა დაკავშირებული ინტუიციური შემეცნება – რაიმეს უეცარი მიხვედრა, ჭეშმარიტების ერთგვარად მოულოდნელი გაცხადება. არსებობს ინტუიციის სხვადასხვა ფორმა (გრძნობადი, ინტელექტუალური, მხატვრული, რელიგიური და სხვ.). მათგან შემეცნების პროცესში უპირატესად მონაწილეობს მხოლოდ ინტელექტუალური ინტუიცია. თუმცა ინტუიციური შეიძლება იყოს მხოლოდ შემეცნება და არა ცოდნა, როგორც შემეცნების პროდუქტი – ინტუიციურად შეცნობილი მხოლოდ ლოგიკური დასაბუთების შემდეგ მიიღებს ცოდნის ხასიათს. ნებისმიერი შემეცნების მიზანი არის ჭეშმარიტების აღმოჩენა. ჭეშმარიტება არის სინამდვილის სწორი, ადეკვატური ასახვა. მისი საპირისპიროა შეცდომა, რომელიც სინამდვილეს წარმოსახავს მცდარად. როცა ამტკიცებენ ჭეშმარიტების ობიექტურობას, ეს ნიშნავს, რომ იგი არ ექვემდებარება სუბიექტურ თვითნებობას. ამავე დროს იგი რელატიური, ანუ ფარდობითია. ამის გაცნობიერება შესაძლებლობას იძლევა შეცდომების პერმანენტული გამორიცხვის გზით უზრუნველვყოთ შემეცნების პროცესის სრულყოფა გნოსეოლოგია ასაბუთებს შემეცნების სამი ურთიერთდაკავშირებული ფორმის არსებობას: მეცნიერებამდელი, ანუ წარმოდგენებით აზროვნება, კონკრეტული-ცნებისეული, ანუ მეცნ. შემეცნება, და ფილოსოფიური შემეცნება, რომელიც ხორციელდება უზოგადესი ანუ ფილოს. ცნებების – კატეგორიების მეშვეობით. ხშირად გნოსეოლოგიაზე დაჰყავდათ მთელი ფილოს. თეორია. ეს არასწორი ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალწარმოშობილმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა თითქოს კვლევის ობიექტებად დაინაწილეს ყოფიერების სფერო და, ამდენად, ონტოლოგია ზედმეტად აქციეს.

საქართველოში გნოსეოლოგიის აქტუალური პრობლემები ყოველთვის იყო ქართვ. ფილოსოფოსების ყურადღების ცენტრში. შემეცნების თეორიის ცალკეულ საკითხებს ვხვდებით იოანე პეტრიწის, სულხან-საბა ორბელიანის, ანტონ I-ის, ი. ხელაშვილის, იოანე ბატონიშვილის, ს. დოდაშვილისა და სხვ. ქართვ. მოაზროვნეთა თხზულებებში. კერძოდ, შ. ნუცუბიძემ ბ. ბოლცანოს ონტოლოგიური ჭეშმარიტების თეორიის საფუძველზე შეიმუშავა ორიგინ. გნოსეოლოგიური მოძღვრება – ალეთოლოგია. მაგრამ ამ მოძღვრების დედაარსი მდგომარეობს არა აზროვნებისა და შემმეცნებელი სუბიექტისაგან ჭეშმარიტების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახით არსებობის დაშვებაში, არამედ იმის დასაბუთებაში, რომ ჭეშმარიტება არის ფსიქოლოგისტური და ანთროპოლოგისტური დანაშრევებისაგან თავისუფალი ფენომენი. ამ სახით შ. ნუცუბიძის შეხედულება თითქოს ეხმიანება და ერთგვარად წინ უსწრებს კ. პოპერის საინტერესო თეორიას ცოდნის ონტოლოგიური ბუნების შესახებ. პოპერის მიხედვით, შემმეცნებელი სუბიექტის მიერ მოპოვებული ცოდნა მისი ავტორის (შემეცნების სუბიექტის) ცნობიერებასთან ერთად, როგორადაც იგი ფიქსირდება წიგნებსა და ჟურნალებში, ცოდნას წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას არავის ცნობიერება არ ითვისებს.

ფილოსოფიის გნოსეოლოგიაზე დაყვანის ტენდენციას, რომელიც ჯ. ლოკის, ი. კანტისა და ნეოკანტიანელებისაგან მომდინარეობდა, ეხმაურებოდნენ ქართველი ფილოსოფოსებიც, კერძოდ, კ. ბაქრაძეს მიაჩნდა, რომ ფილოსოფია არსებითად გნოსეოლოგია არის და რომ ფილოსოფია საგანია შემეცნების კანონზომიერება. ამ თვალსაზრისს, ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიისათვის დიდი კულტურული ღირებულება ჰქონდა, რადგან ადასტურებდა ქართველ ფილოსოფოსების ინტერესს დასავლურ ფილოსოფიურ აზროვნებაში მიმდინარე პროცესებისადმი.

თავის დროზე შემეცნების აქსიომატურ საფუძვლებს იკვლევდა მ. გოგიბერიძე („შემეცნების აქსიომატური დასაბამი“, 1926). მის მიერ დაწყებული შემეცნების მტკიცე და საიმედო საწყისების ძიების ერთგვარი გაგრძელებაა ს. შ. ავალიანის ფსევდოაბსოლუტური ჭეშმარიტების თეორია, რომლის მიხედვით ფსევდოაბსოლუტურობა შემეცნების უზოგადესი კანონზომიერებაა. თუმცა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია კავშირი შემეცნების აქსიომატურ საფუძვლებსა, მტკიცე და საიმედო საწყისებსა და ფსევდოაბსოლუტურს შორის.

გნოსეოლოგიის კვლევის ობიექტისა და არეალის გაფართოების თვალსაზრისით თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ა. შეროზიას, რომელმაც დაადგინა, რომ არაცნობიერის კვლევა კი არ ხელყოფს გნოსეოლოგიას, არამედ პირიქით, უფრო აღრმავებს მას.

ს. წერეთელმა დაადგინა ჭეშმარიტების დიალექტიკური ბუნება, რითაც ბიძგი მისცა დიალექტური ლოგიკის ჩამოყალიბებას და ლოგიკის, შემეცნების თეორიისა და დიალექტიკის იგივეობის შემდგომ დასაბუთებას. საქართველოში გნოსეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ. კვარაცხელიას შეხედულება შემეცნების ობიექტისა და სუბიექტის მიმართების საკითხზე. მისი აზრით, ადამიანი არის არა მხოლოდ შემეცნების სუბიექტი, არამედ თვით წარმოადგენს შემეცნების ობიექტს, ანუ გნოსეოლოგიურ პრობლემას. ამ პრობლემის გადაწყვეტაში თვითშემეცნების მონაწილეობა გვაახლოებს შემეცნების სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის შემდგომ დაზუსტებასთან.

აღნიშნულ ამოცანას თავისებურად ეხმაურება ბ. ბრეგვაძის თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ჭეშმარიტების კრიტერიუმი თვით აზრში, ცნობიერებაში უნდა ვეძიოთ. ცხადია, ეს დებულება არ იწვევს პრაქტიკის კრიტერიუმის უგულებელყოფას. პირიქით, აქ აზრს ენიჭება ჭეშმარიტების შეფასების (და არატრადიციული აზრით – საზომის) დანიშნულება. ამდენად, პრაქტიკა, როგორც ჭეშმარიტების საზომი და აზრი, როგორც ჭეშმარიტების შემფასებელი, ერთმანეთს საჭიროებენ. უნდა აღინიშნოს, რომ გნოსეოლოგიური პრობლემების აქსიოლოგიური პოზიციიდან განხილვის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო დ. ბეჭვაია. კერძოდ, მან ოსტატურად გაარკვია ქართ. ფილოს. მონაპოვარი გნოსეოლოგიური კატეგორიის – ფსევდოაბსოლუტურის – აქსიოლოგიური დანიშნულება და ამით ერთმანეთთან დააკავშირა აღნიშნული დარგები. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის განსხვავება ფსევდოაბსოლუტურსა და ჰ. ფაიჰინგერის (1852–1933), ფრ. ნიცშესა და პრაგმატისტების ფიქციონალისტურ შეხედულებებს შორის.

უკანასკნელ პერიოდში ქართვ. ფილოსოფოსებს შორის გაძლიერდა გნოსეოლოგიური პრობლემატიკის გაფართოებისა და მისი სტრუქტურის შეცვლის ცდები. მაგ., გნოსეოლოგიის სტრუქტურაში უკვე წარმოდგენილია მეცნიერება, დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც აქამდე არსებითად მხოლოდ სოც. ფილოსოფიის დონეზე განიხილებოდა და ისიც როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა. გნოსეოლოგიის სტრუქტურაში კი იგი მიჩნეულია ადამიანის მოღვაწეობის სფეროდ, რომლის ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების, პროცესების არსებისა და კანონზომიერების შესახებ ობიექტური, ჭეშმარიტი ცოდნის სისტემატიზაცია აბსტრაქტულ- ლოგიკური ფორმით. ქართვ. ფილოსოფოსთა დიდ ყურადღებას იქცევს ჭეშმარიტების კრიტერიუმისა და მეცნიერების თეორიის საკითხები, რ-ებიც ფართოდაა წარმოდგენილი ს. დანელიას, ნ. კირვალიძის, ჯ. კორძაიას, თ. ა. ბუაჩიძის, ო. ჯუღელის, ვ. ერქომაიშვილის, მ. მამარდაშვილის და სხვათა შრომებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 709.
  • ავალიანი ს., თეორიული ფილოსოფია, თბ., 2007, თ. 6;
  • ასათიანი გ., ფილოსოფია, ნაწ. 3, თბ., 2006;
  • ბაჩულაშვილი გ., კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბ., 1978;
  • ბეჭვაია დ., აქსიოლოგია, თბ., 2007;
  • გაგოიძე ვ., მეცნიერება-ტექნიკასაზოგადოება, ტ. 1–2, თბ., 1982–85;
  • კვარაცხელია ნ., ადამიანის, როგორც შემმეცნებელი სუბიექტის პრობლემა, თბ., 1986;
  • კვიჟინაძე რ., ჭეშმარიტების ცნება და ალტერნატივები შემეცნების თეორიაში, თბ., 1976;
  • კირვალიძე ნ., ჭეშმარიტების საზომის პრობლემა ფილოსოფიაში, თბ., 1978;
  • კორძაია ჯ., პრაქტიკა, როგორც შემეცნების საფუძველი, თბ., 1971;
  • რამიშვილი ვ., ფილოსოფია, ნაწ. 4, თბ., 2009;
  • რეხვიაშვილი ტ., განწყობის, ინტუიციისა და აზროვნების როლი სუბიექტის აზროვნებაში, თბ., 1991;
  • შუშანაშვილი გ., შემეცნების თეორია (3 ნაწილად), თბ., 1977–81.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: