ლეონ მელიქსეთ-ბეგი

ლეონ მელიქსეთის ძე მელიქსეთ-ბეგი (სომხ. Լեոն Մելիքսեթ-Բեկ; დ. 26 სექტემბერი [ ძვ. სტ. 14 სექტემბერი], 1890, თბილისი, საქართველო — გ. 3 სექტემბერი, 1963, იქვე) — სომხური წარმოშობის საქართველოში მოღვაწე მეცნიერი, არმენოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1928), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1945).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებაში. 1918 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის გამგე. მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის და სხვა საკითხებზე. მისი შრომები, გარდა მეცნიერული მიზნებისა, ემსახურება ქართველთა და სომეხთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას. ავტორია შრომებისა:„ქართველების ნათესაობა ესპანელებთან ძველი წყაროების მიხედვით“ (1911, რუსულ ენაზე), „მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938, ქართულ ენაზე), „საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (ტ. 1, 1949, ქართულ ენაზე), „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1-3, 1934-1955, სომხურ ენაზე), „სომეხი მწერლები და საქართველო“ (ტ. 1, 1963, სომხურ ენაზე) და სხვა შრომები. ლეონ მელიქსეთ-ბეგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც (თარგმნიდა სომხურიდან ქართულზე და პირიქით). ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი. ლეონ მელიქსეთ-ბეგის პირად არქივში დაცულია მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 265, თბ., 1994
  • ლ. მ. მელიქსეთ-ბეგის ნაბეჭდ ნაშრომთა სრული ბიბლიოგრაფია (1909-1960), ი. შილაკაძის შესავალი სიტყვითა და რედაქციით, თბ., 1960;
  • ჯიქია ს., პროფ. ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა, «თსუ შრომები», 1962, ტ. 99;