სოციალისტ-ფედერალისტები

პოლიტიკური პარტია

სოციალისტ-ფედერალისტები, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია — ქართული მემარცხენე ნაციონალისტური პარტია, რომელიც იყო პირველი პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაარსდა 1904 წელს, ჟენევაში.

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი იოსებ ბარათაშვილი
გიორგი ლასხიშვილი
ისტორია
დაფუძნდა 1904
დაიშალა 1923
პოზიციები
იდეოლოგია ფედერალიზმი, მემარცხენე ნაციონალიზმი, დემოკრატიული სოციალიზმი[1]
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე
გაზეთი „საქართველო“ (1903-1905)
ცნობის ფურცელი (1904-1906),
სახალხო გაზეთი (1909-1914)
სახალხო ფურცელი (1914-1917)
სახალხო საქმე (1917-1921)
წარმომადგენლობითობა
საქართველოს დამფუძნებელი კრება
8 / 130
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

1901 წელს გაზეთ „ივერიას“ და „ცნობის ფურცელის“ კონსერვატორულად განწყობილ ჯგუფებს გამოეყო ქართველ ინტელიგენტთა ჯგუფი (არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, ანდრია დეკანოზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები) და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. აირჩიეს ხელმძღვანელი კომიტეტი. 1903 წელს პარიზში დაიწყეს გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა.

1904 წლის აპრილში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ იმ ქართველ ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ჟენევაში მოიწვია კონფერენცია და დააარსა პარტია. სოციალისტ-ფედერალისტები ითხოვდნენ საქართველოს ავტონომიას ფედერალიზმის საფუძველზე მოწყობილი რუსეთის ფარგლებში. სოციალ-ფედერალისტების პირველ კონფერენციას დაესწრო ნოე ჟორდანია, მაგრამ დატოვა კონფერენცია მათ სამოქმედო პროგრამასთან უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ჟორდანია მათ აკრიტიკებდა საქართველოსთვის ავტონომიის სტატუსის მოთხოვნის გამო და მათ საპირისპიროდ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართველი ნაციონალისტები“.

1904 წლიდან პარტიის ორგანო გახდა „ცნობის ფურცელი“. 1906 წლის ზაფხულში პარტიას მემარჯვენე ფრთა გამოეყო. მოგვიანებით, მის საფუძველზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაარსდა. ამის შემდეგ პარტია უფრო სოციალიზმისკენ გადაიხარა. 1906 წელს რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტებმა მხარი სოციალ-დემოკრატებს დაუჭირეს.

1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ სოციალ-ფედერალისტებმა ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი სოციალ-დემოკრატები. ამ ბრალდებას მძაფრი კრიტიკით უპასუხა ნოე ჟორდანიამ.[2]

1909-1913 წლებში გარდაიცვალნენ პარტიის პირველი თაობის ლიდერები და იდეოლოგები არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ პარტიაში დაწინაურდა ახალი თაობა და გაძლიერდა სოციალიზმის მიმართულება ნაცვლად ფედერალიზმისა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პარტიამ აქტიურად დააყენა საქართველოს ავტონომიის საკითხი. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ერთ-ერთ წევრად დანიშნა სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე. აპრილში სოციალისტ-ფედერალისტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შიტანეს ინტერპარტიული კრებების ჩატარებაში. კრებაზე ფედერალისტები ითხოვდნენ ეროვნული ცენტრის შექმნას, რაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა.

1917 წლის 7-12 მაისს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის IV (I) კონფერენცია გაიმართა. მას 157 დელეგატი ესწრებოდა. საპატიო თავმჯდომარეები იყვნენ კიტა აბაშიძე და გიორგი ზდანოვიჩი. კონფერენციამ განსაზღვრა პარტიის სტრატეგია და ტაქტიკა ახალ პირობებში. პირველი მსოფლიო ომის საკითხში პარტიამ მხარი დაუჭირა რუსეთის დროებით მთავრობას. პარტიის მთავარ მიზნად რჩებოდა საქართველოს ავტონომია. კონფერენციამ მხარი დაუჭირა „რეალური მოსახლეობის“ მოდელს, რაც ნიშნავდა ეთნიკურად შერეული ტერიტორიების (ბორჩალოს, ახალქალაქის და ზაქათალის ოლქები) კუთვნილების გადაწყვეტას რეფერენდუმით.

1917 წლის აგვისტოდან პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლასხიშვილი იყო ჯერ საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს, ხოლო იმავე წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1918 წლის იანვარში ჩატარდა პარტიის V (II) კონფერენცია ამიერკავკასიის კომისარიატის და ამიერკავკასიის რესპუბლიკის არსებობის დროს პარტია მხარს უჭერდა ერთიანი სამხრეთ-კავკასიური სახელმწიფოს არსებობას. ფედერაციის ფარგლებში პარტია ითხოვდა ფედერაციის სუბიექტების ავტონომიას.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პირველ კოალიციურ მთავრობაში პარტიას ჰაყვდა ორი მინიტრი: გიორგი ლასხიშვილი იკავებდა სახალხო მინისტრის პოსტს და შალვა ალექსი-მესხიშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტს. 1918-1919 წლებში ლასხიშვილის მინისტრობის დროს გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განათლების სფეროში: განხორციელდა სკოლების ნაციონალიზაცია, სახელმწიფო სტატუსი მიიღო თბილისის უნივერსიტეტმა, შემოღებულ იქნა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის სავალდებულო სწავლება. 1918 წლის სექტემბერში გაიმართა პარტიის III კონფერენცია. მან მხარი დაუჭირა სახელმწიფოს უნიტარულ მოწყობას.

დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ 33 754 ამომრჩევლის ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა სოციალ-დემოკრატების შემდეგ. კრებაში პარტიამ მიიღო რვა მანდატი, რომელსაც იმავე წლის აგვისტოში დამატებითი არჩევნების შემდეგ დამატა ერთი მანდატი. სოციალისტ-ფედერალისტი სიმონ მდივანი იკავებდა დამფუძნებელი კრების საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს. დამფუძნებელ კრებაში სოციალისტ-ფედერალისტების ფრაქცია მმართველ ძალას უპირისპირდებოდა მემარცხენე პოზიციიდან, ითხოვდა მეტ სოციალიზმს მისგან. პარტია მხარს უჭერდა მმართველ ძალას თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. პარტიამ ხმა მისცა ხელშეკრულებებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, მხარი დაუჭირა დენიკინის არმიის წინააღმდეგ სამეხდრო მოქმედებებს.

1919 წლის სექტემბერში გაიმართა პარტიის IV კონფერენცია, რომელზეც თავი იჩინა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ. პარტიას გამოეყო სინდიკალისტების ჯგუფი, რომელმაც ცალკე პარტიის ჩამოყალიბება სცადა ამ ჯგუფში შედიოდნენ ალექსანდრე წერეთელი, ისიდორე ვარაზაშვილი, სერგო გერსამია, გენო ქელბაქიანი, გრიგოლ ლაღიძე, ვასილ ვარაზაშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და სხვ.

საბჭოთა ოკუპაცია

რედაქტირება

1921 წლის 9-14 იანვარს მიმდინარე V კონფერენციაზე წარმოიშვა უფრო დიდი განხეთქილება. პარტიის მემარცხენე ფრთამ, რომელშიც შედიოდნენ თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ხუნდაძე და სხვები, მხარი დაუჭირა საბჭოთა რუსეთთან თანამშრომლობას. 27 თებერვალს პარტიის მემარცხენე ჯგუფის წევრები საქართველოს რევოლუციური კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და თანამშრომლობა აღუთქვეს.

1921 წლის 5-9 ივნისს გაიმართა VI კონფერენცია. კონფერენციაზე გაგრძელდა დაპირისპირება მემარჯვენე და მემარცხენე ფრთებს შორის. თავმჯდომარედ ისევ ლასხიშვილი დარჩა, მაგრამ მემარცხენე ფრთა აგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. პარტიის წევრებიდან ბევრი დამორჩილდა მემარცხენეების საბჭოურ კომპრომისს. ნაწილი იატაკქვეშა ბრძოლაზე გადავიდა, ნაწილი საერთოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას.

1921 წლის 30 ოქტომბრის ყრილობაზე საბოლოოდ გაფორმდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შექმნა. 1923 წლის 7 ნოემბერს ჩატარებულ ყრილობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო

პოლიტიკური პროგრამა

რედაქტირება

სოციალისტ-ფედერალისტები რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში ითხოვდნენ საქართველოს ავტონომიას. პარტიის პროგრამის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მიწების სოციალიზაცია. ეს მოთხოვნა მათ აღებული ჰქონდათ რუსი ესერებისგან.

1918 წლის შემდეგ პარტია მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა მემარცხენე პოზიციიდან. მის პროგრამაში შედიოდა სოციალიზმის დამყარება, ფართო თვითმმართველობა, აფხაზეთისა და სამუსლიმანო საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭება, უფასო და სავალდებულო სასკოლო და პროფესიული განათლება, ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკევება, ჯარის მშენებლობა, მრეწველობის განვითარება, არაპირდაპირი გადასახადების გაუქმება და შემოსავალსა და მემკვიდრეობაზე გადასახადების შემოღება, 8-საათიანი სამუშაო დღის დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, მიწის გადაცემა მიწაზე მშრომელებისთვის, მიწის ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა.[3]

ხელმძღვანელობა

რედაქტირება

1917 წლიდან პარტიის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი. 1918 წლის იანვრის მდგომარეობით პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები იყვნენ სამსონ ფირცხალავა (მოადგილე), იოსებ ბარათაშვილი (მოადგილე), მიხეილ საყვარელიძე (მდივანი), შალვა ნუცუბიძე, შალვა ალექსი-მესხიშვილი, სამსონ დადიანი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, აკაკი პაპავა, თედო ღლონტი, ერასტი ტოროტაძე, დიმიტრი უზნაძე, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე.

1921 წლის იანვრის მდგომარეობით პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), სამსონ ფირცხალავა (მოადგილე), სამსონ დადიანი (მოადგილე), ქრისტეფორე რაჭველიშვილი (ხაზინადარი), მიხეილ საყვარელიძე (მდივანი), გრიგოლ რცხილაძე, შალვა ნუცუბიძე, ერასტი ტოროტაძე, გრიგოლ გველესიანი, თედო ღლონტი, შალვა მიქელაძე, სიმონ მდივანი, ვ. კოტეტიშვილი, აკაკი პაპავა, იოსებ ბარათაშვილი, ვ. პაატაშვილი.

ბეჭდვითი გამოცემები

რედაქტირება

პარტიის ბეჭდვითი გამოცემები იყო:

  • გაზეთი „„საქართველო“, რომელიც გამოდიოდა პარიზში 1903-1905 წლებში, არჩილ ჯორჯაძის, გიორგი ლასხიშვილის და თედო სახოკიას რედაქტორობით
  • „ცნობის ფურცელი“ გამოდიოდა 1896 წლიდან, მაგრამ 1904 წლიდან გახდა სოციალისტ-ფედერალისტებისა. გამოდიოდა 1906 წლამდე.
  • გაზეთი „შრომა“ გამოდიოდა 1906 წელს დახურული „ცნობის ფურცლის“ ნაცვლად
  • გაზეთი „მეგობარი“ გამოდიოდა 1906-1907 წლებში გრიგოლ რცხილაძის რედაქტორობით, დაიხურა ცენზურის გამო
  • გაზეთი „ისარი“ გამოდიოდა „მეგობრის“ ნაცვლად 1907-1908 წლებში, დაიხურა ცენზურის გამო
  • გაზეთი „ამირანი“ გამოდიოდა 1908 წლის მარტიდან ნოემბრამდე „ისრის“ ნაცვლად, გამოვიდა სულ 197 ნომერი, დაიხურა ცენზურის გამო
  • „სახალხო გაზეთი“ გამოდიოდა 1909-1914 წლებში
  • „სახალხო ფურცელი“ გამოდიოდა „სახალხო გაზეთის“ ნაცვლად 1914-1917 წლებში
  • „სახალხო საქმე“ გამოდიოდა 1917-1921 წლებში „სახალხო ფურცლის“ ნაცვლად

პარტიული სია

რედაქტირება

„საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის“ სია დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის 1919 წლის თებერვალში.

  1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე
  2. რცხილაძე გრიგოლ სვიმონის ძე
  3. ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე
  4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე
  5. ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე
  6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე
  7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე
  8. მდივანი სიმონ გურგენის ძე
  9. ღლონტი თევდორე ზურაბის ძე
  10. დადიანი სამსონ პლატონის ძე
  11. ლაღიძე გრიგოლ ერმალოს ძე
  12. ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე
  13. ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე
  14. მდივანი ალექსანდრე ბესარიონის ძე
  15. პაპავა აკაკი ამბაკოს ძე
  16. ბაქრაძე იასონ თომას ძე
  17. დადიანი შოთა პლატონის ძე
  18. ჯაკობია გიორგი პავლეს ძე
  19. ფაღავა აკაკი ნესტორის ძე
  20. იმნაძე ვარლამ მარკოზის ძე
  21. რაჭველიშვილი ქრისტეფორე ლუკას ძე
  22. მაჭავარიანი სიმონ იოსების ძე
  23. მიქელაძე შალვა ანტონის ძე
  24. გავაშელი მიხეილ გიორგის ძე
  25. კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე
  26. ნაკაშიძე ნინო იოსების ასული
  27. დაფქვიაშვილი გიორგი დიმიტრის ძე
  28. ქადაგიძე დავით ნიკოლოზის ძე
  29. კაკულია მიხეილ ჯათუს ძე
  30. ყაუხჩიშვილი მიხეილ გიორგის ძე
  31. ბოკერია ევგენი გრიგოლის ძე
  32. მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე
  33. შანიძე აკაკი გაბრიელის ძე
  34. ყიფშიძე იოსებ ალექსის ძე
  35. ბერიძე ვუკოლ მიხეილის ძე
  36. ახვლედიანი გიორგი სარდიონის ძე
  37. გველესიანი მელანია ონისიმეს ასული
  38. ჭანიშვილი პარმენ გიტოს ძე
  39. გელოვანი პლატონ ლევანის ძე
  40. ესაკია მიხეილ ბესარიონის ძე
  41. სანიკიძისა ალექსანდრა ვასილის ასული
  42. პატარაია გრიგოლ პორფილეს ძე
  43. ფაღავა თამარ ალექსანდრეს ასული
  44. ინაშვილი ალექსანდრე დავითის ძე
  45. ბერძნიშვილი გრიგოლ თევდორეს ძე
  46. იმნაძისა ელენე ვასილის ასული
  47. ხახანაშვილი მიხეილ შაფათას ძე
  48. ეგნატაშვილი ვასილ იაკობის ძე
  49. ალუღიშვილი ვასილ გიორგის ძე
  50. ბაკურაძე ილია ნიკოლოზის ძე
  51. რაზიკაშვილი თევდორე პავლეს ძე
  52. ჭუმბაძე არტემ მაქსიმეს ძე
  53. რაზიკაშვილი ნიკოლოზ პავლეს ძე
  54. კობახიძე კონსტანტინე ივანეს ძე
  55. სტურუა ისიდორე ივანეს ძე
  56. მაჭავარიანი თამარ პეტრეს ასული
  57. ასლანიშვილი იოსებ ანტონის ძე
  58. ავალიშვილი ესტატე გიორგის ძე
  59. ფარცვანია ბესარიონ დავითის ძე
  60. ქუთათელაძე იოსებ გიორგის ძე.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება