სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოიძე.

ირაკლი მოსეს ძე თოიძე (დ. 14 მარტი, 1902, თბილისი — გ. 1 აპრილი, 1985, იქვე) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951), რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951), საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1970), თბილისის საპატიო მოქალაქე (1982).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ოჯახში. მამამ ითამაშა დიდი როლის მის მხატვრად ჩამოყალიბებაში. 1919-1920 წლებში 17 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო მამასთან ერთად არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში. იყო რუსეთის მხატვართა ასოციაციის საქართველოშ ფილიალის, შემდეგ კი „სარმას“ თავმჯდომარე. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1931 წელს მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

ზაჰესის მშენებლობის დროს შექმნა ნახატი „ილიჩის ნათურა“. მისი კიდევ ერთი ნახატია „ახალგაზრდა სტალინი კითხულობს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს“. 1937 წელს გააფორმა ვეფხისტყაოსანი“. ეს ილუსტრაციები დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოდ მიიჩნევა ქართული წიგნის გრაფიკაში.

გამოირჩეოდა საბჭოთა პოლიტიკური პლაკატების შექმნით. პოპულარობა მოუტანა პლაკატმა „დედა-სამშობლო გვეძახის!“ (1941), რომელიც მოიწონა სტალინმა და გამოფენილი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით საჯარო სივრცეებში. მეორე მსოფლიო ომის დროს თოიძემ შექმნა ასევე პლაკატები „წინ დასავლეთისკენ!“, „დედასამშობლოსათვის“, „სამშობლოს სახელით წინ, დევგმირებო!“, „ვფიცავ, დავამარცხებ მტერს!“, „ყველანი ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად!“, „გავათავისუფლებთ ევროპას ფაშისტური მონობის უღლისგან“ და სხვა. პოლიტიკურ პლაკატებზე მუშაობას აგრძელებდა ომის შემდგომაც. შემდგომი პერიოდის პლაკატებია „ოქტომბრის 50-ე წლისთავი ჩვენი საერთო დღესასწაულია“, „ჩვენი ერთობა ურღვევია“, „მძიმე ინდუსტრია ჩვენი სამშობლოს ძლიერების საფუძველია“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციციშვილი, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 196-197.
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 548, ISBN 99928-20-32-2.
  • კალანდია, გ. „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბილისი, 2014, გვ. 66
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 175, თბილისი, 1994
  • ჩხიკვიშვილი, მ. „ირაკლი თოიძის სახელოსნოში“; „საბჭოთა ხელოვნება“, N5 1968
  • „მხატვარი მამა-შვილი — მოსე თოიძე და შვილი მისი ერეკლე“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N25, 1915

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება