ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი — აღმართი თბილისში, ისნის რაიონში (რიყისა და ავლაბრის მიჯნა). ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ღვინის აღმართამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ეს იყო ვიწრო ბილიკი, რომელიც 1803, 1845 და 80-იან წლებში თანდათან გააფართოვეს. 50-იან წლებში უწოდეს პავლე ციციანოვის, 1923 წელს — ივანე კალიაევის, 1945 წელს — ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები პავლე ციციანოვის ქუჩა, ივანე კალიაევის ქუჩა

1935 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და მიიღო დღევანდელი სახე. დღეს იგი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩაა. ცალ მხარეს გასდევს კლდეზე გადმოკიდებული სახლები, მეორე მხარეს ქალაქის ხედი ძველი უბნების მომხიბლავი პანორამით. პლატონ იოსელიანის ცნობით ციციანოვის აღმართის კლდის წვერზე გაშენებული ყოფილა 2 სასახლე, რომელთაგან ერთი გურიის, მეორე — სამეგრელოს მთავარს ეკუთვნოდა. ეს სასახლეები აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაუნგრევიათ.

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი ქალაქის ცენტრს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდით უკავშირდება. აღმართის დასაწყისში დგას ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ციბაძე. არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი). პოეტ იოსებ გრიშაშვილის „ლიტერატურულ ნარკვევებში“ (1957) გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღმართი ატარებდა არა მთავარმმართველ პავლე ციციანოვის, არამედ ფარსადან თეიმურაზის ძე ციციშვილის (1786–1845) სახელს, რომელსაც ამ მიდამოებში საკუთარი მამულები ჰქონია და პირველი ბილიკიც მას გაუყვანია. იგივე მოსაზრებაა გამოთქმული ისტორიკოს მაქსიმე ბერძნიშვილის წიგნში „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“ (თბ., 1983).

ლიტერატურა რედაქტირება