მაქსიმე ბერძნიშვილი
მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი (დ. 21 აგვისტო, 1889, თბილისი ― გ. 27 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
მაქსიმე ბერძნიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი |
დაბადების თარიღი |
21 აგვისტო, 1889 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
27 აპრილი, 1967 (77 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია → საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა → სსრკ |
საქმიანობა | ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1910 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1912-1916 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა მდივნის მოადგილედ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. 1918 წლიდან მასწავლებლობდა. 1921-1925 წლებში მუშაობდა შრომის სახკომში, განსახკომში, თბილისის აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში. დიდი შრომა გასწია ქართულ საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1925-1932 წლებში იყო საქართველოს წიგნის პალატის გამგე, შემდეგ გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები: „ბიბლიოგრაფიის მოამბე“, „წიგნის მატიანე“, „გაზეთის მატიანე“. 1932-1934 წლებში ბერძნიშვილი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ. 1937 წელს მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. 1934-1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში. 1945 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი გამოკვლევა „ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის“ (1941, გამოქვეყნდა 1969 წელს) პირველი ქართული მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ. პარალელურად ბერძნიშვილი იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 337.
- ა. ბარამიძე. ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი, თბილისი, 1989.
- მაქსიმე ბერძნიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 412-413.