იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი; დ.24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1889, თბილისი ― გ. 3 აგვისტო, 1965, იქვე) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959)[3], საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

იოსებ გრიშაშვილი
დაბადების თარიღი 12 (24) აპრილი, 1889 ან 1889[1]
დაბადების ადგილი თბილისი[2]
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1965(1965-08-03) ან 1965[1]
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა ისტორიკოსი, პოეტი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და მწერალი[1]
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები სტალინური პრემია, სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, თუმცა სწავლების კურსი არ დაუმთავრებია. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.

შემოქმედება

რედაქტირება

გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში („ვარდის კონა“, 1906; „ფანტაზია“, 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა („ტუსაღის სიმღერა“, 1906; „ბრძოლა“, 1907; „დაჰბერე ქარო!“, 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (1909, 1914, ტ.1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა („მაჯამა“, 1907; „ლერწამი ხარ!...“, 1911; „რა კარგი ხარ, რა კარგი!“, „ხელთათმანის ღილი“, 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.

მეორე პერიოდში (1920-1965), როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავარი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო მოტივმაც (ციკლი „მხოლოდ სიყვარული“, 1922-1960). ლექსებით „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ (1925), „ლამპების საუბარი“ (1927), „საუბარი ასოთამწყობთან“ (1929) და სხვა.

შემდგომ პერიოდში გრიშაშვილის შემოქმედებაში მომძლავრდა მოქალაქეობრივი და სოციალური მოტივები („ერთი დღე სოფელში“, 1934; „ნარინჯიანო“, 1937; „სამშობლოსადმი“, 1938; „ჯილდო“, 1944; „სამგორი“, 1951 და სხვა). სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: „ტრიოლეტები შეითანბაზარში“, 1918; „აშპაშხანისკენ“, 1920; „გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში“, 1939; „ჩემი თბილისი“, 1955 და ა.შ. პატრიოტული განწყობები ვლინდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლექსებში: „ორი სიტყვა“, 1941; „მეისტორიევ, წიგნი დახურე“, 1941; „ბალადა ხელმანდილზე“, 1942 და სხვა. 1950 წელს პოეტს მეორე ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის (1949).

გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას (ციკლი „თქვენთვის, ჩემო პატარებო“, 1923-1960).

გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: „საიათნოვა“ (1914-1918); „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩემი აღმართი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989.
  • გულის საგანძურიდან : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1965.
  • თეატრალური წერილები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1960.
  • ერთტომეული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1955.
  • ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა (ავტორი). - ტფ., სახელგამი, 1927.
  • საიათნოვა : მონოგრაფია (ავტორი). - ტფილისი, ის. სტურუას გამოცემა, 1918.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხინთიბიძე ა., იოსებ გრიშაშვილი, თბ., 1956.
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 3, თბ., 1959.