ხარფუხითბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თაბორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, აბანოთუბანსა და ორთაჭალას შორის. XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე აქ პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა. XIX საუკუნემდე უბანს სეიდაბადი ეწოდებოდა.[1] XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში დასახლდნენ ლეკების მიერ დარბეულ სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს სამოქალაქო გუბერნატორმა ხოვენმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება. იგი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. საზღვარგარეთიდან გადმოსულ კონტრაბანდისტებს თვით ხოვენი წარსწყდომია. ერმოლოვი დაეთანხმა ხოვენის წარსდგენას და მისი 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად თბილისის ნაწილად იქცა.

სახელწოდებარედაქტირება

XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი განიცდიდნენ დამანგრეველ შემოსევებს, რის გამოც ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული. მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I-ის მემკვიდრეს შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდების უბანი — სეიდაბადი — დაერქვა.

უბნის თანამედროვე დასახელება — ხარფუხი — სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ხველას, სურდოს, გაციებას ნიშნავს. თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შესაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბერიძე, თ.; სირბილაძე, შ. (1977) ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბილისი. 
  • ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 440, თბ., 1987 წელი.
  • კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 96, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1985.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება