ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი — ხიდი თბილისში, ქალაქის ცენტრისა და ისტორიული· უბნების — ავლაბრისა და ჩუღურეთის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე მტკვარზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე (1965; არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, ვლადიმერ ქურთიშვილი. ინჟინერი: გ. ქარცივაძე). ადრე ბარათაშვილის ხიდის ადგილას იყო ლითონის ერთმალიანი მუხრანის ხიდი (1911; აკადემიკოს ევგენი პატონის პროექტი).
მუხრანის ხიდი
რედაქტირებაXIX საუკუნეში ამ ადგილას მუშაობდა ბორანი, რომელიც ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩას რიყესა და ავლაბართან აკავშირებდა. მას დღე-ღამეში დაახლოებით 2000 კაცი გადაჰყავდა. ბორნით ერთ საათში უფრო მეტი ხალხი გადადიოდა, ვიდრე ვერის ხიდით დღე-ღამის განმავლობაში. მუხრანის ხიდის პირველი პროექტი 1882 წელს შეიმუშავა ს. უმანსკიმ (ვერის ხიდის ავტორმა), მაგრამ ის მეტად ძვირადღირებული აღმოჩნდა. შემდგომში ასევე დაიწუნეს სხვა ინჟინრების, ლორმანის, სილიანერისა და კარელინის პროექტები. საბოლოოდ ხიდი თითქმის 30 წლით გვიან აშენდა ევგენი პატონის პროექტით. პატონმა ქალაქის მმართველებს პირობა მისცა, რომ ჰონორარს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებდა, თუ დამკვეთი მის პროექტს მოიწონებდა. საბოლოო პროექტში მან ორიგინალური თაღოვანი კონსტრუქციები გამოიყენა. ეს იყო შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი რუსეთის იმპერიაში.
ხიდის რკინის ნაწილები დამზადდა ნიჟნი ნოვგოროდში, სორმოვოს ქარხანაში, სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან ევკალიპტის ძელაკები ჩამოიტანეს. ხიდის აწყობა 5 თვეში დასრულდა. ბორანი გადაიტანეს ვერის ხიდის ზემოთ, ახლანდელი დგებუაძის ქუჩასთან. მუხრანის ხიდი ოფიციალურად გაიხსნა 1911 წლის 23 აპრილს.
ბარათაშვილის ხიდი
რედაქტირება1965 წელს მუხრანის ხიდი აიღეს და მის მაგივრად ბარათაშვილის ხიდი ააშენეს. ხიდი ორბურჯიანია და სამი მალისაგან შედგება. მისი სიგრძე 160, ხოლო სიგანე 26 მეტრია. ხიდის ორიარუსიანია - ზედა იარუსი საავტომობილო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, ქვედა იარუსი კი ქვეითად მოსიარულეთათვის და მასზე რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეებია განთავსებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 29, ISBN 978-99928-20-35-3.
- სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 18-19, 21, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012