ლევან გოთუა

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთუა.

ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ლევან გოთუა
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1905(1905-03-10)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1973(1973-01-30) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პროზაიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ისტორიული რომანი
Magnum opus გმირთა ვარამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს თბილისში, ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პართენ გოთუას ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით გურიიდან, სოფელ ძიმითიდან იყო. გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. დედა — ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა ქვეყნის სიყვარულის გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და, მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა.

1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში.

მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რის გამოც 1946–55 წლებში კვლავ მოათავსეს ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1-4, 1965- 67).

ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტორიული ფაქტები, ეთნოგრაფიული მასალა, გეოგრაფიული ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები, კოლორიტული ხალხური პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.

ისტორიული რომანი „მითრიდატე“ (1970, დასრულებულია მხოლოდ I წიგნი), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა“ (1941), „ყინწვისის ანგელოზი“ (1943), „ხანძთის ზარი“ (1945), „უგზო ქარავანი“ (1945) „სიბრძნე სიკვდილისა“ (1949). მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“ (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“ (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე“ (1960), „ფრესკის მეორე დაბადება“ (1961) და სხვა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიც. წერილი, საბავშვო მოთხრობა, ნოველა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებია „სერაფიტა“ (1973).

ლევან გოთუა აქტიურად თანამშრომლობდა თეატრთანაც, ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა უმეტესად მარჯანიშვილის თეატრში: „დავით აღმაშენებელი“ (1946, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი), „მეფე ერეკლე“ (1963, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე) და სხვა. რომან „გმირთა ვარამის“ მიხედვით დაიდგა აგრეთვე ამავე სახელწოდების სპექტაკლი (1976, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი).

გოთუა ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც, დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი“ (1960).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვართაგავა ი., თანამედროვე ქართველი მწერლები, თბ., 1971;
  • ცისკარიძე ვ., ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“, «თსუ შრომები», 1965, ტ. 105;
  • ჩხეიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 79.
  • გოთუა თ., გოთუა ა., თავგადასავალი ლევან გოთუასი, თბ., 1955;
  • ნორაკიძე ვ., ლევან გოთუა. ფსიქოლოგიური პორტრეტი, თბ., 1976;
  • გოთუა, ლევან, ბიობიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილისა და რ. მეგრელიძის მიერ. ბიოგრ. ნარკვევი ს. ხუციშვილისა, თბ., 1976. რ. ჩხეიძე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება