არჩილ ჩხარტიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხარტიშვილი.

არჩილ ესტატეს ძე ჩხარტიშვილი (დ. 19 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი], 1905, თბილისი — გ. 1980, იგივე) — ქართველი საბჭოთა თეატრის რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1968), სკკპ წევრი (1945).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1922 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია, სადაც სცენის კულტი ძველთაგანვე იყო დამკვიდრებული. აქვე მიიღო პირველი ნათლობა მოსწავლეთა სპექტაკლებში.

სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში ჯერ სცენის მუშა იყო, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, შემდეგ გახდა რეჟისორის თანაშემწე. მისმა თეატრალურმა „უნივერსიტეტმა“ ჩაიარა მარჯანიშვილისა და ახმეტელის გვერდით, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ნიჭიერ ახალგაზრდაზე. 1930 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში და დადგა თავისი პირველი სპექტაკლი ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“. ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯერ ბათუმის, შემდეგ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს. ყველგან, სადაც იღწვოდა, მისი საქმიანობა აღინიშნა მაღალი შემოქმედებითი წარმატებით. რეჟისორის დადგმებს გამოარჩევდა მკვეთრი თეატრალობა და მასობრივი სცენების დინამიური გადაწყვეტა. ჭეშმარიტად საეტაპო სპექტაკლები დადგა სხვადასხვა თეატრის სცენებზე — ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“, ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ევრიპიდეს „მედეა“, მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“ და სხვა მრავალი.

1934 წელს არჩილ ჩხარტიშვილი მიავლინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც ჩამოაყალიბა დრამატული დასი და საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ სახელმწიფო თეატრს. გამოჩენილ რეჟისორს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.

სიცოცხლის ბოლო 10 წელი არჩილ ჩხარტიშვილი იყო საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. აქ მან მაღალი გემოვნებით დადგა მრავალი თატრალიზებული წარმოდგენა. დაჯილდოებულია წითელი დროშის, ოქტომბრის რევოლუციის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.
  • ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 385, თბილისი, 1994
  • მუმლაძე, დ. „თანამედროვე ქართული რეჟისურა“, თბილისი, 1973
  • ჯანელიძე, დ. „სახიობა“, წიგნი 2, თბილისი, 1972
  • კიკნაძე, ვ. „ქართველი რეჟისორები“, წიგნი 2, თბილისი, 1970
  • А. М. Прохоров "Советский Энциклопедический Словарь" მოსკოვი. 1987. გვ. 1506 (რუსული)