მოგზაურობა ევროპაში

მოგზაურობა ევროპაშისულხან-საბა ორბელიანის დღიურების წიგნი, სადაც აღწერილია მწერლის 1713-1716 წწ. მოგზაურობა დასავლეთ ევროპაში. ნაწარმოების სათაური პირობითია (იგი არ არის ავტორისეული, ბეჭდური გამოცემებიდან მომდინარეობს). ნაწარმოების დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ხელნაწერებიც იშვიათია. მეცნიერთა აზრით, „მოგზაურობის“ ტექსტის დიდი ნაწილი დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

სულხან-საბას მოგზაურობის მარშრუტი ასეთი იყო: კონსტანტინოპოლი–მარსელი–პარიზი–რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს კონსტანტინოპოლი და თურქეთის გავლით საქართველო. სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ პირველი ნიმუშია ქართული მხატვრულ–დოკუმენტური პროზისა. სულხან–საბამ „მოგზაურობის“ წიგნით ქართულ მწერლობაში მანამდე უცნობი ლიტერატურული ჟანრი დაამკვიდრა. შემდგომ საბას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა: ვახტანგ ორბელიანი, იონა გედევანიშვილი, ტიმოთე გაბაშვილი, გიორგი ავალიშვილი და სხვები.[1]

შინაარსი

რედაქტირება

„მოგზაურობის“ წიგნში ავტორს დაკვირვებით აქვს აღწერილი განცდილი და ნანახი. ავტორი მკითხველს საგანგებოდ აფრთხილებს: „რაც არ მინახავს, არ დავსწერო“. ავტორის აზრით, „გრძელი ამბავი თავის საწყენია“, ამიტომაც აღწერილობა მოკლედ და სხარტადაა გადმოცემული. ავტორი შენიშნავს: „ჰრომი ასეთია, ასს წელს სულ იაროს კაცმა, მისს საკვირველებას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს“.

სულხან-საბა უმთავრესად ეკლესია-მონასტრებსა და სასულიერო დაწესებულებებს ათვალიერებდა, ამიტომ „მოგზაურობაში“ მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ეკლესია-მონასტრების აღწერას უკავია. სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე სულხან-საბა საუბრობს ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჰავაზე, მოსახლეობის საქმიანობაზე, საყოფაცხოვრებო მხარეებზე, პოლიტიკური წყობილების ფორმაზე, მმართველობის წესებზე და ა.შ.

შედარებით უფრო დაწვრილებით აღწერს სულხან-საბა სამხრეთ იტალიას. აღწერილია ზღვა, ძლიერი ქარების ქროლვა, ბუნება, ჰავა... კუნძულ მალთას ავტორი ასე აღწერს:

 
„მალთა დიდი თბილი ადგილია. დეკემბერში იასამანი და ყვავილები ყვაოდა. ლეღვს გასცვივდა ფურცელი, თვარა ვენახს ისევ ესხა. არც თოვლი, არც თრთვილი, არც ყინვა არ იცის იქაურმა ზამთარმა. რა ჩრდილის ქარი აქროლდება, ცოტა რამ სიცივე შეიქმნება. ზაფხულს მეტად ცხელს ამბობენ. სულ კლდეა, ვაკე და ყორე. მრავალი გველია და ვერას ავნებს კაცსა. უნაყოფოა. სადაც წალკოტია, ნარინჯ-თურინჯი დგას, თვარა უწალკოტოდ ხე არსად არის. ზამთარ სულ მწვანეა. ბალახი ზაფხულ არ იქნებაო სიცხისგან“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე. თბილისი 1969
  • ქართული პროზა, წიგნი V, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983
  • საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, „განათლება“, თბილისი, 1992
  1. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე. თბილისი 1969, გვ. 381–383