ამირანდარეჯანიანი

ქართული ეპოსი

„ამირანდარეჯანიანი“ — საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოები, რომლითაც დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ საგმირო-სარაინდო რომანის განვითარებას.

ამირანდარეჯანიანის ილუსტრაცია

მისი წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ლექსიკური და მორფოლოგიური არქაიზმების, აგრეთვე სხვა ნიშნების მიხედვით შექმნილი უნდა იყოს XI–XII საუკუნეების მიჯნაზე. „ამირანდარეჯანიანი“ კლასიკურ ხანაშივე ყოფილა პოპულარული. „ვეფხისტყაოსნის“ ბიბლიოგრაფიულ სტროფში მის ავტორად მოსე ხონელია მიჩნეული. „ვეფხისტყაოსანშივე“ ვითარდება „ამირანდარეჯანიანის“ ზოგი მოტივი. თხზულებას იცნობს თამარის მემატიანეც. „ამირანდარეჯანიანის“ თორმეტ კარში რამდენიმე სახელოვანი გმირის ამბავია მოთხრობილი. მთავარი პერსონაჟია ამირან დარეჯანისძე, რომლის საგმირო-საფალავნო საქმეთა გადმოცემას ხუთი კარი ეთმობა. სხვადასხვა გმირების თავგადასავალთა თხრობა ორგანულად არაა შეკავშირებული. ამგვარი აგებულება „ამირანდარეჯანიანს“ უკარგავს მთლიანობას და საფიქრებელს ხდის, რომ ცალკეული ამბები ჩამოყალიბებულია დამოუკიდებლად, ისინი მხოლოდ შემდგომ გაუერთიანებიათ. მკვლევართა დიდი ნაწილი „ამირანდარეჯანიანის“ ერთ-ერთი ძირითად წყაროდ ხალხურ „ამირანიანს“ მიიჩნევს.

„ამირანდარეჯანიანში“ , ისევე როგორც კლასიკური ხანის ქართული საერო მწერლობის სხვა ძეგლებში, გამოხატულია პატრონყმური საზოგადოების მსოფლმხედველობა, ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოს დაცვისა და პატრონის ერთგული სამსახურის იდეა, რაც საერთოა კლასიკური ხანის ქართული ლიტერატურისათვის. წინაა წამოწეული თავგადასავლის, მოქმედების, ხიფათის მოტივები. გმირთა სახეები სქემატურად და ერთფეროვნადაა დახატული: ყოველი მათგანი თითქმის ერთნაირად არის დაჯილდოებული ფიზიკური ძალით, სიმარჯვით, დამარცხებულთა შეწყალებისა და გაჭირვებულთა დახმარების სურვილით, გულუხვობითა და სხვა რაინდული თვისებებით. ნაკლები ყურადღება ექცევა მათი სულიერი სამყაროს, გრძნობების, განცდების ასახვას. „ამირანდარეჯანიანისთვის“ უცხოა ამაღლებული სიყვარულის გრძნობა. სიყვარული აქ ფეოდალური მორჩილების საგანია. მიჯნურობა გულისხმობს ქალის ბრძოლით მოპოვებას. „ამირანდარეჯანიანის“ გასდევს ხალხური ეპოსის ზღაპრულ-ფანტასტიკური მოტივები. თხზულების ენა სადა და ლაკონიურია.

„ამირანდარეჯანიანი“ ერთსა და იმავე დროს ქართულ გამწყობილებასაც გამოხატავს და სპარსულსაც. აქ, ერთი მხრით, წარმოდგენილია ქართული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების სურათის ანარეკლი, მეორე მხრით, მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების კვალი. ამ გარემოებამ განაპირობა დავა „ამირანდარეჯანიანის“ ქართული თუ სპარსული წარმოშობის თაობაზე. თხზულების სპარსული წარმოშობის ვერსიას იცავდნენ მ. ბროსე, ნ. მარი და სხვა. რომანში ასახული ქართულ წეს-ჩვეულებების, აგრეთვე შედარებითი შესწავლის (სპარსულში არ მოიპოვება მსგავსი შინაარსის თხზულება) საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი, მ. ჯანაშვილი, ი. აბულაძე, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, კ. დონდუა, მ. ჩიქოვანი, შ. ნუცუბიძე და სხვები „ამირანდარეჯანიანის“ ქართულ წარმოშობას ამტკიცებენ. სპარსული ტენდენციის კვალს ისინი თხზულების წარმოშობა-სადაურობის გარკვევისათვის არაარსებით, მეორეულ მოვლენად მიიჩნევენ. „ამირანდარეჯანიანის“ ტექსტი გვიანდელი, XVII და მომდევნო საუკუნეების ხელნაწერებითაა მოღწეული. რომანის ვრცელი რედაქცია XVIII საუკუნის რედაქტორ-კომპილატორებს ეკუთვნით. „ამირანდარეჯანიანი“ ხუთჯერ გამოიცა — 1896, 1939, 1949, 1960, 1967. ითარგმნა ინგლისურად (რ. სტივენსონის მიერ, ლონდონი, 1958) და რუსულად (ბ. აბულაძის მიერ, თბ., 1965).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება