საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი — სახელმწიფო მუზეუმი თბილისში.

ლიტერატურის მუზეუმი

მუზეუმის ისტორია რედაქტირება

 

დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში. 1929 წელს მთაწმინდაზე ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის ბაზაზე შეიქმნა რუსი მწერლის მუზეუმი. მუზეუმის პირველი მასალაც სწორედ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები იყო, რასაც სამუზეუმო საქმის დიდმა მცოდნემ, სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა, დავით არსენიშვილმა მოუყარა თავი. 1931 წლიდან ახლად დაარსებულ მუზეუმს წმ. დავითის ეკლესიაში მოთავსებული მწერალთა მუზეუმი შეუერთდა. 1935 წელს მას საქართველოს მწერალთა მუზეუმი, ხოლო 1938 — საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი ეწოდა. ამავე წელს საქართველოს ლიტერატურული მუზეუმმა ბინა დაიდო ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სადაც ამჟამადაც იმყოფება. 1967 წელს მას გიორგი ლეონიძის სახელი მიეკუთვნა. 1940-1952, 1982-2005 წლებში ლიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“.

მუზეუმი ოფიციალურად 1930 წელს ტიციან ტაბიძის თაოსნობით და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით გაიხსნა, სადაც მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა მწერლების შესახებ სამუზეუმო ექსპონატებს თავმოყრა დაიწყეს. მუზეუმის გამგედ 1931 წელს გიორგი ლეონიძე დაინიშნა.

არქივის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მუზეუმის დასახელებაც, 1935 წელს მთაწმინდის მუზეუმს „საქართველოს მწერალთა მუზეუმი“, 1938 წელს კი „საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი“ ეწოდა. ამავე წელს მუზეუმმა ისტორიულ შენობაში - კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის მოადგილის ყოფილ სასახლეში დღევანდელ გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე (ყოფილი არსენ ჯორჯიაშვილის, უფრო ადრე კი ბარიატინსკის ქუჩაზე ) დაიდო ბინა, სადაც დღემდე მდებარეობს.

გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროსაა შეგროვებული მუზეუმის უნიკალური ექსპონატების უმრავლესობა, რის გამოც, მუზეუმს 1967 წელს მისი სახელი ეწოდა, მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.

მუზეუმის არქივი რედაქტირება

დღეს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 130 ათასამდე ხელნაწერს, 3 ათასამდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს, 27 ათასამდე ფოტოს, 1500-მდე მემორიალურ ნივთს და 40 ათასზე მეტ წიგნს ინახავს. ეს ექსპონატები ქართული და უცხოური ლიტერატურის განვითარების შესასწავლად უნიკალური მასალაა.

არქივში დაცული ამ მასალის მოვლის გარდა, ლიტერატურის მუზეუმი მასპინძლობს და ატარებს კულტურულ ღონისძიებებს. ასევე ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. სწორედ ამ სამ მიმართულებაზეა აგებული მუზეუმის განვითარების სტრატეგია.

1940-1952, 1982-2005 წლებში ლიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“.

მუზეუმის დირექტორები რედაქტირება

  1. გიორგი ლეონიძე — 1931–1953
  2. ვასო ეგნატაშვილი — 1953–1956
  3. ვანო კაკაბაძე — 1956–1976
  4. იზა ორჯონიკიძე — 1976–1982
  5. გიორგი ნატროშვილი — 1982–1988
  6. რევაზ თვარაძე — 1988
  7. იზა ორჯონიკიძე — 1989–1990
  8. გურამ შარაძე — 1991 (5–27 იანვარი)
  9. იზა ორჯონიკიძე — 1991–2010
  10. ლაშა ბაქრაძე — 2010 წლის მარტიდან

ლიტერატურა რედაქტირება

  • შუღლიაშვილი დ. საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, "საბჭოთა ხელოვნება", 1956, № 1;
  • ჭიჭინაძე ს. საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის XIX საუკუნის ქართიული ლიტერატურის ექსპოზიციის მეგზური, თბილისი, 1959;
  • მიქაძე გ. ტომი VI, გვ. 259, თბილისი, 1983.
  • საქართველოს მუზეუმები, გზამკვლევი/Georgian Museums, guide საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო/ Ministry of Culture, Monuments Protection and Sport of Georgia. თბილისი/ Tbilisi 2006. გვ34/p34.

ინტერნეტ რესურსები რედაქტირება