ლუარსაბ II

ქართლის მეფე 1606–1615 წლებში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუარსაბი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლუარსაბ II (დ. 1592 — გ. 1622) — ქართლის მეფე 1606-1615 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა უეცრად გარდაცვლილი გიორგი X-ის ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში (1609). 1610 წელს ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, 1606 წლიდან კი ყიზილბაშები იდგნენ). 1611 წლის ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. 1612 წელს ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა. ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წლის დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება სეფიანთა წინააღმდეგ. 1614 წლის ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. შაჰმა 1615 წელს ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ლუარსაბ II

ფრესკა შიომღვიმეში
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1606
მმართ. დასასრული: 1615
წინამორბედი: გიორგი X
მემკვიდრე: ბაგრატ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1592
გარდ. თარიღი: 1622
გარდ. ადგილი: შირაზიირანის დროშა
მეუღლე: მაკრინე სააკაძე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი X
დედა: თამარ ლიპარიტიან-დადიანი
ხელმოწერა:

ლიტერატურა

რედაქტირება
ლუარსაბ II
დაიბადა: 1592 გარდაიცვალა: 1622
წინამორბედი:
გიორგი X
   ქართლის მეფე   
1606–1615
შემდეგი:
ბაგრატ VII