ყიზილბაშები (თურქ. Kızılbaş, აზერ. Qızılbaş, სპარს. قزلباش Qezelbāsh) — „წითელთავიანები“, თურქული მომთაბარე ტომების გაერთიანება მცირე აზიასა და აზერბაიჯანში („ყიზილბაშები“ მიიღეს XV საუკუნის II ნახევარში). ეს სახელი დაერქვა ვრცელი სპექტრის ექსტრემისტ შიიტ მეომართა დაჯგუფებებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ირანში საფავიდთა დინასტიის დაფუძნებაში. მათი წითელი თავსაბურავი შედგებოდა 12 ნაკეცისაგან, რაც სიმბოლურად 12 შიიტ იმამს აღნიშნავდა.

ყიზილბაში

არდებილის შიიტური ორდენის სეფევიეს მთავარი სამხედრო დასაყრდენი. სეფევიეს შეიხების მეთაურობით ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ მეზობელ არამუსლიმან ქვეყნებს (საქართველოს, ტრაპიზონის იმპერიას და სხვა). XVI საუკუნის დასაწყისში ისმაილ I-ის მეთაურობით ყიზილბაშებმა გაანადგურეს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო და 1502 წელს ისმაილ I შაჰად გამოაცხადეს. ასე შეიქმნა სეფიანთა სახელმწიფო, სადაც XVI საუკუნის დასასრულამდე ყიზილბაშების ზედა ფენას ეჭირა გაბატონებული მდგომარეობა. შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმის შემდეგ პოლიტიკური მნიშვნელობა და მათი ლაშქრის ძლიერება საგრძნობლად დაეცა. XVI-XVII საუკუნეებში რუსულ ოფიციალურ დოკუმენტებში ყიზილბაშებს უწოდებდნენ სეფიანთა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრდომს, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ ისტორიულ წყაროებში ყიზილბაშები ერქვათ ირანის მეომრებს, ზოგჯერ კი თვით ქვეყანას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე რ., ქსე, ტ. 10, გვ. 642, თბ., 1986