ისმაილ I
ისმაილ I (სპარს. اسماعیل [esmɔːˈiːl]) (დ. 17 ივლისი, 1487, არდებილი — გ. 23 მაისი, 1524, იქვე) — სეფიანთა იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი შაჰი 1501–1524 წლებში, სეფევიეს ორდენის შეიხი 1494–1501 წლებში, არდებილის შეიხ ჰეიდარისა და თეთრბატკნიან თურქმანთა ბელადის, უზუნ-ჰასანის ქალიშვილის, მართას უმცროსი ვაჟი.
ისმაილ I | |
---|---|
شاه اسماعیل | |
სეფიანთა ირანის პირველი შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1501 |
მმართ. დასასრული: | 1524 |
წინამორბედი: | იმპერია დაარსდა |
მემკვიდრე: | თამაზ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ივლისი 1487 |
დაბ. ადგილი: | არდებილი |
გარდ. თარიღი: | 23 მაისი 1524 (36 წლის) |
გარდ. ადგილი: | თავრიზი |
მეუღლე: |
გულიზარ ხანუმი თაჯლუ ხანუმი |
შვილები: |
თამაზ I ელქას მირზა საამ მირზა ბაჰრამ მირზა რუსტემ მირზა ჰუსეინ მირზა ფულანე ხანუმი ფირენგიზ ხანუმი მეჰინბანუ სულთან ბეგუმი შაჰზეინებ ხანუმი |
დინასტია: | სეფიანელი |
მამა: | შეიხ ჰეიდარი |
დედა: | ჰალიმა ბეგუმი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაისმაილი 1487 წლის 17 ივლისს დაიბადა არდებილში, აზერბაიჯანულ სეფიანთა რელიგიურ ოჯახში. დედის მხრიდან ისმაილის დიდი პაპა იყო ტრაპიზონის იმპერატორი იოანე IV (ტრაპიზონი), ხოლო დიდი ბებია იყო ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის ასული. ამრიგად, ისმაილს ჰქონდა ბაგრატიონების, კომნენოსებისა და აყ-ყოინლუს მმართველთა სისხლი. მისი პაპა, შეიხ ჯუნეიდი შირვან-შაჰ ფარუხიასართან ბრძოლას შეეწირა. იგივე ბედი 1488 წელს გაიზიარა ისმაილის მამამაც, ჰეიდარმა, 1494 წელს კი მისი უფროსი ძმა, შეიხ ალი მოკლეს აყ-ყოინლუს შაჰის, რუსტემის ბრძანებით. არდებილის შეიხის ტიტული 7 წლის ისმაილზე გადავიდა. მალე მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრა, ამიტომ ყიზილბაშებმა ის გილანში გადამალეს. გილანში ისმაილმა მიიღო ნორმალური განათლება, კარგად დაეუფლა სამხედრო ხელოვნებას, შეისწავლა ლიტერატურა, პოეზია და თეოლოგია. 1499 წლის იანვარში, 11 წლის ისმაილი 300 ერთგული მეომრის თანხლებით გილანიდან დაიძრა, ქ. ასტარადან ერზინჯანამდე მივიდა. გზად ყველგან ყიზილბაშები შემოიკრიბა. მაისში ის 7000 ყიზილბაში ემირით შურის საძიებლად შირვანისკენ დაიძრა, სადაც უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა შირვანის შაჰი, ფარუხ-იასარ I. მისი მოკვეთილი თავი სხვა მეომრების თავებთან ერთად ბრძოლის ველზე კოშკად დაადგმევინა და შემდეგ ქ.ბაქო აიღო. 1500 წლის 18 მარტს, ქართველების დახმარებით, შარურის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა თეთრბატკნიანი თურქმენები და შედეგად მთელი აზერბაიჯანი დამორჩილა, დაიპყრო სომხეთის სამხრეთი ნაწილი და მოემზადა ირანში თეთრბატკნიანთა ბატონობის დასასრულებლად. მან დაიმოყვრა კახეთის მეფე, ალექსანდრე I , ასევე ქართლის მეფე - კონსტანტინე II და სამცხის ათაბაგი - ქაიხოსრო I. 1501 წლის 28 მაისს, 8000 ყიზილბაშით, სწორედ ქართლის, კახეთისა და სამცხის 9000 მებრძოლის დახმარებით შევიდა ქ. თავრიზში, თურქმენი შაჰ-ალვანდი და აყ-ყოინლუს მეომრები ამოხოცა და 14 წლის ასაკში თავი ირანის შაჰად გამოაცხადა.
მმართველობის დასაწყისი
რედაქტირებატახტზე ასვლისთანავე მან დედაქალაქად თავრიზი აირჩია და დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად სახელმწიფო რელიგიად შიიტური ისლამი აქცია. ახლადშექმნილი სეფიანთა იმპერიის არმია და ხელისუფლება მთლიანად მომთაბარე ყიზილბაშებით იყო დაკომპლექტებული. 1503–1510 წლებში შაჰ-ისმაილმა აწარმოა უამრავი ლაშქრობა, რომელთა შედეგადაც მისი ყიზილბაშური იმპერიის ნაწილად აქცია ირანის ყველა პროვინცია: ხუზისტანი, ქურთისტანი, გილანი, მაზანდარანი, ყუმი, ჰამადანი, ყაზვინი, მარკაზი, ლურისტანი, ფარსი, იაზდი, ასევე დაიპყრო არაბული ერაყი, ანატოლიის საბეგლარბეგოები, თურქმანთა მიწები, უზბეკეთის სამხ.ნაწილი, ბალხისა და ნიშაბურის სახანოები, ავღანეთის ჰერათის პროვინცია და ქ. ყანდაჰარი. მისი ერთ-ერთი გამოსარჩევი წარმატება ჩინგიზ-ყაენის შთამომავლის, მუჰამედ შაიბანის დამარცხება და ხორასნისა და უზბეკთა სახანოს მიწების ხელში ჩაგდება იყო. ამ ომში მან დაიხმარა დიდ მოგოლთა პირველი იმპერატორი — ბაბური, რომელთანაც ერთად გაინაწილა უზბეკთა ტერიტორია.
ბრძოლა ოსმალეთთან
რედაქტირებარელიგიური დაპირისპირების გამო ოსმალეთის სულთანმა, სელიმ მრისხანემ სეფიანთა ირანს ომი გამოუცხადა და მის საზღვრებზე მცხოვრები 45 ათასამდე შიიტი მუსლიმი დაახოცინა, თავად კი 100 ათას კაციანი არმიით ირანისკენ დაიძრა. 1514 წლის 23 აგვისტოს სეფიანები სასტიკად დამარცხდნენ ოსმალების წინააღმდეგ ჩალდირანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რის შემდეგაც დაკარგეს სომხეთის დიდი ნაწილი, ქურთისტანი და აზერბაიჯანის პროვინციების ნაწილი, დედაქალაქი თავრიზი ოსმალებმა დაარბიეს და გაძარცვეს. ახალგაზრდა სეფიანთა სახელმწიფოსათვის მძიმე დარტყმა გამოდგა ეს მარცხი და იმპერია ქაოსმა მოიცვა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხორასანის პროვინცია შუააზიელმა უზბეკმა ხანებმა დაიკავეს. მეზობელი ოლქის, ფერგანის ხანი კი- ყანდაჰარის უტევდა. დამარცხებული ისმაილი ძლიერ გახდა დამოკიდებული ალკოჰოლზე და დროს ნადირობაში კლავდა. თუმცა ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, შაჰი ყველანაირ გამოსავალს ეძებდა, რომ ოსმალებისთვის სამაგიერო გადაეხადა და აღედგინა საკუთარი ავტორიტეტი მისსავე დაარსებულ იმპერიაში. ის მრავალ წერილს სწერდა ევროპელ და აზიელ მონარქებს ოსმალთა წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად. საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტის სულთანთან. გადაწყდა, რომ ოსმალთაგან თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარებოდნენ და შეთანხმებულად ემოქმედათ. ოსმალეთთან მეორე ომი უკვე მომწიფდა. სწორედ მათთან დაპირისპირების გამო ისმაილმა 1518–1522 წლებში 3-ჯერ ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში. 1518 წლიდან ქართლისა და კახეთის მეფეები და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III სეფიანების ვასალები გახდნენ. 1522 წელს ისმაილმა თბილისი აიღო, გაძარცვა, ნარიყალას ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა და 15 000-მდე ქართველი ტყვედ წაიყვანა ირანში. იმავე წელს შექმნა ჰაბსბურგ-სეფიანთა ალიანსი ოსმალთა წინააღმდეგ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ალიანსი დაირღვა და სეფიანები მოკავშირის გარეშე დარჩნენ.
კულტურული მოღვაწეობა
რედაქტირებასამხედრო კამპანიების გარდა ისმაილი აქტიურად იყო ჩართული კულტურულ და მეცნიერულ საქმეებში. მან ხელი შეუწყო ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას. მფარველობდა პოეტებს, კალიგრაფებს, მხატვრებსა და სწავლულებს. თავადაც წერდა ლექსებს ხათაის ფსევდონიმით აზერბაიჯანულ, თურქულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. ის ერთ-ერთ უდიდეს აზიელ პოეტად არის მიჩნეული. დაწერილი აქვს 60-მდე პოემა და თხზულება, ასევე შიიზმის ორდენის რამდენიმე პუნქტი. მის სახელს დღემდე დიდი ავტორიტეტი აქვს მთლიან აზერბაიჯანსა და ირანში. შაჰი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა არქიტექტურას. მისი ბრძანებით თავრიზში არაბებმა ააგეს ძველი სპარსული ორნამენტებით მორთული "არდებილელი შეიხის ხიდი", რომელიც სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული.
გარდაცვალება
რედაქტირება1524 წლის 23 მაისს, დაუძლურებული 36 წლის ისმაილი გარდაიცვალა თავრიზში. არსებობს რამდენიმე ვერსია მისი აღსასრულის შესახებ, მაგრამ სპარსელი ისტორიკოსების ცნობით შაჰი ალკოჰოლისა და ოპიუმის მოხმარებამ შეიწირა. დაკრძალეს მის მშობლიურ ქალაქ არდებილში. ისმაილის შემდეგ სეფიანთა ირანის სათავეში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი, 10 წლის თამაზ I.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 234.
- Dr. Faruk Sümer: Safevi Devleti’nin Kurulusu ve Gelismesinde Anadolu Türklerinin Rolü, S. 1
- Ibrahim Arslanoglu: Sah Ismail Hatayi ve Anadolu Hatayileri, S. 3
- V. Togan: Sur l’Origine des Safavides, S. 345–57
- Walther Hinz. Irans Aufstieg zum Nationalstaat im 15. Jahrhundert. De Gruyter, 2013. ISBN 3111098168
ისმაილ I
| ||
წინამორბედი: იმპერია დაარსდა |
სეფიანთა ირანის შაჰი 1501–1524 |
შემდეგი: თამაზ I |
ისმაილ I
| ||
წინამორბედი: შეიხ ალი |
სეფევიეს ორდენის შეიხი 1494–1501 |
შემდეგი: გაუქმდა |