ჩალდირანის ბრძოლა
ჩალდირანის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ირან-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
თარიღი | 23 აგვისტო 1514 | ||
მდებარეობა | ჩალდირანი, ჩრდილოეთ ირანი. | ||
შედეგი | ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ დაიკავა სეფიანების დაპყრობილი ბეილიქები ანატოლიაში, ასევე ოსმალებმა მოახერხეს მესოპოტამიის ტერიტორიის მცირე ნაწილის დაპყრობა. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ჩალდირანის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ჩალდირანის ბრძოლა (სპარს. جنگ چالدران; თურქ. Çaldıran Muharebesi) — პირველი საბრძოლო დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა ირანს შორის. გაიმართა 1514 წლის 23 აგვისტოს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩალდირანის ველზე.
წინა ისტორია
რედაქტირება1501 წელს 14 წლის ისმაილ I-მა დააარსა ახალი შიიტურ-ისლამური სახელმწიფო — სეფიანთა იმპერია, რომელმაც 1510 წლისათვის მთლიანი ირანის, სომხეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის უდიდესი ნაწილის, ერაყისა და ანატოლიის რამდენიმე ბეილიქის დაპყრობა მოახერხა. 1512 წელს ოსმალეთის ტახტზე ასულმა სულთანმა, სელიმ I-მა მმართველობის პირველი წელი ძმებთან ბრძოლასა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას მოანდომა. 1513 წელს, საბჭოს სხდომაზე მან შიიტები ურჯულოებად მოიხსენია და სეფიანთა ირანს ომი გამოუცხადა. ომის წინ სულთანმა უსასტიკეს ხერხს მიმართა. მან იმის შიშით, რომ ანატოლიელი შიიტი მუსლიმები კონფლიქტის შემთხვევაში მტრის მხარეს გადავიდოდნენ, ოსმალეთისა და ირანის საზღვარზე მცხოვრები შიიტები სიკვდილით დასაჯა. ბრძანებულება შეეხო 7-დან 70 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა.
სულთნის ამგვარი ქმედება ისმაილ I-მა გამოწვევად მიიღო, 30,000 მეომრით შეიჭრა ანატოლიაში და რამდენიმე ციხე-სიმაგრე დაიკავა. 1514 წლის აპრილში სულთანმა სტამბოლიდან 100,000 ჯარისკაცი დაძრა, რომლებმაც 2 თვეში მიაღწიეს არზრუმამდე და რამდენიმე შეტაკების შემდეგ სპარსელები უკუაქციეს. შემდეგ გადაინაცვლეს სამხრეთით, აიღეს ქურთისტანი და მიადგნენ ირანის ჩრდილოეთ ნაწილს. ისმაილ I უკან იხევდა და გზად არსებულ სოფლებსა და მცირე დასახლებებს წვავდა, აუკაცრიელებდა. ოსმალები ჩალდირანის ველზე დაბანაკდნენ. სელიმ I-მა შაჰი მასშტაბური ომის მაგივრად გენერალურ ბრძოლაში გამოიწვია და თანხმობაც მიიღო.
ბრძოლა და მისი შედეგები
რედაქტირება1514 წლის 23 აგვისტოს ოსმალეთის არმია სპარსელებს დაუპირისპირდა. თურქთა ლაშქარი 80,000-დან 100,000 მეომრამდე მერყეობდა, ხოლო ისმაილ I-ის არმია 55,000-80,000 ჯარისკაცისგან შედგებოდა. ბრძოლა ოსმალების გამარჯვებით დასრულდა. სპარსელებს 5,000 მებრძოლი დაეღუპათ და გაუნადგურდათ ზარბაზნების უმეტესი ნაწილი. 6 სექტემბერს ოსმალები დედაქალაქ თავრიზში შევიდნენ, დაარბიეს, გაძარცვეს ის და მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცეს. სელიმს ლაშქრობის გაგრძელება სურდა, მაგრამ იანიჩარების წინააღმდეგობის გამო სტამბოლში მოუწია დაბრუნება. მან გარნიზონები ჩააყენა დაპყრობილ ტერიტორიებზე და მახარებელი წერილები გაუგზავნა უზბეკ ხანებს, მის ვაჟს, სულეიმან I-სა და ეგვიპტის სულთანს.
ამ გამარჯვებით ოსმალეთის იმპერია დაეუფლა მთლიან ანატოლიას, დასავლეთ სომხეთს, მესოპოტამიის მცირე ნაწილსა და ირანის ჩდილოეთ პროვინციებს. ამის შემდეგ ოსმალებმა განაგრძეს წინსვლა აზიაში და 1517 წელს დაასრულეს მამლუქების იმპერიის ბატონობა ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში, რის შედეგადაც ავტორიტეტი მოიპოვეს ისლამურ სამყაროში. ახლადშექმნილი სეფიანთა იმპერია კი ქაოსმა მოიცვა. ისმაილ I ყველანაირ ხერხს მიმართავდა ოსმალებზე შურის საძიებლად, მაგრამ უშედეგოდ. ირან-ოსმალეთის დაპირისპირება მალე მასშტაბურ ომშიც გადაიზარდა და 1532 წელს დაიწყო მათი ორასწლიანი სისხლისმღვრელი ომების ეპოქა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Andrew James McGregor, A Military History of Modern Egypt: From the Ottoman Conquest to the Ramadan War, (Greenwood Publishing, 2006), 17. Jump up ^
- Gene Ralph Garthwaite, The Persians, (Blackwell Publishing, 2005), 164. Jump up ^
- The Cambridge history of Iran, ed. William Bayne Fisher, Peter Jackson, Laurence Lockhart, pg. 224. Jump up ^
- The Cambridge history of Islam, Part 1, ed. Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton, Bernard Lewis, pg. 401 Jump up ^
- The Cambridge History of Islam, Part 1, By Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton, Bernard Lewis, p. 401. Jump up ^
- Elton L. Daniel, The History of Iran (ABC-CLIO, 2012) 86 Jump up ^
- Gunpowder and Firearms in the Mamluk Sultanate Reconsidered, Robert Irwin, The Mamluks in Egyptian and Syrian politics and society, ed. Michael Winter and Amalia Levanoni, (Brill, 2004) 127 Jump up ^
- "Safavid Persia:The History and Politics of an Islamic Empire". Retrieved 26 May 2014. Jump up ^
- The Ottoman Empire: A Short History by Saraiya Faroqhi p.60ff Jump up ^
- Rudi Matthee, The Pursuit of Pleasure: Drugs and Stimulants in Iranian history, 1500–1900, (Princeton University Press, 2005), 77