სელიმ I
სელიმ I იავუზი (მრისხანე) (თურქ. Birinci Selim; დ. 10 ოქტომბერი 1470, ამასია — გ. 20 სექტემბერი 1520, სტამბოლი) — ოსმალეთის სულთანი 1512–1520 წლებში, ბაიაზიდ II-ისა და მისი ხარჭის, გიულბაჰარ ხათუნის ვაჟი.
სელიმ I | |
---|---|
სელიმ I მრისხანე | |
ოსმალეთის მე-9 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 აპრილი, 1512 |
მმართ. დასასრული: | 22 სექტემბერი, 1520 |
წინამორბედი: | ბაიაზიდ II |
მემკვიდრე: | სულეიმან I |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ოქტომბერი, 1470 |
დაბ. ადგილი: | ამასია, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 22 სექტემბერი, 1520 |
გარდ. ადგილი: | ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
აიშე ჰაფსა სულთანი ესმეჰან შაჰ სულთანი ჰარანგენჰან სულთანი |
შვილები: |
სულეიმანი უვეისი ორჰანი ქორქუთი მუსა ჰატიჯე ფატმა ბეიჰანი შაჰი |
სრული სახელი: | სელიმ I მრისხანე იავუზი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | ბაიაზიდ II |
დედა: | გულბაჰარ ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამის, სულთან ბაიაზიდ II-ის მმართველობის პერიოდში იყო ტრაპიზონის სანჯაყ-ბეი. ცოლად ჰყავდა მოყვანილი ყირიმის ხანის, მენლი გირეის ქალიშვილი – აიშე. სელიმი არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა უფროსი ძმები. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სულთან ბაიაზიდის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო და ამასთან ერთად, იყო გაცილებით ჭკვიანი ვიდრე მისი უფროსი ძმები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა იძულებული გაეხადა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო და ეს გამოუვიდა კიდეც. 1512 წლის 25 აპრილს სულთან ბაიაზიდი გადადგა და ტახტი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ ბაიაზიდი გარდაიცვალა და არსებობს ვერსია, რომ მისი მოკვლის ბრძანება სწორედ სელიმმა გასცა. სელიმმა ყველა ტახტისათვის მოცილე ძმა სიკვდილით დასაჯა და ოსმანთა დინასტიის ერთპიროვნული წინამძღოლი გახდა.
სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. ევროპაში წინსვლის მაგივრად კურსი აღმოსავლეთით აიღო, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ახლადშექმნილი შიიტური ირანისგან ხედავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, შიიზმთან ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და 1512–1514 წლებში ანატოლიაში მოაწყო შიიტების ჟლეტა, 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში დაამარცხა სეფიანთა ირანის პირველი შაჰი ისმაილი და მიიტაცა დასავლეთ სომხეთი, ქურთისტანი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. 1515 წელს დაასრულა აღმოსავლეთ ანატოლიისა და სომხეთის დაპყრობა, 1516 წელს დაიპყრო ჩრდილოეთი ერაყი, სირია, პალესტინა, 1517 წელს — ეგვიპტე. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა ქალაქებმა მექამ და მედინამ აღიარეს ოსმალეთის სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა ხალიფას წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. 1519 წელს ჩაახშო ჯელალიების აჯანყება. გარდაიცვალა 1520 წლის 22 სექტემბერს, 50 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, სულეიმან I, რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 278.