ნაჩერქეზევი — ადგილი საჩხერის დასავლეთ ნაწილში, სადაც აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს (ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევარი და შუა წლები) სამაროვანი.

გათხრები ჩატარდა 1939, 1951 (ბორის კუფტინი) და 1955 (ოთარ ჯაფარიძე) წლებში. სამაროვანი წარმოადგენს გორასამარხს, რომლის ყრილში ჩაშვებული იყო ცალკეული სამარხები. ნაჩერქეზევის გორასამარხი ხელოვნურია, შექმნილია რიყის ქვების ყრილისაგან. ძირითადი სამარხები მოთავსებული ყოფილა ბორცვის ძირზე და წარმოადგენდა საგანგებოდ ამოღებულ სამარხ ორმოებს საკუთარი ქვაყრილებით, რომელთა შერწყმის შედეგად შეიქმნა მთლიანი ბორცვი.

სამარხები ინდივიდუალური იყო (ერთგან ორი მიცვალებულია). ქალები ესვენენ მარჯვნივ გვერდზე. მამაკაცები — მარცხენაზე, თავით აღმოსავლეთისკენ. აღმოჩენილია ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის ტიპის კერამიკა, სპილენძ-ბრინჯაოს მრავალნაირი იარაღი და სამკაული. ანალოგიური ძეგლები ცნობილია საქართველოს სხვა ადგილებშიც (ცარცის გორა, პასიეთის გორასამარხი და სხვა). ნაჩერქეზევის სამაროვანი გვაროვნული საზოგადოების რიგითი წევრების საგვარეულო სამარხებია. როგორც ჩანს, ქონებრივი დიფერენცია ჯერ კიდევ არ იყო ღრმად წასული. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ბრინჯაოს მეტალურგიის მაღალ დონეზე და მჭიდრო კულტურულ ურთიერთობაზე იმ დროის მოწინავე რაიონებთან (თრიალეთი, წინა აზია და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 338.
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • Куфтин Б. А., Археологическая маршрутная экспедиция 1945 года в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949;