რაჭული დიალექტი
რაჭული დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის — რაჭის მოსახლეობა. რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
დიალექტური თეალსაზრისით რაჭული დიალექტი ოთხ კილოკავად იყოფა: რივნისთაური (ღები, ჭიორა), გლოლური, ზემორაჭული და ქვემო რაჭული. ღები და ჭიორა მჭიდროდ უკავშირდება სვანეთს და ამიტომ მათში სვანური სუბსტრატიც ხელშესახებია. გლოლურს ემჩნევა აღმოსავლურ ქართულ დიალექტებთან ურთიერთობის კვალი, ლექსიკაში ვლინდება ოსურთან კონტაქტიც. ქვემორაჭულს ორ თქმად ყოფენ — ქვემო რაჭის მთიანი ნაწილის მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ზემორაჭულთან და უკავშირდება ზემოიმერულსაც, და კოლხეთის დაბლობში მობინადრე რაჭველების მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ლეჩხუმურთან. საკუთრივ რაჭულის თავისებურებანი ყველაზე უკეთ ჩანს ზემორაჭულში.
რაჭული დიალექტისთვის დამახასიათებელია მეტყველების დინჯი კილო. რივნისთაურისა და გლოლურის ინტონაცია უახლოვდება აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას. ბგერათა სისტემის თვალსაზრისით თავისებურება შეინიშნება გლოლურში: წარმოდგენილია ჲ და უკანაენისმიერი ლ, რივნისთაურში დასტურდება ჷ, გლოლურში (ზეპირი პოეზია) — იშვიათად ჴ.
რაჭულ დიალექტში ხმოვანთა (ასევე თანხმოვან-ხმოვანთა) კომპლექსები ფონეტიკურად უფრო მდგრადია, ვიდრე ქართული ენის სხვა დიალექტებში. ზმნის თავისებურებათაგან ყურადღებას იქცევს შემდეგი: გვხვდება ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები. ხშირია თემის ნიშანთა ცვალებადობა და მონაცვლეობა, ზმნის ხმოვანი პრეფიქსების თავისებური გამოყენება. ზოგი ფუძე თავისებურად იწარმოება. სუბიექტური II და ობიექტური III პირის ნიშნები კილოკავებში მეტ-ნაკლებად დაცულია.
რაჭული დიალექტის ოთხსავე კილოკავში მკვიდრადაა წარმოდგენილი III კავშირებითის ფორმები. ასევე ფართოდაა გავრცელებული სახელთა კნინობით-საალერსო ფორმათა წარმოება. ხშირია ვითარებითბრუნვიანი მასდარული კონსტრუქციები. ლექსიკაში გამოიყოფა არქაული ფენა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- თოფურია ვ, მთარაჭულის დახასიათებისათვის, – „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“. II, თბ. 1961;
- ძიძიგური შ., რაჭული დიალექტი. – იხ. მისი: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ. 1970;
- ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლიგია, 1, თბ., 1989.