თაბასარანული ენა
თაბასარანული ენა (თვითდასახელება: табасаран чIал) — ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ენა.
თაბასარანული ენა табасаран чIал | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა, თაბასარანული დამწერლობა |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-tab}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — თაბასარანული ენა |
გავრცელებულია სამხრეთ დაღესტანში, თაბასარანისა და ხივის რაიონებში. თაბასარანულ ენაზე ლაპარაკობს 128 900 კაცი.[1] გამოიყოფა 2 დიალექტი: სამხრეთისა და ჩრდილოეთის.
თაბასარანულ ენაში გარჩეულია ხმოვნები: a, i, e, u, ü, ფარინგალიზებული a, u, მოკლე ხმოვნები უმახვილო ხმოვანთა დასუსტების შედეგია, გრძელი — სხვა ფონეტიკური ცვლილებებისა. მახვილი სუსტია, დინამიკური, ზოგჯერ გრამატიკული მნიშვნელობაც აქვს. თანხმოვანთა სისტემაში გვაქვს დენტოლაბიალიზებული შიშინა ფონემები. ბილაბიალიზაცია წარმოდგენილია სამხრეთის დიალექტში, ჩრდილოეთის დიალექტში დაკარგულია. ხშულთა სისტემა ოთხეულებრივია, სპირანტთა — სმეულებრივი (სამხრეთის დიალექტში — წყვილეულებრივი).
თაბასარანულ ენაში გარჩეულია 2 — ადამიანისა და ნივთის — გრამატიკული კლასი (სამხრეთის დიალექტის ზოგიერთი კილოკავის ზმნა უკვე აღარ განარჩევს კლასებს). ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი, ადგილობითი. ბრუნვები წარმოდგენილია 7 (კილოკავებში — 8) სამ-სამ ბრუნვიანი სერიით. პირის ნაცვალსახელებში გარჩეულია ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმები.
ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და პირის მიხედვით (კლასოვან-პიროვანი უღვლილება). პირის ნიშნები ნაცვალსახელური წარმოშობისაა. გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია; პრეფიქსული კლასნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი — სუბიექტს. გვარი მორფოლოგიურად დიფერენცირებული არაა. ზმნა დაირთავს ლოკატიურ პრევერბებს.
სინტაქსური კონსტრუქციებია: ერგატიული — გარდამავალ ზმნასთან, ნომინატიური — გარდაუვალ ზმნასთან, დატიური — გრძნობა-აღქმის გამომხატველ ზმნებთან.
თაბასარანული ენა სამწერლობო ენაა. სალიტერატურო ენა სამხრეთის დიალექტს ეფუძნება. დამწერლობა შემოღებულია 1932 წლიდან, თავდაპირველად ლათინური გრაფიკის, 1938 წლიდან კირილიცაზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 556.
- Жирков, Л. И., Табасаранский язык, М.-Л., 1948.
- Магометов, А. А., Табасаранский язык, Тб., 1965.