ხევსურული დიალექტი
ხევსურული დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის — ხევსურეთის მოსახლეობა. ხევსურეთს კავკასიონი ორად ყოფს: პირაქეთა და კავკასიონის გადაღმა მდებარე პირიქითა ხევსურეთად. ხევსურები ახლა ცხოვრობენ დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
ენობრივად ხევსურული დიალექტი ყველაზე უფრო ახლოა თუშურ, მოხეურ და ფშაურ დიალექტებთან და მათთან ერთად ქმნის ქართული ენის დიალექტთა ე.წ. ფხოურ ჯგუფს. სხვა ქართული დიალექტებისაგან გამოირჩევა არქაიზმების სიმრავლით, რაც მისი გარემოზღუდულობით უნდა აიხსნას. ხევსურულ დიალექტში ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე გამოყოფს არხოტულ და შატილურ-მიღმახეურ კილოკავებს, რაც ამ კილოკავებში ზოგ ფონეტიკურ პროცესს, ინტონაციისა და მეტყველების ტემბრის განსხვავებულობას ემყარება.
ხევსურულისათვის თავისებურად მიჩნეულია: ფონოლოგიაში — ფონემა ჴ-ს არსებობა და ფონეტიკაში ფართოდ გავრცელებული ბოლომოკვეცილი ფორმები, აუსლაუტში დარჩენილ ხმოვანზე ხმის აწევა, რაც დაკარგული ბგერისა თუ მარცვლის კომპენსაციაა; ხმოვნის მომდევნოდ სხვათა სიტყვის ო-ს დავიწროება; და კავშირის ენკლიტიკად მირთვა წინა სიტყვასთან და ა ხმოვნის დაკარგვა; ხშირად თანხმოვანი დ-ც იკარგება და მეტყველებისას ერთგვარი დაყოვნება ხდება; დამახასიათებელია სონორიან თანხმოვანთ კომპლექსში ი ხმოვნის გაჩენა და მისთ. ხშირია (როგორც სიტყვის თავში, ისე ბოლოში) ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია. მორფოლოგიაში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ხმოვანფუძიან სახელებსაც ერთვის. მიცემითში დასმული თანხმოვანფუძიანი სიტყვა ადგილისა და დროის გარემოების ფუნქციით, როგორც წესი, მიცემითის ნიშანს არ ირთავს.
ზმნაში დასტურდება II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა შემდეგი ფონეტიკური ვარიანტები: ტ, დ, თ, წ, ძ, ც, ჭ, ჯ, ჩ. თანხმოვნების წინ არის ს, რომელიც დ, ძ თანხმოვანთა წინ იქცევა ზ-დ, ჯ-ს წინ — ჟ-დ, ჭ-ს წინ — შ-დ. ხევსურულში დაცულია უძველესი მა- და შა- ზმნისწინები, რომელთა ადგილსაც ნელ-ნელა იკავებს ახალი მო- და შე. ძველის გადმონაშთია უთემისნიშნო ზმნები. ძველქართულისებრია სუბიექტური პირის ნიშანი III პირის მრავლობითში. კავშირებითის წარმოება გაერთფეროვნებულია. ძველქართულისებურია ხოლმეობითის წარმოება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- შანიძე ა. ქართული ხალხური პოეზია, I. ხევსურული, თბ., 1931;
- ჭინჭარაული ალ. ხევსურულის თავისებურებანი. თბ., 1960;
- ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლიგია, I. თბ. 1989.