დიდოური ენა
დიდოური ენა, ცეზური ენა (დიდ. цезйас мец [t͡sɛzˈjas mɛt͡s] — „ცეზიას მეც“) — დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ჯგუფის დიდოური ქვეჯგუფის ენა. იგი გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) წუნტის რაიონში — ისტორიულ დიდოეთში. დიდოურად ლაპარაკობს 20 ათასამდე კაცი — დიდოელები. გარდა ამისა, ამ ენით მოლაპარაკე მოსახლეობა არის თურქეთში (2 ათასამდე კაცი, გადასახლდნენ დიდოეთიდან მუჰაჯირობის დროს XIX საუკუნის 70-იან წლებში) და საქართველოში - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩანთლისყურესა და სარუსოში (ასამდე კაცი).
დიდოური ენა დიდ. цезйас мец | |
გავრცელებულია | რუსეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახ. 20 000 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | ddo |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ddo}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — დიდოური ენა |
დიდოურში გამოიყოფა ქიდიროულ-ასახური და საჰადური დიალექტები. მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ხსენებულ ენას ასევე ფლობენ სხვა დიდოური ტომებიც: ჰინუხელები, კაპუჭელები (ბეჟიტელები) და ჰუნზიბელები, რომლებიც ლაპარაკობენ დიდოურის მონათეესავე ენებზე.
დიდოური ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი: საკუთრივ დიდოური და საჰადური. საჰადურ დიალექტზე ლაპარაკობენ აულების – საჰადის, მითლუდისა და თლაცუდის მცხოვრებნი. სხვა დიდოური აულების მცხოვრებნი მეტყველებენ საკუთრივ დიდოურ დიალექტზე, რომელიც იყოფა კილოკავებად: ქიდიროული, შაიტლური, ასახური, შაფიხური, ელბოყური. დიდოური ენის ფონეტიკაში თავისებურებას ქმნის სადა ხმოვნებისა (ა, ე, ი, ო, უ) და მათი გრძელი სახეობის (ა̄. ე̄, ი̄, ო̄, უ̄) გვერდით წარმოდგენილი ვიწრო ხმოვნების (ა′, ე′, ი′, ო′, უ′ – თავისი გრძელი ვარიანტებით: აт, ეт, იт, ოт, უт), ნუნისმიერი ლატერალებისა (ლ‘ ლˊ ტ‘) და ე. წ. ფარინგალიზებული თანხმოვნების (ღ‘, ხ‘, პ‘, ყ‘) არსებობა. ხმოვანთა შერწყმაში ნათლად ჩანს დიალექტური სხვაობანი. სახელთა მორფოლოგიაში ძირითად ბრუნვებს (სახ., ერგატივი, მიც., ნათ.) შორის აღსანიშნავია ინსტრუმენტალისი (რომელიც ადამიანთა სახელებთან არ დასტურდება). დიდოური ენაში, ძირითად ბრუნვათა გარდა, წარმოდგენილია ერთ- და რამდენიმე თანდებულიანი ბრუნვა, ერთდა ორფუძიანი ბრუნება, განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმების გარჩევა ბრუნებაში. ზმნის ინფინიტივი ორი სახისაა: – ა და – დ – ა მორფემიანი. ზმნის უღვლილებაში დროთა ძირითადი ფორმებისა და კითხვითობაუარყოფითობის წარმოება დიალექტურ სხვაობათა მტკიცე სისტემას იძლევა. დიდოური ენაში წინადადების შემდეგი კონსტრუქციებია: ნომინატიური, ერგატიული, დატიური, ლოკატიური და პოსესიური. დიდოური ენაში მრავლადაა ზმნის საგარემოებო ფორმები, რაც რთული დამოკიდებული წინადადების გადმოცემის ძვ. საშუალებაა. ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართული ენის გავლენაც.
დიდოური უმწერლობო ენაა. დიდოელები სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურს და ქართულს. ამ ბოლო დროს დაღესტანში არის ტენდენცია, შეიქმნას სამწერლობო ენა. ამ ენაზე ქმნიან საკუთარ ნაწარმოებებს ახალგაზრდა ავტორები: მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯი, რომალიავზას არსენი, აბაქარეს ხალილი და ა.შ. სხვათა შორის, დიდოური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე შექმნა მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯიმ, თუმცა უფრო მეტად გავრცელებულია ხუნძურ კირილიცაზე დაყრდნობით შექმნილი ანბანი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბურჭულაძე გ., იმნაიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 424.
- იმნაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 541-542.
- Ломтатидзе Э., «Гинухский диалект дидойского языка». Тб., 1963
- Дирр А. М. «Материалы для изучения языков и наречий Андо-Дидойской группы». Тиф. 1909