დიდოელები, ცეზები (საკუთარი სახელწოდება — დიდ. цезы [t͡sɛzɨ]; ხუნძ. цӀунтӀал [t͡sʼunt’al]) — დაღესტანში, წუნტის და ბეჟტის, ნაწილობრივ წუმადის რაიონებში — ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელებით“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება ცეზი), ჰინუხელებს, ბეჟიტელებს (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო) და ჰუნზიბელებს (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.

დიდოელების დროშა

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ნოდარ არდოტელის აზრით[1], დიდოელთა აღმნიშვნელ ეთნიკურ ტერმინს ცეზი (მრ. ცეზი-ბი) არწივის გამომხატველ ცე, ცეჲ („არწივი“) ლექსემას უკავშირებენ. ცე+ზი (ზედმიწ. „არწივი+ეთნონიმთა საწარმოებელი ფორმანტი“)[2][3]. ამგვარი გენეზისის სისწორეს ანდიურ ენათა მონაცემებიც ადასტურებენ, მაგ: ბოთლ. ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. წჾუჼჲე „დიდოეთი“), ღოდ. ცჾუჼჲი „არწივი“ (შდრ. ცუჼჲილ‘ი „წუნტელი“, „დიდოელი“).

ამავეს მიანიშნებსდიდოური ოიკონიმი ცე-ტო „დიდოეთი“ (ზედმიწ. „არწივ-ზე“).

ქართველები ცეზიების აღსანიშნავად ოდითგანვე დიდო (მრ. დიდოები) ეთნიკურ ტერმინს იყენებდნენ. მას ვხვდებით რომაულსა და ბერძნულ საისტორიო წყაროებში. სახელდობრ, ცეზიებს დიდური (Diduri) სახელწოდებით ჯერკიდევ I საუკუნეში იხსენიებს რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი, ხოლო II საუკუნეში მათ შესახებ ცნობა მოეპოვება ბერძენ ასტრონომს კ. პტოლემეს, რომელთანაც იგივე ეთნონიმი დიდუროი (Diduroi) ფორმით დასტურდება[4].

სავარაუდოა, რომ ორივე ზემოდამოწმებული ავტორი ქართველთა ზეპირ ცნობებს ან წერილობით წყაროებს ემყარებოდეს.

მოგვიანებით ჩნდება კომპოზიტური წარმოების სახელი „დიდო-ლეკი“, რომელიც დიდოელთა ეთნიკურ წარმომავლობას — ლეკებისადმი კუთვნილებას მიანიშნებს მათი მეზობელი ქართველების (თუშების, კახელების) მეტყველებაში.

საგულისხმოა, რომ დიდოელებს უახლოესი მეზობლები „ცზიად“ მოიხსენიებენ. მასთან, დასტურდება მისი ფონეტიკური სახესხვაობანიც, კერძოდ: ბეჟ. ციზო (მრ. ციზობა), ხვარშ. ცეზა (მრ. ცეზა-ბა). დიდოელები საჰადელებს (ეს უკანასკნელნი თავადაც დიდოელები არიან) „ტეშოდ“ სახელს სდებენ, თუმცა პარალელურად გამოიყენება ცეტოსი „საჰადელი“ (ზედმიწ. „ცეტლოელი“). ცეტო საჰადას საკუთრივ დიდოური სახელია. საჰადელები დანარჩენ დიდოელებს სოზი-ს უწოდებენ.

ხუნძები და დაღესტნის ზოგი სხვა ხალხი დიდოელებს წუნტასეუ წუნტელს (Цунтинец) ეძახიან, რაც მათ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს (შდრ. წუნდა, წუნტის რ-ნი). ხუნძურ ენაში წუნტასეუ (I კლ.), კლას-კატეგორიის მიხედვით, სათანადოდ იცვლება. საგულისხმოა, რომ ფშავლები და ხევსურები დიდოელებს „წუნტებს“ უწოდებდნენ[5], რაც აგრეთვე რაიონის ხუნძური სახელწოდებიდან (წუნდა)მომდინარეობს.

არსენ აბდულაევის სიტყვებით[6], ხუნძურად მათი სახელწოდებაა „წუნტალ“ (цIунтIал), ქართულად — „დიდოელები“, ხოლო თვითსახელწოდებაა — „ცეზი“ (цезы). სახელწოდება „ცეზი“ წარმოადგენს ახალ ფორმას, რომელიც ისტორიულ წყაროებში ბოლო 200-300 წელია რაც გვხვდება. მისი წარმომავლობის შესახებ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნიათ, ყველაზე გავრცელებულია ეტიმოლოგია ცე//ცეჲ (це//цей) „არწივი“, ზე//ზეჲ (зе//зей) „დათვი“. როგორც ჩანს უკანასკნელი დაკავშირებულია ცეზების ცხოვრების წესთან, რადგანაც კლიმატური პირობებისა და ზამთრის გაჭიანურების გამო მათ დიდი ხანი „ძილბურანში“ ყოფნა უწევთ, ხოლო ზაფხული კი წარმოადგენს ზამთრისთვის მზადების პერიოდს. ისტორიულ ლიტერატურაში ეთნონიმი „ცეზი“ პირველად გვხვდება ი. გ. გერბერის 1728 წლის თხზულებაში. სავარაუდოა რომ ეთნონიმ „ცეზის“ წარმოშობა, დიდოს კონფედერაციული კავშირის, სასოფლო თემებად დაშლასთან იყოს დაკავშირებული, რის შედეგადაც მეზობელი საზოგადიებების (ანწუხი, ტინდალი) მისიონერული მოღვაწეობის შედეგად მას გამოეყო კაპჩუა, უნძო (XVII ს.) და ხვარში (XVIII ს.). სახელწოდება „დიდო“ და მისგან ნაწარმოები „დიდოელები“ — ქართული წარმოშობისაა. აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიას მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან[7]. მაგალითად აკადემიკოსი ნიკო მარი თვლიდა, რომ „დიდო“ — სიტყვა დიდირ/დიდურ-ის შემოკლებული ფორმაა. მ. გ. ჯანაშვილი ტერმინ დიდო, დიდურ-ში ხედავდა სიტყვა „დიდი“-ს. ა. მ. დირრი წერდა რომ დიდო წარმოადგენდა ქართული სიტყვას და ნიშნავდა — გოლიათს[8]. არანაკლებ მნიშვნელოვანია გ. მელიქიშვილის მტკიცება იმაზე რომ დიაოხის ტომთა გაერთიანებაში არსებობდა ტომი დიდი//დიდინი[9].

დიდოელები ძვ. წ. აღ. II ს.-იდან ახ. წ. აღ. XVIII ს. მეორე ნახევრამდე საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო XVIII ს.-იდან მათი ტერიტორია — ისტორიული დიდოეთი ხუნძახის სახანომ დაიპყრო. ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება ისლამიც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ შეაფერხა დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება და დღესაც, დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენასაც. ცეზები ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.

ვახუშტი ბატონიშვილი დიდოელებს ასე აგვიღწერს:

 
„ენა აქუთ თჳსი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკისა მორჩილნი. რამეთუ იტყვიან: ოდეს დიდმან ალექსანდრემ შემუსრა სარკინეთი, განხვრიტეს მთა იგი ამათ, მოვიდნენ და დაეშენნენ აქა; და მიერითგან არიან მასვე რჯულსა და წესსა ზედა, ვითარცა ჩანს ქცევა-ზნითა მათითა, რამეთუ არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა; ყოველსა სულიერსა სჭამენ. მოგვრის მამა თჳსი მცირესა ძესა თჳსსა ცოლსა და ვიდრე აღიზარდების ძე მისი იგი მცირე, თჳთ მამა თანა-ეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას, ხოლო ოდეს აღიზარდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცსა მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უვის მის დედაკაცისა თანა შობილი მამასა: ნახევარს მისცემს ძესა და არს ძე ძისა მისისა, და ნახევარს დაიპყრობს თჳთ და ძმა არს ძისა მისისა, მის ქალისა ქმრისა. და სხვანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან. უვისთ მოხუცებულნი. იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და დააწყნარებენ. ბრძოლასა შეუმართებელნი და ერგებ-უძლურნი არიან, ავათ მოსილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათჳს, შალითა და ნაბადითა. არამედ სიმაგრის გამო არიან მშვიდობით და მტერტაგან უვნოდ. ჴელოვნება უწყიან ოსთავე მსგავსად, და ამათი ჩოხა-ნაბადი სხვაგვარი: ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკომაღალი, ვითარცა ქუნთისა, განა შავი და არა სხვა ფერი. ხოლო ლეკის მჴარე დაიპყრნეს — რომელიმე ლეკთა და მოჰამადიან ჰყვეს, და სხვანი ჰგიეს და არიან ეგრეთვე. და კახეთის მჴრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს. ვინათგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თჳსთა[10].“

მატიანეს გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელი რომ შემოვიდა საქართველოში აქ მტკვრის პირს, სარკინეთს, ციხედიდს, ურბნისს და სხვ. ნახა ერი ბუნთურქი, უბილწესი ზნითა და ჩვეულებითა, მკვდარს არ მარხავდნენ და ჭამდნენ. ისინი გაუმაგრდნენ მაკედონელს სარკინეთში და საქმე რომ გაუჭირდათ გათხარეს გვირაბი და კავკასიის მთებში შეაფარეს თავი. ვახუშტის აზრით ამ ბუნთურქთა შთამომავალნი არიან დიდოელები. პლინიუსი მათ იხსენიებს დიდურებად, რომელიც სიტყვა „დიდი“-დან წარმოიქმნა (დიდი-დიდური) ანუ ციხე-დიდი, რომელიც მათ წინაპრებს ეჭირათ.

თანამედროვე დიდოელები და საქართველო

რედაქტირება

2010 დეკემბერში საქართველოს ეწვია დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „აღორძინება“ ხელმძღვანელი მაგომედ გამზათოვი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს შეხვდა. მან ქართველ კანონმდებლებს დიდოური ენისა და კულტურის გადარჩენის საკითხში დახმარება სთხოვა, მისი განცხადებით: „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკა დიდოელი ხალხის მიმართ, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი დაღესტნის პარლამენტში, ილახება მათი სამოქალაქო უფლებები, არ აქვთ საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, არ უბეჭდავენ დედაენას და სხვა სახელმძღვანელოებს“.[11] მან ასევე აღნიშნა, რომ „დიდოელი ხალხის სურვილია საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლა და საქართველოს პარლამენტის წევრებს ამ თხოვნის დამადასტურებელი 15 ათასამდე დიდოელი ლეკის ხელმოწერა გადასცა“.

2011 წლის 6 თებერვალს მაგომედ გამზათოვი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მისი ნათესავები და ნაცნობები აცხადებენ, გამზათოვის სიკვდლის მიზეზი მისი განზრახ მოწამვლაა.[12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩიქოვანი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 424.
  • Мегрелидзе И. Дидойцы и название Дидо. Тбилиси, 1941;
  • Букварь дидойского языка. М. 1992 (II изд. Мах. 2003);
  • Магомедов Д. Краткий исторический очерк о цезах. Мах. 1994;
  • Гаджиев М. Г. История Дагестана. Мах. 1996;
  • Лугуев С. Магомедов Д. «Дидойцы (цезы)». Мах. 2000;
  • Цезско-русский словарь. М. 2000;
  • Раджабов Р.Н Синтаксис Цезского языка. М. 2001;
  • Магомедов Д. Национально-культурная автономия: Проблемы, поиск и перспективы, Мах. 2003;
  • Раджабов Р.Н. История дидойцев (цезов). Мах. 2003;
  • Цезияз олъизас кикби (коллективный сборник стихов дидойских поэтов), Мах. 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. არდოტელი ნ. „დიდოური ენა“, თბ., 2007, გვ. 9-10
  2. Мегрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо / Труды пед. института им. Пушкина, т. II, Тб., 1942, с. 183
  3. Абдулаев А. К. Словообразование и склонение производных основ в цезском языке / Сб. Именное склонение в дагестанских языках, Мах., 1981, с. 7
  4. იმნაიშვილი 1963, V
  5. მეგრელიძე 1942, 183
  6. Абдулаев А. Дидойцы: язык, история, культура и быт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-04. ციტირების თარიღი: 2019-07-04.
  7. Магрелидзе И. В. Дидойцы и название Дидо. Тб., 1941. Т. V. С. 186
  8. Дирр А. М. Современные названия кавказских племен. Тифлис, 1909. Вып. 40. С. 22.
  9. Меликишвили Г. А. Диаухи // ВДИ, 1950. №4. С. 26.
  10. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 169-170
  11. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის შეხვედრა დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აღორძინების" ხელმძღვანელთან, მაგომედ გამზათოვთან 2010-12-15 // parliament.ge
  12. РосСМИ: Отравлен дидоец, обращавшийся в парламент Грузии 06.02.2011 // "Грузия Online". დაარქივებულია ორიგინალიდან — 05.03.2016. ციტირების თარიღი: 07.02.2011.